“ალიონი” — Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდი ონიდან

სექტემბერი 15, 2022

ალიონი განთიადია, დრო, როცა ყველაფერი იღვიძებს და ნათდება. სოციალურ საწარმო “ალიონსაც” ასეთივე მისია აქვს — სურს, სინათლე და ახალი სიცოცხლე შეიტანოს ონში, რაიონში, რომელიც, მათივე თქმით, ცოტათი მივიწყებულია.


“იდეა დიდი ხანია, არსებობს და ვმუშაობთ მასზე. უნივერსიტეტის დამთავრების და ონში დაბრუნების შედეგ გარკვეულ დონემდე განვახორციელეთ კიდეც, ორგანიზაცია “რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეასთან” ერთად” — გვიამბობს მეგი გუტაშვილი, ალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 

იდეა, რომელზეც მეგი საუბრობს, ონში ახალგაზრდული სივრცის შექმნას გულისხმობს. სივრცე მრავალფუნქციური იქნება და ონის მუნიციპალიტეტში მრავალ პრობლემას გადაჭრის. პრობლემები კი, როგორც სოციალური საწარმოს დამფუძნებლები ამბობენ, ბევრია და ამას ახალგაზრდობის სააგენტოს და PMC კვლევითი ჯგუფის მიერ ჩატარებული არაერთი კვლევაც მოწმობს. 

საწარმოს დამფუძნებლები და კვლევებში მონაწილე ახალგაზრდები აღნიშნავენ, რომ ონში, პრაქტიკულად, არ არსებობს ადგილი, სადაც ახალგაზრდები შეიკრიბებიან, გაიგებენ მეტს არაფორმალურ განათლებაზე, გაივლიან საკუთარ საჭიროებებზე მორგებულ ტრენინგებს, შეძლებენ სოციალიზაციას და საკუთარი თავის რეალიზაციას.


სწორედ ამ და კიდევ არაერთი საკითხის მოსაგვარებლად იქმნება “ალიონი”, რომლის მიზნებს შორის ახალგაზრდებში უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, თვითმმართველობის საქმიანობაში მათი ჩართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, შესაბამისად, თანამედროვე ცხოვრების რიტმისთვის ფეხის აწყობა და რეგიონიდან მოსახლეობის გადინების შემცირებაა.

როგორი იქნება ახალგაზრდული სივრცე “ალიონი”?

პრობლემებზე საპასუხოდ, მეგი გუტაშვილი, ნანა მაისურაძე და მარიამ მაისურაძე გეგმავენ, შექმნან ისეთი სივრცე, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სატრენინგო, სამუშაო და საგამოფენო სივრცეებით, ბიბლიოთეკით და სხვა საჭირო ინვენტარით. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება უცხოურ თუ საქართველოში არსებულ ახალგაზრდულ ცენტრებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების და გასვლითი ტურების მოწყობა, ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და სხვა.

“ონის მუნიციპალიტეტი მხარს გვიჭერს ახალგაზრდებს ინოვაციური იდეების განხორციელებაში. მუნიციპალიტეტმა, ახალგაზრდულ მუშაკებთან და ახალგაზრდობის სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, უკვე გამოგვიყო ერთი ოთახი ონის კულტურის სახლში, რასაც ჩვენი სურვილისამებრ ვიყენებთ. თუმცა მიზნად გვაქვს, უფრო გავფართოვდეთ და დამოუკიდებლად შევქმნათ სივრცე ახალგაზრდებისთვის”, — აღნიშნავენ გუნდში.

გუნდი ახლა აქტიურად მუშაობს პროექტზე. ინკუბაციის პერიოდს კი გეგმების სისრულეში მოსაყვანად იყენებს. 

ალიონი Social Impact Award-ზე

ალიონის დამფუძნებლები აღნიშნავენ, რომ Social Impact Award-ში მონაწილეობის მიღება გადაწყვიტეს გამარჯვებული პროექტების მაგალითების და იმ შესაძლებლობების გამო, რასაც ეს კონკურსი სთავაზობთ. “იდეას უკვე გამოცდილ მენტორთან ერთად ვამუშავებთ. ამასთან, გვეძლევა შესაძლებლობა, გავიცნოთ კიდევ ბევრი წარმატებული ახალგაზრდა, რომლებიც სამომავლოდ ჩვენი პარტნიორებიც კი შეიძლება გახდნენ”, — აღნიშნავს მეგი.

