ლიტერატურა სიახლეები

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.

„საბა“

მაისი 21, 2025

ლაშა ბუღაძის „საქართველოს სახელით“ ამ ავტორის პირველი წიგნი არაა, სადაც იგი ისტორიის შეფასებას ცდილობს, თან ისეთი ამბების, რომელთაც დიდი დრო არ გვაშორებს, რომ ობიექტური აღქმა და რეცეფცია შევძლოთ.


მიუხედავად მცირე დროითი დაშორებისა, მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ავტორის სუბიექტურ ხედვას ვკითხულობთ და ამბებიც უკიდურესად პირადია, ზოგჯერ მეტისმეტადაც კი - ლაშა ბუღაძე უცნაურად ახერხებს, რომ ობიექტური იყოს.

„ლაშა ბუღაძის რომანი „საქართველოს სახელით“ 80-90-იანი წლების საქართველოს ავტობიოგრაფიაა. მთხრობელი, რომელიც ერთდროულად ავტორის პროტოტიპიცაა და კომუნისტური ეპოქის მიწურულის საქართველოსიც, გვიყვება მნიშვნელოვან მოვლენებზე, რომლებსაც როგორც ქვეყნის, ისე პირადად მის ცხოვრებაში გარდამტეხი მნიშვნელობა ჰქონდა.“ - ვკითხულობთ წიგნის ანოტაციაში.

სანამ წიგნის კითხვას დავიწყებ, ჩვევად მაქვს, სხვადასხვა ციფრულ პლატფორმაზე წავიკითხო მკითხველთა აზრი, იქნება ეს ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“ თუ პოპულარული „გუდრიდსი“, სადაც, როგორც წესი, მკითხველები ძალიან გულწრფელად აფასებენ წიგნებს. თანამედროვე ციფრული სამყაროს მთავარი „ფუფუნება“ ხომ სწორედ ეს არის - გაიგოს სხვა მკითხველის შთაბეჭდილება. ამიტომ სანამ წიგნის განხილვაზე გადავალ, სწორედ მკითხველის ერთ მოსაზრებას თუ შთაბეჭდილებას გაგიზიარებთ:

„ეს წიგნი ისტორიული ნაშრომი არ არის, თუმცა წლების შემდეგ ალბათ მეტ მნიშვნელობას შეიძენს. დისტანციიდან უფრო გამარტივდება ტყუილ-მართლის გარჩევა იმ ეპოქაზე, რომელიც ჯერაც არ გვაქვს გადააზრებული. თვითმფრინავის გატაცება, 9 აპრილი, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მალევე შუაგულ თბილისში გაჩაღებული ომი იმდენად ახლახან იყო, რომ დაუჯერებელიც კი არის. ნუთუ ახალგაზრდა მწერალი უკვე არსებობდა მაშინ? მკითხველების უმეტესობაც? ამ ქუჩებში ჩვენც დავაბიჯებდით და ამ წიგნის გმირების პროტოტიპებიც? როგორ გადავრჩით? როგორ არ გავიქეცით ამ ქვეყნიდან? ალბათ საქართველომ არ გაგვიშვა, რომ მისი სახელით გველაპარაკა, გვეფიქრა, გვემოქმედა...“ - წერს ერთ-ერთი მკითხველი, ნათია მორბედაძე, შეიძლება საქართველოს სახელით ლაპარაკი დაგვევალა, ან მისმა მოქალაქეებმა დავივალეთ, დავიბრალეთ, რომ საქართველოს სახელით ვლაპარაკობთ და თან, აუცილებლად ჭეშმარიტებას.

სიმართლე კი იქნებ სხვაგანაა, ამბების ობიექტური მოყოლაში და არა შეფასებაში, რასაც ლაშა ბუღაძე თავის რომანში შესანიშნავად ახერხებს.


