ლიტერატურა

მითები და ლიტერატურა

„საბა"

თებერვალი 22, 2021

ლიტერატურა რომ მითოლოგიურ არქეტიპებს ემყარება, ეს ყველამ ვიცით. ლიტერატურის სათავეებთან სწორედ მითების ჯადოსნური სამყარო გვხვდება - ადამიანთა წარმოსახვისა და მსოფლმხედველობის საოცარი სპექტრი


ჟანრული ლიტერატურისათვის მითოლოგიამ კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობა და ღირებულება შეიძინა, ფენტეზის ჟანრის წიგნებში სრულიად ახლებურადაა გაცოცხლებული სკანდინავიური, ბერძნული თუ ძველგერმანული მითოლოგია.

ქართული მითოლოგიური სამყარო მრავალფეროვნებით, გმირებისა და ანტიგმირების სიუხვით არცერთ სხვა, ცნობილ მითოსს არ ჩამოუვარდება, თუმცა ლიტერატურაში ჯერ კიდევ არასაკმარისადაა ასახული.


ქართული ფენტეზის ავტორის, ნატო დავითაშვილის წიგნებში მკითხველი საქართველოს მთისა თუ ზღვისპირეთის მითოსის გმირებთან ერთად მოგზაურობს, ამ მრავალფეროვანი ლიტერატურული სამყაროს შთაგონება სწორედ ქართული მითოლოგიაა.  თუმცა, ქართული და კავკასიური მითოლოგია ისეთ საოცარ სახეებს და არქეტიპებს მოიცავს, რომ კიდევ ბევრი ავტორისთვის შეიძლება გახდეს შთაგონება.

ამ სტატიაში გაგაცნობთ რამდენიმე საინტერესო პერსონაჟს თუ ფაბულას ქართული და კავკასიური მითოსიდან, რომელიც შეიძლება შესანიშნავი ლიტერატურული ტექსტის იდეადაც იქცეს:

1

ყამარი ეს დიდებული, საოცარი ქალი ყამარი, ღრუბელთბატონის ასული, რომელიც ზღვისიქითა სამეფოდან მოიტაცა ამირანმა. ის თან ღვთაებრივი ცეცხლია, თან მზეთუნახავი და თანაც ერთგული პენელოპე-მარადიულად ელოდება მიჯაჭვული სატრფოს დაბრუნებას.

2

ქონდრისკაცები - ფენტეზის აუცილებელი პერსონაჟები არიან. მათ კავკასიური მითოსიც იცნობს, მეგრულიც. საინტერესოა ისფების ტომი, რომელიც ადიღეური გადმოცემების მიხედვით, ოდესღაც დასავლეთ კავკასიაში ცხოვრობდა, ისინი კურდღლებზე ამხედრებულები დადიოდნენ და პატარა სახლებში ცხოვრობდნენ.

(წყარო: ნ. ანთელავა, მითები და რიტუალები).

3

სიკვდილთან ახლობლობის მოტივი - ეს მოტივი განსაკუთრებით საინტერესო ელფერს იძენს ქართულ ზღაპრებში. მაგალითად, ერთ ზღაპარში კაცი შვილისთვის ნათლიას ეძებს, ქრისტეს, წმინდა გიორგის, ელიას - ყველას უარს ეუბნება და მხოლოდ სიკვდილს მოანათვლინებს შვილს. მერე კი მთელი ცხოვრება მისგან თავის დაღწევას ათასგვარი ხრიკით ცდილობს.

4

გუნია – ჩვილ ბავშვთა მფარველი სული მეგრული რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. მეგრელთა რწმენით, მდედრობითი სქესის პატარა ტანის გუნია მუდამ ახალშობილის გვერდით იმყოფება და მის ზრდა-განვითარებაზე ზრუნავს; ღამით მის ძილს დარაჯობს და ავსულთაგან იცავს. საამისოდ, გუნია მსხვერპლასაც ითხოვს;

(წყარო. ნ. ანთელავა, „მითები და რიტუალები“)

5

დევი ქართული მითებისა და ზღაპრების მნიშვნელოვანი პერსონაჟია, ზოგჯერ კეთილია, ზოგჯერ ბოროტი, სხვადასხვა რაოდენობის თავი აქვს და სხვადასხვა ფერისაა.

