ოქტომბერი 22, 2020
რა იცი ქართველი ავტორების შესახებ? ალბათ ძირითად შემთხვევებში შენი ცოდნა მათი ნაწარმოებებით და იმ ბიოგრაფიული დეტალებით შემოიფრგლება, რომლებსაც სკოლაში გასწავლიან. მაგრამ რამდენად რეალურები არიან ისინი შენთვის? რამდენად იაზრებ რომ უკვე სახელგანთქმული ავტორების ისტორიის უკან ხშირად ბევრი ბედნიერება, სევდა, წარუმატებლობა და ისეთი ისტორიები დგას თითქმის ყველას რომ გადაგვხდენია.
ქართულის რვეულები სულაკაურის გამომცემლობის ახალი სერიაა, რომლის ავტორიც ყველასთვის კარგად ცნობილი აკა მორჩილაძეა. პროფესიით ისტორიკოსი მწერალი, აკა მორჩილაძე, მხატვრულად მოგვითხრობს ქართველი კლასიკოსი მწერლების, ხელოვანებისა და საზოგადო მოღვაწეების ამბებს, რომლებიც მას ისტორიულ-ბიოგრაფიულ წიგნებზე მუშაობისას დაელექა გონებაში.
ეს სერია განსაკუთრებით საინტერესო მოზარდებისთვის არის. აკა, როგორც შესანიშნავი მთხრობელი, ანგრევს კლასიკოსთა აღწერის გაქვავებულ, სტერეოტიპულ მანერას და ისტორიულ პირებს მხატვრულ, სახასიათო პერსონაჟებად აქცევს. წერის ამ სტილით ავტორი უკვე ცნობილ და მკითხველისთვის საყვარელ ავტორებს უფრო რეალურს ხდის.
ამ სერიის წიგნებში საინტერესო ტექსტუალური მასალის გარდა შეხვდები ფართო აუდიტორიისთვის აქამდე ნაკლებად ცნობილი ფოტომასალას, რაც მკითხველს უბიძგებს, უკეთ შეიგრძნოს ეპოქის სული და საინტერესო, მნიშვნელოვანი, გამოსადეგი ინფორმაცია მიიღოს მე-19 საუკუნის საქართველოსა და იმ დროს მოღვაწე ქართველების შესახებ.
სერია მოსწავლეებისა და მოზარდების გარდა უსათუოდ დააინტერესებს მკითხველს, რომელსაც ამბებად მოთხრობილი ისტორიისა და ფაქტების გაცნობა და დამახსოვრება უადვილდება. სწორედ ამიტომ, სერია ქართულის რვეულები არ ითვალისწინებს ასაკობრივ შეზღუდვასა თუ კატეგორიას და ყველაფრის მიუხედავად მკითხველს საყვარელი ავტორების ახლიდან აღმოჩენის და გაცნობის საშუალებას აძლევს.
სერიაში ამჟამად 3 წიგნი არის გაერთიანებული:
მწერალი, რომელსაც დალხენილად არ უცხოვრია – მთელი სიცოცხლე მძიმედ შრომობდა და იბრძოდა არსებობისთვის; უნდოდა თბილისში ყოფნა, მაგრამ არ გამოუვიდა; გული სწყდებოდა ბევრ რამეზე, მაგრამ არაფერს თმობდა ანგარებისთვის. ეს წიგნი დაგარწმუნებთ, რომ ეს ბუმბერაზი მწერალი იყო ჩვეულებრივი ძმა, მამა და ქმარი – სავსე მზრუნველობით, დარდითა და სიფიცხით.
ამ წიგნიდან გაიცნობთ ყაზბეგს… ფუფუნებაში გაზრდილსა და სიღატაკეში გარდაცვლილ მწერალს. არადა, ერთ დროს უფლისწულის შესაფერისად ცხოვრობდა – ყველა ახირებას უსრულებდნენ. მერე და მერე კი მისი ყველაზე ახლო მეგობარი მაიმუნი ჟაკო გახდა. თანდათან საქმე იქამდეც მივიდა, რომ ახლობლები შემოეცალნენ, შინაც კი აღარ უშვებდნენ… სულ მარტო დარჩა, ჯერ მაიმუნის ამარა და ბოლოს მის გარეშეც.
ნიკალას შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის კი ვიცით, რომ სხვა კაცი იყო, სხვა ცხოვრებისა და სხვა წრის. იმ წრეში ვერ შეაღწია, სადაც უნდოდა, და სადაც იყო, იქ ადგილს ვერ პოულობდა. ხატვა უნდოდა; ოჯახიც უნდოდა; ადგილის დამკვიდრებასაც ნამდვილად ცდილობდა, მაგრამ როგორ? რის ფასად? ან რამდენად გამოუვიდა? ამ წიგნში წაიკითხავთ ნიკალას თითქმის ამომწურავ ბიოგრაფიას.
ავტორი: saba.com.ge