აგვისტო 22, 2023
“საუკეთესო პროზაული კრებულის“ ნომინაცია ყოველთვის საინტერესო და განსაკუთრებულია. რამდენნაირი ისტორია არ მოხვედრილა ამ სიაში, ყველა სხვადასხვანაირად, გულითადად მოთხრობილი, რამდენი პერსონაჟი, ნივთი და ატმოსფერო გამხდარა ჩვენი- მკითხველების ერთგული მეგობარი და თითქოს მაინც, რაღაც გამოარჩევს ამ ნომინაციას სხვა დანარჩენისგან და ყოველთვის შეგვახსენებს, რომ ეს მცირე ფორმით გადმოცემული დიდი ამბები ძალიან, ძალიან ღირებულია.
მიუხედავად იმისა, რომ პრემია „საბას“„საუკეთესო პროზაული კრებულის“ მოკლე სიაში წელს მხოლოდ ორი წიგნია წარმოდგენილი, თითოეული მოთხრობა თუ მინიატიურა იმდენად მნიშვნელოვან ამბავს იტევს, რომ არჩევანის გაკეთება სულაც არ იქნება მარტივი. აღსანიშნავია ისიც, რომ ორივე ავტორი აქამდეც ყოფილა ნომინირებული საბაზე სხვადასხვა წელს.
ნინო თარხნიშვილი
„სიცოცხლის დაზღვევა“
(ინტელექტი)
ვითომდა უმნიშვნელო, შეუმჩნეველი ყოველდღიური ამბები, რომლებიც სულ ჩვენ გარშემოა, ხან მძაფრად იქცევს ყურადღებას, ხანაც პირიქით, სულაც არ ვინახავთ მეხსიერებაში - ზუსტად ამ ამბებს ვკითხულობთ ნინო თარხნიშვილის ოდებსა და მინიატიურებში. თამამი, გულახდილი და ღიად მოყოლილი ამბებით, თან გგონია ავტორის პირად დღიურს კითხულობ, თან საკუთარ თავშიც ეჭვი შეგაქვს - ეს ამბები მეც ხომ ზუსტად ასე გადამხდენია, ზუსტად იგივე გამიფიქრებია და იქნებ სულაც ჩემს დღიურს ვკითხულობო? კი, ყველას გადაგვხდენია, მაგრამ ამბის გადმოცემის ხელოვნება არის ზუსტად ის, რაც ამ კრებულს გამოარჩევს იმ ამბებისგან, რომლებიც გონებაში გვაქვს დალექილი. თითო მინიატიურის წაკითხვის შემდეგ, ზუსტად იმდენი დრო გჭირდება ჩასაფიქრებლად, რამდენიც კითხვის პროცესს დაუთმე და ესეც იმისთვის, რომ ხორცი შეესხას და ისევ თვალწინ გაგიცოცხლოს გონებაში ღრმად ჩალექილი მოგონებები, კიდევ ერთხელ შეგახსენოს თავი. დედა, მამა, ავტობუსი, სიღარიბე, სიკვდილი, აღდგომა და სხვა ყველაფერი, სევდა, ემპათია, ირონია, რუტინა და სხვა დანარჩენი. თუ გიფიქრია, რომ ყველაზე ღარიბი დღე ხელფასის დღეა და თუკი გაგჩენია კითხვა - კალატოზები რომ დგანან და აშენებენ სხვების სახლებს, ნეტა თვითონ როგორი სახლები აქვთო? ამ კრებულსაც ზუსტად ისე გადაიკითხავ, როგორც შენს დღიურს და თან გაგიხარდება, როგორ კარგად და მელოდიურად შემძლებია მოყოლაო.
ლუკა ბაქანიძე
“რომელი ხარ სარდაფსა შინა”
პალიტრა L
ამბობენ, რომ ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. ამ კრებულში მისი თხრობის სტილი იმდენად გვიმარტივებს სიუჟეტის აღქმას, რომ ყველა პერსონაჟის მოძრაობას ვხედავთ, ნაბიჯებს მივყვებით, ხან ძაღლებს ველაპარაკებით და ხანდახან კარის ჭრაჭუნის ხმაც კი გვესმის, ან იარაღის სროლის. ვხედავთ სიღარიბეს, სევდას და ძალიან ნამდვილ, რეალურ, ჩვეულებრივ ადამიანებს. ისეთ ადამიანებს ვხედავთ, როგორიც ვიგოა, უბრალოს და ცოტა ბეჩავს. “და მერე რო მოკვდასაც“ ვაკვირდებით და „მისი ჩათვლით რომ იყვნენ ხუთნი“, მათი ყოფაც შემოგვესწავლება. ბოშების კარავშიც კი შევდივართ და ბოშური კოვიდის შემაძრწუნებელ ისტორიასაც ვიგებთ. და ეს ყველა ამბავი, ვითომ უსიყვარულობით და თან დიდი სიყვარულითაა სავსე. ჰოდა, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ამბობენ, ლუკა ბაქანიძე გამორჩეული ხმაა ქართულ ლიტერატურაშიო, მეც ვუერთდები და ვადასტურებ, რომ მართლაც ასეა.
ვფიქრობ, ჟიურის რთული დილემა ელის წინ.
ავტორი: ლიზი ტყეშელაშვილი