ლიტერატურა სიახლეები

მარადიული ამბავი მკითხველზე

„საბა"

სექტემბერი 15, 2023

„კითხულობდე ლიტერატურულ ნაწარმოებს, ნიშნავს, მონაწილეობას იღებდე თამაშში, რომელიც საშუალებას მოგვცემს, გავიაზროთ მოვლენათა უსასრულო მრავალფეროვნება, რომელიც მოხდა, ხდება ან მოხდება რეალურ სამყაროში“

- წერს უმბერტო ეკო და კიდევ ერთხელ გვიხსნის, მაინც რატომ გვაქვს ეს უცნაური ჩვევა-ვკითხულობდეთ წიგნებს, მერე კიდევ ახალ წიგნებს ვეძებდეთ, მერე კიდევ სხვებს, ვკითხულობდეთ და ვკითხულობდეთ...


მას მერე, რაც ლიტერატურათმცოდნეებმა ავტორის სიკვდილი დაგვიანონსეს, მკითხველებს დამატებითი ტვირთი გვერგო - ჩვენ გავინაწილოთ ავტორობის სიძნელე, ჩვენ გავხდეთ ავტორები, განვსაზღვროთ რა რატომ მოხდა და როგორ მოხდება წიგნში.

სინამდვილეში, მკითხველი ყოველთვის ავტორი იყო, მკითხველი არის ის ჯადოსნური ენათმეცნიერი თუ არქეოლოგი, ვინმე ჟან-ფრანსუა შამპოლიონი, რომელიც წიგნის კითხვისას თითქოს პირველად ამოიკითხავს უძველეს დამწერლობას. მხოლოდ მასზეა დამოკიდებული, რომელიმე ენა გაცოცხლდება თუ არა, გადაიჩეხება თუ არა მერანი რომელიმე უფსკრულში, ითოვებს თუ არა იისფრად, იცეკვებენ თუ არა ექიმი და მისი გარდაცვლილი ცოლი ტანგოს სასაფლაოზე,

გაისვრის თუ არა ობოლე... ყველაფერი მკითხველზეა დამოკიდებული.

ლიტერატურას ბევრი საინტერესო მკითხველი-პერსონაჟი ჰყავს, დონ კიხოტი, რომელიც კითხვამ გააგიჟა, უმბერტო ეკოს რომანების პერსონაჟები, ბორხესის „ქვიშის წიგნის“ გმირი, რომელიც წიგნის ზეგავლენისგან თავის დახსნას ცდილობს, ვუდი ალენის კუგელმასი, რომელსაც მადამ ბოვარი შეჰყვარებია, თეიმურაზ ხევისთავი, რომელიც წიგნის მიღმა არც იყურება, ბევრს კითხულობს შერლოკ ჰოლმსიც და ჰოლდენ კოლფილდიც, ვასიკო კეჟერაძეს საერთოდ სამოსიც მკითხველის შესაფერისი აცვია, მკითხველია იტალო კალვინოს რომანის, „თუ ზამთრის ღამით მოგზაურის“ პერსონაჟიც, რომელსაც სახელიც არ აქვს, მკითხველია, „მეა“:


„რკინიგზის სადგური. ორთქლმავალი თუხთუხებს. წიგნის დასაწყისი ლოკომოტივის ამონასუნთქშია გახვეული. სქელი ორთქლი ფარავს პირველ აბზაცს. სადგურის სუნს სასადილოს სუნი ერევა. ვიღაც ბარის კარს მიადგება, შუშას სახეს მიადებს, ცდილობს, დაორთქლილ მინაში რამე დაინახოს. მერე კარს შეაღებს. დარბაზიც ნისლშია ჩაძირული, როგორც ბაქანი. ახლომხედველი ან კვამლით ამწვარი თვალებით დანახულს ჰგავს იქაურობა. წიგნის გვერდებიც დაბურულია ძველი ვაგონის ფანჯრის მინებივით. წვიმიანი საღამოა. კაცი ბარში შედის, სველ პალტოს იხსნის, ორთქლი ღრუბელივით ეხვევა გარს. გამკივანი სტვენა გადაურბენს ლიანდაგებს და სადღაც, შორს იკარგება, იქ, სადაც წყლიანი, დაბინდული მზერა ვეღარ სწვდება.“


