ლიტერატურა სიახლეები

ჩვენნაირისა და განსხვავებულის თავისუფალი არჩევანი

„საბა“

თებერვალი 04, 2022

„საბას“ პრემიის ჟიურისათვის ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო, ხოლო მკითხველისათვის ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი ნომინაცია დებიუტია, რადგან ჟიური აქ ხმას აძლევს და ირჩევს არა ერთ კონკრეტულ წიგნს, არამედ ამ წიგნში თუ ავტორში მთვლემარე სამომავლო პერსპექტივას, სტარტს, რომელიც მომავალში ქართული ლიტერატურის განსაკუთრებულ გზად უნდა გაიკვალოს. 

ამ პერსპექტივის განსაზღვრა კი არც ისეთი იოლი საქმეა, რადგან შესაძლოა ამ ერთი კონკრეტული წიგნის მეტი გამარჯვებულმა დებიუტანტმა ვერც ვერაფერი დაწეროს, სხვა კი, ვინც მის ფონზე „დაიჩაგრა“, სწორედაც უფრო იღბლიანი აღმოჩნდეს – განვითარდეს. 


მკითხველისათვის ეს ინტრიგაა, რადგან ახალი სახელი ყოველთვის განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს. მთავარია ეს ინტერესი, თორემ მერე შეიძლება ახალბედა ავტორს ბევრ ისეთ რამეზე მოუხუჭო თვალი, რასაც გამოცდილსა და შეჩვეულს ვერაფრით აპატიებ. ამას კი, ახალგაზრდას, შემწყნარებლურად შესცქერი და პრინციპში ამით სამომავლო პერსპექტივას ეკეკლუცები: გამოვიცანი! ეს ის არის, ვინც მომავალში იტყვის თავის დიდ სათქმელს.


წელს ჟიურის გადაწყვეტილებით, დებიუტის ნომინაციაში პრემია გაიყო ორ ნომინანტს შორის. დებიუტში ეს გადაწყვეტილება იმითაც იყო გამართლებული, რომ პრემია სხვადასხვა ჟანრის წიგნებს მიენიჭა – რომანსა და ლექსების კრებულს, რომელთა შორის არჩევანის გაკეთება ვერც ვერაფრით მოხერხდებოდა და არც სწორი იქნებოდა…



განსაკუთრებულ ინტერესს ახალგაზრდა ავტორის დაწერილი რომანი იწვევს და ამიტომაც ჩვენს მიმოხილვას, სწორედ პრემირებული რომანით დავიწყებთ.


შეიძლება საკამათო აზრია, მაგრამ ჩემი აზრით, გასაკვირი არ არის, თუკი ახალგაზრდა ავტორი კარგ ლექსებს წერს. პოეზიის ასაკად ბევრი ისედაც სიჭაბუკეს მიიჩნევს და ამიტომაც ადრეულ სიყმაწვილეში დაწერილი შედევრი ლექსები თითქმის აღარავის უკვირს. პოეზია მაინც ჟინის, გატაცების, აღტაცების პირმშოა, ბელეტრისტიკა და რომანი კი საწერ მაგიდაზე მიჯაჭვულობის, უმძიმეს შრომაში ღამეების ტეხვის, პოლიფონიურობის ძნელად მოსაპოვებელი ხელოვნების ათვისების შედეგი. ამიტომაც, მსოფლიო მწერლობაშიც კი რთულია ისეთი ახალგაზრდა რომანისტების გახსენება, რომელთა ნამუშევრებმაც დროს გაუძლო. ამ წუთას ასეთი „სანიმუშო“, ვთქვათ, მხოლოდ თომას მანი და მისი 24 წლის ასაკში დაწერილი „ბუდენბროკები“ თუ მახსენდება და ისიც, მერე უკვე გამოცდილ თომას მანის რომანებთან შედარებით, საკმაოდ გულუბრყვილოდ და ბევრი თვალსაზრისით სუსტ ტექსტად გამოიყურება. თუმცა, რომ არა „ბუდენბროკები“, რა თქმა უნდა თომას მანი ვერასოდეს იქნებოდა ის, ვინც მოგვიანებით გახდა და ამ რომანშივე ჩანს მთელი პერსპექტივა, რაც აღნიშნული ტექსტით არამხოლოდ მანისათვის, არამედ მთელი გერმანული ლიტერატურისათვის გადაიშალა. ცხადია, კარგად მესმის, რომ ყველა თომას მანი ვერ იქნება, მაგრამ როდესაც თუ ლამის ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრესტიჟული კონკურსის ჟიური დებიუტში უპირატესობას რომანს ანიჭებს, მკითხველს ბუნებრივად უჩნდება მოლოდინი, რომ გამორჩეულ ქმნილებას წაიკითხავს. მითუფრო თუ ავტორის სახელი და გვარი პროფესიონალებსაც კი არაფერს ეუბნება, ანუ პრაქტიკულად რომანით იწყებს და როცა წიგნს ხელში იღებ, ფიქრობ, კარგია, თუ ამ რომანითვე, აქვე, ამ პირველი წაკითხვისთანავე არ დამთავრდება…


