ლიტერატურა სიახლეები

მკითხველი წლის საუკეთესო რომანებზე

„საბა"

სექტემბერი 08, 2023

იმედი მაქვს, სხვა კატეგორიები არ მიწყენენ, თუმცა „საბა“ წლის საუკეთესო რომანისთვის ყოველთვის უფრო დიდ ყურადღებას იქცევდა ვიდრე დანარჩენი. მგონი არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ 2023 გამონაკლისი არ იქნება და თან წელს, ყველაფერთან ერთად, დიდი თავის ტკივილი და სჯა-ბაასი დასჭირდებათ ჟიურის წევრებს.

საინტერესო ფენომენსაც გადავაწყდი, თითქოს ყველა წიგნი რაღაცით ჩამოჰგავს ერთმანეთს, თითქოს რაღაც „ქართულობის“ მსგავსი გამოძახილი აერთიანებს და მაინც ყველა ავტორი იმგვარი ქართულით გვესაუბრება, როგორი ენით დაწერილი ტექსტების კითხვაც ბავშვობაში უნდა ჰყვარებოდა [ან ახლა უყვარს, ან წერისას აგონდებათ]. 


და რადგან საბაც, მრავალფეროვნებაც და სიტყვების სიყვარულიც ერთად შეკონილა, მეც ანბანურად მოგითხრობთ იმ ამბებს, რომელიც კითხვის დროს გადამხდა. [რიგითობა პირობითია და წიგნის პირველი სიტყვების მიხედვითაა დალაგებული]

ზაზა ბურჭულაძე

„ვარდის სურნელი“

(სულაკაურის გამომცემლობა)


ბ - ბავშვების

ბერლინური თბილისი ხომ არ გესიამოვნებოდათ? ზაზასეულ თამაშებზე რას იტყოდით? 


[ისე კი, ამ სიაში მოხვედრილი სხვა ავტორი თავის მუსიკალურ პროექტში, ალბათ ასე იტყოდა:

ზაზას ბერლინი თბილისს ჰგავს

და კორპუსები ლანდავს…] 


„ზაზა ბურჭულაძე ან უნდა გიყვარდეს, ან გძულდეს“ - რამდენჯერ მოგისმენიათ ეს ფრაზა, რამდენჯერ წაგიკითხავთ, რამდენად შაბლონურია თქვენთვის? ან ნეტავ „ვარდის სურნელში“ რამდენი შაბლონი იგრძნობა, შაბლონზე მეტად ალუზიები, ციტატები, სხვისი გამონათქვამები, თავისი დამატებულები და ეს ყველაფერი გამოფენად, სიტყვების გამოფენად. 



[სად გაიმარჯვეს სიტყვებმა რომანზე და სად გაიმარჯვა რომანმა შენზე?]

ერთხელ წინა რომანიც გამახსენდა (ტურისტის საუზმე) - "ბაკურ სულაკაური პირდაპირი კაცია, ჰოდა, ამ ჩანაწერების წაკითხვის შემდეგ პირდაპირ მკითხა, ვისთვის წერ ამ ყველაფერს, რომელი მაილს დევისი ან სტივენ ჰოკინგი ხარ, რომ შენს დღიურებს რაიმე ობიექტური ღირებულება ჰქონდესო. მე კი ასე პირდაპირ ვერაფერი ვუპასუხე. შემრცხვა იმის თქმა, რომ პირველად არ ვიცი, კონკრეტულად ვისთვის ვწერ". მე კი მაინტერესებს, ავტორმა ამ რომანში თუ იცოდა ვისთვის წერდა, მკითხველებისთვის, საკუთარი თავისთვის თუ იმ ენის პატივსაცემად, რომელსაც თან გაურბის და თან თავს ვერ აღწევს. იქნებ საერთოდაც იმ პოეტების, პროზაიკოსების, მუსიკოსების თუ უბრალო ადამიანების ხარკის ხდაა, რომელთაც ასე გამალებით ეწაფებოდა ავტორი. 