ქართული ლიტერატურის ყველაზე მკითხველი პერსონაჟი, ვასიკო კეჟერაძის წინაპარი, შეიძლება სულაც გრიგოლ ხანძთელი იყოს, გახსოვთ ალბათ, რამდენს კითხულობდა ეს დიდი მოღვაწე და წმინდანი. საერთოდ, ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა ტექსტისა და მკითხველის ურთიერთობის საინტერესო ფორმატს გვიჩვენებს. აქ ავტორი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი, იმდენად, რომ ჰაგიოგრაფი ავტორი პირდაპირ აცხადებს, მე კი არ დამიწერია ეს ტექსტი, სულიწმიდამ მიკარნახა და კონკრეტული მიზნებით ჩავიწერე, რომ თქვენ, მკითხველები, სარწმუნოებრივად გამეძლიერებინეთო.


დიდი მკითხველი იყო ყველაზე დიდი ქართველი მეფე, დავით აღმაშენებელიც, მემატიანე მოგვითხრობს, რომ ომშიც კი დაჰქონდა წიგნები, როცა კითხვით დაიღლებოდა, მერე მხლებლები უკითხავდნენ.

მკითხველის ავტორობისა და ნაწარმოების შექმნის პროცესში მონაწილეობის კარგი თვალსაჩინოება ხალხური პოეზია და მისი ვარიანტულობაა. ზეპირი გადმოცემა ერთგვარი თამაშია, ესტაფეტაა. ლექსი, რომელიც მოისმინე, შეცვალო ისე, როგორც გინდა, შენც მისი ერთ-ერთი ავტორი გახდე, ისეთივე უსახელო, როგორც პირველი ავტორი.

მკითხველისა და წიგნის ყველაზე დიდი კავშირის ამბავი ქართულ ლიტერატურაში ალბათ „ვეფხისტყაოსანია”, წიგნი, რომელიც მშვიდობასა თუ ომში, ყოველდღიურ სირთულეებსა თუ ბედნიერებაში ადამიანების თანამგზავრი ყოფილა. თუ ნაწარმოების ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერების მინაწერებს ჩავხედავთ, ათას რამეს გავიგებთ წიგნის მკითხველების შესახებ. მაგალითად, იმას, რომ ვალები ჰქონდათ, ერთ-ერთ ხელნაწერს ასეთი მინაწერი აქვს:


„სახლის ქირა რომ ავიღე ერთი თუმანი, სამი მანათი ნანას მივეცი პურის საცხობშია, ორი მანათიცა ივანეს ქუდისთვის გავგზავნე. რაცა დარჩა ხუთი მანათი სამი მანათისა მაშოს კაბა და საცვლები უყიდე, მანათი და ორი შაურით ბიჭს ხალათი და პერანგი, სამი აბაზისა შაქარი, სამი შაურისა კოჭის ძაფი, ერთი შაურისა ნავთი“.


მინაწერებით სიყვარულის ათასგვარ ამბავსაც გაიგებთ:


„იმედო და სიცოცხლეო, იმედო, იმედო, იმედო“ – ასეთი მინაწერია ერთ-ერთ ხელნაწერზე, ეს გამეორება თითქოს ექოა, რომელიც საუკუნეთა სიღრმიდან მოგძახის.


„როგორც მე ამ წიგნმა მამიდო ცეცხლი, ღმერთო ისე შენ მოუკიდე ცეცხლი ლევანის ძეს აბა ამას ტანჯვით. ღმერთო ამა ტანჯვით რისთვის დამბადე, რომ გავები სიყვარულის მახეში როგორც მე ამ წიგნში“- ეს ყველაზე ხმამაღალი შეძახილია, არადა, დამწერმა რა იცის, რომ სიყვარულის მახეს უფრო ადვილად დაეხსნება კაცი, ვიდრე წიგნს, თუ ერთხელ შემთხვევით გაები.

