ცისფერი მთები

საქართველო მსოფლიო ალპინიზმის რუკაზე

ცისფერი მთები

ნოემბერი 08, 2022

როცა ჰინდი კუშის ერთ მხარეს თალიბანი ქაბულს იღებდა, მთის მეორე მხარეს სამმა ქართველმა მთამსვლელმა მანამდე გაუვლელი გზით დაიწყო სარაგრარისკენ სვლა.

რვა დღის თავზე არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მთის მწვერვალს, 7300 მეტრს მიაღწიეს და ცენტრალური აზიის საკმაოდ საშიშ, რადიკალურ და ექსტრემალურ სამყაროს უკვე მიღწევის სურვილისგან გათავისუფლებულებმა გადმოხედეს ადგილიდან, სადაც მანამდე ფეხი არავის დაუდგამს. 

ამ ასვლით ჩვენმა ექსტრემალებმა უმაღლესი ჯილდო „ოქროს წერაყინი“ მოიპოვეს და საქართველოს კვალი არა მხოლოდ ჰინდი კუშში, არამედ, მსოფლიო ალპინიზმის ისტორიაში დატოვეს. ჯილდოს მასშტაბი და მისი დატვირთვა ქვეყნისთვის იმედია დროსთან ერთად კიდევ უფრო კარგად გამოჩნდება. მანამდე კი მოგიყვებით ექსპედიციის ამბავს საქართველოდან სარაგრარის მწვერვალამდე.

მთამსვლელები განსაკუთრებული ხალხიაო, ხშირად გამიგია. მომისმენია ისტორიები მათი უჩვეულო სულისკვეთების, დიდი მეგობრობის, რაინდობის და თავგანწირვის შესახებ. არჩილთან საუბრით ეს კიდე ერთხელ დადასტურდა. ყველაზე სახასიათო დიდ მთამსვლელებში ალბათ ერთი რამეა: შეუპოვრობას და თავმდაბლობას ისე აერთიანებენ, რომ არცერთ თვისებას თავისი ღირსება არ აკლდება. მარტივი ამბავი არაა აკეთო საქმე დაუნებებლად და თან დინჯად, აღტაცებით და მშვიდად, გწყუროდეს მიღწევა და იყო თავმდაბალი, გჯეროდეს შენი მეგობრის ისე, როგორც საკუთარი თავის...

მთა, თვითონაც ორსახოვანი - ერთბაშად სახიფათო და მშვიდი, იმეგობრებს ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ხიფათს შეუპოვრობით უპასუხონ, მწვერვალისგან ნაჩუქარ სიმშვიდეს კი თავმდაბლობით.  

ჩვენი საბაზო ბანაკი. გიორგი, ჰაიათი, ნადირი, ბაქარი, არჩილი

თუმცა მანამ, სანამ მწვერვალის დამსახურებულ საჩუქრამდე მივალთ, ისტორია გრძელია და სულაც არ იწყება მთის ძირში, არც პაკისტანში. ექსპედიციის საფუძველი სამუშაო ოთახში იყრება, სადაც ექსტემალები ჯერ მკვლევარების როლში არიან.

როგორ მიაკვლიეთ სარაგრარის ჩრდილოეთ ფერდობს და რატომ გააკეთეთ არჩევანი ამ კონკრეტულ მწვერვალზე?