რა თქმა უნდა, ლიტერატურის უძველესი არქეტიპია, იმისთვის, რომ სამშობლო და შენი თავი შეაფასო, მას უნდა დაშორდე და სწორედ ასე იწყება თხრობა - მსოფლიოს უმშვიდეს და უდალაგებულეს წერტილში, ქალაქ ბაზელში პერსონაჟი ხვდება მამას, ჩააქვს თავისი სუნი და ხარბად შეისუნთქავს დამხვედრ სუნს.


„აქამდე მხოლოდ ერთი სუნი არსებობდა: ნავთის, ფითილის და ნაცრის, რომელსაც ადამიანის სხეულის სუნი გაექრო.


ორი კვირის შემდეგ მამაჩემმა გამიმხილა, რომ როცა გადამეხვია, ნაცრის მსგავსი სუნი ეცა ჩემგან – თითქოს ფერფლიდან აღმოვცენებულიყავი, – და არა დაუბანლობის, რადგან რომც არ მებანავა, ჩემს სხეულს არც არაფერი ებადა, რაც ასაქოთებლად გამოდგებოდა.


სულ რაღაც დღე-ნახევარში და აქ ჩამოსვლიდან სამიოდე საათში სხეულს ჩემივე სუნი და მეხსიერება დაუბრუნდა– გამქრალი 1992 წლიდან, ისევე როგორც ცივილიზაციური სიწითლე ფერმკრთალ სახეს...“


და ასე იწყება ამბავი-იწყება მშობლების შერჩევით, ჯერ მამის, მერე „უკეთესი ცხოვრების მოლოდინისგან დაღლილი არსების“, დედის, მერე ყველაფერი ტრადიციულად გრძელდება, ბავშვი ჩნდება, იზრდება, ოღონდ ერთი დიდი პრობლემაა, „ზრდა ზრდის გარეშე“ -საბჭოთა ყოფის საუკეთესო თვალსაჩინოება:


„სამზარეულოს კარის ჩარჩოზე ან კედელზე ბავშვის სიმაღლეში ზრდის მონაცემებია ჩამოწერილი, ან უბრალოდ ხაზი, რომელიც თავს ზემოთ გაუსვეს კედელთან დგომისას, რაც სასიამოვნო მტკიცებულებად დარჩება იმ დრომდე, ვიდრე მზარდი გარდატეხის ასაკს არ მიაღწევს და გაუნძრევლად დგომა არ მოჰბეზრდება, ან სანამ სახლს სარემონტოდ არ შეაშველებენ ხელს, ზრდის პროცესი ისტორიის მოძრაობის დამოუკიდებლად მიმდინარეობს, რადგან, მართალია, ადამიანი დაიბადა და იზრდება, მაგრამ იმას ვერაფრით ვიტყვით, რომ ისტორია მოძრაობს, ისტორია ადგილზე დგას (1977-86 წლის შთაბეჭდილებით): ესაა ზრდა ზრდის გარეშე.“


ამბები იცვლება, პერსონაჟი, რომელიც თან ბიჭია და თან ქვეყანა, იზრდება, იცვლება, სწავლობს, შეყვარებულია, ოჯახი ირღვევა, მშობლები ცალ-ცალკე სამყაროს - ცალ-ცალკე ოჯახებს ქმნიან, სადაც ჩნდებიან ბავშვები - ერთდროულად ყველაზე ახლობელი და ამავე დროს, ყველაზე შორეული და-ძმები.

„რა უნდა იღონო, როცა კედელთან დგახარ და არ იცი, რომელ მხარეს ჩაჰყვები ნგრევისას, როცა ხედავ, როგორ მიდი-მოდის შენ წინ მოყანყალე სამყარო – გეგონება, დახეთქილ-დაფუშულ ბორბლებზე იდგეს. ჩემი ცენტრალური გამზირი უმოძრაოა, ტროლეიბუსისა და ავტობუსის გაჩერებები უსაყვედურო მოლოდინით ელიან მოუსვლელ ტრანსპორტს, საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკა სევდიანია, მაგრამ მე კარგ ხასიათზე ვარ – მყარად ვდგავარ და გარშემო ყველაფერი ცახცახებს.“

გარეთ ცხრა აპრილია, მერე პირველი პრეზიდენტი, მერე ამ ერთგვარი სტატიკური ზრდის რღვევა, მერე არეულობა, ცვლილებები, ამ ცვლილებების ახსნისა და მოყოლის გზები, სხვადასხვა პერსონაჟთა თვალთახედვა, სხვადასხვა პოზიცია, სხვადასხვა გააზრება, და, რაც მთავარია, ყველა საქართველოს სახელით.


