ლიტერატურა სიახლეები

მკითხველი “წლის საუკეთესო პიესებზე”

„საბა"

აგვისტო 29, 2023

პრემია საუკეთესო პიესის ნომინაციაში საბას დაარსებიდან, 2003 წლიდან გაიცემა. რამდენიმე წლის ჩაგდების მიუხედავად, პრემია დრამატურგების ერთგულ მხარდაჭერად რჩება და გარკვეულწილად, ლიტერატურის ამ გვარის ბედსაც განსაზღვრავს. ლაურეატებს შორის მოხვდნენ ისეთი ავტორები, რომელთაც ხშირად ამოიკითხავთ თეატრის აფიშებსა თუ წიგნის ყდებზე: დათო ტურაშვილი, ლაშა ბუღაძე, თამარ ბართაია, ალექს ჩიღვინაძე, დავით გაბუნია, პაატა ციკოლია, მანანა დოიაშვილი და სხვ. 

წლევანდელი ნომინანტების სია გვარწმუნებს, რომ ჩნდებიან ახალი სახელები, დრამის წერას იწყებენ ცნობილი პროზაიკოსები, ძველები და ნაცნობები კი საქმეს მეტი მონდომებით უდგებიან.

ეკატერინე ტოგონიძე

„ექვსი ნოეს კიდობანი“

(ინტელექტი)

Giorgi Chanturia

ამ ავტორს მკითხველი პროზაული კრებულებითა და რომანებით იცნობს. ტოგონიძეს 2011 წელს მიღებული აქვს საბა, წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში. დრამატურგიაში აქამდე ავტორს ბედი არ უცდია, ამიტომ სწორედ მისი პიესით დავიწყებ.


პიესაში „ექვსი ნოეს კიდობანი“ მოქმედება თეატრის სცენაზე, რეპეტიციისას ხდება. 6 მსახიობი ნოე ჟორდანიას, გასული საუკუნის გამორჩეული პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის სახელს ინაწილებს. შესაბამისად: ერთი ნოე სტუდენტია; მეორეს უკვე პოლიტიკური პარტია აქვს ჩამოყალიბებული; მესამე განმანათლებელია - გაზეთი „კვალისა“ და არალეგალური საგანმანათლებლო ცენტრების შემქმნელი; მეოთხე ინტერნაციონალიზაციის იდეის მხარდამჭერია; მეხუთე ნოე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარე; ბოლო, მეექვსე მსახიობს კი, ჟორდანიას ცხოვრების უმძიმეს პერიოდი, ემიგრაციაში ყოფნა რჩება. ამ ექვსივე ნოეს ერთი გადაწყვეტილება აქვს მისაღები, გამოკვეთოს ის ერთი, განსაკუთრებული ნოე, სიმბოლურ კიდობანში მოხვედრას რომ იმსახურებს. ეს არის გმირებს შორის შეჯიბრის, კონფლიქტის მიზეზი. თითოეულმა საკუთარი თავი ჩინებულად, გადარჩენის ღირსად უნდა წარმოადგინოს. 


თეატრალური სივრცეების იქეთ, პიესა, მისი საგანმანათლებლო ხასიათიდან გამომდინარე, შესანიშნავი მასალაა სკოლებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რათა იმ ხალხს ნამდვილი ამბები ელაპარაკონ, ვისაც ჟორდანიას შესახებ არაფერი სმენია, ან რაც სმენია, არასწორად გაუგია.


ტოგონიძე ახერხებს იმ წარსულისთვის თვალის გასწორებას, მწარედ რომ გვახსოვს. ის წერს მეხსიერებიდან გამქრალ და წაშლილ წლებზე, გვაფიქრებს აწმყოსა და მომავლის ჭეშმარიტ სურვილებზე. წერს ყველაფერზე მკაფიოდ და პოლიტიკურად. 

ამ ნაწილს ნოე ჟორდანიასავით ამ სიტყვებით დავასრულებ: „გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას!“. 

ბასა ჯანიკაშვილი

„ვთამაშობთ „გამზრდელს““

(ჟურნალი „პირველი სხივი“ N5)

ეს პიესა ყველასთვის კარგად ნაცნობი სიუჟეტის გათანამედროვებული ვერსიაა. ლიტერატურულ თუ თეატრალურ სივრცეში, ძველი ტექსტების გაახლება და გადაწერა უკვე გამოცდილი მეთოდია. ასე პერსონაჟებს ჩვენთვის უფრო ნაცნობი პრობლემები უჩნდებათ, გასაგები ენით ლაპარაკობენ და ქცევითაც მეტად გვემგვანებიან, ავტორებს კი გამზადებული ნიადაგი აქვთ მაყურებელთან თავიანთი სათქმელის მისატანად.


