ლიტერატურა სიახლეები

მკითხველის თვალით დანახული საბას 20 წელი

„საბა“

სექტემბერი 09, 2022

ლიტერატურული პრემია „საბა“ უკვე მე-20 წელს ითვლის. დაარსებიდან - დღემდე პრემია 200-მდე წიგნმა და ავტორმა მიიღო. ეს წიგნები ფაქტობრივად თანამედროვე ქართულ ლიტერატურას ქმნიან და რახან 20 წელი არც თუ ისე მცირე დროა, ვნახოთ, რომელია ის წიგნები, რომლებიც მკითხველის მეხსიერებას შემორჩნენ.

ნინო კასრაძე 

1. ალეკო შუღლაძე - გადამალვა

ალეკო შუღლაძე ქართულ ლიტერატურულ სივრცეში 90-იან წლებში გამოჩნდა და მსუბუქ იუმორთან შეზავებული მძიმე ეგზისტენციალური ტექსტებით მკითხველის მოწონებაც დაიმსახურა. წარმატების მიუხედავად, მწერალი 15 წლით გაუჩინარდა. 2016 წელს გამოცემული ავტობიოგრაფიული რომანში “გადამალვა” ავტორი ავადმყოფობაზე, სიკვდილზე მედიტირებს და დასავლურ სამყაროში გავრცელებული მიმართებისგან სიცოცხლის დასასრულის განსხვავებულ გააზრებას ინდოეთში ეძებს.

2. ალექს ჩიღვინაძე - ქალაქის მერის ცოლის სიყვარული

2013 წელს პიესის ნომინაციაში ბევრისთვის ჯერ კიდევ უცნობი ავტორი ალექს ჩიღვინაძე იმარჯვებს, რომელიც გაცილებით ცნობილ და ასაკოვან ავტორებთან იყო კონკურენციაში. ჟიურიმ არჩევანი სწორედ ამ თამამ ტექსტზე და ქართული დრამატურგიისთვის ახალი ხმაზე შეაჩერე. დრომ ცხადყო, რომ ეს არჩევანი სწორი იყო, რადგან ამ მოკლე პიესების კრებულის შემდეგ ავტორმა არაერთხელ დაამტკიცა რომ თანამედროვე ქართულ დრამატურგიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ავტორია.

3. ევრიპიდე - ჰეკაბე

„ჰეკაბე“ ევრიპიდეს შემოქმედების ადრეული პერიოდის ქმნილებაა. მისი ათენური პრემიერა შედგა „მედეასა“ და „ჰიპოლიტოსის“ შემდეგ, სავარაუდოდ, ძვ. წ. 424 წელს. ტრაგედიაში წარმოდგენილია ტროას დედოფლის, ჰეკაბეს შურისძიების ისტორია. ოდესღაც დიდებული, მაგრამ უკვე უსამშობლოოდ დარჩენილი, დამონებული დედოფალი, რომელსაც თვალწინ მოუკლეს მეუღლე - მეფე პრიამოსი და რომელიც შვილების შემზარავ სიკვდილს მოესწრო, ყოვლად წარმოუდგენელ შურისძიებას განიზრახავს. იმდენად სულისშემძვრელია მისი ტრაგედია, რომ თავად ბერძენთა მთავარსარდალსაც კი მისდამი თანაგრძნობის განცდა ეუფლება. უკიდურესად დაძაბულ სულიერ მდგომარეობაში მყოფი ჰეკაბეს სახე ევრიპიდეს შემოქმედების შედევრია. წიგნის თარგმანისთვის ჯილდო ნანა ტონიან მიიღო, რომელმაც ქართული ენის განუზომელ შესაძლებლობებსა და მთარგმნელთა ოსტატობაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა.

რეზო კიკნაძე

1. ვახუშტი კოტეტიშვილი - აღმოსავლურ დასავლური დივანი

ვახუშტი კოტეტიშვილს, როგორც სიტყვის ოსტატს, პოეტს და მთარგმნელს ჰქონდა უნარი, ირაციონალური ნიჭი, სიტყვიერ მასალაში მძაფრი სიცოცხლის შეტანისა. სწორედ ეს თვისება გამოვლინდა ყველაზე მეტად აღმოსავლური პოეზიის თარგმანებში. მისი თარგმანების უმრავლესობამ ისეთი მკაფიოება, ემოციური სისავსე და სინატიფე შეიძინა, რომ მართლაც წარმოუდგენელი იქნებოდა მკითხველთა მახსოვრობაში არ აღბეჭდილიყო.

