აგვისტო 02, 2023
196-ჯერ გაცემული პრემია და 150-ზე მეტი დაჯილდოებული ავტორი – ეს ლიტერატურული პრემია ,,საბას“ შთამბეჭდავი ისტორიაა, რომელიც 2002 წელს დაიწყო, აგერ უკვე მესამე ათწლეულს ითვლის და ყოველწლიურად გვახსენებს, რამხელა ძალა, მნიშვნელობა და ღირებულება აქვს ლიტერატურას და ზოგადად სიტყვას ანუ ,,ლოგოსს“, როგორც მას ძველმა ბერძნებმა უწოდეს.
,,საბა“ ნომინაციების სიუხვით გამორჩეული პრემიაა. მათ შორისაა ნომინაცია ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულისათვის“, რომლის თაროც მუდამ დახუნძლულია ნომინირებული წიგნებით.
წლიდან წლამდე ,,საბა“ თანამედროვე ქართული პოეზიისადმი სკეპტიკურად განწყობილ მკითხველთა რიცხვს ამცირებს. მეტიც – ამცირებს სკეპტიციზმს და ზრდის ინტერესს. მკითხველს ყოველთვის აინტერესებს ,,საბაზე“ წარდგენილი, მოკლე სიაში მოხვედრილი თუ გამარჯვებული პოეტური კრებულები. ასე ეცნობიან თანამედროვე პოეზიას და რწმუნდებიან, რომ მხოლოდ დღემდე კი არა, დღესაც იწერება შესანიშნავი ლექსები, დღესაც გვყავს ბრწყინვალე პოეტები და დღესაც ესმით ამ ქვეყანაში პოეზიის განუზომელი ძალისა და სილამაზის.
ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ტარიელ ჭანტურია, რატი ამაღლობელი, ბათუ დანელია, ლია სტურუა, მაია სარიშვილი, გივი ალხაზიშვილი, ნუგზარ ზაზანაშვილი, პაატა შამუგია, ლელა სამნიაშვილი, ეკა ქევანიშვილი, გაგა ნახუცრიშვილი, ანდრო ბუაჩიძე, შოთა იათაშვილი, ზვიად რატიანი, ზურაბ რთველიაშვილი, ზაზა ბიბილაშვილი – ისინი ,,საბას“ გამარჯვებული პოეტები არიან, განსხვავებული ხმით, სტილითა თუ განსხვავებული სათქმელით და მთავარი გამაერთიანებელი ხაზით – პოეზიით, რომლითაც, როგორც ბესიკ ხარანაულმა დაწერა, ღმერთმა აწონა და გაზომა ყველაფერი.
მალე ამ შთამბეჭდავ სიას წლევანდელი 9 ლაურეატიდან კიდევ ერთი გამარჯვებული შეემატება.
და როგორც პრემია ,,საბას“ დაჯილდოების ცერემონიალზე ამბობენ ხოლმე, მაშ ასე, ,,წლის საუკეთესო პოეტური კრებულის“ ნომინაციაში წარდგენილნი არიან:
ირმა ბერიძე – ,,კაცმა დარეკა“
ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო
ამ წიგნში პოეზია გარეკანიდან იწყება, სადაც ავტორის დედის საკაბე შემოგვანათებს – ისეთივე ფაქიზი და მეტყველი, როგორიც კრებულში თავმოყრილი ლექსებია, რეალობასა და წარმოსახვას, ფიზიკურსა და მეტაფიზიკურ სამყაროებს შორის ზღვარი რომ წაუშლია.
,,ამ ლექსებში სხვა, პარალელურ ცხოვრებას ეძებენ, რომელსაც ყველა წინაპირობა ჰქონდა არსებულიყო, მაგრამ მაინც ვერ იარსება“ –ვკითხულობთ რედაქტორის წინასიტყვაობაში. მე კი დავამატებდი, რომ ზოგჯერ ავტორი შეფარვით იმასაც აღიარებს, რომ რაღაცების ახდენა თავადაც არ სურდა. ზოგჯერ სჯობს, რაღაც აუსრულებელი დარჩეს – ვინ იცის, იქნებ ასე უფრო ლამაზია? ამ აუხდენელი ნატვრებისგან იქმნება პოეზია და აღარ აქვს მნიშვნელობა, კაცმა მართლა დარეკა თუ არა, მართლა მოვიდა თუ არა, მართლა დარჩა და მართლა არსებობდა თუ არა. მთავარია, ჭეშმარიტი პოეზია დაიბადა იმ ამბებისგან, რომლებმაც გულში მახვილად გაიარა და იქ ელვარე ნაჭდეურები დატოვა.