მიუხედავად იმისა რომ ბასა ჯანიკაშვილის ტექსტში ყველაფერი ერთი შეხედვით ასეა მოწყობილი, სადღაც შუასკენ, პერსონაჟები, რომლებსაც თითქოს უკვე უნდა ვიცნობდეთ, სწრაფად უცხოვდებიან. პროტაგონისტები და ანტაგონისტები თავთავიანთ ამბებში იკეტებიან. რჩება მხოლოდ ამბავი და ისიც უგმირო. 

თამარ ბართაია

„შავ-თეთრი“

(ჟურნალი „პირველი სხივი“ N4)


თამარ ბართაიას წლევანდელ ნომინანტებს შორის ყველაზე დიდი გამოცდილება და უხვი ბიბლიოგრაფია გამოარჩევს. დრამატურგის წლევანდელ ტექსტში ბართაიას მუდმივ მკითხველებს/მაყურებლებს ყველა ის კომპონენტი დახვდებათ, რის გამოც მოსწონთ და აფასებენ მას: ნამდვილი, ადამიანური ამბები, ახალგაზრდობა, გრძნობები და ყველა ის წელი, სიგარეტის მოსაწევად გასულ გმირს, ფიქრში ჩაატევა რომ შეუძლია.


უშურველი მოცულობის პიესას, რომელიც ხანდახან რომანივით იკითხება, ორი პერსონაჟი ჰყავს. მათი სიყვარულის ამბავი დიდხანსაა მოდებული. პერსპექტივაც ორია - ერთ ამბავს, ქმედებას, ნათქვამს, ორივეს პირით ვისმენთ, ამიტომ მუდმივად იმაზე მეტი ან იმაზე ადრე ვიცით, ვიდრე ნენემ და აკამ. არის ამაში რაღაც ირონიული, დრამატულად ირონიული, ოღონდ ფინალამდე.

ბესო ხვედელიძე

“მარი ხუანით”

(აგორა)

ბესო ხვედელიძესაც, წინა ნომინანტის მსგავსად დიდი ხანია იცნობენ. ავტორს დამახასიათებელი თემატიკა და სტილი აქვს. „მარი ხუანით“ საახალწლო პიესაა, ამას კითხვის დაწყებამდე, სათაურის ქვეშ წაიკითხავთ. პიესა ერთი პერსონაჟის მონოლოგით იწყება და მთავრდება, ამ მცირე ნაწილებს შორის კი რამდენიმე პარალელური ხაზია გაშლილი.


ნაწარმოებს ერთმანეთისგან განსხვავებული, შეუთავსებელი პერსონაჟები, სამეტყველო ენა და მანერა ავსებს. მაგალითად ტექსტის დიდ ნაწილს მკვეთრად მასკულინური, ბანდიტური ხასიათი აქვს, ნაწილს კიდევ უმწიკვლო, ნაივური. ეს და მრავალმხრივ დანაწევრებული სიუჟეტი პიესის კომიკურ განვითარებას განაპირობებს. მთელი ტექსტი ასეთია, მოსალოდნელად კომიკური. ამას თუ ვერ წაიკითხავთ, ხშირად ნახავთ ქართულ თეატრში, სადაც მსახიობები გადამეტებული ექსპრესიით ცდილობენ დარბაზის გაცინებას. ასეა, თუ ავტორს თქვენი გაცინება გამოუვა, მაშინ გამოდის, რომ პიესას თავისი მკითხველი ჰყავს. 

ვალერი ოთხოზორია

„წმინდა ნაწილები“

(saba.com.ge)

ეს პიესა წაკითხვამდე სამეფო უბნის თეატრის სცენაზე მაქვს ნანახი, ვინაიდან დრამას სცენისთვის და სცენაზე ცოცხლად სანახავად წერენ, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ სხვა ნაწარმოებებთან შედარებით, აქ დაუფარავად მიკერძოებული ვიქნები. 


ოთხოზორიას პიესის პერსონაჟივით სულ სხვა ტკივილები აწუხებს და სულ სხვა ტკივილებზე ლაპარაკობს, მაგრამ ყველაფერი, რასაც პიესაში წაიკითხავთ ან სცენაზე ნახავთ, სინამდვილეში საკუთარი ხუთი თითივით ნაცნობი, შინაური და მშობლიურია. რომელმა ცნობილმა მხატვარმა თქვა, ყველაფერი რისი წარმოდგენაც შეიძლება, რეალურად არსებობსო?!


ავტორს გამორჩეული ნიჭი აქვს - წერის არაამქვეყნიური უნარი, რომლის დამსახურებით, შეუძლია ტექსტი საგალობელივით წეროს, მერე უცებ ბოდვაში გადაზარდოს, იყოს თან პოეტურად მელანქოლიური, ფილოსოფიურად სევდიანი (ასეთია ნაზი, მთავარი გმირი), სასტიკი და თან მუცლის ატკივებამდე სასაცილო. რადგან ასეა, მის ტექტებს ალბათ ბევრჯერ წავიკითხავთ და ვნახავთ სცენაზე.

ავტორი: გიკა მიქაბაძე

ფოტო: მარიამ მუმლაძე