მაგრამ მაინც მთავარი კითხვა ერთია, რისი სუნი აქვს „ვარდის სურნელს“ და რატომ ნაგვის? 

[იქნებ ჩამომპალი ვარდების ბრალია]

რატი რატიანი

„რომეო იცინოდა“

(პალიტრა L)

ი - იცინოდა


„სამშობლო რატომ არასდროს მოკვდა მათთვის?“

თითქოს ეს კითხვა „საუნდტრეკია“, რომელიც მკვეთრად გასდევს რომანს და საჭირო დროს თავს გახსენებს. თავს გახსენებს ტექსტში ამოზრდით, იმ თემებით, რომელზეც ავტორი ზოგჯერ ღიად, ზოგჯერ კი ძალიან ფრთხილად, ნატიფად მიანიშნებს. რომანის დასაწყისში განცდა დამრჩა დიდ, გამომწვევ წითელ ფარდას ვუყურებდი, შუა კითხვისას კი მივხვდი, რასაც ფარავდა ავტორის განზრახვა. კარგად შერჩეული სევდა, გემოვნებიანი ხიფათი, დღევანდელი დღე და ეს ყველაფერი წარსულის მძიმე, ტრავმული მოგონებებით გამოწრთობილი, თითქოს ფარდა დროში და ტანჯვაში გამოკვეთილ ადამიანის ქანდაკებას გვიმალავდა, ანდაც ადამიანს (გნებავთ, ადამიანებს), რომელსაც ყველა უბიძგებდა უსულო ქმნილება გამხდარიყო. ყველაზე მეტად კი წიგნის ის ნაწილი აღმაფრთოვანებს, სადაც ავტორი სავარძელში მოკალათებული თანამედროვეობის ოდნავ ზიზღნარევ კრიტიკას გვთავაზობს. [და აღმაფრთოვანებს სიყვარული, რომელიც ოდნავ ზიზღნარევი კრიტიკითაა გაჯერებული] მოკლედ, სასიამოვნო მოგზაურობა იყო მსოფლიო ლიტერატურაში ყველაზე ცნობილი შეყვარებული ბიჭის სახელის მქონე პერსონაჟთან ერთად, დანტეს ჯოჯოხეთივით მძიმე ცხოვრებაში.

[და მართლაც, არაფერი იყო სასიამოვნო, თუმცა - რომეო იცინოდა!]

ივა ფეზუაშვილი

„მასკარაფონე“

(ინტელექტი)

ნ - ნიუ-იორკი-ფრანკფურტი


კითხვაში. კითხვაში. კითხვაში დავიკარგე. ბავშვობის მოგონებები. სხვისგან მოსმენილი ისტორიები. ჩემი მოყოლილი ისტორიები. ვერ ვაპატიებ ამ წიგნს, ვერასდროს, ვერც იმ ამბებს, რაც წამაკითხა, ვერ იმ ამბებს, რაც მომაგონა. და რაც მომაგონა, ვის მოვუყვე? ან სად მოვუყვე? არასრულწლოვნები. სრულწლოვნები. ნაადრევად დასრულწლოვანებული არასრულწლოვნები. როდის მოკვდა ბავშვი ამ რომანში? როდის მოკვდა ბავშვობა ამ რომანში? რატომ კვდება ბავშვობა ჩვენთან? ტკივილი, დიდი ტკივილი, ბევრი ტკივილი. ვინ არის მართალი? ყველა თავისთვის. ყველა მართალია. ყველა მტყუანია. ტკივილი. ტკივილი. წიგნი წასაკითხად მეგობარს გამოვართვი, მეგობარი გაბადრულია, წიგნი აღიმებდა. წიგნი ვერ გააღიმებდა, წიგნი მძიმეა. სატარებლად? არა. ისე კი მსუბუქი. მარტივად წასაკითხი. მარტივად გასაგები. მარტივად მძიმე. მსუბუქად მძიმე. კითხვის პროცესია. პროცესი კითხვებშია. დასასრული გაუთქმელია, დასასრული თქვენთვის დამითმია, დასასრული სიამოვნებაა. და სიყვარულია, და უსიყვარულობა, და გაღვიძება. და დაძინება. ზოგჯერ სამუდამოდაც. ზოგჯერ ვერც დაძინება. 