2. ზურაბ ქარუმიძე - ჯაზის ცხოვრება

2010 წელს ზურაბ ქარუმიძეს ,,საბა’’ ,,ჯაზის ცხოვრებისთვის’’ მიენიჭა.

ავტორი ერთ-ერთ ინტერვიუში წიგნის ჟანრულ მახასიათებლებზეც საუბრობს: „ჯაზის ცხოვრება“ უფრო ლიტერატურული ნაწარმოებია, ვიდრე ისტორიულ-მუსიკოლოგიური გამოკვლევა, ამგვარ „აკადემიზმზე“ კარგა ხანია აღარც მიფიქრია. ამ წიგნს მარცხენა ხელით ვწერდი, ანუ - სიყვარულით. ძველ მედიცინაში მიაჩნდათ, რომ გულიდან სიყვარულის სისხლძარღვი გამოდის და მარცხენა ხელის გავლით უსახელო თითში სრულდება – იქ, სადაც საქორწინო ბეჭედს იკეთებენ.”


,,ჯაზის ცხოვრება’’ უნიკალური წიგნია არა მხოლოდ მელომანებისთვის, არამედ სიტყვებად ტრანსფორმირებული (სიტყვაში განსხეულებული) მუსიკის მოყვარული მკითხველისთვისაც.

3. მაია სარიშვილი - მიკროსკოპი

2008 წელს ,,საბას“ ჟიურის მიერ მაია სარიშვილის ,,მიკროსკოპის“ აღიარება იყო ახალი პოეტური სათქმელისა და ახალი პოეტური ენის ერთგვარი დამატებითი ,,ლეგიტიმაცია“, რომელსაც, როგორც წლების გადასახედიდან შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც შესანიშნავი პოეზიის დაფასება.

მარიშკა ჯავახაძე

1. თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ ავტორის სადეებიუტო სათავგადასავლო რომანია. წიგნმა მკითხველის დიდი სიყვარული მოიპოვა და ის დღემდე ინარჩუნებს ბესტსელერის სტატუსს ქართული წიგნის ბაზარზე.

2. შორენა ლებანიძე - თუ საჭიროა, გათქმევინებთ

შორენა ლებანიძის დოკუმენტური რომანისა და მოთხრობების ეს კრებული, მეოცე საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკური თუ კულტურული კლიმატის გაცოცხლების ფონზე, საბჭოთა რეჟიმს შეწირული ადამიანების პიროვნულ ტრაგედიას ასახავს.


ავტორი წარმოაჩენს ტოტალიტარული სისტემის გამოკვეთილ თვისებას, თავის სამსახურში ჩააყენოს, დაიმორჩილოს და, წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, ფიზიკურად გაანადგუროს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები, თუმცა გადის დრო და ახალი რეალობა კვლავ აღადგენს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლთა უსამართლოდ წაშლილ კვალსა და სახელებს.

3. ლაშა თაბუკაშვილი - სადღაც, ცისარტელას მიღმა

2017 წელს საუკეთესო პიესის ნომინაციაში ლაშა თაბუკაშვილის „სადღაც ცისარტყელას მიღმა“ იმარჯვებს. პიესა მოგვითხორბს ორი ადამიანის შესახებ, რომელთაგანაც ერთი ყოფილი პატიმარია და მეორე კი, რამდენიმე დღის წინ ჯვარაყრილი 20 წლის გოგონა... ექსპრესიული, ლაღი და გამორჩეული იუმორით სავსე დიალოგებით, ასევე მივიწყებული რომანტიზმით პიესამ არაერთი მკითხველის გული მოიგო.

