ლიტერატურა სიახლეები

წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

„საბა"

ივნისი 21, 2021

როდის მოდის ახალი წელი? გიკვირთ, ამას ივნისის ბოლოს რომ ვკითხულობ? რა დროს ახალი წელია, გაგანია ზაფხულია და საზღვაო სეზონისთვის ვემზადებითო? ეტყობა, თბილისში ძალიან დაცხა და თოვლის ბაბუაც ამიტომ გელანდებათო? მაგრამ მე მაინც გკითხავთ, იცით, როდისაა მკითხველის ახალი წელი? ახლა, ამ თვის ბოლოს, როცა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი იწყება. დიახ, დიახ, ახალი გამოცემები, ახალი წიგნები, ახალი შეხვედრები, ახალი იდეები - რით არაა ახალი წელი? რა, გოზინაყს ივნისში ვერ გავაკეთებთ?

ამ რთული, პანდემიური დღეების მერე ცოტაოდენი სიხარული ყველამ დავიმსახურეთ, ახალი თარგმანები თუ ქართველი ავტორების ახალი წიგნები, ლიტერატურა ხომ კურნავს? ჰოდა, დროა, ფესტივალისკენ გავეშუროთ, რეალურად თუ ონლაინ, ორივენაირად შეგვიძლია, ისედაც ხომ ასე გაიყო ჩვენი ცხოვრება, უკვე ორ რეალობაში გვიწევს ყოფნა.


მოკლედ, ფესტივალზე დასწრების ფორმატი თავად გადაწყვიტეთ, ხოლო ტრადიციულ რჩევებს ჩვენ შემოგაშველებთ, იქნებ რომელიმე წიგნი მოგეწონოთ კიდეც? იქნებ გაამართლოს ჩვენმა რეცეპტმა?


კატალოგების თვალის გადავლებისას, თავბრუ დაგვეხვა, თუმცა, რამდენიმე გასაკუთრებული წიგნი მაინც მოვინიშნეთ:


მაშ, ასე, რომელი წიგნი არ უნდა გამოვტოვოთ წიგნის ფესტივალზე!

გამომცემლობა „დიოგენე“

გამომცემლობა „დიოგენეს“, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებული არჩევანი აქვს, მაგრამ ახლა ორ წიგნს გამოვარჩევთ:


ბოჰუმილ ჰრაბალის ორივე რომანი, რომელიც ქართულად ითარგმნა, ქართველი მკითხველის საყვარელი წიგნი გახდა, ყველაზე მეტად „მეტისმეტად ხმაურიანმა მარტოობამ“ აღაფრთოვანა განსაკუთრებული ლიტერატურის მოყვარული მკითხველი. ამჯერად, „დიოგენე“ ჩეხი გენიოსის კიდევ ერთ რომანს გვთავაზობს, „მატარებლები განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ“ ოკუპაციასა და ომზეა, მეორე მსოფლიო ომზე, რომლის ჭრილობები ვერაც ვერ მოიშუშა კაცობრიობამ. წიგნი სულხან მუხიგულაშვილმა თარგმნა.


მათიას ენარის "კომპასის" პაატა ჯავახიშვილისეული თარგმანი ნამდვილი საჩუქარია აღმოსავლეთით დაინტერესებული მკითხველისთვის, რომლის წინაშეც სულ სხვაგვარად იშლება აღმოსავლეთის იდუმალი სული, წიგნისთვის ავტორს 2016 წელს გონკურის პრემია მიენიჭა.

გამომცემლობა „ინტელექტი“

გამომცემლობა „ინტელექტი“ ტრადიციულად ქართული და მსოფლიო ლიტერატურის არაჩვეულებრივ არჩევანს გვთავაზობს, ამ გამომცემლობის თაროდან განსაკუთრებით ბევრ თანამედროვე ქართულ რომანს წამოვიღებდით, ასევე, განსაკუთრებით საინტერესოდ გვეჩვენება „უცნობი კლასიკის“ სერია, სადაც ვოვა სიხარულიძისა და ლეილა ბეროშვილის ქართველი მკითხველისთვის ჯერ უცნობი ტექსტებია წარმოდგენილი. ამ გამომცემლობას პოეზიის განსაკუთრებით კარგი არჩევანი აქვს, მისი უდიდებულესობა ქართული პოეზიის გარეშე ნუ დატოვებთ ფესტივალს.

