თიბისელები

ფინანსური გათვლების სამყაროში - თიბისელი საბა იმნაიშვილი

დეკემბერი 05, 2019

ავტორი: მარიამ ყანჩაველი


პირველი, რასაც ამ ადამიანთან ურთიერთობისას აუცილებლად იგრძნობთ და შეამჩნევთ, ტემპია - არასაქმიან გარემოშიც კი ჩვევაში გადასული ჩქარი საუბარი; ტელეფონი, რომელიც არასოდეს ჩერდება და კითხვები, რომლებზეც ძალიან სწრაფად სთხოვენ პასუხებს.


ეს საბა იმნაიშვილია - თიბისის ფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსი. თიბისიში 2 წლის წინ, თიბისისა და ბანკი რესპუბლიკას გაერთიანების პროცესში მოხვდა. 


„გადმოვედი და საერთოდ სხვა მასშტაბი დამხვდა - ეს ძალიან დიდი ცვლილება და მთავარი გამოწვევა იყო ჩემთვის. საქმე იგივე იყო, მაგრამ ტემპი - სრულიად განსხვავებული. თიბისიში ძალიან ბევრი რაღაც და ძალიან სწრაფად ხდებოდა. მივხვდი, რომ არც ერთი წამით არ მექნებოდა მოდუნების საშუალება, ამიტომ გაორმაგებული ენერგიით მომიწია პროცესებში ჩართვა."


"ყველაზე მაგარი, რაც აქ დამხვდა, ხალხი იყო. ყოველთვის ვამბობ, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ის ადამიანები არიან, ვისაც თიბისიმ დამაკავშირა. ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია უამრავ ტალანტს იზიდავს, შესაბამისად, ყოველ დღე უსმენ და აკვირდები თავის სფეროში საუკეთესოებს, სწავლობ და ვითარდები მათი დახმარებით. დატვირთული რეჟიმის გამო, ფაქტიურად აქ ცხოვრობ და გუნდი შენი ოჯახი ხდება. მე ნამდვილად გამიმართლა ამ ოჯახში.“


ოთხ თანაგუნდელთან ერთად ყველა მსხვილი პროექტის პროცესში, დირექტორატისთვის მომგებიანობის ანალიზს ამზადებს - რა შედეგს ელოდება ბანკი, როდის გავა ესა თუ ის ინვესტიცია „break even”-ზე, რამდენად მომგებიანი იქნება საბოლოოდ პროექტი, რამდენად მომგებიანია სხვადასხვა საბანკო პროდუქტი? პროცესი საპასუხისმგებლო გადაწვეტილებების ძალიან სწრაფად მიღებას მოითხოვს. საბასგან ყველა დიდი პროექტების რიცხვებში თარგმნას ელოდება. რას შვებიან რიცხვები? - ეს არის კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამენ. ამიტომ თიბისელებისთვის საბა და რიცხვები განუყოფელია. 


„ამ სფეროში საჭიროა ტემპს აჰყვე, ფორმაში იყო და პროცესებს არ ჩამორჩე. ამ დროს ემოციურ ფონს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ასეთ სიტუაციებში ადამიანებთან კეთილგანწყობილი და მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. ვფიქრობ ეს კარგად გამომდის. ისეთი კომუნიკაცია, რომ სხვებისთვისაც კომფორტული იყოს შენთან თანამშრომლობა და შენც სასურველი შედეგი მიიღო - სწორედ ამ კუთხით მომიწია საკუთარ თავზე მუშაობა და შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად გავიზარდე აქ. ჩემს თავდაჯერებულობას ისიც აძლიერებს, რომ ყველა მსხვილი და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ეპიცენტრში ვარ. "


„გამიმართლა, რომ ჩემი თანაგუნდელებიც აქტიურები, ამბიციურები და ჭკვიანები არიან, ბოლომდე ერთვებიან მნიშვნელოვან პროცესებში და თავის თავზე უდიდეს პასუხისმგებლობებს იღებენ. ასეთი აქტიურები რომ არიან, აქეთ მაქვს ხოლმე ის ღელვა და პასუხისმგებლობა, რომ იმედი არ გავუცრუო. როგორი უფროსი ვარ? - არ მიყვარს ეს სიტყვა. ვცდილობ უფრო მეგობარი ვიყო, ვიდრე ავტორიტეტი.“