ისიც გასაგებია, ასეთი საყვარელი და სულში ჩასაძვრენი წიგნი ზოგს რატომ აუკრძალავს და მდინარეშიც კი ჩაუყრია. წიგნზე გაბრაზებული იმდენი მკითხველი უნახავს ქართულ ლიტერატურას.

კიდევ ერთი ამბავი ალექსანდრე ყაზბეგისა და „ელგუჯასია“. ალექსანდრე ყაზბეგმა თავისი „ელგუჯა“ მკითხველთა თხოვნით გააგრძელა. თურმე, თავდაპირველად "ელგუჯა" მთავრდებოდა ახლანდელი პირველი თავის ბოლოში, ანუ ელგუჯას სიკვდილით. სტამბაში ასოთამწყობებს განუცხადებიათ, ფელეტონს არ ავაწყობთ, თუ სანდრო ელგუჯას ამბავს არ განაგრძობს, ამისთანა ვაჟკაცს ასე ადრე არ მოვაკვლევინებთო. ალექსანდრეს გაუთვალისწინებია მუშების თხოვნა თუ რჩევა - მძიმედ დაჭრილი ელგუჯასთვის სიცოცხლე უჩუქებია და მოთხრობის ბოლოს მიუწერია: "გაგრძელება იქნება". მართლაც, მწერალმა გააგრძელა „ელგუჯას“ ამბავი და მკითხველი მოუთმენლად ელოდებოდა ყოველ ახალ თავს. დღევანდელი ტერმინოლოგიით, ალბათ „ელგუჯა“ ერთ-ერთი პირველი ქართული ბესტსელერია.

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურაზე, ავტორისა და მკითხველის ურთიერთობაზე საუბარი ილია ჭავჭავაძის გარეშე შეუძლებელია. სწორედ „კაცია-ადამიანის“ შესავალში ვკითხულობთ ავტორის მიმართვას, ეს აბზაცია ერთგვარად საეტაპო და ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ახალი ჟანრისა და მიმდინარეობის საწყისიც კი ქართული ლიტერატურისათვის:

„მკითხველო, ხომ არ მოგეწყინა? რასაკვირველია, მოგეწყინა: აქ არ არის არც სიყვარულის ეშმაკობა, არც კაცის-კვლა, არც უიმედო ქალის ოხვრა, არც წყალში გადავარდნა, ერთის სიტყვით — რაც აშვენებს გასართველად დაწერილს მოთხრობასა — ის აქ არაფერი არ არის. მაშ მოგეწყინება, ამას რაღა თქმა უნდა. მაგრამ ეს უნდა იცოდე შენ, მკითხველო, რომ მე ამისა ქვემორე ხელის მომწერელი მკითხველის გასართველად არ ვწერ ამ უხეირო მოთხრობასა. მე მინდა ამ მოთხრობამ ჩააფიქროს მკითხველი და, თუ მოიწყენს, ამის გამო მოიწყინოს; იმიტომ რომ ფიქრი და მოწყენა გაუყრელნი და-ძმანი არიან. მე მინდა, რომ მკითხველმა იმიტომ კი არ მოიწყინოს, რომ გასართველი არ არი, არამედ იმიტომ, რომ ჩამაფიქრებელია. თუ ამოდენა იხერხა და შესძლო ამ უხეირო წერილმა, მე ამის მეტი არა მინდა-რა და არც მდომებია, ჩემო მოწყენილო მკითხველო! თუ ვერ იხერხა, რა ვუყო? ამით ვინუგეშებ, რომ „ცუდად ჯდომას ცუდად შრომა სჯობია”.


ასეთი ბევრი ამბავი ახსოვს ლიტერატურას. თანამედროვე სამყაროში, როდესაც ინფორმაციისა და ტექსტების სიმრავლემ ერთგვარად კითხვის წესიც შეცვალა და დააჩქარა, მკითხველი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება, ისევე, როგორ გივი მარგველაშვილის ერთ-ერთ მინიატიურაშია:

„ჩემი ცხოვრების ხაზი

ამ წიგნის ყველა თავში უცვლელი რჩება.

დღე, როდესაც მავანი მკითხველი

ამ მარშრუტს აირჩევს,

ჩემი დაბადების დღეა”.



ავტორი: "საბა"