გამომცემლობა "არტანუჯი" :

გამომცემლობა „არტანუჯი“ წელს განსაკუთრებული საბავშვო საკითხავით ხვდება, სხვადასხვა ქვეყნის მითოლოგიის კითხვისას ალბათ თქვენც გაგჩენიათ კითხვა, კი მაგრამ, ქართული მითოსი სადაა? ჰოდა, აი, შესანიშნავად ილუსტრირებული ქართული მითოლოგია გამომცემლობის სახალი სერიიდან „არტანუჯი ბავშვებს“, სადაც ვაჟა-ფშაველას პოემის გრაფიკული ვერსიაც შეგხვდებათ და ყველასთვის ცნობილი და ახლებურად დასურათებული ქართული ხალხური ზღაპრებიც.

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“

ბევრი საინტერესო სიახლე გელოდებათ გამომცემლობა „წიგნები ბათუმშის“ თაროსთან. „უკვდავი წიგნების“ სერიიდან არ უნდა გამოტოვოთ გუსტავ მაირინკის "დასავლეთის სარკმლის ანგელოზი", რომელმაც, არც მეტი და არც ნაკლები, „ოსტატი და მარგარიტას“ ავტორზე მოახდინა გავლენა და ამავე სერიიდან არ დაგავიწყდეთ გეტრუდ სტაინის, ამ დიდი ქალბატონის რომანი „სამი სიცოცხლე“, რომელიც მარიამ კორინთელმა თარგმნა.

„ქარჩხაძის გამომცემლობა“

„ქარჩხაძის გამომცემლობა“ სხვა წიგნებთან ერთად რამდენიმე მსოფლიო ბესტსელერს გვთავაზობს, დელია ოუენსის წიგნმა "იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან" ამჯერად იაპონიის ბუქსელერების პრიზი აიღო. ამავე დროს, წიგნი კვლავ რჩება ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერთა სიაში. ახლა ჯერი ქართველ მკითხველზეა. ამ გამომცემლობის თაროზე აუცილებლად შეამჩნევთ ახალ ქართულ საბავშვო წიგნს, ნესტან კუპრავას საბავშვო რომანი "იდემ სბეფემი სტუმრად ჩამოდის" 2020 წლის საბავშვო ლიტერატურის კონკურსის „ოქროს ბუმბულის“ გამარჯვებული გახდა.

გამომცემლობა „პალიტრა L”

გამომცემლობა „პალიტრა L”-ს დახუნძლული კატალოგიდან ორმა სერიამ მიიქცია ყურადღება „ომებსა და ადამიანებზე“ და „ცხოვრება ქალების კალმით“, ტრადიციულად საინტერესოა სერია „ლიტერე ინვენტე“, რომლის ფარგლებშიც პირველად ქართველი მკითხველისთვის წარმოდგენილია- თანამედროვე ინგლისურენოვანი ლიტერატურის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, ლიტერატურული პრემია ბუკერის 2019 წლის ლაურეატის, ბერნარდინ ევარისტოს რომანი „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ ტრადიციულად ბევრ და საინტერესო წიგნს გვთავაზობს, მრავალფეროვანი საბავშვო საკითხავიდან თვალს იტაცებს რეზო ინანიშვილის მოთხრობების ახალი, ულამაზესი გამოცემა, სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების ახალი, საინტერესო ილუსტრაციებით გაფორმებული გამოცემა,სერია “აირჩიე სიკეთე“ თავისი ახალი გამოცემებით, საინტერესო საბავშვო და სადიდო ლიტერატურა.

გამომცემლობა „აგორა“

ფრანგული და არამხოლოდ ფრანგული ლიტერატურის შესანიშნავ თარგმანებს გვთავაზობს გამომცემლობა „აგორა“, ალბერ კამიუს, დანიელ პენაკის და სხვა ავტორების არაერთი საინტერესო წიგნი აუცილებლად უნდა გაიყოლოთ ფესტივალიდან.

გამომცემლობა „სეზანი“

განსაკუთრებით კარგი საბავშვო შემოთავაზებები აქვს გამომცემლობა „სეზანს“, ხოლო თუ ერთი საბავშვო წიგნი უნდა ავირჩიოთ, რომელსაც აუცილებლად ვიყიდით ფესტივალზე, ალბათ ეს გამომცემლობა „ზოლიანი კატას“ თაროდან იქნება, ამერიკელი ავტორის მორის სენდაკის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი სურათებიანი წიგნი ქართულად "საძაგელი არსებების ქვეყანაში", რომელიც დათო გაბუნიამ თარგმნა, ამავე გამომცემლობის თაროდან ყოჩაღი ქართველი გოგოების ამბებიც არ არის გამოსატოვებელი.

რა თქმა უნდა, ერთ პატარა წერილში ყველა გამომცემლობის ყველა სიახლეზე საუბარი ძნელია, თუმცა ფესტივალი აღმოჩენების სივრცეა და შესაძლოა, წიგნი, რომელსაც თქვენ აირჩევთ, ამ სიაში საერთოდაც არ იყოს.


ავტორი: „საბა"