ლიტერატურა

კირკე

„საბა"

აპრილი 29, 2021

ჰელიოსის ასული კირკე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქალის სახეა, რომელსაც ბერძნულ მითოსსა თუ ჰომეროსის „ოდისეაში“ ვხვდებით. ჯადოქარი, მაგიური ცოდნის მფლობელი კირკე კოლხი მედეას მასწავლებელიცაა და სწორედ მამიდისგან დაჰყვა ყველაზე ცნობილ კოლხ ქალს განსაკუთრებული ცოდნა თუ ჯადოქრობის ნიჭი.


მრავალჭირნახული ოდისევსის ერთ-ერთი შესვენება თუ თავგადასავალია კირკე, ოდისევსისთვის ერთ-ერთი, კირკესთვის კი უდიდესი სიყვარული, სწორედ ესაა მისი მთავარი ტრაგედია.

ანტიკური თემების დამუშავება მსოფლიო ლიტერატურისათვის ყოველთვის აქტუალური იყო, ეს ის არქეტიპებია, რომელიც არასდროს ძველდება და ყოველთვის პოპულარულია. ამის დასტურია ამერიკელი მწერალი მადელინ მილერი, რომელმაც სახელი გაითქვა რომანებით ”აქილევსის სიმღერა“ და ”კირკე“, რომლებშიც ანტიკური მითები საინტერესოდ, თანამედროვე მწერლის თვალით არის დანახული. თუ დიდი ხანია ისეთი საკითხავი არ მოგიხელთებიათ, თვალს რომ ვერ მოწყვეტთ და დასრულებამდე ვერ დახურავთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოძებნოთ მადლენ მილერის „კირკე“.

მადელინ მილერი

კირკე მამის ურჩობას ბედავს, თვით მზის ღმერთის, ბედავს ღმერთების მტერს ხელი გაუწოდოს, ბედავს, არავის დაუჯეროს და ამიტომაც სამუდამო მარტოობას უსჯიან.


კირკე მისანი ქალია, თან ლომებს იმორჩილებს და თან სულ სხვადასხვაგვარ სიყვარულს უსინჯავს გემოს, ღმერთი-ჰერმესი, გენიოსი -დედალოსი, მოგზაური-ოდისევსი...საუკუნეები იცვლებიან, ის კი ცოცხალია, რა შეიძლება იყოს უკვდავად დარჩენაზე უფრო მოსაბეზრებელი?

„ჩემს ბრძანებებს არ დაემორჩილა და ჩემს ავტორიტეტს დაუპირისპირდა. თავისი ძალა საკუთარი ნათესავის წინააღმდეგ გამოიყენა და სხვაგვარადაც გვიღალატა, – თეთრი, ელვარე მზერით შემომხედა, – ჩვენს სახელს არცხვენს. ჩვენი ზრუნვის უმადურია. ამიტომ ზევსთან შევთანხმდი, რომ ამისთვის უნდა დაისაჯოს – უკაცრიელ კუნძულზე გადავასახლებთ, სადაც ვერავის ვერაფერს დაუშავებს. ხვალვე წავა.“ - ასეთია განაჩენი.


განაჩენი იმისთვის, რომ ღმერთების ოჯახში ერთადერთია, რომელიც სხვებისგან განსხვავდება, თვალთმაქცი არაა და ყველას წინააღმდეგ გალაშქრებას ბედავს. არადა, წესები ადამიანებშიც და ღმერთებშიც სხვაგვარია:


„ჰო, – თქვა მან, – თამაშის წესები ასეთია, კირკე. მე მამაჩემს ვეუბნები, რომ ჩემი ჯადოქრობა შემთხვევითობის ბრალია. ის თავს ისე მაჩვენებს, თითქოს დამიჯერა, ზევსი კი თავს ისე აჩვენებს, თითქოს დაუჯერა და ასე სამყაროში წონასწორობა შენარჩუნდება. შენი ბრალია, ყველაფერი რომ აღიარე. ვერასდროს მივხვდები, რატომ მოიქეცი ასე“.

მარადიული ქალღმერთის ცხოვრება მარტოობაში მიიწურება:


„ვისწავლე თმის დაწვნა, რათა ყველა ტოტს არ გამოვდებოდი, და კაბის კალთების მუხლებთან შეკვრა, რათა ეკლები არ მომდებოდა. ვისწავლე, როგორ გამერჩია ერთმანეთისგან სხვადასხვა აყვავებული ვაზი და ფერად-ფერადი ვარდები. სულ ადვილად ვამჩნევდი კაშკაშა ნემსიყლაპიებსა და დაკლაკნილ გველებს. მთის წვერებზე ვძვრებოდი, სადაც კვიპაროსები ცისკენ იშვერდნენ მუქ ტოტებს, შემდეგ კი უკან ჩამოვდიოდი ხეხილის ბაღებსა და ვენახებში, სადაც მარჯნებივით მსხვილმარცვლიანი იისფერი ყურძენი იზრდებოდა. გორებზე, ბეგქონდარათი და იასამნებით სავსე მოზუზუნე მდელოებზე დავდიოდი და ყვითელ სანაპიროებზე ნაკვალევს ვტოვებდი. ყოველი ყურე და მღვიმე დავათვალიერე, ვიპოვე ხომალდებისთვის უსაფრთხო, დამრეცი ნავსადგომი. ვუსმენდი მგლების ყმუილს, ტალახში მსხდარი ბაყაყების ყიყინს. ვეფერებოდი პრიალა ყავისფერ მორიელებს, რომლებიც თავიანთი კუდებით მსუსხავდნენ. მათი შხამი ჩემთვის მცირე ჩქმეტას ჰგავდა. ვთვრებოდი ისე, როგორც ღვინოსა და ნექტარს არასდროს დავუბანგივარ მამაჩემის დარბაზებში. რა გასაკვირია, რომ ასეთი ნელი ვიყავი. მთელი ეს დრო უნართო ფეიქარი ვიყავი, ხომალდი ზღვის გარეშე.


მერე გავიგე, რომ შემეძლო მსოფლიო ჩემს სურვილს დამემორჩილებინა, როგორც ისარს იმორჩილებს მშვილდი. ათასჯერ გავაკეთებდი იმ საქმეს, თუ ასეთ ძალას შევინარჩუნებდი.“

და, როგორც ყოველთვის, სიყვარული ყველაფერს ცვლის. სიყვარული, რომელსაც ქალღმერთიც კი სწავლობს. მხოლოდ შურისძიებისგან თავისუფალ ქალღმერთს ძალუძს გაათავისუფლოს ის, ვიცნ უყვარს...

იქნებ ქალღმერთობიდან მოკვდავობამდე გზა სწორედ სიყვარულზე გადის, ვინ იცის?

„ერთ დროს ვფიქრობდი, რომ ღმერთები სიკვდილის ანტონიმები იყვნენ, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ ისინი ყველაზე ახლოს არიან სიკვდილთან: არასდროს იცვლებიან და ვერაფერს ინარჩუნებენ.“

- ესეც ქალღმერთის აღიარებაა"


ავტორი: „საბა"