ლიტერატურა სიახლეები

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

„საბა“

ოქტომბერი 18, 2024

წლის საუკეთესო ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის ნომინაცია ყოველ წელს მკითხველის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ნამდვილი ამბები, ავტორის ხედვის სპექტრი, მოგზაურობა, გამოცდილება, სოციალური თუ პოლიტიკური პერსპექტივა თანაგანცდისა და თანაგაზიარების სულ სხვაგვარ საშუალებას იძლევა.

ქართული ლიტერატურაც სულ უფრო და უფრო მდიდრდება ამ ჟანრის წიგნებით, შესაბამისად, ნომინაციაც წლიდან წლამდე სულ უფრო საინტერესო ხდება.


2024 წლის ნომინაციის თარო ასე გამოიყურება:

1.    არჩილ ქიქოძე

„ინდოეთის დღიური“

(სულაკაურის გამომცემლობა)

არჩილ ქიქოძე, როგორც განუმეორებელი მთხრობელი, ძალიან უყვარს ქართველ მკითხველს. როცა არჩილი ყვება, შეუძლებელია მის ტექსტს არ გაჰყვე, თუნდაც ზოგჯერ გზას გადაუხვიოს, მერე გადმოუხვიოს, თემას ასცდეს და მერე სრულიად შესანიშნავი გზით დაუბრუნდეს. ინდოეთის წიგნიც ასეთია, ადამიანებითა და მოვლენებით სავსე, მაგრამ ძალიან სუბიექტური, აქ ავტორი ყველგანაა, ის პატარა ბავშვივით ასდევნებია შენს გზას და ზოგჯერ შენთვის სრულიად შეუმჩნეველ რამეს დაგანახებს.


„მგონი, ხშირ-ხშირად უნდა შევახსენო საკუთარ თავს, რომ ჩემი წიგნი ინდოეთზეა...ჰოდა, რამ გამაოცა ინდოეთში და – ველური ბუნებისა და ადამიანის ერთმანეთთან მიჯრით თანაცხოვრებამ. მართალია, ბევრი რამ აქაც განადგურდა და ამაზე მოგვიანებით დავწერ, მაგრამ ეს თანაცხოვრება მაინც თვალშისაცემია. ორ თებერვალს სასტუმროს ტერასაზე ბარი გაიღო და ყოველ საღამოს, სანამ რომელიმე მდიდრულ წვეულებაზე წავიდოდით, მე და ნაილი იქ ვხურდებოდით ლუდით, თავზე კი მფრინავი მელიები დაგვტრიალებდნენ. ეს ძალიან უჩვეულო სანახაობა იყო, მტაცებელი ფრინველისხელა ძაღლისთავიანი ღამურები – სრულიად უწყინარი ვეგეტარიანელი არსებები, მაგრამ შუა ქალაქში, ამ რაოდენობით... დღისით ძერები და სხვა ფრინველები პირდაპირ ჩემი ოთახის ფანჯრის რაფაზე სხდებოდნენ, ოღონდ ჩვენი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს შუშები, ეტყობა, არასოდეს გაეწმინდათ და ფრინველების მხოლოდ ბუნდოვან სილუეტებს ვარჩევდი.“

2.    დალილა ცატავა

„გასტრონომიული სიზმრები“

(ინტელექტი)

გასტრონომიული მკვლევრის, დალილა ცატავას „გასტრონომიული სიზმრები“ ქართული სამზარეულოს, ეთნოკულტურული მახასიათებლების, ისტორიული გამოცდილებისა თუ თანამედროვე ექსპერიმენტების, ქართული გემოსა და ქართული ხასიათის ფართო სპექტრს წარმოადგენს. რა არის გემო და მისი მეხსიერება? როგორ გვაკავშირებს ის დაკარგულ, მაგრამ დაუვიწყარ ადგილებთან, როგორი იყო ქართული კულტურის გემრიელი გამოცდილება და როგორია ის დღეს? ეს თავბრუდამხვევი და გემრიელი წიგნი ქართული კულინარიისათვის მიძღვნილი ერთგვარი რომანია, რომელიც ჩვენი ქვეყნის შესახებ ბევრ უცნობ ფაქტს გაგვიმხელს, ხოლო ნაცნობს კიდევ ერთხელ, სხვაგვარად გაგვააზრებინებს.


„რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მოგონება, ტკბილი და სანუკვარი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სევდა“ – წერს დალილა ცატავა თავის წიგნში, რომელიც ყველა იმ შეგრძნებისა და ემოციის საცავია, ადამიანს რომ ადამიანად აქცევს, პროდუქტებისა და ნივთიერებების ქიმიურ ზავს კი – ჯადოსნურ პროცესად.

3.    ზაზა ბურჭულაძე

„ჩემი სიმღერა“

(სულაკაურის გამომცემლობა)

ზაზა ბურჭულაძის „ჩემი სიმღერა“ ერთი გაბმული რომანსია მუსიკაზე. 


„მოუსმინე და მიხვდები, ჯარეტი მუსიკაში ცხოვრობს, ცოცხალ შესრულებაში. ვუკრავ, მაშასადამე, ვარსებობ. მაშასადამე, ვკვდები. იგი ნამდვილად არ ცხოვრობს სიკვდილში, ეს უკვე ნამეტანი იქნებოდა, არამედ ცხოვრობს, როცა კვდება. მისთვის პროცესია მთავარი და არა – შედეგი. 


ხშირად ერთ ამბავშია, თითქოს მუსიკაში ეძებს სხვა მუსიკას, სადაც კიდევ სხვა მუსიკა ეგულება, და ასე უსასრულოდ, ქექავს და ქექავს, ცდილობს თემის მოხელთებას, ფრთხილად იწყებს, გეგონება, ბომბს განაღმავსო, და თითქოს ის-ისაა, უნდა მოიხელთოს კიდეც, მაგრამ ამაოდ, თემა თითებს შორის ქვიშასავით ეცლება. თითქოს ცდილობს, თვითონ სულ გაქრეს და მუსიკა დარჩეს. ანუ მუსიკაში გადავიდეს, გადაცხოვრდეს, გადაიზარდოს. ამ დროს თვითონაც წვალობს, შენც გაწვალებს. ეგაა, ამ ტანჯვებისას ისეთ სივრცეებში გაიჭრება ხოლმე ოხვრა-ვაებით, მარტო ამ ტანჯვებად ღირს ყველაფერი. „


- თუ წიგნიდან ამ ამონარიდში ჯარეტს ბურჭულაძით შევცვლით, ხოლო მუსიკას - ენით, მივიღებთ ზაზა ბურჭულაძის პროზის ყველაზე საუკეთესო ახსნას, ილუსტრაციას და მისი სიმღერით ტკბობაც უფრო შთამბეჭდავი იქნება.

4.    ლევან ბერძენიშვილი

„ჩვენები - ქართველები ბერძნულ მითოსში“

(არტანუჯი)

‘‘საქართველოში თითქმის არავის აქვს წარმოდგენა იმაზე, თუ რა კვალი დავტოვეთ მსოფლიო ლიტერატურაში. მძიმე ამბავია, მით უფრო, რომ დაღარულია ჩვენი ნაკვალევით ანტიკურობა! 


ქართველი პერსონაჟი გვხვდება ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთ პირველ ნაწარმოებში, თანაც კირკე არც უმნიშვნელო და არც მეორეხარისხოვანი პერსონაჟი არ არის! ანტიკურობაში, ლიტერატურაში, წამლებთან, ჯადოსთან, საწამლავთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. კირკე, ჩვენი პირველივე წარმომადგენელი, გრძნეული ქალია. მასზე დიდ ჯადოქარს ჰომეროსის ნაწარმოებებში ვერსად შეხვდებით!