ნანა აბულაძის რომანი შთაბეჭდილებას უკვე წაკითხვამდე ახდენს, რადგან ამხელა ტექსტი თუკი პროფესიულად პრინციპულად სწორად არის აგებული, შეიძლება ახალგაზრდა ადამიანს უკვე უპირობო წარმატებადაც ჩაუთვალო და რომელიმე ნარატიული ხაზის ჩავარდნა ან თხრობის რაღაც ელემენტების სისუსტე „აპატიო“. 


წინასწარ ინტერესს უსათუოდ აღვივებს გამომცემლობა „ინტელექტის“ წიგნის ყდაზე გამოტანილი სარეკლამო ტექსტიც, სადაც ნანა აბულაძის რომანის ის მხარეებია გამოკვეთილი, რამაც დღევანდელი მკითხველი უნდა მიიზიდოს. 


ამ სარეკლამო ტექსტის „საკონტროლო“ ფრაზა მასობრივ მკითხველზეა გათვლილი და ასე გამომწვევად ჟღერს:

„ ნუთუ ის მაინც არ გაინტერესებთ, სიტყვა „აკუმი“ რას ნიშნავს?“

პროფესიონალ მკითხველს გააცინებს და შესაძლოა, ცოტა გაანაწყენებს კიდევაც ასეთი ფამილარულობა. 


სულხან-საბა ორბელიანის „სიტყვის კონას“ გადმოიღებს და ნახავს: 


„ესე არს არც მამალი, არც დედალი, გინა ქალი, ქმრისაგან განუხრწნელი“.


ასეთი განმარტებაა ლექსიკონის ძირითად ნუსხებში და მხოლოდ ერთ ნუსხაშია დეფინიცია, რომელიც ნანა აბულაძეს რომანის თავისი რომანის ეპიგრაფად გამოაქვს: 


„აკუმი – თვალმარგალიტ(ი)თა და სულნელთა დაგროებულს ეწოდების.“ 


და გამოცდილი მკითხველი ხვდება, რომ სიტყვის ამ მეორე, არაძირითადი განმარტების არჩევითა და ხაზგასმით ავტორი მასთან ინტელექტუალურ თამაშს იწყებს. თამაშს, რომელიც მერე და მერე, ხანდახან კეკლუცობაში გადასდის. 

ასეთი კეკლუცობის მაგალითი მგონია ამდენი ეპიგრაფიც, რომელიც „აკუმს“ პროლოგამდე უძღვის. 


ეპიგრაფს ბევრი ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს და ერთ-ერთი ძირითადი ტექსტის მთავარი სათქმელის უკეთესად გამოკვეთაა კითხვის დაწყებამდე, ან ავტორის პოზიციის გაცხადება ნაწარმოებში დასმულ პრობლემაზე. 

ამდენი ეპიგრაფი, რაც ნანა აბულაძის რომანს უძღვის, აქამდე ძალიან იშვიათად მინახავს, მგონი, მხოლოდ უმბერტო ეკოსთან და იქაც კი გამაღიზიანებელია ეს ნარცისული ინტელექტუალიზმი. აქ, კი ამ ტექსტში, საერთოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ახალგაზრდა მწერალს გადასაყრელად დაენანა თავის დროზე საკუთარ უბის წიგნაკში ამოწერილი მისთვის რაღაცით მნიშვნელოვანი ციტატები. 

არადა, მწერლის ხელობა რომ წაშლის ხელოვნებით იწყება ამაზე სიმბოლურად მიგვანიშნებს თვითონ რომანის დასაწყისი, სადაც ერთი და იგივე მარტივი აზრი სხვადასხვაგვარად მოდიფიცირებული, მაგრამ არსებითად ერთი და იმავე წინადადებით არის გამოთქმული. და ყველა ამ წინადადებაზე მერე ზემოდან ხაზია გადასმული, ყველა ეს წინადადება წაშლილია. 


