ლიტერატურა

შვიდი წიგნი 7 მნიშვნელოვან რამეზე

„საბა"

დეკემბერი 09, 2020

რატომ უნდა წაიკითხო ლიტერატურა? ყველას თავისი პასუხი აქვს.

ლიტერატურა ერთი დიდი თავგადასავალია...

ზოგიერთი საინტერესო გზას გადის ერთი გამოგონილი ქვეყნიდან მეორეში, ძალიან პატარა ან ძალიან დიდი ადამიანების სამყაროში, სადაც უცნაური წესები და ურთიერთობებია... ზოგი კი თავის მოგზაურობას მდინარე მისისიპიზე ტივის დაშვებით იწყებს ანდა გამოქვაბულში უცნაურ კვალს ეძებს...


იტერატურა ერთი დიდი სიყვარულია, სადაც ომიც სიყვარულის გამო ხდება და მშვიდობასაც სიყვარული ამყარებს.


იტერატურა ყველაზე დიდი სიმშვიდეა, რადგან კითხულობ და ხვდები, ასეთი და კიდევ უფრო რთული ამბები უკვე იყო, უკვე გადავიტანეთ და გადავრჩით.


იტერატურა არის გზა საკუთარი თავისკენ, განსაკუთრებით, როცა უამრავი კითხვის დასმის ასაკი გაქვს, პროტესტიც, უკმაყოფილებაც, მიზნის ძიება და მიზეზების ამოხსნა შენი ყოველდღიური რუტინაა.


იტერატურა ათასობით პარალელური სამყაროა შენ გარშემო, შენ ყველგან შეგიძლია პორტირება, ყველა სამყარო შენია, ყველა სამყაროს ცენტრი შენ ხარ!


ჰოდა, საით მიდიან იხვები, როცა ტბა იყინება? ვის უხმობს ზარი? რას იწონის ცრემლი? კიდევ იმდენ კითხვაზე პასუხია ლიტერატურა...


აბა, თავად ნახე, კითხებზე პასუხის გარდა, უამრავი კითხვის დასმის მიზეზსაც იპოვი.


იქნებ ეს მინიშნებები გამოგადგეს, რომ ლიტერატურის უსაზღვრო სამყაროში შენს კომპასს მიჰყვე.

ერთი წიგნი სიყვარულზე:

ოპერის მოჩვენება - გასტონ ლუი ალფრედ ლერუ

„ოპერის მოჩვენება" პარიზის ოპერის ბნელ დერეფნებში მიგვიძღვის, ბალერინებისა და მომღერლების საგრიმიოროებში გვახედებს და გვეჩურჩულება სევდიან ამბავს იქ მცხოვრებ აჩრდილზე, რომელიც ბევრ ბოროტებას სჩადის, იმიტომ, რომ უდიდეს სიყვარულსა და ვნებას დაუმონებია. ზოგიერთისთვის ის მუსიკის ანგელოზია, ზოგისთვის – სასტიკი დემონი და მხოლოდ ორიოდე ადამიანმა იცის, სინამდვილეში ვინ იმალება მოსასხამისა და მკვდრის ნიღბის უკან.


ერთი წიგნი საქართველოზე

აკა მორჩილაძე, ქართულის რვეულები

„ერთი ხნის წინათ ბევრს ვკითხულობდი ასი წლის წინანდელი ქართველების მოგონებებსა და ჩანაწერებს. იმ წაკითხულიდან რაც დამელექა თავში, იმის ერთი ნაწილი ასეთი გამოდგა.

ეგებ ამ ნაწერებში ბევრი რამ ზუსტი არ იყოს, მაგრამ ამბად ასე დამრჩა გონებაში და აღარ გამოვედევნე. მთავარი ხომ მაინც ის არის, რაც გულს სამუდამოდ დააჩნდება.

მეტი არაფერი.“ - წერს ავტორი წინასიტყვაობაში, ეს ამბები შენს გულსაც დაემჩნევა, ჰოდა, წაიკითხე.


 ერთი საშიში წიგნი

დრაკულა - ბრემ სტოკერი

უძველესი, „სისხლიანი“ საფრთხე კვლავ გვემუქრება. წიგნი ახალგაზრდა მკითხველისთვის გამიზნული, ნიკი რეივენის მიერ ბრემ სტოკერის შედევრის ადაპტირებული ვერსიაა, რომელიც ამასთანავე, ორიგინალის მსგავსად, ავბედითი ინტრიგებითა და იდუმალებით მოცული ამაღელვებელი ამბებითაა გაჯერებული.


ერთი წიგნი მხატვრობაზე

გოგონა მარგალიტის საყურით - ტრეისი შევალიე

შეიძლება ერთი წუთისთვის მთელ ცხოვრებაზე უარი თქვა?


ერთი წუთისთვის, სადაც გენიოსის ტილოზე ულამაზესი, მარგალიტის საყურეები გიბრჭყვიალებს და ყველაზე მეტად ჰგავხარ საკუთარ თავს....


ტრეისი შევალიეს "გოგონა მარგალიტის საყურით" - მოგზაურობა მხატვრობისა და სიყვარულის საოცარ სამყაროში, სადაც გოგონას მთრთოლვარე თითები საღებავებს ამზადებენ, მერე რა, რომ ეს ფერები მისი ცხოვრებისა არ არის, მთავარი ხომ ხელოვნების მარადიულობაა....

ერთი უძველესი წიგნი

სინუჰეს ამბავი - უცნობი ავტორი

ოთხი ათასი წლის წინ დაწერილი „სინუჰეს ამბავი“ დღეს არამარტო ძველი ეგვიპტის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის შედევრად არის აღიარებული. ჩვენთვის უცნობმა ავტორმა კაცობრიობის ისტორიაში პირველად მოგვითხრო არა რომელიმე ღმერთის, მეფის ან მითიური გმირის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის ისტორია და აღწერა მისი გრძნობები – შიში, ნოსტალგია, ირაციონალური განცდები, რომელთა მიზეზი თვითონაც ვერ აუხსნია და დარდი, რომ მისი სიცოცხლე სამშობლოდან შორს დასრულდება.

ერთი ფანტასტიკური წიგნი

ბავშვობის დასასრული - არტურ კლარკი

სერ ართურ ჩარლზ კლარკი მეოცე საუკუნის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში ყველაზე ცნობილი და გავლენიანი მწერალია. „ბავშვობის დასასრული“ 1953 წელს გამოვიდა და ავტორის პირველ ბესტსელერად იქცა. წიგნი 2004 წელს ნომინირებული იყო „რეტრო ჰიუგოს“ ჯილდოზე საუკეთესო რომანისთვის. ართურ კლარკის რომანების – მათ შორის, ამ წიგნის – მიხედვით გადაღებულია არაერთი ფილმი და სატელევიზიო სერიალი.

ერთი წიგნი ომზე

გათვლა - თამთა მელაშვილი

„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო წიგნია. ეს არის ამბავი, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას ხდებოდეს. ვრცელი მოთხრობა, რომელსაც არ გააჩნია ორიენტირი დროსა და სივრცეში. წიგნში არსად არის ნახსენები თარიღი ან გეოგრაფიული სახელი. კონფლიქტის ზონაში მდებარე პროვინციულ ქალაქში მცხოვრები ორი თინეიჯერი გოგონას ამბავი ცალკეული ეპიზოდებისგან შედგება და კვირის დღეების მიხედვითაა დასათაურებული.





ავტორი: „საბა"