ასეთი მთების პოვნა ცალკე სფეროა, რომელიც ექსპედიციამდე დიდი ხნით ადრე იწყება. სხვადასხა საჯარო წყაროში ძებნა, ბევრი კითხვა, სურათების მოძიება, სატელიტური ფოტო მასალის გამოყენება, პირადი კონტაქტების საფუძველზე გამოკვლევა, ყველა ამ ინფორმაციის შეკრება და ერთმანეთთან შედარება, შეთავსება... ეს საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო საქმეა. ზოგადად შუა აზიის რეგიონი ჩვენთვის საკმაოდ მიმზიდველი იყო ყოველთვის და შესაბამისად სულ ვცდილობ, რაც შეიძლება მეტ წყაროს მივაკვლიო ამ გეოგრაფიულ არეალში არსებული მწვერვალების შესახებ. კონკრეტულად სარაგრარს რაც შეეხება, მთა მკვლევარი ახალი ზელანდიელი წყვილის ,,თრიფ რიფორთის” ფოტოზე ვნახეთ. მათ პაკისტანის მთავრობამ არ მისცა იმ ხეობის (როშ გოლი) არცერთ მწვერვალზე ასვლის უფლება, მაგრამ მათ მაინც მოინახულეს ისინი. იყო ერთი სურათი ძალიან შთამბეჭდავი კედლის, იქ კარგად არ ჩანდა ამ (ჩრდილო-დასავლეთ) ფერდის თავისებურებები, ამ მხარეს არცერთი მარშრუტი არ ჩანდა გამოკვლეული, თანდათან გაირკვა რომ ნაცადიც კი არ იყო! რადგან მთის შესახებ ასეთი ცოტა ინფორმაცია გვქონდა, თუმცა წასვლის სურვილი დიდი იყო, უფრო მნიშვნელოვანი იყო წინასწარ გაგვეკეთებინა ზუსტი გათვლები თუ რა შეიძლებოდა შეგვხვედროდა მთაზე თუ ზოგადად რეგიონში, სადაც მთამსვლელთა სტუმრობა საბჭოთა კავშირსა და ავღანეთს შორის ომის შემდეგ თითქმის მთლიანად შეწყვეტილი იყო.

კედელი მჭრელმა, სახიფათო ქედმა ჩაანაცვლა 7000 მეტრს ზემოთ

© არჩილ ბადრიაშვილი

პანდემიის, ფინანსური სირთულეების გარდა სხვა მოულოდნელობებიც თან ახლდა ამ ექსპედიციას, რადგან სწორედ იმ დღეს დატოვა ავღანეთის დედაქალაქი ამერიკულმა ჯარმა, როდესაც პაკისტანში ჩავფრინდით. მაშინ მთის მეორე მხარეს ქაბულზე კონტროლი განაახლა თალიბანმა. იგრძნობოდა, რომ დიდი ცვლილებების დრო იყო, მაგრამ ჩვენც ისეთი შემართებით წავედით, რომ განწყობამაც დიდი როლი ითამაშა და მშვიდობიანად მოვიარეთ.

როგორი იყო მომზადების პერიოდი და ზოგადად რა ფიზიკურ მზაობას მოითხოვს ექსტრემალური ალპინიზმი?

ექსტრემალური მთამსვლელობა მოითხოვს მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშს როგორც კლდეზე ცოცვაში, ისე ყინულზე, ინსტრუმენტებით და წრიაპებით (,,dry tooling”), სირბილს ბილიკებზე, დარბაზში ვარჯიშს და, რა თქმა უნდა, თვით მთაში სიარულს...

 

მიუხედავად იმისა, ჩვენი რომ მარშრუტი კლდის სიუხვით გამორჩეოდა, გზად ყველაფერი იყო. 7300 მეტრის სიმაღლეზე შეუძლებელია თოვლი და ყინული არ შეგხვდეს. ნახევარი გზა თოვლზე და ყინულზე ვიარეთ, ნახევარი - კედელზე.

გიორგის გააქვს თოკი, 7000 მეტრის ზონაში

© არჩილ ბადრიაშვილი

ფსიქოლოგიურ მომზადებას რაც შეეხება..? 

მთელი ალპინისტური კარიერა არის ფსიქოლოგიური მომზადება. რაც უფრო მაღლა წევ თამასას მით უფრო ძლიერი მზაობაა საჭირო. მაგრამ ამაზე მოყოლა რთულია, ალბათ ყველასთვის თავისებურია ეს პროცესი. უნდა იფიქრო წინასწარ, შეეცადო გათვალო რა მოგელის და გაითვალისწინო სირთულეები... ისე, ფაქტიურად ყველაფრისთვის მზად უნდა იყო. ექსტრემალური მთამსვლელობის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ის პირდაპირ გადაჯაჭვულია სიკვდილის შესაძლებლობასთან. ამიტომაც სპორტისგან კიდევ უფრო განსხვავებული რამაა, ის შეიცავს ბევრ სპორტს, მაგრამ ეს შესაძლებლობა ცხოვრებას სხვანაირ ელფერს სძენს. რა თქმა უნდა, გაცნობიერებული უნდა გქონდეს ყველა რისკი, მაგრამ კარგი მომზადება და სწორი ანალიზი იმიტომ არის საჭირო, რომ მინიმუმამდე დაიყვანო ეს ალბათობა.

