ლიტერატურა

საშინელებათა ჟანრი ქართულად

„საბა"

ნოემბერი 24, 2021

რა გახსენდებათ ყველაზე საშიში ქართული ლიტერატურიდან? 

მიუხედავად იმისა, რომ საშინელებათა ჟანრი, როგორც ჩამოყალიბებული ჟანრი, რომელსაც თავისი, განსაკუთრებული, უხვწიგნიანი ჩამონათვალი ექნება, ქართულ ლიტერატურაში ახლა იკრებს ძალას, ( ისევე, როგორც ჟანრული ლიტერატურა საერთოდ), საშიში მოტივები ქართულ ლიტერატურას მრავლად აქვს

ჰოდა მოდით, გავიხსენოთ, სად და როგორ შეგვაშინა ყველაზე მეტად ქართულმა ლიტერატურამ.

სხვათა შორის, თუ ქართულ მითოსს, ლეგენდებსა და ზღაპრებს გავიხსენებთ, ამ ჟანრის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს ქართულ მწერლობას.


მითებითა და ზღაპრებით დავიწყოთ, სადაც საშიში მოტივები მართლაც მრავლადაა. საშიში არსებები ხომ ადამიანური წარმოსახვის ყველაზე მკაფიო, შთამბეჭდავ სურათებს ხატავენ. ასე ჩნდებიან ათასგვარი ალები, მესეფენი, მაზაკვალები, ჭინკები, დევები, ქაჯები და მაცილები, რომლებიც ხან ბავშვებს იტაცებენ, ხან მგზავრებს ურევენ გზას და მონადირეებს გადაჩეხენ კლდეებიდან.

ზღაპრები გახსოვთ?

კომბლეს ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ვერსია, სადაც კომბლე მკვდარ ცოლს აიკიდებს და მეზობელს კართან აუყუდებს მის გვამს. სატრფოს სიყვარულის დასადასტურებლად დედის გული რომ უნდა მიუტანოს?  ქვაბში ჩახარშული ადამიანი თუ არ გახსოვთ, დევები რომ კაცის ძვლებს აკრატუნებენ, ის მაინც გაგახსენდებათ, კიდევ ფისასოს ზღაპარი, სადაც ყაჩაღებისგან მოკლული კაცების ცოლსა და დას უცნაური არჩევანი აქვს, საქმე ისაა, რომ ჯადოსნობის წყალობით გაცოცხლებულ კაცებს ერთმანეთის თავები აღმოჩნდებათ, ქმარს-ძმისა, ძმას-ქმრისა, რომელი უნდა აირჩიოს ქალმა? რთული არჩევანი და კიდევ უფრო საშიში ამბავია.

ეშმაკებსა და ჭინკებს ქართულ ზღაპრებში ვერ დაითვლით, ისინი ადამიანების გვერდით ცხოვრობენ, ყოველდღიური ურთიერთობა აქვთ, ისევე, როგორც სიკვდილს. ერთი საოცარი ლეგენდა მახსენდება სიკვდილისა და ადამიანის დანათესავებაზე, თუმცა, რაღა შინაარსი მოგიყვეთ, თავად წაიკითხეთ:

„-მე წავალ და ნათლიას მოვძებნიო, - მამამა თქვა.

წევიდა ეს კაცი და შეხვთა წმინდა გიორგი წინა.

-გამარჯობა! სად მიხვალაო?

-ერთი ბიჭი შემეძინა და უნდა მოვნათლო, ნათლიას ვეძეფო.

-მე მოგინათლამო.

-არ მინდაო. შენ ზოგსა წყალოფ, ზოგსა არაო.

მერე შეხვთა ღმერთი, უთხრა: მე ღმერთი ვარ და მოვნათლამ შენ შვილსაო.

-შენც წირვა-ლოცვა, სანთლები ქჭირდება, მოქთამე ხარაო.

უარი უთხრა. ადგა და წევიდა. ერთი კაცი შეხვდა წინ, კითხა: სად მიხვალო?

-შვილი მყამს მოსანათლი და ისეთ ნათლიას ვეძეფ, ქთამი არ ეეღოსო.

_-ე მოგინათლამ, მე სიკვდილი ვარო, ყველასთვის ერთნაირი ვარო.

წამოიყვანა ე კაცი სახში. კაი ნათლობა გადიხადეს."