ის, რაც ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ცოდნის გაზიარება და სხვებისთვის განვითარების პროცესში დახმარებაა. უყვარს სწავლების პროცესი და მუდმივად აქვს მოთხოვნილება სხვებსაც გაუზიაროს ის გზა და გამოცდილება, რომელიც ერთ დროს თვითონაც გაიარა. “Open Society Foundation”-ის დაფინანსებით ბულგარეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში წავიდა სასწავლებლად და Liberal Arts Degree აიღო მათემატიკასა და ეკონომიკაში. მეორე კურსიდანვე ცდილობდა სხვა სტუდენტებს დახმარებოდა და მუდმივად სხვადასხვა ლექტორის ასისტენტი იყო. 


ერთ-ერთ არდადეგებზე, თბილისში რომ ჩამოვიდა, GMAT-ის ჩაბარება გადაწყვიტა. მასწავლების გარეშე მოემზადა და გამოცდაზე 800 ქულიდან 760 აიღო. ამ შედეგით სტატისტიკურად იმ 1%-ში მოხვდა, ვისაც GMAT-ის გამოცდა უმაღლესი შედეგით აქვს ჩაბარებული. 


„ამის შემდეგ, როგორც კი გავიგებდი, რომ ვიღაც GMAT-ისთვის ემზადებოდა, ეგრევე მიჩნდებოდა სურვილი, რომ დავხმარებოდი იმიტომ, რომ მე თვითონ მზადების პროცესში ძალიან ბევრჯერ წავიმტვრიე ცხვირი - ბევრჯერ რთული გზით წავედი, 1 თვე საერთოდ არასწორი მასალებით ვმეცადინეობდი, რაც გვიან აღმოვაჩინე. ვინმე რომ მყოლოდა მაშინ, ვინც სწორ მიმართულებას მომცემდა, ბევრად მარტივად დავძლევდი ამ გამოცდას. სწორედ ეს როლი მოვირგე მომავალში."



„ ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა ვიღაცისთვის რჩევა მიმეცა, წარსული გამოცდილება გამეზიარებინა და ნაცადი მეთოდები მესწავლებინა მიზნამდე მისასვლელად.“

სხვების დახმარების სურვილი მოგვიანებით, მეგობრებთან ერთად, საქმიანობად და სტარტაპად აქცია, რომელსაც დღეს „MBA LAB“ ჰქვია. მეგობრებს, რომლებმაც GMAT-ის გამოცდა თავის დროზე წარმატებით ჩააბარეს, გადაწყვიტეს ჩამოეყალიბებინათ ცენტრი, რომელიც საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს არა მარტო გამოცდისთვის მოამზადებდა, არამედ MBA მიმართულებით ყველანაირ კონსულტაციას გაუწევდა.



„ჩვენთან მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც აქვთ საზღვარგარეთ ჩაბარების სურვილი, მაგრამ არ იციან როგორ მოაგვარონ სხვადასხვა ტექნიკური დეტალი - რომელ უნივერსიტეტში ჩააბარონ, როგორ შეავსონ აპლიკაცია, როგორ დაწერონ სამოტივაციო წერილი. ზოგს დროც კი არ აქვს, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია მოიძიოს. ცენტრში GMAT-ის მასწავლებლები და უნივერისტეტების შერჩევის კონსულნტანტები გვყავს. GMAT-ის ერთ-ერთი მასწავლებელი მეც ვარ. ცოტა ხნის წინ SAT-ის კურსები და ბაკალავრიატის მიმართულებით კონსულტაციაც დავამატეთ.



„იმაზე დიდ ბედნიერებას არაფერი მანიჭებს, როდესაც ჩემი ცენტრის დაკვალიანებული ადამიანი acceptance letter-ს იღებს და კარგ უნივერსიტეტში მიდის სასწავლებლად. ცოტა ხნის წინ ჩვენთან კონსულტაცია ორმა ახალგაზრდამ გაიარა და ორივე ჰარვარდმა მიიღო."



