თიბისელები

თიბისის სარეალიზაციო და პრობლემური აქტივების ოპერაციების მართვის გუნდი

ნოემბერი 14, 2023

თიბისის გუნდში ჰარმონიული და ჯანსაღი სამუშაო გარემო ქმნის ინოვაციურ სერვისებსა და პროდუქტებს, ამცირებს ოპერაციების შესრულების დროს და ეფექტური კომუნიკაციით, ადამიანებს უმარტივებს ცხოვრებას.

ეს ყველაფერი ორგანიზაციის შიგნით ხდება, რაც საკმაოდ დიდი და შრომატევადი საქმეა, თუმცა, იშვიათად ვიგებთ იმ ადამიანებზე, ვინც გუნდის შიგნით ამ პროცესებს ამარტივებს და წარმატებით მართავს, ემსახურება შიდა მომხმარებლებს, საბოლოოდ კი, ასრულებს თიბისის მისიას და ხელშესახებ შედეგებამდე გაჰყავს კომპანია.

ამ ბლოგში სარეალიზაციო პრობლემური აქტივების ოპერაციების მართვისა განყოფილების საქმიანობასა და ოპერაციების მენეჯერების გუნდს გაგაცნობთ, რომელიც თიბისის შიგნით, ერთი მხრივ, კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე ზრუნავს, ხოლო, მეორე მხრივ, შიდა მომხმარებლებს ოპერაციებს უმარტივებს.

განყოფილების მიღწევები:

სარეალიზაციო პრობლემური აქტივების ოპერაციების მართვისა და განვითარების განყოფილება ორგანიზაციაში პროცესების მაქსიმალური ოპტიმიზაციისკენაა მიმართული.

დავალებების მართვის სისტემის შემუშავების საშუალებით მოხდა დახარჯული დროის ოპტიმიზაცია, დავალების შესრულების დრო მაქსიმალურად შემცირდა და შესრულებული ამოცანების მაჩვენებელიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. 

ამასთან, გაეშვა პრობლემური სესხების მართვის მოდული და ყველა საოპერაციო დავალება გაციფრულდა. ახლა, პრაქტიკულად, ღილაკზე ერთი თითის დადებით 5-10 ქმედების ერთდროულად შესრულებაა შესაძლებელი. ამასთან, შესაძლებელი გახდა ბანკის მასშტაბით ფიქსირებული ფოსტის ხარჯების ოპტიმიზაციაც.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დასაკუთრებული აქტივების მართვის მოდულის გაშვებაა, რაც გუნდს საშუალებას აძლევს, სწორად და ეფექტიანად მართონ RA/IP აქტივებთან დაკავშირებული პროცესები. განყოფილებამ პირველმა დანერგა confluence-ის პლატფორმაზე დოკუმენტაციის მართვის სისტემა — შექმნა და განაახლა ათობით დოკუმენტი, რომელთა განხილვა და დავიზირების პროცესი სრულად ონლაინ მიმდინარეობს, ასევე შეიქმნა ელექტრონული არქივი.

თეონა მიხელიძე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მთავარი და მეორეხარისხოვანი პოზიციები:

"...არამედ არსებობენ ადამიანები, ვინც წინა ხაზზე არ ჩანან თუმცა დიდი წვლილი მიუძღვით საერთო მიზნის მისაღწევად და მათი აღიარება და დაფასება ისევე მნიშნელოვანია, როგორც სხვა ნებისმიერი წევრის. შესაბამისად, ის თანამშრომლები, ვინც არ ჩანან, ხშირად გვევლინებიან შემკვრელ რგოლებად იმ დიდი ჯაჭვისა, რომელიც საბოლოოდ კრავს და აისახება საერთო წარმატებასა და მიღწევებში.

როგორ აფასებენ თანამშრომლები განყოფილების როლს

სალომე ჩხეიძე 2 წელია, რაც ოპერაციების მენეჯერია და როგორც ამბობს, სამსახური და ადამიანური ღირებულებების თანხვედრა ასე ცხადად არასდროს უგრძნია. 

“ოპერაციის მენეჯერის საქმიანობა, სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, მომხმარებლებისთვის, რომ მათი კმაყოფილებისთვის საქმე სწორად და სწრაფად შესრულდეს. ჩვენ ბანკსა და მომხმარებელს შორის შუამავლის როლს ვასრულებთ, ამიტომ საქმის სიყვარული და პროფესიონალიზმი აუცილებელია”.

ოპერაციების მენეჯერის საქმიანობის მნიშვნელობაზე საუბრობს თათია თოდაძეც. 