ერეკლე დეისაძე

1. პაატა შამუგია - დაუჯდომელი

პაატა შამუგიას ,,დაუჯდომელი“ კომპიუტერული თამაშია, პირველ ეტაპს გადალახავ, სადაც პოეტი გართობს და გადადიხარ მეორე ეტაპზე, სადაც ენობრივ ტრიუკებს ასრულებს, გადალახავ ამ ეტაპს და სოციალურ სატირას აწყდები, გადალახავ და ავტორი ფილოსოფიას გთავაზობს, გადალახავ და კუთხეში ზის, თავის სიმარტოვეზე მოთქვამს და ღმერთის არარსებობაზე. ჰოდა, გასაკვირი სულაც არ არის, რომ 2012 წელს პაატა შამუგია წლის მთავარი პოეტური კრებულისთვის პირველ „საბას“ იღებს.

2. კოტე ჯანდიერი - კონკიას ღამე

კრებულში „კონკიას ღამე“ შესულია კოტე ჯანდიერის მიერ ბოლო სამი ათწლეულის მანძილზე შექმნილი ცხრა მოთხრობა - „სიტყვა და წიგნი“, „მაყვლიანი“, „საოჯახო ქრონიკა“, „ხანმოკლე შვებულება“, „დაპატიჟება კინოში“, „კონკიას ღამე“, „მატარებლები გვირაბში შედიან“, „განსხვავებული კალიბრის ვაზნა“ და „გლობალიზაცია“. ჟანრულად და ფორმის თვალსაზრისით, კრებული ძალზე მრავალფეროვანია. მას წინ უძღვის ესე ზეპირი სიტყვისა და დაწერილი წიგნის შესახებ. 

3. აკა მორჩილაძე - obOle

სიტყვებში გამოძერწილი ქართული ანაზდეული ფიქრები, აღქმები, შეგრძნებები; ისტორიული გაურკვევლობებით ნაკვები საერთო სევდა და დაბნეულობები. მასშტაბური თავისი კონკრეტულობით - საკუთარ სოფლის სახლში ოჯახთან გატარებული ერთი საღამოც რომ დაიტევს. “ჩვენი საწებელი ჩვენს სისხლზე მაგარია”, ამიტომაც „obOle“-ს ლევან ბერძენიშვილი ყველაზე ქართველი ავტორის, ყველაზე ქართულ წიგნს უწოდებს.

თორნიკე გოგრიჭიანი

1. ჯალალ ედ-დინ რუმი - არსთა მესნევი

ჯალალ ედ-დინ რუმის ,,სპარსულ ყურანად’’ წოდებული ,,არსთა მესნევი’’ ექვსი ნაწილისგან შედგება. ქართულად ჯერ მხოლოდ ორი წიგნი ითარგმნა, თუმცა თანდართული კომენტარების დახმარებით კითხვისას აღმოსავლური მისტიციზმისა და პოეზიის მთელ ხიბლსა და მაგიას შევიგრძნობთ, რაშიც უდიდესი წვლილი მთარგმნელს, გიორგი ლობჟანიძეს მიუძღვის.

2. პაატა ციკოლია - მედეა სეზონი 01, ეპიზოდი 06

2021 წელს პრემია გადაეცა პაატა ციკოლიას პიესისთვის „მედეა სეზონი 01, ეპიზოდი 06“, თვისებრივად განსხვავებულ, არავის მსგავს ავტორს ქართულ დრამატურგიაში, რომელიც სულ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს ხოლმე. ეს ტექსტიც ასეთია, ამაზრზენად სასტიკი, ნატურალისტური, არ მიჰყვება დრამატურგიულ კონვენციას, გაჯერებულია ეპიკური ელემენტებით და მედეას მითის ისეთ ინტერპრეტაციას გვთავაზობს, რომელიც მას სადღეგრძელოებიდან ან პროვინციული „ქართველი ქალი ამას არ იზამდა“ დისკურსიდან აგდებს. იზამდა, თან როგორ იზამდა. ვერ წარმოიდგენთ, რისი მაქნისი იყო და ამის მიზეზი სულაც არ იყო იასონი - წერს დავით გაბუნია

