ბიზნესი თიბისი შენთვის

SPILOW - სამი მეგობრის დაწყებული სტარტაპის გზა საქართველოს ბაზრიდან ამაზონამდე

მაისი 17, 2022


სპილოუ სამი მეგობრის დაფუძნებული სტარტაპია — დედების, რომლებმაც იციან, რამდენად მნიშვნელოვანია, ბავშვს ეცვას ხარისხიანი ტანსაცმელი, თანაც ისეთი, რომელიც თამაშში ბავშვის კომპანიონიც იქნება და მისი უნიკალური სტილის შესახებაც იტყვის სათქმელს. 


სპილოუ 2016 წელს შეიქმნა, მაშინ, როცა საქართველოში სტარტაპერობისადმი ინტერესი თანდათან ღვივდებოდა. სწორედ ეს გახდა ბიძგი სპილოუსთვისაც — თავადაც ეცადა. ახალი საქმის დასაწყებად რამდენიმე ადამიანისგან შემდგარ გუნდს კაპიტალიც სჭირდებოდა და ცოდნაც, სწორედ ასეთ დროს სპილოუს მხარდამჭერად მოევლინა პროგრამა სტარტაპერი, რომელთანაც მეგობრობასა და თანამშრომლობას დღემდე აგრძელებენ. 


როგორ შეიქმნა სპილოუ

სპილოუს თანადამფუძნებელი, სოფო ჩხაიძე ამბობს, რომ სტარტაპი შვილების შთაგონებით შეიქმნა.



“2016 წელს, როცა საქართველოში სტარტაპერული ტალღა აგორდა, საბავშვო ტანსაცმლის დიდი არჩევანი ადგილობრივ ბაზარზე არ იყო. თუ რამე განსაკუთრებული გვინდოდა, ძირითადად, უცხოეთიდან ვიწერდით. ამიტომ დავფიქრდით, ხომ არ იყო დრო, რომ ჩვენც დაგვეწყო ჩვენი საქმე”.


სოფო ჩხაიძე

სპილოუს თანადამფუძნებელი

მეგობრებს ერთი მთავარი მიზანი ამოძრავებდა — შეექმნათ განსაკუთრებული ტანსაცმელი, რომელიც თამაშისას მოსახერხებელი იქნებოდა და მოეწონებოდა როგორც ბავშვებს, ისე მშობლებს. ასე შეიქმნა სამოსი, რომელიც ბავშვის აქტიური ცხოვრების და გართობის განუყოფელი ნაწილია.  

“თავიდან სხვადასხვანაირ ტანსაცმელს ვქმნიდით, შემდეგ კი სრულიად შემთხვევით შევკერეთ დინოჟაკეტი, რომელიც ჩვენს სავიზიტო ბარათად და ბესტსელერად იქცა. ესაა პროდუქტი, რომლითაც ყველა გვცნობს, ჩვენს ერთგულ მომხმარებელს კი ყველა ასაკის “დინო” აქვს”,— ამბობს სოფო.

სპილოუ თავიდან ძალიან პატარა ინვესტიციით შექმნეს. როგორც თვითონ ამბობენ, ეს უფრო ჰობის მსგავსი რამ იყო, ვიდრე — ბიზნესი. თუმცა ის, რამაც პატარა იდეა და წამოწყება ნამდვილ, ხელშესახებ საქმედ აქცია, თიბისის სტარტაპ სესხი იყო.


“სტარტაპ სესხით პატარა საწარმო შევქმენით და სითი მოლში ჩვენი გაყიდვების ობიექტი გავხსენით. სწორედ აქედან დაიწყო სპილოუს, როგორც კომპანიის ისტორია.”

სტარტაპერი სპილოუს განვითარების კვალდაკვალ

6 წელიწადში სპილოუ ძალიან გაიზარდა. “სირთულეებით სავსე დიდი გზა გავიარეთ, ბევრი შეცდომაც დავუშვით, მათგან ზოგი ძვირი დაგვიჯდა, ზოგიც - ისე რა, მაგრამ ამ პროცესში სულ ვცდილობდით, გვესწავლა და განვითარებულიყავით. ეს იყო ჩვენი მიზანი”, — ამბობს სოფო.

სწავლისა და განვითარების პროცესში მათ მხარდამჭერად პროგრამა სტარტაპერი იქცა. სტარტაპ სესხს მოჰყვა ის, რომ სპილოუ სტარტაპერების დიდ კომუნაში მოხვდა, რომელსაც თიბისი საგანმანათლებლო პროექტებს სთავაზობს. სპილოუ მათთვის საინტერესო ყველა პროექტს ესწრებოდა, ერთვებოდა ტრენინგებში, ლექციებში, ინდივიდუალური კონსულტაციების სესიებში და სხვა.

სოფო ჩხაიძე

“ჩვენ ახლები ვიყავით, კომპანიის მართვის, ბრენდინგის, კომუნიკაციის, ფინანსური თუ სხვა საკითხების შესახებ ბევრი არაფერი გაგვეგებოდა, ამიტომ ყველა საშუალებას ვიყენებდით განვითარებისთვის. სტარტაპერმა ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენს გაძლიერებაში ამ მიმართულებით”.