ცხრა აპრილის მეორე დღე, მომწამვლელი ყვავილები, როგორც ძალადობის ყველაზე ზუსტი ილუსტრაცია:


„ყვავილები, ფენებად რომ ელაგა მთავრობის სახლის წინ, სამხედროების მიერ გაშვებული მომწამვლელი ნივთიერებით ყოფილა გაჟღენთილი, სუნი, რომელიც ვარდებს, ენძელებს და იებს უდიოდა, სასუნთქი ორგანოების დამახშობელ-მწველი ქიმიური იარაღი იყო, თავის და ყელის ამატკივებელი, ცეცხლად მოდებული ხორხში და შუბლქვეშ, მიწაში გაჟღენთილი და ზევით, ჰაერში ასული მშრომელ წყვილთა ქანდაკებებამდე, ბუჩქებსა და შადრევნის წყალში შერეული, როგორც რადიაცია, დამაავადებელი ან საერთოდ მკვლელი საწამლავი – ნიჩბების და რეზინის ხელკეტების დამხმარე იარაღი, დამალული, უარყოფილი და მთელ პროსპექტზე გავრცელებული, ჯერ დემონსტრანტების, შემდეგ სხვების მიერ შესუნთქული, შესრუტული და გადაყლაპული მზით გაცხელებული ყვავილებიდან, გვირგვინებიდან, დაწნულ-დეკორატიული წმინდა ნინოს ჯვრებიდან, თაიგულებიდან, რომელიც ცრემლთან, ოხვრა-კვნესასთან, სიმღერებთან და ლექსებთან ერთად შესულიყო ნესტოებში, ყურის ნიჟარებში, თვალებში და ფილტვებში, როგორც დამსჯელის პასუხი“.

შემდეგ კი სამოქალაქო ომი, როგორც სამყაროს ნგრევა, როგორც დილა ძველი სამყაროს ნანგრევებზე. კითხულობ ამ ეპიზოდს და გახსენდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შენც იმ დროს ცხოვრობდი, მაინც არაფერი იცი ამ ყველაფრის შესახებ, რადგან ჯერ არავის უცდია სიმართლე მოეყოლა“:


ისე ვიყურებოდით აქეთ-იქით, გეგონება, ღია ცის ქვეშ მოწყობილ მუზეუმში ვყოფილიყავით, სადაც გორებად მოექუჩებინათ გადაშენებული სამყაროს ნარჩენები და ახლა პროფესიონალების თვალით უნდა შეგვეფასებინა სხვათა ნახელავი ბოროტი კარიკატურები: აი, რა დარჩა პრეზიდენტის გაქცევის შემდეგ. ეს, რაც ჩანდა...

და რაც არ ჩანდა – ათობით მოკლული... ორივე მხრიდან, ისევე გამქრალები, მალევე დავიწყებულები და უინტერესოები, როგორც 1956 წლის 9 მარტს დახვრეტილები.“

ლაშა ბუღაძის ეს რომანი საჭიროზე საჭირო წიგნია, ახლო წარსულის თუ აწმყოს აღსაწერად და შესაფასებლად, იმისთვის, რომ ქვეყნის სხეულზე დამჩნეული ჭრილობები აღინუსხოს, იმისთვის, რომ საქართველოს სახელით საქართველოს შესახებ სიმართლის ლაპარაკი გახდეს შესაძლებელი.