ლიტერატურა

2 აპრილი - ბავშვებისა და მეზღაპრეების დღე

„საბა"

აპრილი 02, 2021

დანიის ქალაქ ოდენსეში დაბადებული, ღარიბი მეწაღის შვილი ჰანსი ვერც წარმოდგენდა, რომ მოვიდოდა დრო და ის ერთნაირად დაიპყრობდა დიდებისა და პატარების გულებს.

რა არ სცადა - ოპერის მომღერლობა, მსახიობობა, ლექსებისა და რომანების წერა, მაგრამ ადამიანთა ყველაზე დიდი სიყვარული მაინც მის ზღაპრებს ერგო, ზღაპრებს, რომელთაც თავიდან არც არავინ კითხულობდა, დღეს კი - ყველა გულში სახლობს მათი რომელიმე პერსონაჟი მაინც.


და თუმცა, ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღაპარს ყოველთვის ბედნიერი დასასრული არ აქვს, პატარა ქალთევზა, ასანთის გამყიდველი გოგონა თუ კალის ჯარისკაცი დღემდე აღვიძებენ ადამიანებში ადამიანებს, უფრო სწორად, მარადიულ ბავშვებს...

2 აპრილს ყველაზე დიდი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღეა, მოწყენილი და მხიარული, ღარიბი და მდიდარი, ბედნიერი და არც თუ ისე ბედნიერი ბავშვების მეზღაპრის და, ლოგიკურია, რომ სწორედ 2 აპრილს აღინიშნება საბავშვო წიგნის დღეც.

ანდერსენის ზღაპრები მხოლოდ ძილის მოგვრის, შიშის გაფანტვის ან თუნდაც კეთილი დასასრულის დაჯერებისთვის არაა გამიზნული. ამ ზღაპრებით ბევრს სწავლობ - როგორ უნდა გიყვარდეს ბოლომდე, თუნდაც ცალმხრივად, როგორ უნდა იბრძოლო სიყვარულისთვის, როგორ არ უნდა შეაფასო ადამიანი მხოლოდ საკუთარი შეხედულებით ან საზოგადოებაში გავრცელებული აზრით, როგორ უნდა შეიყვარო მახინჯი იხვის ჭუკი მანამ, სანამ ის გედად იქცევა, როგორ უნდა გაუთბო ასანთის გამყიდველ გოგონას გაყინული ხელები, როგორ უნდა უთხრა სიმართლე მეფეს მისი სიშიშვლის შესახებ, თუნდაც ეს საშიში იყოს, როგორ უნდა ეძებო საკუთარი სიყვარული ცხრა მთას იქით თუ იქვე, შენს საკუთარ სახლში....


ჰანს ქრისტიან ანდერსენს წარმატება მაშინვე არ სწვევია, მას დასცინოდნენ, უნიჭო პასკვილებს უძღვნიდნენ, თუმცა, 1835 წლის 1 დეკემბერს, ცივ და უხვთოვლიან დანიაში დიდი ლიტერატურული ამბავი მოხდა - ანდერსენის ზღაპრების პირველი წიგნი გამოიცა, ზღაპრები ყველასთვის - ბედნიერი, უბედური, მშიერი, მაძღარი, ობოლი, ჭკვიანი თუ გულუბრყვილო ადამიანებისთვის - მარადიული ბავშვებისთვის.

ჩვენ ყველანი ჩვენი ბავშვობიდან და ბავშვობაში წაკითხული წიგნებიდან მოვდივართ. სწორედ ეს წიგნები გვაყალიბებენ ადამიანებად. ხან ჰეკლბერი ფინის მსგავსად თავისუფლებაზე ვოცნებობთ, ხან ტომ სოიერივით შეგვიყვარდება კლასელი, პატარა გოგონა, ხან ჩვენი ოცნების სალტკროკას ვპოულობთ, ხან ჩვენს მეზობლად ერთი უცნაური, ცეცხლისფერთმიანი გოგო გადმოდის, ხანაც პროპელერის ზუზუნი გვესმის სამზარეულოს ფანჯარასთან, ხან განძთა კუნძულზე ნაპოვნ ძვირფასეულობას გადავთვლით... უცნაური, წარმოსახვითი არსებებითაც სავსეა ჩვენი ბავშვობა - ხან მუმინები, ხან ჯაჯღანსები, ცეროდენა პერსონაჟები თუ პირიქით, უზარმაზარი გოლიათები.


ქალაქებსა და ქვეყნებს ვინ მოთვლის? რეალური ქალაქების პაწია სხვენები თუ გამოგონილი სამყაროები, უღრანი ტყის წიაღი თუ საოცარი მიწისქვეშეთი.

განა არასდროს გიოცნებიათ შოკოლადის ქარხანაში მოხვედრაზე? იქნებ სარკის მიღმა საოცრებათა ქვეყანა ან დედამიწის გარშემო საოცარი მოგზაურობა დაგსიზმრებიათ? არ ელოდებით ღამ-ღამობით ციცინათელების მწყემს ბაიას? არ ენდობით ჭიამაიების ამინდის პროგნოზს?

2 აპრილს მსოფლიოს უდიდესი მეზღაპრის, ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და საბავშვო წიგნის მსოფლიო დღე აღინიშნება...

ალბათ, საბავშვო ლიტერატურაა ის სიკეთის ძალა, რომელიც სულ ოდნავ მაინც უნარჩუნებს წონასწორობას ადამიანებს ამ რთულ რეალობასა და ყოველდღიურად სულ უფრო არეულ დედამიწას.

გადახედეთ საყვარელ საბავშვო წიგნებს, გაახარეთ თქვენს გულში მცხოვრები პატარა ბავშვი!

ავტორი: „საბა"