სოფო გამოყოფს ინდივიდუალური მენტორინგის სესიას ლევან ლეფსვერიძესთან. “მან ძალიან ბევრი საინტერესო რამ გვირჩია, ჩაწერილიც კი გვაქვს ეს შეხვედრა. რჩევები, რომლებიც ლევანმა მოგვცა, ძალიან გამოგვადგა. ამ შეხვედრაზე ბრენდზე, მის რეპუტაციაზე და კომუნიკაციის ფორმებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ, როგორ, რა გზით შეიძლებოდა განვვითარებულიყავით.


მან ძალიან სასარგებლო ინფორმაცია გაგვიზიარა და ჩვენ, მადლობის სახით, დინო ჟაკეტიც გავუგზავნეთ. სხვათაშორის, ის ერთ-ერთი პირველი ზრდასრული ადამიანი იყო, ვინც დინოჟაკეტი მოირგო, რის შემდეგაც კიდევ ერთი ტალღა აგორდა — დინოჟაკეტებზე მოთხოვნა მშობლების მხრიდან გაიზარდა”, — იხსენებს სოფო.

ლევან ლეფსვერიძე, კრეატიული სააგენტო "ლივინგსტონის" თანადამფუძნებელი

“მახსოვს, სპილოუს სამკერვალოში მივედი, იმ დღეს იწყებდნენ ყველაფერს, ჰქონდათ დიდი ამბიციები, მაგრამ თითქმის — არაფერი. ძალიან მიხარია, რომ დღეს უკვე ექსპორტზეც გააქვთ პროდუქცია და ის პატარა მუხტი, რაც მაშინ ჰქონდათ, გაღვივდა, გაიზარდა და განვითარდა, როგორც წარმატებული ბიზნესი”, ამბობს ლევან ლეფსვერიძე, რომელმაც თიბისიში ლექციების კითხვა 2013 წელს, სოციალურ მედია მარკეტინგის მიმართულებით დაიწყო. პროგრამა სტარტაპერში კი ბრენდინგის საკითხებზე ინდივიდუალურ კონსულტაციებს მართავს.

სპილოუ საზღვარგარეთ

სტარტაპი 2019 წლიდან ექსპორტზე გავიდა. პანდემიის პერიოდში მრავალჯერადი პირბადეების წარმოებაც დაიწყეს და ის დინოჟაკეტებთან ერთად ბრიტანულ ამაზონზე განათავსეს. ამაზონზე დაარეგისტრირეს ბრენდი სპილოუ, ხოლო ბრიტანეთში — სავაჭრო ნიშანი. წელს საბავშვო ტანსაცმლის ერთ-ერთ უდიდეს გლობალურ პლატფორმა bambini.fashion.com-თან დაიწყეს თანამშრომლობა, სადაც უკვე პირველი კოლექცია გააგზავნეს. ექსპორტი კანადასა და ავსტრალიაშიც დაიწყეს.

პანდემიის პერიოდში, მართალია, სირთულეები შეხვდათ, თუმცა პროდუქციის ექსპორტზე გატანა მაინც მოახერხეს, მათ შორის — იტალიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ბელგიასა და ლუქსემბურგში.

“ჩვენ მართლაც დიდი მიზნები გვაქვს. ვაძლიერებთ ექსპორტს, ვქმნით კოლექციებს და მიგვაქვს საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებზე"

გამოფენებზე ყველაზე დიდი ყურადღების ქვეშ დინოჟაკეტები ექცევა. ამიტომ ვთვლით, რომ გვაქვს სახასიათო პროდუქტი, ვხედავთ პოტენციალს და გვიხარია, რომ ბევრ ადამიანს მოსწონს ჩვენი ტანსაცმლის კონცეფცია, მისი ფერები, გარდასახვის უნარი. ამიტომ, ყველა სირთულის მიუხედავად, არ ვნებდებით და გვინდა, მალე ბევრი პატარა “დინოზავრი” იყოს მთელ მსოფლიოში”, — ამბობს სოფო.

სპილოუში აღნიშნავენ, რომ სტარტაპერი მათთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტად იქცა. “უზრუნველყოფის გარეშე გაგვიჩნდა კაპიტალი ბიზნესის წამოსაწყებად. ეს ძალიან დიდი რამ იყო. სტარტაპ სესხი რომ არა, სავარაუდოდ, სპილოუც არ იქნებოდა, ამიტომ ძალიან გვიყვარს ეს პროექტი, მასთან გამორჩეული ემოციები გვაკავშირებს. რაც მთავარია, ჩვენს განვითარებაში დიდი როლი ითამაშა სტარტაპერის საგანმანათლებლო პროექტებმა, რაც სტარტაპ სესხს მოჰყვა”, — ამბობს სოფო ჩხაიძე.

თიბისის პროექტი სტარტაპერი, რომელიც ახალი ბიზნესებისა და იდეების მხარდასაჭერად შეიქმნა, 5 წლის გახდა. სტარტაპერის მხარდაჭერით დღემდე 55 ათასამდე ახალბედა ბიზნესმა ისარგებლა, სესხის სახით კი 315 მილიონ ლარზე მეტი გაიცა.

 სტარტაპერი პარტნიორ კომპანიებს მუდმივად სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს — ტრენინგებს, მასტერკლასებს და ინდივიდუალურ კონსულტაციებს. ასე რომ, თუ გაქვს ახალი ბიზნესი, ან გსურს შენი იდეა ნამდვილ საქმედ აქციო, ესტუმრე ვებგვერდს www.startuperi.ge და მიიღე მხარდაჭერა შენი წარმატებისთვის.