მარიო ვარგას ლიოსა

„საბა"

მარტი 28, 2021

თანამედროვე ლიტერატურის კლასიკოსი, პერუელი მწერალი და დრამატურგი, პრეზიდენტობის კანდიდატი და პოლიტიკოსი, ნობელისა და სერვანტესის პრემიების ლაურეატი ხორხე მარიო პედრო ვარგას ლიოსა 28 მარტს 85 წლისა გახდება.

ლათინოამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელი, მწერალი, რომლის შემოქმედებამ დიდი გავლენა მოახდინა ლიტერატურასა და კულტურაზე, მწერალი, რომელსაც 2010 წელს ნობელის პრემია „სიძლიერის სტრუქტურის მისეული შედგენისა და ინდივიდუალური წინააღმდეგობის, ამბოხისა და გამარჯვების მკვეთრი სურათებისთვის“ მიანიჭეს.


შეიძლება ითქვას, რომ ქართველ მკითხველს გაუმართლა, რადგან ქართულად ლიოსას ნაწარმოებების შესანიშნავი თარგმანები არსებობს, შესაბამისად, თანამედროვე ლიტერატურის ცოცხალი კლასიკოსის ლიტერატურული მასშტაბის სისტემური სახით გააზრებაა შესაძლებელი.

ლიოსას ცხოვრება ისეთ მრავალფეროვანი და, ერთგვარად, პარადოქსებით სავსე იყო, როგორიც ნამდვილი მწერლის ბიოგრაფია. უმამო ბავშვობა და მკაცრი, დიპლომატი ბაბუა, რომელიც ბამბის პლანტაციის საშუალებით არჩენდა თავის ქალიშვილსა და შვილიშვილს, გვიან დაბრუნებული მამა, რომლის მიმართ ერთადერთი გრძნობა შიში იყო, ქალაქი ლიმა და მოგვიანებით, ქალაქი პარიზი, მოგზაურობა, სწავლა და ცხოვრება სხვადასხვა ქვეყანაში, კასტროს რეჟიმი, პოლიტიკური მრწამსისა და იდეების ცვლილება, მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისათვის და არჩევნებში დამარცხება, აკრძალული წიგნები და აკრძალული იდეები. ლიტერატურული და პოლიტიკური კონფლიქტები, საერთაშორისო პენკლუბის პრეზიდენტობა და, რაც მთავარია, დიდი წიგნები.


პირველი რომანი, რომელმაც პერუელ კლასიკოსს ლიტერატურული წარმატება და პოპულარობა მოუტანა, „ქალაქი და ძაღლები“ იყო. სისასტიკით, წინააღმდეგობებით სავსე რომანი მწერლის პირად შთაბეჭდილებებსა და გამოცდილებაზე იყო დამყარებული. რომანი საბჭოთა კავშირში გამოიცა და მეტიც, მისი საბჭოთა ეკრანიზაციაც გამოვიდა.

მალე ლიოსა ლათინური ამერიკის ყველაზე საინტერესო ავტორად აღიარეს და ჰემინგუეის შეადარეს მისი მოთხრობა „ლეკვების“ გამოსვლის შემდეგ.


რომანისთვის „მწვანე სახლი“ ლიოსამ ესპანურენოვანი რომანისათვის განკუთვნილი პრემია მიიღო და არც მეტი და არც ნაკლები, კონკურენტებს - გაბრიელ გარსია მარკესსა და ხუან ონეტის აჯობა.

ლიოსას რომანებში მკითხველს ყველაფრის პოვნა შეუძლია, „ცუდი გოგოს ოინები“ ქალისა და მამაკაცის რთულ ურთიერთობაზე გვიამბობს, „დეიდა ხულია“ ავტობიოგრაფიულ დეტალებს გვიმხელს და საპნის ოპერების მარტივი ენით გვესაუბრება, „ ბოლო ჟამის ომი“ იდეისათვის ბრძოლის საოცარ ამბავს მოგვითხრობს. კანუდუსის ამბები ქართველ მკითხველს განსაკუთრებით დააინტერესებს, რადგან გურამ დოჩანაშვილის რომანში „სამოსელი პირველი“ სწორედ ეს სიუჟეტია გამოყენებული. ვინ იყო ის იისფერსამოსიანი კაცი, ვინც შეძლო, ერთ მუშტად გაეერთიანებინა სოფლის მახინჯები, პირსისხლიანი ავაზაკები, ყველა ჯურის მარგინალები ნდა უდიდესი ბრძოლის მონაწილეებად ექცია.

„ხუთი კუთხე“ მარიო ვარგას ლიოსას ბოლო, გახმაურებული რომანია. წიგნი პერუს ცხოვრების იმ პერიოდს აღწერს, როცა ქვეყანას დიქტატორი ფუხიმორი მართავდა და ტერორიზმი, მკვლელობები, ადამიანთა გატაცება და სხვა დანაშაულებები პერუელების ყოველდღიურობად იყო ქცეული.


ისტორიულ ამბებს ეხება „საუბარი კათედრალში“, რომანი, რომელშიც აღწერილია პერუელი დიქტატორის – მანუელ ოდრიას (1948-1956) ძალადობრივი ეპოქა.


ძალადობა და ტოტალიტარიზმი ლიოსას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რომანის, „ვაცის ნადიმის“ მთავარი თემაცაა, ამჯერად დომინიკის რესპუბლიკა და ტრუხილიოს რეჟიმი, სამშობლოში დიდი ხნის შემდეგ დაბრუნებული ადამიანის ყოფა და ემოციები.

მარიო ვარგას ლიოსას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი თემა ძალაუფლება და სისტემის წინააღმდეგ აჯანყებული ადამიანია, სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საშუალება ხომ სწორედ ლიტერატურაა, ისევე, როგორც ბედნიერებისთვის ბრძოლის საშუალება.

ვწერ იმიტომ, რომ უბედური ვარ. წერა ბედნიერებისათვის ბრძოლაა“ - ამბობს მწერალი.


ავტორი: „საბა"