დეკემბერი 26, 2020
წელს მსოფლიოში ბევრი რამე ხდება პირველად. ბავშვები პირველად სწავლობენ ონლაინსკოლაში, მშობლები - ონლაინსამსახურებში მუშაობენ, სტუდენტები ონლაინგამოცდებს აბარებენ.
ყველა მნიშვნელოვანი ლიტერატურული ღონისძიება ვირტუალური ფორმატით ტარდება და, არც „ლიტერატურული პრემია საბაა“ გამონაკლისი, წელს, ჩვენს საყვარელ წიგნებსა და მწერლებს ჩვენივე სახლებიდან, კომპიუტერისა და ტელეფონის ეკრანს მიჩერებულებმა ვუგულშემატკივრეთ.


ფორმატი მართლაც გამორჩეული იყო, პირველად მოვუსმინეთ ჟიურის განხილვასა და მსჯელობას, ჩვენც თავი ამ დიალოგის მონაწილეებად ვიგრძენით, სინამდვილეში ხომ მკითხველია ყველაზე მთავარი არბიტრი.
და აი, უკვე ახალ გამარჯვებულებსაც შეგვიძლია მივულოცოთ, კიდევ ერთხელ ცოცხალი და საინტერესო დისკუსია გავმართოთ, ვეთანხმებით თუ არა ჟიურის ვერდიქტს და საერთოდ, როგორ წიგნებს წერენ ქართველი მწერლები, რას ველოდებით მკითხველები და როგორი ამინდია ამ პანდემიურ ქართულ ლიტერატურაში?
საუკეთესო რომანი

წლის საუკეთესო რომანის ნომინაციაში ერთმანეთისგან განსხვავებული და სხვადასხვაგვარად საინტერესო რომანები იყო წარმოდგენილი. ინტერნეტით დაკავშირებული ადამიანები, ადამიანური დილემები, ყველაზე მშვენიერი ქალაქის ამბები, ქართული სტამბისა და საქართველოს გასაბჭოებისა. ამბების საინტერესო კალეიდოსკოპიდან ჟიურიმ ბესო სოლომანაშვილის „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ გამოარჩია


საუკეთესო პოეტური კრებული

პოეზიის მოკლე სია ტრადიციულად საინტერესო და მდიდარია, წელსაც არ ყოფილა გამონაკლისი, სხვადასხვა ესთეტიკისა და მიმდინარეობის პოეტური კრებულებიდან საუკეთესოს არჩევა არც ისე მარტივი იყო, თუმცა წელს ჟიურიმ პრემია ორ ცოცხალ კლასიკოსს შორის გაყო, ბესიკ ხარანაულის „დიდი სმა“ და ტარიელ ჭანტურიას „სიყვარულის შავი ყუთი 3“



საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ალბათ დებიუტზე მნიშვნელოვანი ნომინაცია არ არსებობს. ეს ნომინაცია აჩვენებს ქართული ლიტერატურის მომავალს, პოტენციალს, სახელებს, რომელთაც მომავალში ბევრ სხვადასხვა ნომინაციაში აღმოვაჩენთ.
ჟიურის რთული არჩევანი ჰქონდა, სხვადასხვა ჟანრისა და ესთეტიკის დებიუტანტი ავტორებიდან ერთი უნდა ამოერჩია. წელს გამარჯვებული დებიუტანტი მაია ცირამუა გახდა წიგნით „მშვიდობით, ძია გერშვინ!“


საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

შეიძლება ითქვას, ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ერთგვარი რენესანსის ხანა უდგას ქართულ ლიტერატურას, ყოველ წელს, სულ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ნომინაცია. წელსაც ასეა, ნომინაციის თემატური სპექტრი მრავალფეროვანია, როგორც ყოველთვის, ფსიქოლოგია, რეპრესიები, მუსიკა, ლინგვისტიკა, ფოტოგრაფია, კარიკატურა... ყოველი ეს წიგნი მკითხველს უამრავ საფიქრალს უჩენს, ხოლო ჟიურიმ წელს შორენა ლებანიძის „თუ საჭიროა, გათქმევინებთ“ გამოარჩია.


საუკეთესო პროზაული კრებული

სია წელს უფრო მოკლე იყო, ვიდრე სხვა დროს, თუმცა, თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი. ქართული პროზის გულშემატკივარი მკითხველისათვის ყველა წიგნი ძალიან საინტერესო იქნება, ხოლო გამარჯვებული კრებული წელს მამუკა დოლიძის „გასეირნება დროთა სივრცეში“ გახდა.


საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ამბობენ, რომ ამ დარგის გარეშე ლიტერატურა არ არსებობს, რომ თუ ლიტერატურას დიაგნოზის დამსმელი, შემფასებელი არ ჰყავს, მისი განვითარება ეჭვის ქვეშ დგება. წლევანდელი მოკლე სია კრიტიკის ჟანრის გულშემატკივრებს ძალიან გაახარებს, სამი ძალიან საინტერესო წიგნიდან ჟიურიმ რამაზ ჭილაიას „პოეტიკური ჩანაწერები“ გამოარჩია.


საუკეთესო პიესა

წელს პიესის ნომინაცია მართლაც განსაკუთრებულად საინტერესოა. სამი ახალგაზრდა, თუმცა უკვე გამოცდილი დრამატურგის პიესიდან ალექს ჩიღვინაძის „მარინა რევიამ“ გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ სამივე პიესა დიდი რეჟისორისა და მასწავლებლის, თემურ ჩხეიძის სახელოსნოს შემოქმედებითი ნაყოფია.


უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

თარგმანის ნომინაცია, როგორც ყოველთვის, წელსაც ვარსკვლავურია. ალბათ ბევრი დიდი ქვეყანა იამაყებდა მთარგმნელთა ასეთი სიით. წელს გამარჯვებულია ელზა ახვლედიანის „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე: მიგელ დე სერვანტესის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ მაგრამ მთავარი გამარჯვებული ქართველი მკითხველია, რომელსაც ამ ბრწყინვალე თარგმანების საშუალებით მსოფლიო ლიტერატურის შედევრების წაკითხვა შეუძლია.


ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი

როგორ ყოველთვის, წელსაც დაჯილდოებას განსაკუთრებული და გამორჩეული კულმინაცია ჰქონდა, ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ქართული ლიტერატურის მოამაგე, ცნობილი და ყველასთვის საყვარელი პოეტი და მთარგმნელი ბათუ დანელია დაჯილდოვდა.