უარყოფითი კედელი 7000 მეტრიან ზონაში

© არჩილ ბადრიაშვილი

როგორი იყო სამი ადამიანის ურთიერთობა მთაში, როცა სრულიად მოწყვეტილი ხარ ყველაფერს ერთმანეთის და მთების გარდა?

ჩვენი გუნდი კარგა ხანია შეთამაშებულია. ბაქარსაც და გიორგისაც ცალცალკე დიდი ხანია ვიცნობ, მათ კი ერთმანეთი 2016 წელს გაიცნეს. მაშინ გიო და მე უკვე სამი წელიწადი იყო რაც განუყრელად დავდიოდით და ჩატინის ჩრდილოეთ კედელზე ასვლისთვის ბაქარიც მოვიწვიე გუნდში. ამის შემდეგ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან, საეტაპო ასვლაზეც ერთად ვიყავით, რაც იმას ნიშნავს რომ უკვე მეტ-ნაკლებად  გადანაწილებული გვაქვს ფუნქციები. ვერტიკალზე ცხოვრებას რაც შეეხება, ხან როგორია, ხან როგორი, ტალღასავითაა: ადის-ჩადის. ზოგჯერ დაღლილობისგან კომუნიკაციის თავი არ გაქვს, ზოგჯერ კი ისეთ ამაღლებულ განწყობაზე ხართ, რომ სამნი კიარა, ერთი სხეული და ერთი გონება ხდები. რა თქმა უნდა ურთიერთობა ერთ-ერთი ძვირფასი ასპექტია მთამსვლელობის - არა მარტო მწვერვალზე დგომა თავისთავად, არამედ მთელი გზის ერთმანეთთან გაზიარება, ზრუნვა და მოფრთხილება.

სარაგრარის მწვერვალი.

© გიორგი ტეფნაძე

ჯილდოზე რომ გადავიდეთ, რა სტანდარტებს გულისხმობს ოქროს წერაყინის ნომონანტების სიაში მოხვედრა?

ოქროს წერაყინზე წარდგენილი რომ იყო, ამისთვის სერიოზულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდე. ნომინანტთა სიაში როგორც წესი 50-60 ასვლა გამოირჩევა სპეციალური ჟიურის მიერ, ყოველწლიურად განცხორციელებული ათიათასობით მიღწეული მწვერვალიდან. თანამედროვე ასვლის სტილი რთულად მისაღწევ მწვერვალებზე, რომელიც აუცილებელი პირობაა ჯილდოს ნომინინანტობისთვის, ჩვენთან ჯერ კიდევ არ არის ფესვგამჯდარი, რადგან საბჭოთა კავშირის ალპინიზმის სკოლის ტრადიცია ჯერ კიდევ მოგვდევს, თავისი ზოგიერთი დადებითი და ბევრი მოუქნელი, მოძველებული თავისებურებითურთ.

 

ახალი გზა, პირველასვლა გავლილი ალპურ სტილში, ნოვატორული განაცხადი, ახლის ძიება, სისწრაფე, მტკიცე გუნდურობა... ეს ნაწილია ოქროს წერაყინის კრიტერიუმებიდან. ასევე აუცილებელია ასვლა ეკოლოგიურად სუფთა იყოს, მცირე რესურსის მოხმარებით და საკუთარი ძალით მიღწეული. ასეთი კრიტერიუმების დაუკმაყოფილებლობა გამორიცხავს ოქროს წერაყინის აღებას და დიდწილად ნომინანტებში მოხვედრასაც. თუმცა ჟიურიმ აღნიშნა, რომ ჩვენი ასვლა იდეალურად ჯდება მათ ყოველ კრიტერიუმში! ეს უზარმაზარი აღიარებაა!