ქეთი გზირიშვილი - ,,ახსნა“
კალმოსანი
მიუხედავად იმისა, რომ ქალებს ,,საკუთარი ოთახი“ უკვე აქვთ, გარემო ჯერ კიდევ არაა ისეთი ჰარმონიული, რომ მათ საკუთარ ოთახებში მშვიდად წერა შეძლონ. ამიტომ მახარებს კიდევ ერთი პოეტი ქალის გაცნობა, რომლის ლექსები ანთოლოგიებშია შეტანილი და თარგმნილია ლიეტუვურ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე, მე კი ,,საბას“ წყალობით სულ ახლახან აღმოვაჩინე.
უილიამ ფოლკნერი სანობელე სიტყვაში ამბობს, ადამიანი დაუმარცხებელიაო. იგივე შეგრძნება გაგიჩნდებათ ქეთი გზირიშვილის ლექსების კრებულს რომ გაეცნობით. ფურცლიდან ფურცელზე, სტრიქონსა და სტრიქონს შორის იკითხება, რომ ადამიანი ყველაფერს გაუძლებს, ყველა დანის პირზე გაივლის და ყველა ტრავმას დაძლევს. კარგია, როცა ლიტერატურას შეუძლია, ასე შეგაგულიანოს და ბრძოლის ძალა მოგცეს:
,,რომ მოიმკა,
რომ ერთხელ მაინც ცხოვრებაში მოიმკა
შუქი მზენაკლულ სახეზე“.
თემურ ელიავა – ,,ყვავების ფოსტა“
ინტელექტი
იმის მიუხედავად, რომ თანამედროვე ქართულ პოეზიას ხშირად სკეპტიკურად უყურებენ, თემურ ელიავამ შეძლო ქართველი მკითხველის კეთილგანწყობა დაემსახურებინა და ქართულ პოეზიაში საკუთარი ხმა და ადგილი სამუდამოდ დაიმკვიდრა. მის ლექსებს ხომ არა მხოლოდ კითხულობენ, მღერიან კიდეც.
თემურ ელიავა კოლხეთის პოეტურ მითოსს ქმნის, – ვკითხულობთ კრებულის ანოტაციაში – და ამ მითოსის საკუთარ ხმაში გაღვიძებით, გახსენებით, ახალ სასიმღერო ნაკადს სთავაზობს სამყაროს. ეს ძალიან ძვირფასი ხმებია, დავიწყებისთვის არგასამეტებელი და ძალიან ახლობელი. ამ ხმებით ,,ტკივილებით დაბზარულ“ სამყაროს ხელის გულზე გვიდებს პოეტი, გინდ წასაკითხად და გინდ სამღერლად და სწამს, რომ ყველა მიწიერ ქაოსთან და ტკივილთან ერთად ,,ქვეყნად კიდევ არსებობენ განთიადები და ბეღურები“.
,,მე რასაც ვწერდი, წვეთი იყო მასში სიმართლე“, – ამბობს პოეტი, თუმცა, მთავარი მაინც ისაა, როგორია ამ ლექსის საფინალო სტრიქონი, რომ სიმართლე წვეთი კი იყო, ,,მაგრამ ისეთი, გადავსებულ დოქს რომ გატეხდა“.
ნინი ელიაშვილი – ,,სხვა სახელი მოუხდებოდა“
კალმოსანი
ნინი ელიაშვილის ლექსებში სასვენ ნიშნებს თითქმის ვერ შეხვდებით და მაინც ყოველთვის იგრძნობთ, სად შეჩერდეთ, სად გააკეთოთ პაუზა, სად ჩაისუნთქოთ და ამოისუნთქოთ, თუმცა ზოგჯერ ამოსუნთქვა ძნელდება ხოლმე, რადგან მისი პოეზია დანასავით ბასრია და სიმწრის გემო დაჰკრავს.
ამ პოეზიაში იგრძნობა ავტორის შეუთავსებლობა ცხოვრებასთან, მასთან დაპირისპირების მცდელობა და ამბოხიც. ამბოხებული ადამიანის სიძლიერესთან ერთად, ეს კრებული ადამიანური სისუსტეების აღიარებაცაა, თუ როგორ დამარცხდა, როგორ გადარჩა, როგორ უჭირდა და როგორ დგას ფეხზე; კიდევ სახლის ძიებაა, ოღონდ არა მხოლოდ ფიზიკური სახლის.