ჩემი აზრით, რომანის ნამდვილი ეპიგრაფი შეიძლებოდა მხოლოდ ეს გადაშლილი წინადადებების ხვავიც ყოფილიყო, რადგან მართალია სიმბოლურად, მაგრამ მაინც ყველაზე სიღრმისეულად ახალგაზრდა მწერლის ეს მარჯვედ მიგნებული ხერხი გვახვედრებს ტექსტის მთავარ სათქმელს: 


ამბის, ცხოვრების და, საერთოდ, სიუჟეტის განვითარების იმდენივე და იმაზე მეტი შესაძლებლობელი არსებობს, რაც ამ წინადადებებით არის გამოთქმული. 


მთავარია რომელს აირჩევ, როგორ აგებ შენს წინადადებას, გინდაც, შენს ცხოვრებას.


არჩევანის საკითხი, უფრო სწორად თავისუფალი ნებისა და ბედისწერის ურთიერთმიმართების განსაზღვრა „აკუმის“ ერთ-ერთი ცენტრალური პრობლემაა. ეს წიგნი ამითაც არის განსაკუთრებული და რაღაცნაირად გამორჩეული თანამედროვე ქართული პროზისაგან. 


ფაქტია, რომ ოცდამეერთე საუკუნის ახალი ქართული პროზის ტალღა, ძირითადად, აკა მორჩილაძის ხაზით განვითარდა – აკასგანვე გადმოყოლილი პრობლემატიკითა და მთავარი გმირებით. 

სხვა საქმეა, რომ აკა მორჩილაძის ძალიან სისხლსავსე პერსონაჟები მერე სხვა ავტორების ტექსტებში, ძირითადად, უფერულ კარიკატურებს დაემსგავსნენ და თანაც, სამწუხაროდ, ეს სულ ერთი და იგივე ტიპაჟია: ცხოვრებისაგან გარიყული თბილისელი ბიჭი, რომლის ფილოსოფიური თვალსაწიერი ვერა სცდება უბნის ეგზისტენციალურ სევდას და რომანტიკას.

ამ ფონზე ნანა აბულაძის „აკუმი“ იმით არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თანამედროვე ქართული პროზის ვექტორების სხვა სიბრტყეში, შედარებით ინტელექტუალურ კალაპოტში გადატანის მცდელობას წარმოადგენს. და ეს მცდელობა, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისად ვერ არის მხატვრულად რეალიზებული, მაინც უაღრესად ფასეულია, რადგან ხსნის პერსპექტივას, რაც არამხოლოდ ერთი ავტორისთვის, არამედ საერთოდ პროზის განვითარებისათვის შეიძლება აღმოჩნდეს გადამწყვეტი. 


ნანა აბულაძის ტექსტის დიდი ღირსებაა რომანისათვის აუცილებელი მრავალპლანიანობა და პოლიფონიურობა. და აქ მხოლოდ თხრობის რამდენიმე პარალელურ ხაზს არ ვგულისხმობ, რომლებიც სხვადასხვა ისტორიული (დროითი) და გეოგრაფიული (სივრცითი) პლანებიდან გამჭოლად გადადიან და ცურავენ ერთმანეთში. 


ეს პოლიფონიურობა უპირველესად გულისხმობს პრობლემათა ერთმანეთის განმაპირობებელ რკალს, რომელიც მნიშვნელოვანია რომანის ავტორისათვის. პირველ რიგში ადამიანის თავისუფალი ნებისა და ბედისწერის ურთიერთმიმართება, რაც ემპირიულ დონეზე განსაზღვრავს ადამიანის გაუცხოების პრობლემას მსგავსისა და განსხვავებულის ერთმანეთთან დამოკიდებულების ასპექტით. 


რა თქმა უნდა, უზარმაზარი და უმნიშვნელოვანესი პრობლემებია და ნანა აბულაძე, ძირითადად, ახერხებს, თავისი მხატვრული მიზნის შესაბამისად, ღრმად ჩაგვახედოს ამ პრობლემათა სიღრმეებში. ამასთან შედარებით ის შენიშვნები, რაც მისი მწერლური სტილის მიმართ შეიძლება გაგვიჩნდეს, გაცილებით უმნიშვნელოდ გამოიყურება. 

ამიტომაც: სასიხარულოა, რომ „საბას“ ჟიურის აღუნიშნავი არ დარჩენია რომანი, რომელიც კმაყოფილებზე მეტად შეიძლება მოლოდინს აჩენდეს, მოლოდინს, რომ ნანა აბულაძის სამწერლო კარიერა სწორი გეზით განვითარდება და ეს საბოლოოდ ქართული ლიტერატურის გამარჯვება იქნება.  


ავტორი: publika.ge / გიორგი ლობჟანიძე