ლიტერატურა სიახლეები

გალაკტიონი და სხვა

„საბა"

ნოემბერი 07, 2023

ამ ბლოგში 2023 წლის ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულ ორ წიგნზე უნდა ვისაუბროთ - ნათია სიხარულიძისა და თემურ დოიაშვილის ნაშრომზე „გალაკტიონი უცენზუროდ“, რომელიც წლის დოკუმენტური პროზის ლაურეატი გახდა და ლევან ბერძენიშვილის „1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“- რომელმაც სპეციალურ ნომინაციაში „საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში“ გაიმარჯვა.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ორ წიგნს ამბის გადმოცემის სპეციფიკა, სტრუქტურა, თხრობის ფორმა და კიდევ ბევრი რამ განასხვავებს, ორი რამ აერთიანებს კიდეც - ეს არის ეპოქა, როდესაც ამ ტექსტებში გადმოცემული ამბები ხდება და, რა თქმა უნდა, გალაკტიონ ტაბიძე, რომელიც ერთ წიგნში უფრო ფრაგმენტულად გვხვდება, ხოლო მეორე წიგნის ერთადერთი მთავარი პერსონაჟია.


დავიწყოთ ლევან ბერძენიშვილის წიგნით:

 ლევან ბერძენიშვილი

„1921-1990 (ერთი კაცის და ქვეყნის ამბავი)“

(არტანუჯი)

წიგნი საქართველოს დამოუკიდებლობის ამბით იწყება და დამოუკიდებლობის ამბებით სრულდება, ერთი დამოუკიდებლობა - წინასწარგანწირული, სევდიანი, დამარცხებული, ხოლო მეორე-სხვადასხვა განსაცდელის მიუხედავად ჩვენამდე მოტანილი და ჯერჯერობით გადარჩენილი.


ამბავი მეოცე საუკუნის დასაწყისისა და წითელი ოკუპაციის, დემოკრატიული და კომუნისტური მთავრობების, მთავარი და მეორეხარისხოვანი ჯალათების, მეორე მსოფლიო ომისა და ომის ორ, სხვადასხვა მხარეს მყოფი ქართველების, მწერალთა სახლის მძიმე ამბების, რეპრესიების (სწორედ ამ ეპიზოდში ვხვდებით გალაკტიონს, რომელსაც, სხვა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, არც ვინმე დაუსმენია და არც „მამხილებელ“ კოლექტიურ წერილებზე მოუწერია ხელი) კონფორმიზმის, დაუმორჩილებლობის, მოთვინიერების, გულაგის და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გმირების შესახებ. ჩვენი წარსულის ისეთი სასტიკი სურათების გახსენება გვიწევს, რომ ხან გული გვტკივა, ხანაც გვრცხვენია და თვალის გახელა აღარ გვინდა. 

„ერთადერთი, რაც ჩვენ ყოველთვის გვჭირდებოდა და მუდამ დაგვჭირდება, არის თავისუფლება“, „ფაქტი ერთია, თავისუფლებისთვის დაღვრილი სისხლი ტყუილად არ დაღვრილა“


- წერს ავტორი წიგნში, რომელიც ფაქტობრივად ერთი საუკუნის ამბებს ისე მოგვითხრობს, თითქოს ერთი კაცის ბიოგრაფია იყოს.

თეიმურაზ დოიაშვილი და ნათია სიხარულიძე

„გალაკტიონი უცენზუროდ“

(არტანუჯი)

ნათია სიხარულიძისა და თემურ დოიაშვილის „გალაკტიონი უცენზუროდ“ გალაკტიონს, მის ეპოქასა და ცხოვრებას სრულიად განსხვავებული პრიზმით დაგვანახებს.


როგორი იყო გენიოსი პოეტი ყოფით სიტუაციებში, ყოველდღიური ცხოვრების კონტექსტში, მოშურნეებისა თუ მეგობრების გვერდით, როგორ ხუმრობდა, როგორ სწყინდა, როგორ ეჭვიანობდა, როგორ სცდებოდა მისი „უანკარესი“ ენა საზღვარს ყოფით დიალოგებსა და სიტუაციებში.


ეს წიგნი სხვანაირ პოეტს წარმოგვიდგენს – მოთხრობილი ამბები დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს.


„ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები“


– ვკითხულობთ წიგნის ანოტაციის პირველსავე წინადადებაში.

გენიოსი - ვამბობთ ხმამაღლა და ყველანი ვთანხმდებით, რომ თუ ვინმეს ქართულად დაუწერია, მათ შორის უდიდესი-გალაკტიონია, მაგრამ როგორია ის ინტეგრალებს მიღმა? რა სტკივა, რა აწუხებს და, რაც მთავარია, რაზე ხუმრობს, ზოგჯერ საკმაოდ სკაბრეზულადაც კი.




ავტორი: "საბა"

ფოტო: ლელი ბლაგონრავოვა