კულტურა თაობა ტექნოლოგია თიბისელები სიახლეები

Upway - როგორ იქცა სტარტაპ დეკრეტის გამარჯვებული პროექტი დიდ საგანმანათლებლო პლატფორმად

სტარტაპერი 5 წლის

მაისი 13, 2022

ყველაფერი მეტის სწავლის სურვილით დაიწყო — მარიშა გოგოლაური, მარიამ აბულაძე და მარიამ ცანავა თიბისის გუნდის წევრები არიან. ისინი წლების განმავლობაში კომპანიაში ერთად მუშაობდნენ და ხშირად განიხილავდნენ, როგორი რთული იყო, ეპოვათ სივრცე, სადაც ყველა საინტერესო საგანმანათლებლო კურსი თუ პროგრამა ერთად იქნებოდა თავმოყრილი. 


ერთხელაც დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ თავად შეეძლოთ შეექმნათ პლატფორმა, რომელიც ქართულ რეალობაზე მორგებული იქნებოდა და რომელიც მრავალფეროვან და აქტუალურ კურსებს გააერთიანებდა. იდეა თავიდან ძალიან სერიოზულად სულაც არ ეჩვენებოდათ, თუმცა მალე მიხვდნენ, რომ ამ სივრცეზე მოთხოვნა მხოლოდ თვითონ არ ჰქონდათ — სხვა ადამიანებიც განიცდიდნენ ინფორმაციის დეფიციტს. ასე შეიქმნა Upway — პლატფორმა, სადაც ყველაფერს აღმოაჩენ, რისი სწავლაც გინდა.

მარიშა გოგოლაური, მარიამ აბულაძე, მარიამ ცანავა

სტარტაპ დეკრეტში გამარჯვება

გასული წლის სექტემბერში, როცა იდეაც მომწიფდა და სტარტაპმა პირველი ნაბიჯებიც გადადგა, სამეულმა თიბისის სტარტაპერის ფარგლებში გამოცხადებულ სტარტაპ დეკრეტის პროექტზე შეიტანა განაცხადი. 


სტარტაპ დეკრეტი 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანი როგორც თიბისის თანამშრომლების, ისე, ზოგადად, მეწარმეობის ხელშეწყობა და ინოვაციური იდეების მხარდაჭერაა. პროექტის ფარგლებში საუკეთესო სტარტაპ იდეის მქონე თანამშრომლებს საკუთარი მიზნის მისაღწევად თიბისიში 6-თვიან ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება ეძლევათ. სწორედ ამ პროექტის მონაწილე გახდა Upway და მალევე 30 გუნდს შორის გამარჯვებაც მოიპოვა. 


“პროექტში გამარჯვებამ დაგვარწმუნა, რომ ჩვენი იდეის სხვებსაც სჯეროდათ და ამ საქმის კეთება სერიოზულად ღირდა”, ამბობს Upway-ის თანადამფუძნებელი, მარიამ ცანავა.


მარიამ ცანავა

სტარტაპ დეკრეტმა მათ ყველაზე ძვირფასი რამ - დრო მისცა.

მარიამ აბულაძე ამბობს, რომ სტარტაპ დეკრეტში გამარჯვების შემდეგ Upway-ის საქმიანობა ბევრად უფრო მარტივად წარიმართა და პოტენციურ პარტნიორებს თუ ინვესტორებს მათდამი დიდი ნდობა გაუჩნდათ — ასე გაიმარჯვეს Impact Hub-ის აქსელერაციის პროგრამაში, ჩაერთნენ სხვადასხვა საგრანტო პროექტში და დაიწყეს ახალ იდეებზე ფიქრი.

როგორ შეიცვალა Upway სტარტაპ დეკრეტის შემდეგ

სტარტაპ დეკრეტში Upway-ის დამფუძნებლები 2021 წლის ნოემბრიდან გავიდნენ და როგორც ამბობენ, ამის შემდეგ მათი ცხოვრება სრულიად შეიცვალა. თუ ისინი აქამდე დიდ კომპანიაში ბევრ თანამშრომელთან ერთად მუშაობდნენ, ახლა სტარტაპის საქმიანობას მარტოები, დამოუკიდებლად უძღვებიან, მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტში, მართავენ შეხვედრებს, უმეგობრდებიან სხვა მცირე ბიზნესებს და აწყობენ მომავლის გეგმებს. “თუ კორპორატიულ ცხოვრებაში ზუსტად იცი, რა გელის წინ, აქ ყოველი დღე ახალ თავგადასავლებს გიმზადებს”, — ამბობს მარიამ ცანავა.


თავიდან პატარა იდეა იყო, რომელსაც სამი გოგო ერთმანეთში აზიარებდა და ხმამაღლა ვერ ამბობდა. შემდეგ სამივემ ერთმანეთის დავიჯერეთ, გავიარეთ აქსელერაციის პროგრამა, გავიგეთ, როგორია, იყო სტარტაპერი საქართველოში, დავიწყეთ მცირე პროცესების აწყობა, შევქმენით ჩვენი პატარა სამყარო და ნელ-ნელა Upway უფრო ხელშესახები გახდა. იანვარში სტარტაპი 30 ძალიან ძლიერ კომპანიასთან პარტნიორობით გაეშვა და დღეს Upway არის პროდუქტი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე ხარისხიანი კურსების პროვაიდერებს აერთიანებს”, ამბობს მარიშა გოგოლაური.