6

მინდია - გველისმჭამელის ამბავი ყველამ იცით, მითებიდან, ლექსებიდან თუ ვაჟა-ფშაველას გენიალური პოემიდან. ბუნების ენის მცოდნე მინდიამ ფენტეზიში შესაძლოა სრულიად ახალი და საინტერესო ფუნქცია შეიძინოს, ის ხომ მედიუმია, ადამიანებსა და ბუნებას აკავშირებს ერთმანეთთან. გავიხსენოთ მინდიას მითის ხევსურული ვერსია.


„ისრ შამძულდავ სიცოცხლეიო’დ სმა-ჭამაივ, რო თავის მაკვლა გადავსწყვიტევ. ამდგარას ეს ხოგაის მინდიი’დ შასულას ხაზაინის ცოლსთან, რომენიც გველებისგან წამლებს ამზადებდ. კრავლიან გველ დეეკლა’დ სისხლის წვეთებ დაცემულიყვ ქაზდარზედ. – შამატყვავ, – თქვისავ ხოგაის მინდიმავ, – რომავ სისხლის შალოკვა მინდოდავ, გამაიარაო’დ ფეჴ წაუსვავ ი სისხლის წვეთებსავ. ერთ წვეთ იყვისავ იქითი დაცემულიო’დ ის კი ვერ ნახავ. გავიდავ კარჩიაო’დ შავლოკევ მიაცავ. იმის შალოკვაი’დ სიცხის მიცემა ერთ ყოფილას.“

(corpora.co)

7

გაძღი || გაძღიკია || გაძიკია || გაძიგია – თაროს ანგელოზი. მეგრელებს იგი პატარა ტანის დიდსტომაქიანი მამაკაცის სახით ჰყავდათ წარმოდგენილი. ოჯახს ყოველწლიურად დიდმარხვის ოცდამეოთხე დღეს, ოთხშაბათ ღამით, „გაძღიკობაზე“ („გაძიგობაზე“) სტუმრობდა და მის სახელობაზე გაშლილ სუფრას ათვალიერებდა. ამიტომ გაძღიკობისთვის მეგრელის ოჯახი განსაკუთრებულად ემზადებოდა. რამდენადაც მარხვა იყო, საამდღისოდ ყველანაირ ფხალს, გამორჩევით კი ჭინჭრისას აკეთებდნენ.

(ნ. ანთელავა, მითები და რიტუალები)

8

დალი შედარებით ცნობილი მითოლოგიური პერსონაჟია. ნადირობის ქალღმერთი სვანურ მითოლოგიაში, ნიმფა. დალი მაღალ მიუვალ კლდეებში ცხოვრობს; იგი აჯილდოებს მონადირეებს ნადირობის იღბლით, სამაგიეროდ მისგან სიყვარულს და მის საიდუმლოდ შენახვას მოითხოვს. მაგრამ მონადირე, ჩვეულებრივ, ვერ ასრულებს აკრძალვას, გასცემს საიდუმლოს ან სხვა ქალს აჩუქებს დალის ნაჩუქარ ნივთს (მძივს თუ სხვა რამეს), რის გამოც დალი მას სასტიკად უსწორდება: ჯიხვად გადაქცეული გამოეცხადება და შეიტყუებს ისეთ კლდეებზე, საიდანაც მონადირე ვეღარ ბრუნდება, უფსკრულში იჩეხება. სვანური თქმულების თანახმად, ამირანი დალისა და უცნობი მონადირის შვილია.

9

ლაშარის მუხა - "ლაშარის მუხა იმით იყო შესანიშნავი, რომ ის ოქროს შიბით იყო

ცას გამობმული და ამ შიბით, როგორც იაკობის ნახილვები კიბით, მორიგე ღვთისადმი

ძღვენის ასატანად ადი-ჩამოდიოდნენ ღვთისშვილები. მიწიდან საყმოსგან აჰქონდათ

მსხვერპლის კვამლი და ლოცვა-ვედრება, ციდან ჩამოჰქონდათ საყმოსათვის მადლი და

წყალობა. ცხადია, ის ხე, რომელიც აერთებს ცას და მიწას, სამყაროს შუაგულშია ამოსული."

(ზურაბ კიკნაძე, ქართული მითოლოგია, 1996)


ავტორი: „საბა"