3. არჩილ ქიქოძე - ჩიტის და კაცის ამბავი

''ქართულ ლიტერატურას კარგი მთხრობელი დიდი ხანია არ ჰყოლია. არჩილ ქიქოძე მთხრობელია. მთხრობელი უბრალოდ მწერალი არ არის. მთხრობელი ეპიკური პოეტის უმცროსი ძმაა. მისი მონაყოლი დინჯი და აუღელვებელია, მას არსად ეჩქარება, ოღონდ, ეპოსისგან განსხვავებით, მისი პერსონაჟები გმირები კი არა, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანები არიან. ეპოსისგან განსხვავებით მთხრობელის ამბავი გამოგონილი მაშინაც კი არ არის, როდესაც გამოგონილია. მთხრობელი გამოცდილებიდან მოდის და ეს გამოცდილება, თუ გერმანელ ფილოსოფოს ვალტერ ბენიამინს დავუჯერებთ, ავტორიტეტს სიკვდილისაგან იღებს. სადაც გამოცდილებაა, იქ საიდუმლოცაა, ამიტომ ეს მოთხრობები, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ არის დეტექტივი, დეტექტივიცაა. არჩილ ქიქოძის მოთხრობებს მკითხველი ნელ-ნელა, ჩუმად, შეუმჩნევლად დაუფარავ, შიშველ, შეულამაზებელ ბოლო სიმართლესთან მიჰყავს, რომელიც არც ლამაზია, არც იდუმალი და ამიტომაც უფრო დამაჯერებელია. ამ დეტექტივის დანაშაული და სასჯელი, ცრურწმენა და სიამაყე, სიყვარული და სიძულვილი საქართველოა, ოჯახური ამბების საქართველო, რომლებიც სახელმძღვანელოებიდან ცნობილ ისტორიაზე უფრო ნამდვილია. შავ-თეთრი არ არის და ერთნაირად ეკუთვნის ჯალათებს და მსხვერპლებს, მათ შვილებს და შვილიშვილებს და მათი საერთო დანაშაულის ან სიყვარულის შედეგია" - ზაალ ანდრონიკაშვილი

ანანო ბაკურაძე

1. ბიძინა მაყაშვილი - ბლუზი მტკვრი პირას

ბლუზი და როკი სამყაროში დიდი ხმაურით შემოიჭრა და მსოფლიოში არ დარჩენილა ადგილი, სადაც მას თავისებური გავლენა არ მოუხდენია. გამონაკლისი არც საბჭოთა კავშირი იყო – რკინის ფარდის მიღმა არსებულ სივრცეში როკმუსიკას ნამდვილი შოკის ეფექტი ჰქონდა. მუსიკას, რომელიც ყოველთვის თავისუფლებასთან ასოცირდებოდა და რომელსაც შეზღუდვის მოყვარული ქვეყნის ხელისუფლება ყოველთვის ეჭვის თვალით უყურებდა, ორმაგი ინტერესით ელტვოდნენ საბჭოელი ახალგაზრდები, შემდგომ კი უკვე – დამოუკიდებელი ქვეყნის შვილები. ბიძინა მაყაშვილის “ბლუზი მტკვრი პირას” სწორედ რკინის ფარდის მიღმა მცხოვრებ ახალგაზრდებზე მოგვითხრობს, რომელთათვისაც მუსიკა თავისუფლებასთან ასოცირდებოდა.

2. აკა მორჩილაძე - „კუპიდონი კრემლის კედელთან“

„კუპიდონი კრემლის კედელთან“ მოგვითხრობს იმას, რაც თბილისიდან კრემლისკენ მიმავალი მატარებლის „მეჟდუნაროდნი“ ვაგონში ხდება და რასაც არათუ საბჭოთა, ალბათ ვერც თანამედროვე კინოს მესვეურები გადაიღებენ კომედიად, ვინაიდან ეს საოცარი ამბავი, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება, ტრაგედია უფროა. საბჭოთა სისტემის მიერ უგზო-უკვლოდ გამქრალი ქმრისა და სამართლის საძიებლად პირდაპირ სტალინთან მიმავალი ახალგაზრდა ქართველი ქალის დაუჯერებელ ისტორიას აკა მორჩილაძე ენაკვიმატი იმერელი „მკვლევრის“ პირით მოგვითხრობს და სევდანარევი იუმორით აღწერს იმ ეპოქას, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო სტალინურ რეჟიმად იცნობს.

