მუსიკა | ცა

SKAZZ - MEMORIAL | მომავალს შეწირული აწმყო

Tsa.Music

ოქტომბერი 26, 2022

 დაუმთავრებელ ცას

 

 თუ ხელს შეაშველებ

 

ის დახატავს დაანთებს

 

ძველ ცეცხლს დაუნთებელს

 

ამ მემორიალს

“მათი აზრით ეს იყო დასაწყისი ახალი ქვეყნის შენების, ეს იყო დასაწყისი წარსულის დავიწყების... ამ მომავლის შენებას კი აწმყო შევწირეთ.” - ასეთი სიტყვებით პოსტ-პანკ დუეტმა - SKAZZ-მა ახალი ალბომის გამოსვლის შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში გვაცნობა - და ამ ალბომის იდეა ძალიან საინტერესო და ბევრი შრეს მქონე იდეად მომეჩვენა.

მაშინ ვიფიქრე, რომ ეს ალბომი საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორიაზე თავისებური მუსიკალური რეფლექსია შეიძლება იყოს - და ჩემი ეს იმედი გამართლდა.

MEMORIAL - ასე ქვია SKAZZ-ის ახალ ალბომს, რომელიც ქუთაისში აწი უკვე დანგრეულ დიდების მემორიალს მიეძღვნა. მემორიალი 1982 წელს, როგორც ფაშიზმზე გამარჯვების სიმბოლო, ქუთაისში გახსნეს, 2009 წელს კი - დაანგრიეს, რადგან ამ ადგილას პარლამენტის ახალი შენობა უნდა აღმართულიყო. მემორიალის დემონტაჟი ტრაგიკულად დასრულდა - ძეგლის დანგრევას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა. 

ჯგუფის წევრის, საბა ვაშაყმაძის თქმით, დიდების მემორიაზლე იდეა მაშინ გაჩნდა, როდესაც ერთ-ერთი ლაივისთვის მომზადებისას, აფიშაზე ამ მემორიალის შენობის ფოტო ნახეს.

“ერთ - ერთი ლაივისთვის ვემზადებოდით , როცა ვნახეთ , რომ აფიშაზე მემორიალის შენობა იყო გამოსახული , მემორიალის , რომელსაც ყოველდღე ვხედავდით და დღეს ვეღარ ვხედავთ , თუმცა იმ ადგილზე ჩავლისას სულ ძველი მონუმენტი გვახსენდებოდა და არა პარლამენტის შენობა. “


- საბა ვაშაყმაძე

პოსტ-პანკისთვის მუსიკის საშუალებით გაჟღერებული პროტესტი და სოციუმის თუ არსებული პოლიტიკური წყობის კრიტიკა ახალი არაა, თუმცა მემორიალის ისტორიის მუსიკალური კვლევა ქვეყნის გადააზრების ისტორიის ჭრილში, საკმაოდ მომხიბლავი კონცეპციაა. ამავედროულად, ლირიკაში ამ სოციო-პოლიტიკური დისკურსის გარდა, დუეტმა რომანტიკული ელფერიც შეინარჩუნა.  

“დავფიქრდით , ამ ნაგებობას უკეთ გავეცანით, ამ მონუმენტის დანგრევის შემდეგ , უახლოეს ისტორიასაც გადავავლეთ თვალი და მივხვდით თუ რა როლს ასრულებდა მისი იქ არსებობა და რა გამოიწვია დანგრევამ, ჩავთვალეთ , რომ დროა ეს ისტორია ხალხისთვის გაგვეხსენებინა.ჩვენ ვერ ვფიქრობთ მომავალზე , რომელიც არ არსებობს , ვერ ვეგუებით ქართულ პოლიტიკურ პალიტრას , ვერც მარჯვნიდან და ვერც მარცხნიდან , ამიტომ ავდექით და დავიწყეთ “მემორიალის” წერა”.


- საბა ვაშაყმაძე 

MEMORIAL-ის პირველი ნოტიდან პოსტ-პანკის სამყაროში ვეშვებით, სადაც მელანქოლიური ატმოსფერო სუფევს.ჯამში, ალბომის ჟღერადობა ჩემში 80-იანების გოთიკ როკ ბენდებთან ასოციაციას იწვევს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპიდან წამოსული კოლექტივების, როგორებიც არიან, მაგალითად, Variete, Phantasmagoria, Nemesis, Witches Rune და მრავალი სხვა , რაც, პრინციპში გასაკვირი არაა, რადგან ამ ჟანრის და პერიოდის (და არამხოლოდ) არტისტების შემოქმედებამ SKAZZ-სთვის მუსიკლაურ ინსპირაციად იქცა. 

