ლიტერატურა სიახლეები

ბესიკ ხარანაულის სატევარივით წიგნი

„საბა“

ივნისი 17, 2025

ბესიკ ხარანაულის „ ეს საქართველოა“ იცით, როგორი წიგნია?

აქ შესული ლექსები, იცით როგორი ლექსებია? ადგა ერთ დღეს ყველაფრით დაღლილი, ასაკში შესული პოეტი, გაიხადა ფერხორცის, ორიგინალობის, ოსტატობის აბჯარი, მოიხსნა ნისლის ჩაჩქანი, დასწვა ყველა სიტყვა, რომელიც ბასრი არ იყო, სატევარივით მოიმარჯვა ხელში, უძველესი, პაპის დანატოვარი, კოროზიაშეპარული, ძვლის ტარიანი ჯავრის სატევარი და ისე გადაუდგა წინ უსამართლობას, სამსხვერპლოდ, სისხლის საჩვენებლად. 

მთელი ეს ოცდაათი წელი მე ვწერ ჩემს ხალხზე,

გახლართული ნერვების ჯაჭვებში.

მთელი ეს ოცდაათი წელი

საქართველოზე,

როგორც ჩემს თავზე.

არადა, ერთუბრალო გამცილებელი ვარ

თავაწყვეტილ მატარებლისა,

ეგე, თქვენი ბესიკ ხარანაული, თმადავარცხნილი, ჩაფიქრებული პოეტი კიარა, ეგე თქვენი ბესიკ ხარანაული, მეოცნებე, ორიგინალური ფორმის პოეტი კიარა, შიშველი, მართალი, სიკვდილისგან შეუშინებელი და ყველა ჩვენგანივით გაწირული დაბადებიდან. ის ვინც ცეცხლს სახით შეეგებება, ზურგს არ ამოაწვევინებს. ვინც ზუსტად იცის, რომ ბესიკ ხარანაულია. იცის რამდენის უფლება აქვს, რამდენად მართალია ღმერთთან და სამშობლოსთან. რა მიუცია და რას სთხოვს საპასუხოდ. ლექსები კიარა, - დამდურებები, ჩაძახილი, სილის გალაწუნება.

ვიდრე ძალა შესწევს ჩვენს ლანდებს,

გაფრთხილებთ:

არავინ მოგატყუოთ, არავის დაუჯეროთ,

არ გადაახვნევინოთ ჩვენი საფლავები,

გახსოვდეთ, რომ ყველაფერი ნამდვილად იყო!

და უფრო მეტიც...

რომ ირწმუნოთ ჩვენი ნათქვამი,

რომ ღირსებაც ვიცოდით და თავის დაცინვაც,

რომ გვექეიფა ამაოებაზე და რომ გვეხალისა,

თუმცა კი ჩვენში არ ერია არც ერთი მართალი,

ბნელში და შიმშილში, შიშში, მონობაში,

ჩვენ მაინც ვმღეროდით!..

ძველ ლექსებზე და ზოგიერთ ახალზეც, კიდევ ათასი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ ამ წიგნს ლიტერატურული განსჯა არ ეკადრება, ის უნდა განისაჯოს ხალხის სამსჯავროზე, მხოლოდ კონტექსტში და მხოლოდ ავტორის გათვალისწინებით, რომელსაც ზოგიერთ ფურცელზე ძველი მოსართავები და იარაღი შენახული აქვს, როგორც არტეფაქტი, როგორც რაიმე დიდებული, რაც ახლა ამდენად საჭირო არ არის, კანიბალიზმის დროში, ახალ საქართველოში, სადაც ადამიანები ერთმანეთს სჭამენ, პოეტს კი ეგეთი ლუკმები ყელში არ გადასდის.


აკი, თვითონ ამბობს, ნუ იმსჯელებთ, ნუ იფილოსოფოსებთ, ნუ დათვლით, მზის და მთვარის შუქზე ჭვრეტას ნუ დაუწყებთ, ნურც კბილს მოუსინჯავთ, ნურც მახვილ პირს, თვითონვე ამბობს „ნუ დაყოფთ პოეტსო“:

ნუ დაყოფთ პოეტს,

ყველა ლექსი სამშობლოზეა.

ჯოჯოხეთია, სამოთხეა –

სამშობლოზეა.

რაც იხილა სიცოცხლეში –

სამშობლოზეა.

მკვდარი რასაც იხვეწება –

სამშობლოზეა.

ნუ დაყოფთ პოეტს,

სჯობს დაკუწოთ –

სამშობლოზეა.

ეს წიგნი ერთი დიდი ზანზალაკებიანი დროშაა, რკინის ქალამნები, რომლითაც პოეტი ღმერთამდე ივლის და სამყაროსაც შეაწუხებს თავისი ქვეყნისთვის, თანაც ისე, როგორც იმ ქართულ ზღაპარშია, ზურგზე ეკლესიააკიდებული მღვდელივით, ცაზე რქამიბჯენილი ირემივით, მივა და საქართველოს ამბავს თავის არტიკლდაცვეთილ ენაზე მოუყვება ისე, როგორც ნამდვილად იყო, როგორ მოყოლის უფლებაც მხოლოდ პოეტს აქვს.

„მე ვარ სული საქართველოსი,

სარჩული ვარ მაღალი ცისა!

ჰოი, ჰოი, ჰოი!..

მე ვარ სული საქართველოსი!

ისევ ის ვარ, რაც დაგემუქრეთ, ის ძალა მაქვს, იგივ შეძლება!

ცას ვკიდივარ სულიწმინდის ოქროს შიბით,

ღვთის კარს იმით დავიარები.

იმით ამაქვს თქვენი ძღვენ-საწირი, ხელით ნაქნარი, ფიქრით ნაღვაწი...“