კირკე გამორჩეული ქართველი პერსონაჟია, თუმცა მსოფლიო ლიტერატურაში არ არსებობს მედეაზე უფრო მნიშვნელოვანი სახე. და მთელ მსოფლიოში, ყველამ, ვისაც არგონავტების მითი წაუკითხავთ, იცის, რომ მედეა ქართველია.


მსოფლიოსგან განსხვავებით, ქართველებმა ალბათ ისიც ვიცით, რომ კოლხი, ანუ ჩვენიანია − აიეტესი, მედეას მამა, აფსირტოსი − მედეას ძმა და ქალკიოპე, მედეას და. ჩვენი ცოდნა ძირითადად ამით შემოიფარგლება... არადა, საქართველოში დგამენ "ფედრას" და წარმოდგენა არ გვაქვს, რომ პიესა დედით ქართველი ქალის ტრაგედიაზეა! არც ის ვიცით, რომ ფედრას და − არიადნე, რომელსაც "გორგლით" ვიცნობთ, ასევე დედით ქართველია, ისევე როგორც მისი ნახევარძმა − მინოტავროსი... ანკი როგორ გვეცოდინება, როდესაც მათ დედას, ლეგენდური მეფე მინოსის ცოლს − პასიფაეს არ ვიცნობთ კოლხად, არადა ის ხომ აიეტესისა და კირკეს დაა!“


- ლევან ბერძენიშვილი თავისი განუმეორებელი ერუდიციით გვაცნობს ქართველური წარმოშობის პერსონაჟებს, რომელთაც ძველ ბერძნულ, და, აქედან გამომდინარე მსოფლიო კულტურაზე თავისი შთამბეჭდავი კვალი დატოვეს.

5.    მალხაზ ხარბედია

„შეთხზული „მე““

(პალიტრა L)

ისევე, როგორც ენა და მეტყველება განსხვავდება ერთმანეთისგან და, ამავე დროს, ერთმანეთს მოიცავს, როგორც ზეპირი და დაწერილი ტექსტი წარმოადგენს სხვადასხვაგვარ რეალობას, მიუხედავად, თემატური მსგავსებისა, ასევე, მალხაზ ხარბედიას წიგნში „შეთხზული მე“, ავტორის რეალური და შეთხზული ბიოგრაფია ერთდროულად განსხვავებულია და, ამავე დროს, მსგავსი. „არ ვიცი, ჩვენ ორიდან რომელი წერს ამ ტექსტს“ - ამბობს ბორხესი წერილში „ბორხესი და მე“ და ტექსტად ქცევის საშუალებით საკუთარი თავის შეცნობის შესაძლებლობასა და შეუძლებლობაზე გვესაუბრება.


„წიგნმა, რომელსაც ახლა ვასრულებ, „შეთხზულმა „მე“-მ“, ბოლო 2-3 წლის მანძილზე ყველაფერში შეაღწია, რაც ჩემ გარშემოა. ნებისმიერი სხვა საქმის კეთებისას თუ გართობისას ხანდახან მახსენდებოდა მისი არსებობა, გონებაში რაღაცას ვინიშნავდი, შემდეგ მავიწყდებოდა, თუმცა მოგვიანებით იგივე აზრი ახალ ტალღად ბრუნდებოდა, უფრო შევსებული და გამოკვეთილი ფორმით. ბევრი აზრი კი უკვალოდ იკარგებოდა.


საკუთარი ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია, პირად ამბებზე წერა ხშირად ხსნასავითაა. ბევრისთვის ხსნაა იმიტომ, რომ, რასაც უნდა, იმას დაწერს, როგორც უნდა, ისე გამოიგონებს. ზოგი ნარცისული ოცნებებით მოიოხებს გულს.“ -წერს მალხაზ ხარბედია წიგნის ბოლო თავში.