,,არ უწერიათ ახდენა ცისფერ ოცნებებს მაინც ვიღიმები და ვწერ“ – და ძალიან, ძალიან კარგია, რომ ნინი ელიაშვილი წერს.
ნატო ინგოროყვა, ,,ისმის ჩემი ხმა?“
ინტელექტი
,,ისმის ჩემი ხმა?“ დიდი ტკივილების წიგნია. ისეთი ტკივილების, მხოლოდ პოეტს რომ შეუძლია გამოსათქმელად ყველაზე ლამაზი ფორმა მოუძებნოს და ყველაზე ლამაზ სიტყვად აქციოს.
ნატო ინგოროყვა დასასრულების პოეტია. მისი ლექსების ფინალში შეიძლება გულისცემა პიკზე ავიდეს, თითქოს ყველაფერი ამისთვის მზადებაა და მერე შვებით ამოსუნთქვის დრო დგება, რადგან პოეტმა შენი ვერგამოთქმულიც თქვა და გამოხატა.
ეს წიგნი პირველ რიგში მათთვისაა, ვისაც ჯერ ისევ აშინებს წარსულიდან გამოხმობილი მოგონებები თუ მომავლის დღეები. თუმცა პოეტი გვაიმედებს, რომ ისეთი დღეებიც მოვა, როცა ყველაფრის აღიარებას გავბედავთ და გავთავისუფლდებით.
ამ წიგნში პირადი და საკაცობრიო ტკივილები ერთმანეთს ენაცვლება. აქ ომია – საკუთარ თავთანაც ომია და სამყაროშიც ომია. და სად არის თანამედროვე პოეტის ადგილი, როცა გარეთ ომი მძვინვარებს? ალბათ, ომით განადგურებული თუ ომს შეწირული ადამიანების ოცნებებისა და ტკივილის შემონახვაში. და ერთადერთი თხოვნა აქვს პოეტს – ღმერთო, არ ჩაგეძინოს! უშველე ყველა ტკივილს, პირადსა თუ საერთოს.
ზაზა კოშკაძე - ,,ამ ლექსის ბოლოს შენ იტირებ“
ინტელექტი
ამ პოეტური კრებულის ანოტაციაში ერეკლე დეისაძე წერს – ,,ზაზა კოშკაძის ენა ნამდვილია და ხელიდან არ უშვებს ყოველდღიური ყოფითი მოვლენების სოციალურ პოეზიად გარდაქმნის შესაძლებლობას. მისი ლექსები კარგად იცნობენ ჩვენს შიშებს“. მე კი იმას დავამატებდი, რომ ყოფითი მოვლენები პოეტს კინოკადრებად აქვს ქცეული. ამ კრებულის თითოეულ ლექსს მხოლოდ კი არ კითხულობ, თითქოს დიდ ეკრანზე, კინოთეატრის ჩაბნელებულ დარბაზში ადევნებ თვალს (ასე მაგალითად, რამდენიმე ლექსის კითხვისას გენიალური ჟან-ლუკ გოდარის ასეთივე გენიალური ,,შეშლილი პიერო“ მახსენებდა თავს).
,,ეს წიგნი იმსახურებს მაკულატურის ნაგავში დაკარგული მარგალიტის სახელოვან ბედს“ – წერს ზაალ ჩხეიძე. არის თუ არა ეს გადაჭარბებული ნათქვამი, მკითხველმა შეაფასოს, ,,საბას“ ნომინანტობა კი ამ წიგნს უკვე დამსახურებული აქვს.
ნიკა ლაშხია - ,,არ დაელოდო ანგელოზებს“
ინტელექტი
პოეტური კრებული ,,არ დაელოდო ანგელოზებს“ ერთი მთავარი რამის გაცხადებაა – პოეზია ინახავს, აარქივებს, მარადიულ სიცოცხლეს ანიჭებს ერთხელ განცდილსა და გამოცდილს.
შემნახველი, შემგროვებელი პოეტი ლექსს ანდობს ყველაზე ინტიმურ, ყველაზე პირად განცდებს და ყოველთვის პოეტური მინიმალიზმის ერთგული რჩება. სტილურად დახვეწილი ფორმებით, სულ სამიოდე ხაზით შეუძლია, ყველა ტკივილს, მარცხსა თუ ეჭვს უმღეროს.