3. გაგა ნახუცრიშვილი - გამგზავრება და მოლოდინი

წიგნი, რომელიც ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ ნომინაციის პირველი გამარჯვებული გახდა, დღევანდელი გადასახედიდან ერთგვარად ირეკლავდა ახალდაარსებული პრემიის ნაივურობას. ,,გამგზავრება და მოლოდინი“ გაგა ნახუცრიშვილის მესამე წიგნია, თუმცა რემინისცენციების სიმრავლით სადებიუტო ნაშრომს ჰგავს. ეს სიმპათიური და ნოსტალგიური კრებული თავისი ეპოქის, 2000-იანი წლების დასაწყისის, ჭეშმარიტი შვილია.

ვასო კუსიანი

1. იოჰან ვოლფგანგ გოეთე - ფაუსტი

დიდი გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის, იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მრავალმხრივი შემოქმედება დიდი ხანია მსოფლიო ლიტერატურის კუთვნილებაა. მისი რევოლუციური შეხედულებებით, სიღრმითა და სარკაზმით გამორჩეული ნაწარმოებების უმეტესობაში სამყაროს ერთიანობისა და 'მშვენიერი ადამიანის' იდეაა ასახული. მწერალი მხოლოდ ბუნებას როდი აიგივებს ღმერთთან – თვით ადამიანს აღაზევებს ბუნება-ღმერთზე და მას მსოფლიო გონთან მებრძოლ არსებად წარმოაჩენს. ეს იდეა გასდევს მისი შემოქმედების მწვერვალს, ეპოქალურ ნაწარმოებს – „ფაუსტს“, რომელსაც გოეთე თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა, ხოლო ქართულ ენაზე მისი წაკითხვა დავით წერედიანის შესანიშნავი თარგმანით გახდა შესაძლებელი.

2. ვახტანგ ჯავახაძე - ელეგია

ოთხმოც წელს გადაცილებულმა დაწერა თავისი მთავარი პოეტური შედევრი და თანაც - სიყვარულზე; ჭაბუკური კი არამხოლოდ ლექსის ენერგია იყო, არამედ - ვერსიფიკაციაც, თავისი სიტყვების თამაშით, შუშპარა ალიტერაციებით, ერთმანეთის გვერდიგვერდ არხეინად ხმაშეწყობილი არქაიზმებითა და ნეოლოგიზმებით, შიგადაშიგ ჟარგონებითაც კი; სევდისა და სილაღის უნიკალური თანაფარდობით. ამ ლექსში კარნავალის მონაწილეებივით გაკრთებიან პოეტისა და მისი გარდაცვლილი მეუღლის ხანგრძლივი თანაცხოვრების მნიშვნელოვანი პერსონაჟები და ვიდეოკოლაჟივით ენაცვლება ერთმანეთს მსოფლიო თუ პირადული მნიშვნელობის მოვლენები, ეს ყველა და ყველაფერი კი ერთი - ყველაზე მთავარი - ადამიანის გარშემო ტრიალებს. - წერს ანი კოპალიანი.

3. აკა მორჩილაძე - სანტა ესპერანსა

აკა მორჩილაძის მიერ გამოგონილი ქვეყანა – სანტა ესპერანსა – ასევე გამოგონილ კუნძულზე მდებარეობს. ამ სასწაულებრივი სამყაროს კარი ყველასათვის ღიაა, ვისაც სურს, ითამაშოს ყველაზე არაჩვეულებრივი ბანქო მსოფლიოში, გაიგოს კუნძულების დრამატული ისტორია, მოისმინოს ნაღვლიანი სიმღერები და გამოააშკარავოს იმ ლეგენდის საიდუმლოება, ყველაზე გრძელი ჩიბუხის ამბავს რომ უკავშირდება.

ცხადია, ეს არასრული ჩამონათვალია იმ წიგნებისა, რომლებიც ამ 20 წლიანი ისტორიიდან მკითხველთა მეხსიერებას შემორჩნენ.



მალე, მე-20 საბიუბილეო „საბას“ გამარჯვებული წიგნებიც დაიკავებენ თავიანთ ადგილს მკითხველთა გულებში.




ავტორი: „საბა"