დღეს Upway 200-მდე გაყიდულ კურსს ითვლის. აქ განთავსებულია 40-მდე კომპანიის 300-მდე კურსი, ხოლო ახალ იდეაზე, რომელიც დაინტერესებული პირებისთვის გამოცდილი მენტორების დახმარებით კარიერული გზის გაკვალვას გულისხმობს, მუშაობა უკვე დაწყებულია.

რა გამოარჩევს Upway-ს?

“სტარტაპერობა ნიშნავს იმას, რომ არ მიჰყვები დაწერილ წესებს”

-       მარიამ ცანავა

მისი თქმით, პროდუქტი, პირველ ეტაპზე, მენტორებთან ურითერთობის დამყარებას და მათგან რჩევების მიღებას გულისხმობს, მომდევნო ეტაპზე კი ამ პროცესის გაციფრულებას აპირებენ და სურთ, შეიქმნას პროგრამა, რომელიც მომხმარებელს, საკუთარი ინტერესების მიხედვით, განვითარების გზას დაუსახავს. 


დღეს Upway აღარ არის მხოლოდ კურსების ვებსაიტი, იგი უკვე იქცა დიდ საგანმანათლებლო პლატფორმად და შეძლო კერძო ინვესტიციის მოზიდვა, რაც, როგორც მისი დამფუძნებლები ამბობენ, “რაღაც ახლის და დიდის დასაწყისია”.

რა იქნება მომავალში?

მარიშა გოგოლაური


“მე წარმომიდგენია, რომ Upway წლების შემდეგ საქართველოსთან ერთად ევროპის რამდენიმე ქვეყანასაც მოიცავს და იქაც ლოკალური კურსების, ჰობის თუ საგანმანათლებლო პროგრამების მწარმოებელ მცირე და საშუალო კომპანიებს გააერთიანებს. ის საშუალებას მისცემს ადამიანებს, ისწავლონ მეტი და ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ცოდნის გაცვლას.”


- მარიშა გოგოლაური, თანადამფუძნებელი

მარიამ აბულაძე

“გვჯერა, რომ Upway იქნება ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ, ცხოვრებაში ახალი რაღაცები აკეთონ, ისწავლონ და იყვნენ წარმატებულები. სტარტაპი ყოველთვის იქნება თვიგანვითარების მსურველი ადამიანების გვერდით და მათ შესთავაზებს არაერთ მათთვის საინტერესო პროდუქტს, რომელიც ლოკალურად რელევანტური იქნება.”

-მარიამ აბულაძე, თანადამფუძნებელი.

განვითარება Upway-ს მთავარი მიზანი და ამოცანაა — განვითარება სხვების და საკუთარი თავის. ამიტომაც დამფუძნებლები მომხმარებლებს ყოველდღიურად ესაუბრებიან, იცნობენ პირადად, აწყობენ ფოკუსჯგუფებს, ისმენენ მათ საჭიროებებს და ახალ პროდუქტებს სწორედ მათ მიერ მიღებული უკუკავშირით ავითარებენ.

სტარტაპერი და სტარტაპ დეკრეტი 

პროგრამა სტარტაპერი 5 წლის წინ შეიქმნა და მიზნად სტარტაპების განვითარების ხელშეწყობა და ახალი ბიზნესის წამოწყების სტიმულირება დაისახა. ხუთი წლის თავზე პროგრამას 55 ათასზე მეტი სტარტაპი შეუერთდა სხვადსხვა პროექტის ფარგლებში და ჯამში 315 მილიონ ლარზე მეტი დაფინანსება გაიცა. სტარტაპერი ქმნის საგანმანათლებლო, ფინანსურ, ტექნოლოგიურ და სხვა სახის პროდუქტებს ახალბედა კომპანიებისთვის. მისი ერთ-ერთი ნაწილი კი სტარტაპ დეკრეტია, რომელიც კომპანიის შიგნით სამეწარმეო სულისკვეთების გაძლიერებას ემსახურება.

სტარტაპერი პოპულარიზაციას უწევს ერთ მნიშვნელოვან საკითხს — ‘კარგია, გქონდეს საკუთარი ბიზნესი;. ის ხელს გიწყობს, იფიქრო შენს იდეაზე, გქონდეს დრო მასზე სამუშაოდ, გახვედრებს მენტორებს და გაძლევს შესაძლებლობას, შექმნა ახალი. სტარტაპერმა და სტარტაპ დეკრეტმა, გარდა იმისა, რომ მოგვცა ფუფუნება, შეგვექმნა Upway, ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალა ჩვენს ცხოვრებაში. ჩვენ ძალიან გავიზარდეთ და ბევრი რამ ვისწავლეთ, შესაძლებლობა მოგვეცა, დავკავშირებოდით სხვა სტარტაპერებს და გავმხდარიყავით ერთი დიდი ეკოსისტემის ნაწილი.


ვფიქრობ, ამ პროგრამის დამსახურებაა, რომ ეს ერთიანი საზოგადოება არსებობს, სტარტაპერები იცნობენ ერთმანეთს და ხდებიან ერთმანეთის მხარდამჭერები. ის სტარტაპებიც კი, რომლებსაც უკვე მილიონიანი ინვესტიციები აქვთ მოზიდული, მზად არიან შეგხვდნენ და დაგვეხმარონ — სწორედ ამგვარ ცნობადობასა და მხარდაჭერას უზრუნველყოფს ეს პროექტი” ამბობენ Upway-ში.

თუ შენც ხარ სტარტაპერი ან გსურს, დაიწყო ახალი ბიზნესი, ესტუმრე ვებგვერდს www.startuperi.ge და გახდი დიდი იდეებისა და ეკოსისტემის ნაწილი.