„არადა, ჰარვარდს განსაზღვრული აქვს კვოტა სხვადასხვა ეროვნების სტუდენტების მიხედვით და აქამდე ერთდროულად ორი ქართველი არასოდეს მიუღია. ჩვენი თანამონაწილეობაც რომ ვიგრძენით ამ წარმატებაში, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. შეიძლება ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ მიხარია, რომ საგანმანათლებლო პროცესში წვილი შემაქვს და ახალგაზრდებისთვის რაღაც კარგს ვაკეთებ. ჩემი დადებული აგური სწორედ ეს არის.“


უყვარს თავისუფალ დროს კინოში ახალი ფილმების ყურება და სამაგიდო თამაშები. ბავშვობიდანვე ბევრი ინტერესი ჰქონდა - ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მოსწავლე ერთ დღესაც თავისით დაინტერესდა მუსიკით და მასწავლებელთან მივიდა. 


„სახლში ინსტრუმენტი გვედგა, რომელზეც არავინ უკრავდა და ინტერესი გამიჩნდა. თავიდან კერძო მასწავლებელთან მივედი და იმ ნაწარმოებების სწავლებას ვთხოვდი, რაც მე თვითონ მომწონდა - ნაცნობი მელოდიების, სხვადასხვა ფილმის საუნდტრეკების. ამასობაში, მასწავლებელმა ისე ჩამწერა მუსიკალურ შვიდწლედში, რომ არც ვიცოდი. ასე გადავერთე კლასიკურ მუსიკაზე. რაღაცნაირად გამიმარტივდა ნოტების კითხვა. მგონია, რომ იქაც არის მათემატიკური კანონზომიერება. ალბათ ამიტომ მომწონდა ნაწარმოებების გარჩევა ყველაზე მეტად.“


სკოლის ასაკში მთავარი გატაცება მაინც ფიზიკა იყო. XI კლასში საქართველოში ფიზიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე პირველი ადგილი დაიკავა და საერთაშორისო ოლიმპიადაზეც მოხვდა. 


„ფიზიკის ამოცანების ამოხსნა ფაზლის აწყობასავით იყო ჩემთვის და პროცესი სიამოვნებას მანიჭებდა. როდესაც არჩევანი უნდა გამეკეთებინა, ჩავთვალე, რომ ფიზიკას საქართველოში მომავალი არ ჰქონდა, მაგრამ ალბათ შევცდი.. დღეს რომ ყველაფერს თავიდან ვიწყებდე, შეიძლება მეცნიერების კუთხითაც წავსულიყავი.“



საბოლოოდ, კმაყოფილი და ბედნიერია იმით, სადამდეც განვლილმა გზამ მოიყვანა. დღევანდელი გადმოსახედიდან ისიც იცის - რა არის მთავარი იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ახლა დგანან თავიანთი გზის დასაწყისში.  


„მუშაობა პირველად რომ დავიწყე, ძალიან მორიდებული ვიყავი. პატარა გუნდში შემეძლო აქტიურობა, მაგრამ ჩემს მაგიდას და ოთახს გავცდებოდი თუ არა, ვიბოჭებოდი. ამ კუთხით ბევრი ვიმუშავე საკუთარ თავზე.





იმ ახალგაზრდებს, ვინც ახლა იწყებენ, ვურჩევ - სულ ფხიზლად იყვნენ, უსმინონ ყველას, შეისრუტონ ყველანაირი ცოდნა, როდესაც რაღაც აინტერესებთ, არ მოერიდოთ სხვების შეწუხება. თურმე ყველაზე ფუნდამენტური თვისებების შეცვლაც კი შეუძლია ადამიანს."


დღეს ვიცი, რომ არ არსებობს სულელური ან არასწორი შეკითხვა. ჯერ ვერ წარმოვიდგენ წლების შემდეგ სად შეიძლება ვიყო, მაგრამ ვიცი - რა მინდა, რომ ვაკეთო.

მინდა, განათლებასთან დაკავშირებულ ჩემს წამოწყებას უფრო ფართო მასშტაბი მივცე და განათლების ხარისხის აწევაში ჩემი წვლილი შევიტანო, იმიტომ, რომ განათლება არის ყველა დიდი წარმატების საფუძველი.“