[და გვკლავდნენ მამები. ვკლავდით მამებს. დედა გულშია. და ტვინშია. და მამაც. ისე კი პირველი წიგნი მამაჩემმა წამაკითხა]

ზურა ჯიშკარიანი

„სწრაფი, ღამისიერი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

ს - სამყარო


რა გახსენდებათ დისტოპიებზე, სამეცნიერო ფანტასტიკაზე, კიბერპანკზე? გნებავთ, კინოში, უფრო მეტად ლიტერატურაში? იქნებ უმეტესობა მათგანს გაკვრით მაინც შეხვედროდით - სწრაფად, ღამისიერად. 

პოეტური ენა, პოეტური მიგნებები, თანამედროვე ენა, თანამედროვე მიგნებები, სიტყვებით თამაში, სიტყვათა მიგნებები. ძალიან ლამაზია ზურა ჯიშკარიანის ენა, ძალიან ლამაზია ურბანული ენის ელემენტებით გაჯერებული ქართული. და რა შეიქმს რომანს? შიში, თუ სიყვარული, თუ ორივე, თუ ერთი მეტად და მეორე ნაკლებად. 


[რისი ეშინია ზურა ჯიშკარიანს? ომის] 

იცით, კითხვა გამიჩნდა, რომ აღმომეჩინა რენე, რას ვიზამდი, ან იქნებ უკვე აღმოვაჩინე, უფრო ზუსტად კი აღმოვაჩინეთ ადამიანებმა და რას ვმოქმედებთ? [და იქნებ იესოს რენე ერქვა, ან იქნებ ადამს] 

[შეგახსენებთ, „სწრაფი, ღამისიერი“ უფრო ადრე გამოჩნდა თაროებზე, ვიდრე „ოპენჰაიმერის“ ნახვას შევძლებდით]

კითხვები, კითხვები, კითხვები. კითხვა-პასუხის წიგნია, ხან ამ კითხვებს ჩვენ ვსვამთ და ავტორი გვპასუხობს, ხან პერსონაჟი სვამს და ავტორი პასუხობს, ხანაც თავად პერსონაჟი, ზოგჯერ ჩვენვე გვიწევს სიმართლის, ჭეშმარიტების ძიება, ჭეშმარიტების ძიებაში კი უამრავ გზას გავივლით და მაინც გაგვიჩნდება კითხვა, ნეტავ ეს ჭეშმარიტება ჩვენია, თუ ნარატივდიზაიენერების. 

[წაიკითხეთ საბას ბლოგები ყველა კატეგორიაზე! მაგალითად თაკო წულაიას ბლოგი “წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის” ფინალისტებზე, მე კი ამასობაში მის სიტყვებს მოვიშველიებ]


 „სწრაფი, ღამისიერი ციტატებითაა სავსე.“ „ნებისმიერი წერის აქტი სინამდვილეში მხოლოდ გადაწერაა (როგორც ჰემინგუეი ამბობდა)“ [გვითხრა თაკომ] 

მე კი გირჩევთ, წაიკითხოთ, შემდგომ ხელახლა გადაიკითხოთ, გეშინოდეთ და გიყვარდეთ და ისიამოვნოთ, რაც მთავარია, ისიამოვნოთ პოეტური პროზით - და ისიამოვნოთ, რაც მთავარია - სწრაფად, ღამისიერად. 