(წყარო-ქართული დიალექტური კორპუსი)

მოკლედ, ასეთი ამბები ხალხურ ზეპირსიტყვიერებაში მრავლადაა, ადამიანებს შიშისა და მძაფრი განცდების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ. წისქვილში მოყოლილი საშიში ამბები ქართული ფოლკლორის მნიშვნელოვანი ნაწილია.

მძაფრ განცდებზე გამახსენდა, ვაჟა-ფშაველას გენიალური „დევების ქორწილი“ როგორ არ ვახსენოთ:


სამ პირად ცეცხლი დაენთოთ,

ზედ სამი ქვაბი შხიოდა,

სტუმრების წინა ხონჩებზედ

კაცის თავ - ფეხი დიოდა.

უკვენას ყურეშიითა

კვნესის ხმა გამოდიოდა:

 “ ძმის ხორცი როგორა ვსჭამო?!” -

ყმა ვინმე გამოჰკიოდა.

უსმელ - უჭმელად გავსძეხი,

ყელშიაც ამომდიოდა.

საშინელებათა ჟანრს ენათესავება ვაჟა- ფშაველას საბავშვო და არც ისე საბავშვო მოთხრობა „როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზედ“. შუაღამის ტყეში მობორიალე შეშინებული ბავშვები ჟანრის ყველაზე გავრცელებული კადრია.


ალბათ მკითხავთ, „ვეფხისტყაოსნის“ ქაჯები რატომ დაგავიწყდაო? სინამდვილეში, შოთა რუსთაველის ქაჯები საშიში არსებები კი არა, ზედმეტად განსწავლული, ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ, ამიტომაც, ამ ჩამონათვალში მათ ვერ იხილავთ.


ისეთი ტექსტები, რომლებიც ჟანრის კანონებს ზუსტად აკმაყოფილებენ, არც ისე ბევრია, მაგრამ საშიში და ჯადოსნური ამბების, მაგიური პერსონაჟების, სისხლიანი ამბების ქართული ლიტერატურული ჩამონათვალი საკმაოდ მდიდარია.

დავით კლდიაშვილის მოთხრობაში „მსხვერპლი“ ლამაზ მარინეს ჯადოქრობაში ადანაშაულებენ და ამას გადაჰყვება კიდეც, ისეთი მძაფრი კადრებია, რომ საუკეთესო კინორეჟისორის ხელში ეს ტექსტი ჰორორის ჟანრის კინოკლასიკად იქცეოდა. ამ ჩამონათვალში ღირსეული ადგილი აქვს გოდერძი ჩოხელის „მგელს“, მაქციების, ადამიანი-მგლების, ადამიანთა მგლებად ქცევის, მგლების ადამიანთა შორის ცხოვრების მაგიურ ამბებს. ნიკო ლომოურის „ქაჯანა“, შეშინებული პატარა ბიჭის ამბავი, რომელიც შიშმა დაამუნჯა. ძალიან საყვარელი და სრულიად არასაშიში ჭინკაა ნოდარ დუმბაძის მოთხრობაში „ჭინკა“, სამაგიეროდ, სრულიად რეალური კადრები საშინელებად იქცევა ეგნატე ნინოშვილის „პალიასტომის ტბაში“. არანაკლებ მძაფრ განცდებს იწვევს მიხეილ ჯავახიშვილის „ტყის კაცი“, მკვდარ შვილთან მოლაპარაკე უბედური პერსონაჟი. გურამ ფანჯიკიძის პროზაში ჟანრული ლიტერატურის შექმნის რამდენიმე ცდაა, მათ შორისააა „რექვიემი“, საშინელებათა ჟანრის რომანი.

მოკლედ, ალბათ ბევრი საშიში ამბავი გამოგვრჩა, თუმცა, ამ ჟანრს ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს, ამას მოწმობს თანამედროვე ქართველი მწერლების მოთხრობები. თუ საშინელებათა ჟანრის ქართული ამბების წაკითხვა გსურთ, ლიტერატურული კონკურსის, „ინსომნიას“ საინტერესო კრებულებს უნდა ჩახედოთ.

მართლაც, ქართულ ზღაპრებზე გაზრდილ ქართველებს ლიტერატურისათვის ბევრი საშიში ამბავი აქვს მოსაყოლი.





ავტორი: „საბა"