“ხშირად გვიწევს სწრაფი და ხარისხიანი გადაწყვეტილებების მიღება, რაც გვივითარებს კრიტიკულ და სხარტ აზროვნებას, ეს კი განსაკუთრებულს ხდის ჩვენს საქმიანობას. თუ გინდა წარმატებას მიაღწიო ამ საქმეში, უნდა იყო მეგობრული და ხალხთან სწორი კომუნიკაცია შეგეძლოს”.

ოპერაციების მენეჯერია იზა თოთიბაძეც, რომელიც აღნიშნავს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლებისთვის საქმის გამარტივების შესაძლებლობა აქვს:

“ვფიქრობ, ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია თიბისის იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად, ჩვენი დახმარებით, გაცილებით ნაკლები დროის ხარჯვა უწევთ და შესაბამისად, მათ მიერ შესრულებული საქმის რაოდენობა და ხარისხი მუდმივად მზარდია”.

გუნდი ჰარმონიულად მუშაობს, თუმცა, არის სპეციფიკური ამოცანები, რომლებსაც თანამშრომლებმა თავი უნდა გაართვან. ამ საკითხზე ოპერაციების მენეჯერი კატო ჯიღაური ამბობს:

“ვინაიდან ვემსახურებით რამდენიმე განყოფილებას, სწორი თანმიმდევრობით უნდა დავაორგანიზოთ დავალებების შესრულება, რათა რომელიმე რგოლი არ დაზარალდეს. სამუშაოს სპეციფიკა მოითხოვს, რომ სწრაფად გადახვიდე ერთი ტიპის დავალებიდან მეორეზე, რასაც გარკვეული ძალისხმევა და კონცენტრირება ჭირდება, რათა შეცდომები გამოირიცხოს”. 

ნინო ფიფიაც მიიჩნევს, რომ ამ დეპარტამენტის ოპერატიული მუშაობა სხვა განყოფილებისა თუ ჯგუფების საქმიანობაზე აისახება, რადგან “პოზიცია რამდენიმე განყოფილებასთანაა თანაკვეთაში”.

თეონა გურგენიძის შეფასებითაც, განყოფილება მთლიანი ჯაჭვის ის ნაწილია, რომელიც შიდა მომხმარებლის დროსა და ენერგიას ზოგავს, ამიტომ ოპერაციების მენეჯერს განსაკუთრებული უნარები უნდა ჰქონდეს.

“ოპერაციების მენეჯერი უნდა გამოირჩეოდეს გუნდურობით, პასუხისმგებლობით, სტრესულ მდგომარეობაში მყისიერი, სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარით. რა თქმა უნდა, სირთულეებიც ახლავს ჩვენს პოზიციაზე მუშაობას, თუმცა საქმის სიყვარულიდან გამომდინარე, ეს გამოწვევებიც მარტივად დაძლევადია”, — აღნიშნავს თეონა გურგენიძე.

მეგობრული და პოზიტიური გარემო

თამარ ქრისტესიაშვილი 2012 წლიდან თიბისის გუნდის წევრია და ამჟამად ოპერაციების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს. მისი თქმით, ის გრძნობს, რომ მეგობრული, შეკრული გუნდის წევრია და ჯანსაღ გარემოში მუშაობს.

“გვაქვს მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რაც პირადი საკითხების მოგვარების საშუალებას იძლევა ისე, რომ ხელი არ მეშლება სამსახურებრივი მოვალეობის სრულყოფილად და დროულად შესრულებაში”, — აღნიშნავს თამარი.

ნინო ფეხშველაშვილი კი აღნიშნავს, რომ სამუშაო გარემო სრულად არის მორგებული, როგორც გუნდის, ისე ბანკის მოთხოვნებზე — “გუნდის წევრების მეგობრული დამოკიდებულება და უშუალო ხელმძღვანელის მიერ დანერგილი სიახლეები ძალიან სასიამოვნო და წამახალისებელია”.

“მიყვარს ჩემი საქმიანობა, ჩემი გუნდი და იმის გააზრება რომ ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე დიდწილად არის დამოკიდებული მთლიანი განყოფილების და შესაბამისად — თიბისის წარმატება”, — ამბობს მირანდა დანელია. 

გუნდურობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და განვითარებაზე ორიენტირებულობა სწორედ ის ღირებულებებია, რომლებიც სარეალიზაციო პრობლემური აქტივების ოპერაციების მართვისა და განვიტარების განყოფილებისთვის განუყოფელია. სწორედ ასე ქმნიან ისინი გარემოს, რომელშიც ადამიანების ყოველდღიურობა გამარტივებული და ჰარმონიულია.