ეს უზარმაზარი აღიარებაა!

თქვენ როგორ მიაწვდინეთ ხმა მათ?

წლევანდელი პრიზის გარდა გიორგი და მე უკვე ზედიზედ 4-ჯერ ვიყავით ნომინირებული ოქროს წერაყინზე, ბაქარიც ჩვენთან ერთად 2-ჯერ, ძალიან ახლოს ვიყავით მთავარ პრიზთან და შესაბამისად უკვე ჩვენს შესახებ გაიგეს და შემდეგ გვაკვირდებოდნენ. სულ რომ არ გაგვეცხადებინა,  პაკისტანის მთავრობის ოფიციალურ რეპორტში დაიდო ჩვენი ექსპედიციის შესახებ. როგორც წესი ჟიურის წევრებს ასეთი ასვლები არ გამოეპარებათ ხოლმე, იმდენად ბევრ წყაროსთან აქვთ წვდომა. მითუმეტეს ექსპედიციები რომლებიც სიახლეს შეიცავს აუცილებლად ხვდება მათი ყურადღების ცენტრში. როგორც წესი მთის მოყვარული ექსპერტები, ჟურნალისტები გამოდიან კავშირზე და აკეთებს ასვლების დოკუმენტაციას მსოფლიოს მასშტაბით და შემდეგ იქედან გადაეცემა ინფორმაცია ოქროს წერაყინს. ასეთი ყველაზე დიდი არქივია ამერიკის ალპური ჟურნალი, სადაც მის მთავარ რედაქტორ დუგალ მაკდონალდთან და ინგლისის ალპური კლუბის ყოფილ პრეზიდენტთან ლინდსი გრიფინთან ერთად ვმუშაობ პუბლიკაციებზე. წლევანდელ და შემდეგი წლის ჟურნალებში მთავარი სტატიები იქნება სწორედ სარაგრარზე, და უშბაზე. პირველად გამოქვეყნდება კავკასიონის სიმბოლოს, უშბის შესახებ დასრულებული ნაშრომი, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების საზღვარს გასცდება!

როდესაც ასვლას აქვს ამბიცია მოხვდეს ოქროს წერაყინზე წარდგენილ ასვლებს შორის, ძალიან გამოცდილ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა, რომლებიც სულ ამ სფეროში არიან. მათ აწვდი ყველანაირ მასალას, ინფორმაციას, პასუხობ იმაზე, რასაც გეკითხებიან და ასე დგება ექსპედიციის რეპორტი. სხვათაშორის, ბოლო წლებში, სიმართლეში დაინტერესების და კვლევის ინსტრუმენტების მატებასთან ერთად ტყუილში გამოიჭირეს არაერთი სპორტსმენი, მოსიმაღლე ტურისტი და ა.შ. ამის შემდეგ გამკაცრდა გადამოწმების კრიტერიუმები, რომლებიც აუცილებელია სიზუსტით ასახავდეს დამადასტურებელ ფაქტებს. საკმაოდ სერიოზულად მიდის კვლევა რამდენად შეესაბამება სიმართლეს მთამსვლელის ნათქვამი, მხოლოდ მაშინ, როდესაც მიღწევას აქვს პრეტენზია სპორტულ შედეგზე და რეკორდზე. კარგი ტენდენციაა, მე მივესალმები ამას და ვცდილობ ყოველთვის ჩემი მხრიდან მაქსიმალურად დავუდგე გვერდში და ზუსტი მასალა გადავცე ექსპერტებს.

ეს ჯილდო, ალბათ, სტიმული იქნება შემდეგი ,,საოქროსწერაყინე” ასვლების დასაგეგმად...

