ლიტერატურა სიახლეები

მკითხველი წლის საუკეთესო თარგმანებზე

სექტემბერი 14, 2023

წლის საუკეთესო თარგმანი „საბას“ ერთ-ერთი მთავარი ნომინაციაა. ამ ნომინაციაში ბევრ მონაწილესთან ერთად ბევრი განსხვავებული ენა, ჟანრი და ეპოქა დგას ერთმანეთის პირისპირ. დამერწმუნებით, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში დაწერილ წიგნებს რომელი მთარგმნელი უკეთ შემოგვთავაზებს ქართულად, წარმოუდგენლად რთული შესაფასებელია.

ვეცდები, იმ 12 რჩეულ წიგნზე მოგიყვეთ, რომლებიც წელს „საბას“ ჟიურიმ

ფინალისტებად დაასახელა. დამატებით კი იმას ვიტყოდი, რომ ჩემთვის ყოველი მათგანი - ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით - უკვე გამარჯვებულია.

დავით ახალაძე

უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა”

(დიოგენე)

„რომეოსა და ჯულიეტაზე“ არაერთხელ გვსმენია, ფაბულაც ყველასთვის ნაცნობია. დავით ახალაძეს ერთდროულად საინტერესო, თუმცა საკმაოდ რთული დავალება ხვდა წილად - გაეცოცხლებინა ყველასთვის ნაცნობი ნაწარმოები, შეენარჩუნებინა მისთვის თავდაპირველი სახე და ამასთანავე, მიეცა ახალი სიცოცხლე. საინტერესო და მრავალფეროვანი ენით გადმოცემული ამბავი, მგონია, რომ მკითხველის გულს

მარტივად მოიგებს.

მაია ბადრიძე

კატია პეტროვსკაიას „ალბათ ესთერი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

მაია ბადრიძის სახელისა და გვარის გაგონებისთანავე მისი არაერთი ფანტასტიკური თარგმანი მახსენდება, რომელთა შთაბეჭდილების ქვეშ, როგორც მკითხველი, დიდხანს ვიყავი. „ალბათ ესთერი“ მისი ბიბლიოთეკის ერთ-ერთი გამორჩეული წიგნია, რადგან როგორც ორიგინალში, ასევე თარგმანში ყოველი სიტყვა სიფრთხილით არის შერჩეული. თანაც, კითხვის პროცესი მუდამ ემოციური და დინამიკურია, რაც კარგი თარგმანისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სალომე ბენიძე

სალმან რუშდის „ოქროს სახლი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

სალომე ბენიძისა და სალმან რუშდის მეგობრობა ორ წელზე, რვა თვესა და ოცდარვა ღამეზე მეტ დროს ითვლის, რაც მის თარგმანში კარგად ჩანს. კულტურულ და ლიტერატურულ პარალელებს მთარგმნელი მარტივად უღებს ალღოს და შესაბამისად, მშვენივრად გადმოსცემს ქართულადაც.

ლევან ბერძენიშვილი

ავტორთა კრებული, “მედეა”

(ინტელექტი)

„მედეა“ ძველი ბერძნული, ლათინური და ფრანგული ენებიდან ითარგმნა, რაც, ჩემი აზრით, ლევან ბერძენიშვილის თარგმანს წაკითხვამდეც კი ხდის შთამბეჭდავს. წიგნში გადმოცემული „მედეას“ ლეგენდა საკმაოდ ინფორმაციულია, რადგან მრავალ წყაროსა და ავტორს აერთიანებს. მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესო კი ის კოლხური ამბებია, რომლებიც ქართულ ენაზე ხელმისაწვდომი ჯერ არ ყოფილა.

დავით კაკაბაძე

კლაუს მანის „მეფისტოფელი”

(ინტელექტი)

კლაუს მანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ქართულად პირველად ითარგმნა. მისი შინაარსითა და მნიშვნელობით ის არამხოლოდ ისტორიის მოყვარულებს, არამედ მხატვრული ლიტერატურის მკითხველსაც დააინტერესებს. ეს კრიტიკული ნაშრომი ქართულად დავით კაკაბაძემ თარგმნა. ნაშრომს შენარჩუნებული აქვს სიუჟეტის განვითარების მანისეული სიმძაფრე და მაღალმხატვრულობა, რაც თარგმანს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

ია ქვაჩახია

ელიფ შაფაქის „გამქრალი ხეების კუნძული“

(პალიტრა L)

ელიფ შაფაქს უყვარს მკითხველისთვის თავსატეხების გაჩენა. უყვარს, როცა გაფიქრებს და კითხვებით საკუთარი თავის შიგნიდან დაღრღნას გაიძულებს. ეს წიგნი ბევრ რამეზეა, ვიტყოდი, ბევრ მნიშვნელოვან რამეზე, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით და შეიძლება ჯერ არ დავფიქრებულვართ. ია ქვაჩახია თურქ და ბერძენ პერსონაჟებს ქართულად საინტერესოდ ალაპარაკებს, რაც მათთან გვაახლოვებს და ახალ სამყაროში მარტივად გვაპოვნინებს თავს.