“საკმაოდ პატარა ასაკიდან მრავალ პოსტ-პანკ, გოთიკ ბენდს ვუსმენდით და გავლენაც ჩვენზე ბევრ მათგანს ქონდა , როგორც ვიზუალური აგრეთვე მუსიკალური კუთხით. როცა უშუალოდ პოსტ-პანკის , ელექტრო პანკის დაკვრა დავიწყეთ ჩვენზე გავლენა იქონიეს Pink Turns Blue , Human Tetris , Siekiera , Poexxxali და კიდევ სავარაუდოდ ბევრმა ბენდმა , რომელსაც ყოველდღიურად ვუსმენთ ან ვეცნობით”.


- საბა ვაშაყმაძე 

ალბომის მთავარი საყრდენი რიტმული და მსუყე ბასის და დრამის ერთობაა, რომელსაც პერიოდიულად გიტარის პარტიები ემატება, ხან რბილი ლირიკული ჟღერადობით, ხან ოდნავ დისტორშენის ეფექტით დამძიმებული საუნდით (RA, More Than Life, TU), რომელსაც უფრო shoegaze ჟანრისკენ მივყავართ. ალბომი არ არის იმდენად ვოკალით დატვირთული (შეიძლება, კომპოზიცია ITKVAS გარდა), ის თითქოს შორიდან ისმის - და ამ 22 წუთიანი მუსიკალური პაზლის, ბოლო და აუცილებელ ნაწილს შეადგენს. ყოველ მოსმენაზე შეიძლება ახალ-ახალი ელემენტი აღმოაჩინო ხოლმე და კომპოზციას სხვანაირად შეხედო - აქ თუ იქ სხვადასხვა ჟანრის ელემენტების აღმოჩენა შეიძლება - პანკის ენერგეტიკა, ქოლდვეივის სიცივე და შუგეიზის მსუბუქი მელანქოლია - რაც ამ ალბომს ხასიათს ამრავალფეროვნებს.

MEMORIAL, როგორც დანარჩენი ყველა ალბომი, სახლის პირობებში ჩაიწერა. მათი თქმით, იმას წერდნენ, რაც ზუსტად იმ მომენტში მოსწონდათ და რა ხასიათზეც იყვნენ. ეს DIY (Do It Yourself) მიდგომა მუსიკის მიმართ მას უფრო ხელმისაწვდომს ხდის და ექსპერიმენტებისთვის უფრო მეტ ადგილს ტოვებს, რის გამოც საბოლოო ჟღერადობა უფრო საინტერესო ხდება. 

“ჩაწერის პროცესი სახლში მიმდინარეობდა . როცა რაიმეს ჩაწერას ვიწყებდით ხშირად იცვლებოდა გიტარის , ვოკალის ან ბას გიტარის პარტიები. იწერებოდა ის , რაც იმ მომენტში მოგვწონდა. როგორც ჩვენს უმეტეს კომპოზიციებში, აქაც არ დავტვირთეთ კომპოზიციები ვოკალით, შესაბამისად ტექსტზე მუშაობაც უფრო გაგვიადვილდა.”


 - საბა ვაშაყმაძე 

MEMORIAL -ის მოსმენისას, როგორც SKAZZ-ის სხვა ალბომების მოსმენის დროს - საკმაოდ რთულია ერთ ადგილას გაჩერდე, რადგან მისი საცეკვაო რიტმი მოძრაობისკენ გიბიძგებს და ამავედრულად, გულში მსუბუქი სევდის გრძნობას დატოვებს, ცოტა ნოსტალგიურს, ცოტა სასიამოვნოს - იმის ანარეკლს რაც შეიძლება მომხდარიყო - როგორც ინდივიდუუმის, ასევე სოციუმის დონეზე - მაგრამ არასდროს მომხდარა. 

აქვე აღსანიშნავია, რომ SKAZZ-მა ქვეყნის საზღვრები გაარღვია და ნოემბერში გერმანიაში ორ კონცერტს ჩაატარებენ. 18 ნოემბერს ბენდი ბერლინში დაუკრავს, 19 ნოემბერს კი - ლაიფციგში.

ავტორი: ეკატერინე ხარბედია