4 ნომინაცია იმას ნიშნავს, რომ ამ გზაზე ვართ დიდი ხანია. წელიწადში 2 ექსპედიციას მაინც ვახორციელებთ ხოლმე მაღალმთიან აზიაში - ჰიმალაებში, ყარაყორუმში, ტიან შანში, ახლა უკვე ჰინდი კუშში. რა თქმა უნდა ოქროს წერაყინი იქნება დიდი სტიმული, მაგრამ მოტივაცია ისედაც არ გვაკლდა. ეს არის ახალი შესაძლებლობები, მაგალითი ახალგაზრდა ქართველი მთამსვლელებისთვის, რომ ასეთ პირობებში როგორშიც ჩვენ ვართ, შეიძლება მსოფლიოს საუკეთესოებს შორის ყოფნა. მათ აღარ მოუწევთ იმ სიგრძე გზის გავლა, რომ მათი ქვეყნის ალპინისტური კულტურა და თვითონ ისინი მსოფლიომ დაინახოს და აღიაროს!

რამდენად ხედავთ მომავალი საოქროსწერაყინე ასვლების პოტენციალს საქართველოში?

ვხედავ და იმედი მაქვს. სხვა თუ არაფერი ძალიან დიდი ალპინისტური ტრადიციის ქვეყანა ვართ და ფაქტიურად გენებში გვაქვს მთაში სიარული. ძალიან სერიოზული მთამსველელები გვყავდნენ. 80-იანი წლების შემდეგ გეოპოლიტიკური და უშბის დიდი ტრაგედიის მიზეზებიდან გამომდინარე ჩვენს სფეროშიც გაჭირდა. დაახლოებით ბოლო 8-10 წელი უკვე ისევ აღმასვლის პერიოდში შევიდა ქართული მთამსვლელობა. სიმართლეც უნდა ითქვას, რომ ექსტრემალური მთამსვლელობით სულ თითო-ოროლა ენთუზიასტია დაკავებული. იმედი გვაქვს უფრო და უფრო მეტი ადამიანი ივლის მთაში, რა დონემდეც თვითონ ჩათვლიან საჭიროდ და ზოგიერთის დამსახურებით კი მომავალში არაერთ ოქროს წერაყინს ჩამოვიტანთ ქართველები.

თქვენი, როგორც ექსტრემალი ალპინიზმის სპეციალიზაცია რა არის? სიმაღლეს უფრო დიდი მნიშვნელობას ანიჭებთ თუ პირველასვლებს?

დღეს მსოფლიო ალპინიზმის ყველაზე სერიოზული ასპარეზი არის 7000 მეტრიანი მწვერვალები, რადგან იქ ბევრი შესაძლებლობებია. 8000-იან მწვერვალები, რომლებიც სულ 14-ია დედამიწაზე, ყველაფერთან ერთად ძალიან დიდ გამართლებასაც მოითხოვს. ჩვენ თავს არ ვიზღუდავთ: ტექნიკური, სასიმაღლო, სასიმაღლო-ტექნიკური, მარტივი ასვლები მეგობრებთან ერთად და ა.შ. მაგალითად მე და გიორგიმ მეოთხე ექსპედიცია გავაკეთეთ 8000-იანებზე, ავედით ლეგენდარულ ნანგა პარბატზე (8,125 მ.), პირველი ქართველები უჟანგბადოდ მსგავსი სირთულის გიგანტზე, წელს ბაქარიც შემოგვიერთდა და შედეგად მივიღეთ პირველი ქართული ასვლა ჰიმალაის გოლიათ - მაკალუზე (8,485 მ.). თუმცა, სიმაღლეებზე კლასიკური გზებით სიარული ჩვენს ინტერესებში მაინცდამაინც არ არის. ტრადიციული მარშრუტებით 8000-იანებზე ასვლა გვჭირდება იმისთვის, რომ ისინი არსებობენ, იმისათვის რომ სიმაღლეს უკეთ შევეჩვიოთ და სპეციფიური გამოცდილება მოვაგროვოთ. ეს არის ასე ვთქვათ ერთი დიდი გეგმის ნაწილი. საბოლოო მიზნები კი ისევ და ისევ რთული ნოვატორული ასვლებია, ნაკლებად გამოკვლეულ რეგიონებში.