დოდო ყვავილაშვილი

ხორხე ლუის ბორხესის „ფიქციები“

(სულაკაურის გამომცემლობა)

მოკლე სიაში მოხვედრილი თარგმანები რომ მრავალფეროვნებით გამოირჩევა, დოდო ყვავილაშვილის ნათარგმნი „ფიქციებიც“ მოწმობს. მაგიური რეალიზმის ოსტატმა ქართველი მკითხველი კიდევ ერთი კრებულით გაგვანებივრა. საოცარი წიგნის უბადლო თარგმანი უკვე გამოცემულია, ახლა კი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ მაგიურ რეალიზმში ჩახლართული ამბების სწორად ამოკითხვას, რადგან ეს მთარგმნელმა მშვენივრად შეძლო.

ხათუნა ცხადაძე

იტალო კალვინოს „კოსმოკომიკური ამბები“

(სულაკაურის გამომცემლობა)

იტალო კალვინოს ქართველი მკითხველი დიდი ხანია იცნობს. „კოსმოკომიკური ამბები“ კალვინოს მოთხრობების კრებულია, რომელიც იტალიურიდან ქართულად ხათუნა ცხადაძემ თარგმნა, თან კი იტალიური ხასიათი და ენერგია გამოაყოლა. ეს წიგნი არ არის კლასიკური ფენტეზის ჟანრი. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი ამბავი მეცნიერებასა და ასტრონომიასთან არის დაკავშირებული, კალვინოსებური სიურეალიზმი ყველგან იგრძნობა

ზაზა ჭილაძე

უილიამ ფოლკნერის „იგავი“

(პალიტრა L)

მგონია, რომ ფოლკნერისნაირ დიდ ავტორებთან შეჭიდება ძალიან ამბიციური და რთული ამოცანაა, რადგან მკითხველიც საკმაოდ კრიტიკული ჰყავს. უილიამ ფოლკნერის „იგავი“ პულიცერის პრემიის ლაურეატია და ავტორის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიიჩნევა. იმედია, ზაზა ჭილაძე, როგორც ფოლკნერის ერთგული მთარგმნელი, წელს მხოლოდ ფინალისტობას არ დასჯერდება და გამარჯვებულიც გახდება.

გიორგი ხულორდავა

აბდ ორ-რაჰმან ჯამის „ბაჰარესთანი“

(არტანუჯი)


სპარსული ლიტერატურის კლასიკოსის „ბაჰარესთანი“ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვენლოვან დიდაქტიკურ თხზულებად მიიჩნევა აღმოსავლურ კულტურაში. აღნიშნული წიგნი ქართულად პირველად ითარგმნა. ამასთანავე, თარგმანში ირანული ცენზურის მიერ წაშლილი პასაჟებია აღდგენილი. ეროტიკული სცენების გარეშე კი აღმოსავლური კულტურა და ლიტერატურა ძნელად წარმოსადგენია.

 პაატა ჯავახიშვილი

ისმაილ კადარეს „მკვდარი არმიის გენერალი“

(სულაკაურის გამომცემლობა)

„გახლეჩილი აპრილის“ შემდეგ ისმაილ კადარესთან კიდევ ერთხელ შეხვედრა დიდი ბედნიერებაა. ამჯერად ამბავი არა ალბანურ ტრადიციებზე, არამედ ადამიანის ღირებულებების ცვლილებასა და ჩვენს გონებაზე ტოტალიტარული რეჟიმის გავლენებზეა. მგონია, რომ პაატა ჯავახიშვილი კადარეს ფიქრებში ძალიან გემრიელად მოკალათდა და მის სათქმელს უნაკლოდ გადმოსცემს ქართულად.

თამარ ჯაფარიძე

კაზუო იშიგუროს „კლარა და მზე“

(პალიტრა L)

თამარ ჯაფარიძეს, სულ ცოტა, ერთი ადგილი საბას ფინალისტებში მუდამ დაკავებული აქვს. და თუ არ აქვს, ესე იგი ჟიურის წევრია. სწორედ ამიტომ არ გამკვირვებია მისი სახელის მოკლე სიაში დანახვა და არც მისი, ჩემი აზრით, უნაკლო თარგმანისა. „კლარა და მზე“ აქტუალურ თემებზე გვიყვება - როგორია ხელოვნური ინტელექტის როლი ჩვენს მომავალში და როგორ ვიქცევით მაშინ, თუ ჩვენი მეგობარი ხელოვნური რობოტი ხდება. ამასთანავე, რობოტის გულწრფელი თხრობის მანერით ავტორი ბევრ მივიწყებულ საკითხზეც გვაფიქრებს და საკუთარ თავს ხელახლა გვანახებს, რასაც შეუდარებელი თარგმანი კიდევ უფრო ემოციურს ხდის.

უკვე დიდი ხანია, რაც საქართველოში კარგი თარგმანებით განებივრებული ვართ. გამომცემლობებიც წლიდან წლამდე აუმჯობესებენ თარგმანის ხარისხს და ქართველი მკითხველიც უფრო და უფრო პრეტენზიული ხდება. საბას ჟიურისაც ურთულდება და ურთულდება ისედაც დაგრძელებული მოკლე სიიდან ერთი გამარჯვებულის გამოვლენა, რასაც, რა საკვირველია, ვერც წელს ავუვლით გვერდს.


ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გამარჯვებულის გამოვლენას ჩვეული ეიფორიით დაველოდოთ, სანამ ჟიური გრძელი მოკლე სიიდან იმ ერთ - ან ორ... მთარგმნელს ამოირჩევს.



ავტორი: ნიკა ჩავლეიშვილი