,,შესაძლოა, ოდესმე დაგირეკო,
ოდესმე, შესაძლოა, მართლა დაგირეკო
და ყველაფერი გითხრა“
– მანამდე კი, ნიკა ლაშხია პოეზიას ანდობს ყველაფერს და მკითხველსაც გვასწავლის, რომ ზოგჯერ ლოდინი ყველაზე მეტად ახანგრძლივებს ტანჯვას, ზოგჯერ ანგელოზების ლოდინიც კი არაა საჭირო, არამედ უბრალოდ ცხოვრება და ისე ცხოვრება, რომ მისი პოეზიად გარდაქმნა ღირდეს.
სოსო მეშველიანი - ,,მწერი ქარვაში“
ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა და ლიტერატურული სააგენტო
სოსო მეშველიანის პოეტურ კრებულში თავმოყრილი ლექსები სვანური და ბასკური სამყაროების ნათესაობის გამოხატულებაა. თუმცა, ამავდროულად, როცა პოეტი სვანეთის სოფლის ხმებს, რიჟრაჟებს, დათრთვილულ მინდორს, წიფლნარების სიზმარ-სევდას ესპანურ სახეებსა და დღეებს ანაცვლებს, ამ სამყაროთა განსხვავებასაც ცხადად შევიგრძნობთ.
კრებულის პირველ ნაწილში თავმოყრილი ლექსები იმ ციკლიდანაა, რომელსაც პოეტმა ,,გზა“ უწოდა. ცხოვრებაშიც და პოეზიაშიც ისიც გზაზე დამდგარი პოეტია და მისი პოეზიაც გზაში მიხვედრილის, ნაგრძნობის, საკუთარ თავზე გამოცდილის შემკრებია.
,,მწერი ქარვაში“ ზურაბ კიკნაძის წინასიტყვაობა ამშვენებს. ასე უბრალოდ კი არ ერთვის, არამედ ამშვენებს. და როგორც წლების წინ დავით წერედიანმა ლაკონიურად და სრული სიზუსტით შეაფასა სოსო მეშველიანის პოეზია (,,კარგია, იცი?“), ასეთივე ზუსტად შერჩეული სიტყვებით სრულდება ზურაბ კიკნაძის წინასიტყვაობა: ,,და მე გეტყვი: მიჰყევი გზას. გზა დიდი სიტყვაა. „მე ვარ გზა და ჭეშმარიტება...“
დათო ქარდავა – ,,მეორადი ჰომეროსი“
ზიარი
,,დათო ქარდავა მრავალი წელი იკვლევდა თბილისს, წერდა წერილებს და წიგნებს, სხვადასხვა ღონისძიებებზე საუბრობდა მის შესახებ, და აი, ბოლოს იფეთქა – მთელი ეს ცოდნა ამ ფორმატში ვეღარ დაეტია და პოეზიად გარდაიქმნა“ – ვკითხულობთ შოთა იათაშვილის წინასიტყვაობაში.
ქალაქს თუ მის შემადგენელ ნაწილებს: ტაძრებს, ხიდებს, მოედნებს ბევრი პოეტი უმღეროდა, მათ შორის, საქართველოში, მაგრამ, ამ წიგნში თავმოყრილი ლექსები ქალაქს არ უმღერის, ის ქალაქის პრობლემებს, სიმძიმეს, წნეხსა და ტკივილებს უსვამს ხაზს და კარგია, როცა პოეზია მართალია და როცა პოეტი სიმართლეს ამბობს.
დათო ქარდავას, იგივე ჯიმშერ რეხვიაშვილის პოეზია ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებზეც ბევრს გვესაუბრება. იმ მოქალაქეებზე, ,,უბრალო ადამიანებს“ რომ უწოდებენ ხოლმე, იმ ხალხზე, შრომისაგან დაქანცულები რომ მიათრევენ დღეებს და მათი ხმა არასდროს ისმის. თუმცა, არა, მათ იძულებით დუმილს პოეტი ახმიანებს, ისინი ლექსებში იდებენ ბინას და პოულობენ იმ თავშესაფარს, რომელსაც მოწყალების მთხოვნელ ბავშვებს, ლოთებსა თუ ბოზებს ქალაქი არასდროს სთავაზობს.
ავტორი: მელანო კობახიძე