ლიტერატურა

გუდას აუდიო წიგნები SABA Reader-ში

„საბა"

ოქტომბერი 23, 2020

ბოლო პერიოდში ხმოვანი წიგნები სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, მათზე მოთხოვნა იზრდება, ამიტომაც არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ სულ ცოტა ხნის წინ, SABA Reader - ის ხმოვანი წიგნების ბიბლიოთეკას აუდიო წიგნების გამომცემელ „გუდას“ 200 აუდიო წიგნი დაემატა. აღნიშნული წიგნები სხვადასხვა ჟანრისა და მიმართულების ლიტერატურას მოიცავს. ჩამონათვალში როგორც მოზარდებისა და ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის, ბიზნესლიტერატურით დაინტერესებული მკითხველებისთვისაცაა არჩევანი.


ამ ბლოგში შევეცდებით ამ წიგნებიდან განსაკუთრებულად საინტერესო და მნიშვნელოვანი ხმოვანი წიგნები გირჩიოთ.

რეი ბრედბერი „451° ფარენჰაიტით“

რეი ბრედბერი სამეცნიერო ფანტასტიკის, ფენტეზისა და საშინელებათა ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო და გამორჩეული ამერიკელი მწერალია. სამოცდაათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. 2007 წელს გადაეცა პულიცერის სპეციალური პრემია კარიერული წარმატებისა და ჟანრის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის. რეი ბრედბერი ორმოცდაათამდე წიგნის ავტორია. გიფიქრიათ, რა უბედურების მოტანა შეუძლია წიგნის კითხვის აკრძალვას? სადღაც, შორეულ მომავალში, გაი მონტეგი ცხოვრობს. გაი მეხანძრეა, თუმცა ჩაქრობის ნაცვლად, მისი საქმე ხანძრების გაჩენაა. სისტემაში, რომელიც მარტივი და ყველასათვის გასაგებია, იწვება „საშიში“ წიგნები და სახლები, რომლებიც ამ წიგნებს ინახავს. 451° ფარენჰაიტით სწორედ ის ტემპერატურაა, რომელზეც ქაღალდი ალდება. გაი საქმეს სიამოვნებით აკეთებს, სანამ რამდენიმე მოვლენა, ცოლის მიერ თვითმკვლელობის მცდელობა, ახალგაზრდა მეზობლის სიკვდილი და პროფესორთან შეხვედრა, მისთვის ყველაფერს არ შეცვლის. დიდი რისკის მიუხედავად, მან იცის, რა უნდა მოიმოქმედოს… წაუკითხავ წიგნებს შურისძიება შეუძლიათ!

მარკ მენსონი „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“

საკუთარ თავში შეუპოვრობისა და სითამამის აღმოჩენისთვის, სულაც არაა საჭირო თავის წარმოჩენა. პირიქით, ამისთვის ჩვენს დეფექტებსა და ნაკლოვანებებზე თავის გასწორება უნდა შეგვეძლოს. სწორედ ასეთ იდეებზეა აგებული წიგნი, მარკ მენსონის „ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება“. გვასწავლის: 1. როგორ გავუსწოროთ თვალი სამყაროში არსებულ გამოწვევებს? 2. როგორ შევიცნოთ საკუთარი თავი სირთულეების გადალახვის შემდეგ? 3. როგორ შევეგუოთ იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში სულაც არაა ყველაფერი, ისე, როგორადაც ჩვენ წარმოგვიდგენია...

ჯორჯ რ.რ. მარტინი „ყინულის დრაკონი“

ყინულის დრაკონის ძალასა და დიდებულებაზე მრავალი მითი და ლეგენდა არსებობს. უხსოვარი დროიდან მოყოლებული, ვერავინ შეძლო მისი მოთვინიერება. და აი, საუკუნეებგამოვლილი, ბრძოლებგადატანილი შემზარავი ურჩხული ჯორჯ რ.რ. მარტინის მიერ შექმნილ სამყაროსაც დაემუქრება, გადაუფრენს მას და შიშის ზარს დასცემს ადამიანებს. ყველა ემალება მის რისხვას, ყველას ზარავს მისი დანახვა! მხოლოდ ერთი პატარა გოგონა ელოდება მოუთმენლად ურჩხულთან შეხვედრას, ეს ადარაა, იმ სოფლის მკვიდრი, რომელიც დრაკონის ყოველ გამოჩენაზე ყინულის ფენით იფარება. მაგრამ ადარას მისი არ ეშინია – ის ხომ ზამთრის შვილია, დაბადებული ისეთ ყინვაში, რომლის მსგავსსაც არ მოსწრებია კაცობრიობა. ეს წიგნი შემზარავი დრაკონისა და პატარა, ნაზი გოგონას ძალიან დიდ მეგობრობასა და სიყვარულზეა და მოზარდებში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს.

ჯეინ ოსტინი „სიამაყე და ცრურწმენა“

„სიამაყე და ცრურწმენა“ ჯეინ ოსტინმა 21 წლის ასაკში დაწერა, მაგრამ გამომცემლებმა უყურადღებოდ დატოვეს ხელნაწერი. მხოლოდ 15 წლის შემდეგ, როდესაც მისი მეორე რომანი – „გრძნობა და გონება“ გამოქვეყნდა, აღიქვეს ოსტინი სერიოზულ მწერლად. რომანმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა და გადამეტებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დღემდე ასეა. განსაკუთრებით მწერლის სამშობლოში – ინგლისში ჯეინ ოსტინიც და თვით ეს რომანიც უკვე კულტად იქცა.

ჯერომ სელინჯერი „თამაში ჭვავის ყანაში“

სელინჯერი ერთ წერილში აღნიშნავდა, რომ ამ „წიგნის მთელი ღირსება მთხრობელის ხმაშია“. მთხრობელი კი ერთი აყლაყუდა თინეიჯერია, მოფარიკავეთა გუნდის კაპიტანი, რომელიც თმას ყოველთვის ისე მოკლედ იკრეჭს, რომ სავარცხელიც კი არ სჭირდება. ოთხი სკოლიდანაა გაგდებული, კინო ჭირის დღესავით სძულს და ისეთი წიგნები უყვარს, წაკითხვის მერე რომ ინატრებ - ნეტა მე და ამის დამწერი ვძმაკაცობდეთო. აბდაუბდა, ჟარგონით სავსე მეტყველება, მთავარი თემიდან ხშირად გადახვევა და უმნიშვნელო დეტალების სიყვარული ჰოლდენ კოლფილდის ხმას სამუდამოდ გამახსოვრებს.

ავტორი: „საბა"