თებერვალი 28, 2023
საკუთარ მკითხველ თავს ან მეგობარ მკითხველს რომ ჰკითხოთ, რომელი პერიოდი ახსოვს თავისი „მკითხველური“ გამოცდილებიდან ყველაზე მძაფრად და მკაფიოდ, რას გიპასუხებთ? რა თქმა უნდა, მოზარდობის ხანას. ეს მართლა ყველაზე ჯადოსნური დროა, როცა წიგნთან ერთად იზრდები, როცა წიგნის ამბები შენც გადაგხდება თავს, როცა ხან ჰეკ ფინი ხარ, ხან ტომ სოიერი, ხან ცხოვრების დეტექტივის ამოხსნაში ხარ, ხან დროსა და სივრცეში მოგზაურობ.
ჩვენი ცხოვრების მთავარი წიგნები ხომ სწორედ გაკვეთილების შემდეგ მორჩენილ დროში წავიკითხეთ, ყველაზე ტკბილ და ყველაზე კარგ დროში, როცა წიგნის კითხვა ერთი დიდი თავგადასავალია.
ხშირად უფროსები მოზარდთა დღიური რუტინის დაგეგმვისას ამ დროზე საერთოდ არ ფიქრობენ. ჩვენ დავატარებთ ჩვენს შვილებს სკოლიდან წრეზე, წრიდან კლუბში, კლუბიდან სპორტზე, სპორტიდან მასწავლებელთან, მასწავლებლიდან ოლიმპიადაზე ისე, რომ საერთოდ არ ვფიქრობთ, რჩებათ კი მათ დრო გაკვეთილების მერე საკითხავად?
არადა, ეს ისეთი მნიშვნელოვანია, მოზარდი მკითხველი - ყველაზე ემოციური, ემპათიური, დაინტერესებული მკითხველია, ამ ასაკში წიგნი ხან მეგობარია, ხან მორცხვობის წამალი, ხან საკუთარი პრობლემის გადაჭრის გზა....
რამდენიმე წელია, რაც გამომცემლობა “ინტელექტი“ სწორედ ამ ასაკის მკითხველისთვის გამოსცემს სერიას, რომელსაც „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ჰქვია. ეს სერია პოლიჟანრულია და მსოფლიო და ქართული ლიტერატურის ძალიან საინტერესო ტექსტებს აერთიანებს.
მაშ ასე, საიდან დავიწყოთ კითხვა?
ალბათ „ჰაკლბერი ფინის“ ახალი თარგმანით. ეს უკვდავი ტექსტი ხომ თავისუფლების, სიცოცხლისა და ადამიანის სიყვარულის მანიფესტია. მეორე წიგნი „გულივერის თავგადასავალი“ იყოს, როგორია მოხვდე სამყაროში, სადაც ყველა შენგან განსხვავებულია, ზოგისთვის მეტისმეტად დიდი, გოლიათი ხარ, ზოგს - ხელისგულზე ეტევი...იცვლება თუ არა ადამიანთა მთავარი მანკიერებები სხვადასხვა გარემოში? ღირს თუ არა ომი თუნდაც ერთ ჩაშლილ პაემნად?
შემდეგი? ჯერ ჩარლზ დიკენსის „ინგლისის ისტორია“ თუ შერმან ალექსის „დროდადრო ინდიელის აბსოლუტურად მართალი დღიური“? არც ისე მარტივი არჩევანია, თუმცა ზუსტად ვიცი, ამ წიგნების შემდეგ რას წავიკითხავ, მსოფლიოს ყველაზე მაგარი საბავშვო მწერლის, ასტრიდ ლინდგრენისა და მისი მკითხველი-მეგობრის, სარა შვარტის მიმოწერას - „შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ“ - ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ყველასთვის საყვარელ ავტორს ახლებურად გაგვაცნობს.
ამ სერიის კიდევ ერთი გამორჩეული წიგნი ტორესა მოსის „ორდროშობანაა“, ეს საყმაწვილო რომანი ერთდროულად საინტერესო თავგადასავალიცაა და დამაფიქრებელი ისტორიაც, გამოგონილი ამბავიც და მიმდინარე მოვლენების ამსახველიც დოკუმენტიც. მას შეუძლია ნებისმიერი ასაკის მკითხველის ყურადღება მიიპყროს, რადგან უცნაურ, წინააღმდეგობებით სავსე და საინტერესო თავგადასავალში ყველას ჩაითრევს.