ლანგუტა ბარფი ,,ჰინდი კუშის პატარძალი” პირველი ასვლა პაკისტანის მხრიდან, სარაგრარამდე ცოტა ხნით ადრე

© არჩილ ბადრიაშვილი

როგორ უნდა დაიწყონ მთამსვლელობისთვის მომზადება ახალგაზრდება, რომლებისთვისაც თქვენ ინსპირაცია აღმოჩნდით?

ბავშვი თუ დაიწყებს, ჯობია კლდეზე ცოცვით დაიწყოს. მთამსვლელობა მეკლდეურობის საკმაოდ ლოგიკური გაგრძელებაა. ყველაფერი უმჯობესია ეტყაპობრივად მოხდეს. სანამ შემდეგ სირთულეზე გადახვალ ალპინიზმში, იქამდე სრულად უნდა გქონდეს გამჯდარი წინა კატეგორიის სირთულეებთან გამკლავების მეთოდები. მე პირადად ცოცვა 7 წლისამ დავიწყე და პირველ მწვრვალზე 9 წლის ავედი. გიორგიმ ბევრად გვიან, ბაქარიც ასევე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მაინც და მაინც ადრე დაწყება არ არის აუცილებელი რომ მიზანს მიაღწიო, თუმცა უმჯებესია. მთავარი მონდომებაა და დანარჩენს კი ცხოვრება გვიჩვენებს.

მთამსვლელების სიიდან ვინ არის თქვენთვის სამაგალითო? ვისი ცხოვრებაა ყველაზე შთამაგონებელი?

პირველ რიგში, ალექსანდრე და ალექსანდრა ჯაფარიძეები, ვის მხრებზეც ვდგავარ და ვისიც ყველაზე მადლიერი ვარ. ისინი იყვნენ ქართული მთამსვლელობის სათავეში და ისეთ დროებაში განახორციელეს მსოფლიო დონის ასვლები, როცა არ ქონდათ შესაბამისი ცოდნა, მეთოდოლოგია, აღჭურვილობა, თავისუფლება... გამოვარჩევდი მიხეილ ხერგიანს და ირაკლი გელდიაშვილს რომლებიც ყველასგან განსხვავებული მთამსვლელები იყვნენ. რა თქმა უნდა რამოდენიმე უცხოელი მთამსვლელიც მახსენდება. განსაკუთრებით ინსპირირებული ვიყავი ჰერმან ბულით და მისი თავმდაბალი პიროვნებით. ბევრი მთამსვლელია, რომლების ისტორიასაც თუ წაიკითხავ, ვერ მოწყდები, წიგნივითაა. გრძნობ მათ სიხარულს, ტკივილს, ტრაგედიას. ბევრი დაიღუპა კიდეც მთაში. ძალიან საინტერესო და რომანტიულია მათი ამბები და ცხოვრება, როგორც ერთი, იდუმალი ისტორია.

თქვენ თვითონ თუ აკეთებთ ჩანახატებს ექსპედიციებზე?

რამოდენიმე ექსპედიციაში შემიმჩნევია გიორგი აკეთებდა ჩანაწერებს, მეც ვწერ, ყოველთვის არა, მაგრამ საკმაოდ ბევრი ჩანაწერი დამიგროვდა დღიურის სახით, რომლებიც ჯერ დღის სინათლე არ უნახავთ. ჯერ ჯერობით ვაგროვებ...

ადრე თუ გვიან ალბათ ამ ჩანაწერებსაც წავიკითხავთ. ერთ-ერთი ამბავი კი იქნება ისტორია პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე, ხიფათიან გზებზე ნაპოვნი თავისუფლების შესახებ, რომელიც საქართველოს ეძღვნება.

„ვიცი, რომ მაგრად გაუხარდებათ ჩვენი ამბავი, და ჩვენც ძალიან გაგვიხარდება მათი ნახვა.“ - მწვერვალი სარაგრარიდან ქართველებისთვის

მადლობა არჩილ ბადრიაშვილს, გიორგი ტეფნაძეს, ბაქარ გელაშვილს;

ავტორი: ქეთი რაზმაძე