ნანა მაისურაძე, Social Impact Award-ის ფინალისტი

გუნდს Social Impact Award-ისგან დიდი მოლოდინები აქვს. “ველით, რომ გავაფართოებთ სანაცნობო წრეს, მივიღებთ რჩევებს გამოცდილი ადამიანებისგან და ცოდნას, რომელიც კიდევ ბევრ საგრანტო კონკურსში გაგვამარჯვებინებს. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის დასრულების შემდეგაც წარმატებულები ვიქნებით”, — ამბობს ნანა მაისურაძე.

მარიამ მაისურაძის თქმით კი, Social Impact Award-ში მონაწილეობამ უკვე შესძინათ საინტერესო გამოცდილება — გუნდმა სრულიად დამოუკიდებლად შეძლო პროექტის წარდგენა. “ეს არის პროექტი, სადაც ნებისმიერს შეუძლია წარმოადგინოს იდეა ისე, როგორსაც თვითონ ხედავს. გულწრფელი მიზნებით შევძელით, რომ 110 აპლიკანტიდან ჩვენი იდეა ფინალისტად დასახელებულიყო. ეს ძალიან დიდი მხარდაჭერაა Social Impact Award-ის ჯგუფისგან, რაც, თავის მხრივ, მოტივაციას და თავდაჯერებულობას გვმატებს”, — აღნიშნავს ის.

ნანა მაისურაძე, Social Impact Award-ის ფინალისტი

მენტორობა და სამომავლო გეგმები

ინკუბაციის ეტაპზე გუნდის მენტორი UNDP-ის პროექტის მენეჯერი, გვანცა ირემაშვილია. მისი თქმით, ამ სივრცეს რეგიონისთვის ზუსტად ისეთი დატვირთვა და ფუნქცია ექნება, როგორიც მისი სახელი — ალიონია.

“ალიონი სინათლის შემტანი იქნება იმ საზოგადოებაში, სადაც იგი იქმნება. იგი შეძლებს ახალგაზრდების გააქტიურებას, მათ ჩართვას მოქალაქეობრივ ცხოვრებასა და ადგილობრივი პოლიტიკის დაგეგმვაში; მხარს დაუჭერს ახალგაზრდა მეწარმეებს და დაეხმარება პროდუქციის რეალიზაციაში. აქ შეიქმნება ბიბლიოთეკა, გაიმართება ფილმების ჩვენება, რაც მთავარია, მისი დახმარებით გააქტიურდება დისკუსია საზოგადოებრივ, პოლიტიკურ, ადამიანის უფლებების თუ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე”, — აღნიშნავს გვანცა.

მენტორი აღნიშნავს, რომ გუნდი კვალიფიციურია, აქვს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის გამოცდილება და რაც მთავარია, მზად არის, ადგილობრივებს — ნებისმიერ მეწარმეს, ორგანიზაციას თუ ახალგაზრდას, გაუზიაროს ინფორმაცია გრანტების მოზიდვის თუ ფანდრაიზინგის პრინციპებზე. 

“ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გაძლიერდებიან არა მარტო თვითონ, არამედ შექმნიან ჰაბს, რომელიც რეგიონს გამოაცოცხლებს”,

 — ამბობს გვანცა.

გუნდს კი მართლაც დიდი გეგმები აქვს: “ჩვენ ონში შევქმნით ახალგაზრდებისთვის სივრცეს, რომელიც იქნება მრავალფუნქციური, შევძლებთ შემოსავლის მიღებას ჩვენი სივრცის დახმარებით და გამოვაჩენთ იმ ახალგაზრდებს, რომელთა ნიჭიც ჯერჯერობით ჩრდილშია. რაც მთავარია, გვინდა დავეხმაროთ ახალგაზრდებს თვითრეალიზაციაში, თვალსაჩინო გავხადოთ მათთვის ის ფაქტი, რომ სრულიად დამოუკიდებლადაც შეუძლიათ, იყვნენ წარმატებული”, — ამბობენ ალიონის დამფუძნებლები.

Social Impact Award ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო პროგრამაა სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციისთვის. იგი ერთდროულად 20-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება, საქართველოში კი 2017 წლიდან Impact Hub-ის ორგანიზებით და თიბისის პროგრამა სტარტაპერის მხარდაჭერით იმართება.

ავტორი: იანა კოხოძე

ფოტო: საბა შენგელია