თამარ ფოლადაშვილი

„ძვლების წიგნი“

(ინტელექტი)

შ - შამე


ლამაზი ამბავია ამ წიგნის „შამეთი“ დაწყება. ლამაზი ამბები კი რომანშიც მრავლად მოიძიება, თუმცა უფრო მეტად - საინტერესო, ყურადსაღები ამბებს ამოიკითხავთ. ჩემმა მეგობარმა ერთ პოდკასტში აღნიშნა, ვნერვიულობდი იმ ხლართებში თავად არ გაბმულიყო ავტორი, რომელსაც მკითხველს გვიმზადებდაო. და მეც, რაკიღა ამ სიტყვებს ვიხსენებ, იმასაც გეტყვით, პირიქით, ყველაფერი ზუსტად, მეთოდურად და სასიამოვნოდ გასაგები გახდა-მეთქი. ერთია ის მცირე ალუზიები, რომელსაც ნებსით თუ უნებლიეთ აქსოვდა ავტორი, მეორე კი ჟანრობრივი მრავალფეროვნება, რადგან არ მეგულება მკითხველი, რომელიც რაიმე კონკრეტულს განაკუთვნებს ძვლების წიგნს. რაღაც ქართველური, რაღაც მისტიკური, რაღაც შეჭმუხნული შუბლის ნაოჭებში დამალული ისტორიაა, თავის და ბოლოს გაგება კი ჩვენზეა დამოკიდებული. თხრობა კი რად ღირს, ადამიანური სიყვარულის, ადამიანების სიყვარულის და უსიყვარულოდ დარჩენილი ადამიანების მთელი კორიანტელია. სათაური კი შემთხვევითი არაა, ასე მგონია ავტორი თავად გვიბიძგებს არქეოლოგები გავხდეთ და ის სამარახი შევისწავლოთ, ძვლების წიგნის სახელით რომ არის ცნობილი. 


[ბედის ირონიას ჰგავს, უკანასკნელი ორი რომანი - „ჩვენ, თურმელები“ და „ძვლების წიგნი“. ორივემ სხვადასხვა ფორმით მომაგონა „მარტოობის ასი წელიწადი“, ერთი მხრივ უცხო გზებით მომავალმა, უცხო ნივთების ჩამომტანმა ხალხმა, მეორე მხრივ კი საუკუნოვანმა ისტორიამ, ლამაზმა ისტორიამ თურმელების ოჯახზე] 

თამრი ფხაკაძე

„ჩვენ, თურმელები“

(პალიტრა L)

ჩ- ჩვენ 


ლიტერატურული მოგზაურობა - ჩემთვის ეს სიტყვები იდეალურად გამოხატავს ამ რომანს. გნებავთ, თავად ამბების მხრივ, რომელსაც სხვადასხვა ფორმით ვეცნობით. გნებავთ, ის ფაქტიც, წიგნი წიგნში რომ იწერება. გნებავთ ის მოგზაურობა, აქამდე წაკითხული, გააზრებული, ვერ გააზრებული თუ გადააზრებული პასაჟები რომ შეგხვდება და იტყვი - ვაიჰ, რა კარგი მიგნებაა ამის ასე და ასე თქმაო. და თავად თურმელები რად ღირს, ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთმანეთის მსგავსი პერსონაჟების კონა. დარწმუნებით გეტყვით, ერთ ისეთ გმირს მაინც იპოვით, რომელიც თავს შეგაყვარებთ, ერთს კი ისეთს, რომ იტყვით ასეთს შევხვედრილვარო, ისეთიც გამოიძებნება, სულ რომ გინდოდათ ეარსება, სადღაც-სადღაც კი ალბათ თქვენი თავიც შეიძლება იპოვოთ. მაგრამ რაზეა სიუჟეტი უბრალო თუ განსაკუთრებული ამბების მიღმა? თურმე სიყვარულზე, თურმე ურთიერთობებზე, თურმე მიზნებზე, თურმე ვაჟკაცობაზე, თურმე დედობაზე, თურმე ქართველობაზე, თურმე სიზმრებზე და თურმე რეალობაზე. სად დაიწყო და სად დამთავრდა თხრობა, ვინ არის მთხრობელი და ვინ კითხულობს. 


[და მე რაღა გითხრათ მეტი, უბრალოდ ჩაჭიდეთ ხელი წიგნს, შეაბიჯეთ სახლში და იმედი იქონიეთ, რომ ზოგჯერ ხილული თუ უხილავი ნაგაზი - არ გიუარებთ.]  



ავტორი: ნიკა ვარდიაშვილი