ლევან ბოლქვაძის „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ ქართული საყმაწვილო ლიტერატურის ნამდვილი შედევრია, რომელსაც ყველა უნდა იცნობდეს. „1978 წელს გამომცემლობა „ნაკადულის“ რედაქტორმა, არჩილ სულაკაურმა „ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი“ რისკის ფასად გამოსცა. იმჟამინდელი პოლიტიკური ატმოსფეროდან გამომდინარე, რუსებმა ნაწარმოებს პოლიტიკური პამფლეტი უწოდეს და თარგმანზე უარი განაცხადეს. თუმცა, შორს რომ არ წავიდეთ, წიგნი სათანადოდ არც ქართველმა მკითხველმა მიიღო და გაითავისა. საბავშვო თუ საყმაწვილო ლიტერატურაში მრავლად გვხვდება მსგავსი გმირები, უამრავი დადებითი თვისებით აღჭურვილები და ამავე დროს წიგნიერები. ეს ერთგვარი ნელი მოქმედების ნაღმია, მწერალი საკუთარ აბზაცებში შეგნებულად რომ დებს...“ - წერს მწერალი მაკა ლდონონენი ლევან ბოლქვაძის საყმაწვილო რომანის შესახებ.
თამარ გეგეშიძე მოზარდებისთვის წერს, მათ ამბებს, მათ პრობლემებს, მათ ნამდვილ სატკივარს აღწერს, მასზე უკეთ ვინ იცის, რა აწუხებს ამ თაობას? ის ხომ მასწავლებელი, მშობელი და მწერალი ერთდროულადაა. „სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის – სადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ- ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი. „სული ჩიტის“ შემდეგ თქვენს ყმაწვილ მკითხველებს თამარ გეგეშიძის სხვა რომანებიც შეგიძლიათ შესთავაზოთ, თუმცა ამ სერიის მიღმა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს სერიას, როდესაც ლიტერატურის უსაზღვრო სამყაროზე ვსაუბრობთ.
თანამედროვეობა სურვილს გვიჩენს ლიტერატურა უფრო ინკლუზიური, პრობლემებზე ორიენტირებული გახდეს, მითუფრო, საყმაწვილო ლიტერატურა. ადამიანებისა და პერსონაჟების სამყარო მრავალფეროვანია და რაც უფრო უკეთ გავიცნობთ მას, უფრო მზად ვიქნებით ნებისმიერი სიახლისთვის.
პენი ჯოლსონს რომანი „მე არაფერს ვმალავ“ რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი და ნომინანტია მოზარდებისთვის განკუთვნილი წიგნების კატეგორიაში. თოთხმეტი წლის გოგონას – ჯემას ცერებრული დამბლა აქვს და რომანს პირველ პირში მოგვითხობს. მან მკვლელობის შესახებ შეიტყო, მაგრამ ვერავისთვის გაუმხელია ეს ამბავი, რადგან არც ლაპარაკი შეუძლია და არც მოძრაობა. თუმცა, შეიძლება მალე რაღაც შეიცვალოს.
მიმოხილვას კი სერიის ჯერ-ჯერობით ბოლო წიგნით დავასრულებთ. ნათია როსტიაშვილი, პროზაიკოსი და ჟურნალისტი ძალიან კარგად იცის ქართველმა მკითხველმა. ახლახანს მისი საყმაწვილო რომანი გამოვიდა. „უკვე შეგვიძლია, ქალაქის პრესტიჟულ სკოლაში გადაგიყვანოთ, წარმოგიდგენია?! ის სუულ სხვანაირი სკოლაა, იქ სუულ სხვანაირ საგნებს ასწავლიან. უწიგნებოდ“, – ეუბნება გახარებული დედა წიგნის მთავარ გმირს, ლეოს, რომელსაც თავისი სოფლის სკოლა, სოფი მასწავლებელი და საუკეთესო მეგობარი – ნიკო არ ეთმობა, მაგრამ ისიც იცის, რომ მშობლებს მისთვის საუკეთესო უნდათ და ახალ სკოლა-პანსიონში ახალი გამოწვევებით სავსე ცხოვრებას იწყებს.
ადეკვატური რეაქციების გამოწრთობის გაკვეთილი, თანასწორობის გაკვეთილი, თავდაცვის გაკვეთილი, სწორი არჩევანის გაკეთების გაკვეთილი – ასეთ საგნებს ასწავლიან „სხვა სკოლაში“ – სასარგებლოდ და საინტერესოდ ჟღერს, არა? თუმცა, ნათია როსტიაშვილის ეს იუმორითა და სევდით შეზავებული წიგნი, რომელიც არამხოლოდ ბავშვებისთვის, მშობლებისა და მასწავლებლებისთვისაც დაიწერა, პირველ რიგში, იმას შეგვახსენებს, რისი დავიწყებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება „ცხოვრების სწავლების“ გზაზე – სიყვარულის, მეგობრობის, თანაგრძნობისა და თანადგომის აუცილებლობას.

ლიტერატურა საუკეთესო სკოლაა, სადაც პრობლემების გადაჭრას, ადამიანების სიყვარულს, მოყვასის მიღებას, საკუთარ თავის ამოცნობას ვსწავლობთ, ამიტომ ამ სკოლის გარეშე არცერთი მოზარდი არ უნდა დარჩეს, მითუფრო, დღეს, ასეთ არეულ, რთულ და ამავე დროს, საინტერესო სამყაროში.
ავტორი: „საბა"