კულტურა ლიტერატურა სიახლეები

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

„საბა“

ოქტომბერი 28, 2024

თუ პრემიის ნომინაციებს ერთმანეთს შევადარებთ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭირო თარო კრიტიკისა იქნება. თუ ლიტერატურას ყველაზე უკეთ დრო აფასებს, სწორედ კრიტიკაა ის ჟანრი, რომელიც დროის ყველა მახასიათებელს, ნიშანს, მნიშვნელობას ამ დროის კონტექსტში და ასევე, დროის გასვლის შემდეგ აფასებს.

კრიტიკა მკითხველს ეხმარება არ გამორჩეს რამე მნიშვნელოვანი როგორც ლიტერატურული ნაწარმოების, ისე ლიტერატურული ეპოქის შეფასებისას, ამიტომ რამდენადაც მცირე უნდა იყოს კრიტიკის ნომინაციაში წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა, მათი მნიშვნელობა არ იკლებს, მეტიც, უფრო იზრდება.


კრიტიკის ნომინაციის ფინალისტებს შორის წელს ორი წიგნია, ორი ცნობილი მეცნიერისა და ლიტერატურათმცოდნის, გამოცდილი ლიტერატორების კრიტიკული ნააზრევი:

1.    თეიმურაზ დოიაშვილი

“ვარდი ნაწვიმარ სილაში”

(ინტელექტი)

თეიმურაზ დოიაშვილის „ვარდი ნაწვიმარ სილაში“ გალაკტიონ ტაბიძის პოეზიას ეძღვნება. „გალაკტიონოლოგიის“, როგორც კვლევითი ცენტრის და ასევე ქართული ლიტერატურათმცოდნეობის მნიშვნელოვანი და ფართო დარგის ჩამოყალიბება თეიმურაზ დოიაშვილის სახელთანაა დაკავშირებული და ეს წიგნიც, ამ კუთხით მეცნიერის ხანგრძლივი შრომის ერთ-ერთი ნაყოფია.

წიგნში სხვადასხვა მეთოდოლოგიითაა და განსხვავებული სპექტრითაა მიმოხილული გალაკტიონის პოეზია, მისი მსოფლმხედველობა, ბიოგრაფიული დეტალები, მისი პოეზიისა და ცხოვრების საიდუმლო, გენიოსის ტრაგედია და უიღბლობა. წიგნში განსხვავებული თვალსაზრისი შეგხვდებათ გალაკტიონისა და ოლღა ოკუჯავას დრამასა და პოეტის ცხოვრების სხვა ეპიზოდებზე. ტექსტოლოგიური კვლევები პოეტის შემოქმედებით პროცესსა და ცვლილებების გზას აღმოგაჩენინებთ, ერთი მეტაფორის, ერთი ლექსის თუ ერთი კრებულის ისტორიას.


„გალაკტიონის ლირიკაში ღვთაებრივ-დემონური ძალმოსილებით ჩანს ქართული სულის „ხან უფსკრულები, ხან მწვერვალები“. მოგვის, ნათელმხილველის მზერა მსჭვალავს ისტორიას და თანამედროვეობას. გამაოგნებელია ინტიმი ქართულ კლასიკურ პოეზიასთან, ხალხურ ლექსთან, საერთოდ – მსოფლიო ქნართან, კოსმიურ ორკესტრთან!


და მაინც –


გალაკტიონის ჯადოსნობა მარტო ის როდია, რომ მისი ლექსებიდან სამშობლოს გრძნობა უხილავად შემოდის ჩვენში, გვავსებს და შთაგვაგონებს...


ის ქართული ენის სიღრმეებიდან ისეთ მარგალიტებს ამოსტყორცნის, რომ ქართველად ყოფნის ნეტარებას გვაგრძნობინებს, არასრულფასოვნებისგან გვათავისუფლებს, ღირსებას გვიბრუნებს!..“


- წერს ავტორი წიგნის ეპილოგში.

2.    ნონა კუპრეიშვილი

“საშიში ინტერპრეტაციები”

(ინტელექტი)

„საშიში ინტერპრეტაციების“ ხედვის სპექტრი მოიცავს მეცხრამეტე, მეოცე და ოცდამეერთე საუკუნის ლიტერატურული ტექსტებისა და ლიტერატურული ეპოქის გააზრებას, კრიტიკასა და შეფასებას.

წარსულის ტრავმის გადამუშავების პროცესში ლიტერატურა საუკეთესო დამხმარეა, სწორედ ეს არის ნონა კუპრეიშვილის წიგნის მთავარი კონცეპტუალური ხაზი. ლიტერატურის საშუალებით გავიგოთ ქვეყნის ბიოგრაფია, მართლა, სიღრმისეულად გავიგოთ და არა ისე, როგორც ვიკიპედიის ფრაგმენტული ტექსტები გვამცნობს. გავიგოთ და დავსვათ მთავარი კითხვები: რატომ ვივიწყებთ იმას, რაც უნდა გვახსოვდეს და პირიქით, ვერ ველევით იმას, რაც გვკლავს და გვინელებს? რატომ ვიკეტებით უკვე მომხდარ წარმოსახულში და „არ ვეძებთ სიცოცხლესთან ახალ კავშირებს?“. იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარ თავს დავიწყების ტრანსში ჩავარდნის უფლებას ვაძლევთ?“


კრებულის კონცეფციის გააზრებაში კიდევ ერთი ამონარიდი დაგვეხმარება:


„არსებობს ასეთი, საკმაოდ გაცვეთილი სინტაგმა – ლიტერატურა და ცხოვრება. არცთუ ისე შორეულ წარსულში მას უსინდისოდ იყენებდნენ ხელმოცარული მოკალმენი და მათი მფარველი ათასი ჯურის დემაგოგები. სინამდვილეში ნიჭიერებით აღბეჭდილი ნაწერი გაიძულებს ამ მოცემულობის კორექტირებას და საქმეს იმგვარად წარმოაჩენს, რომ ლიტერატურა ყოველგვარი პარალელიზმის კანონების საპირისპიროდ, თვითონაა ცხოვრების ნაწილი, მეტიც, ცხოვრება მწერლის მიერ აღიქმება, როგორც ტექსტი.“


ზაირა არსენიშვილის, საფო მგელაძის, პაატა ცანკაშვილის, ნინო ხარატიშვილის, ნოდარ წულეისკირის, თამთა მელაშვილის, ნიკო სამადაშვილის, აკაკი ბაქრაძის, ბექა ქურხულის, აკაკი წერეთლის, გალაკტიონ ტაბიძის, ვიქტორ ეროფეევის და კიდევ სხვა ავტორთა ტექსტების ავტორისეული რეცეფცია ლიტერატურის, როგორც ცხოვრების ნაწილის თუ თავად ცხოვრების ამოკითხვასა და გააზრებაში გვეხმარება.

როგორია „გაჩერებული დრო“, „კორუმპირებული ენა“, „დისიდენტური ლიტერატურა“, „მკვლელი ტექსტები“, ლიტერატურის ეკოლოგიის შენარჩუნების მცდელობა და, რაც მთავარია, „წერა სიცოცხლის ფასად“-მკითხველი ნონა კუპრეიშვილის არცთუ საშიში „საშიში ინტერპრეტაციების“ საშუალებით გაიგებს.