ლიტერატურა სიახლეები

მკითხველი “წლის საუკეთესო ლიტერატურულ კრიტიკაზე”

„საბა"

აგვისტო 16, 2023

წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის (როგორც დამოუკიდებელი ნომინაციის) ისტორია 2011 წლიდან იწყება. 2011 წლამდე კრიტიკა, ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ერთ ნომინაციაში იყო გაერთიანებული, ამ ჟანრების ფარგლებში შექმნილი საუკეთესო წიგნების ავტორები კი ყოველწლიურად ჯილდოვდებოდნენ.

პირველები იყვნენ ნუგზარ მუზაშვილი და შოთა იათაშვილი, მათ შემდეგ დიდი დრო გავიდა და ლაურეატების ჩამონათვალიც, რა თქმა უნდა, გაიზარდა. თუმცა ლიტერატურული კრიტიკა დღემდე მაინც იმ ნომინაციად რჩება, რომელშიც სრული სიებიც კი ძალიან მოკლეა. გვახსოვს ისეთი წლებიც, როცა არათუ გამარჯვებულები, არამედ ფინალისტებიც კი არ დასახელებულან (2018-2019 წწ.). აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ 2018 წელს ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი კრიტიკის ნომინაციაც დაემატა „საბას“, მაგრამ იმავე წელს საკონკურსო წიგნების გრაფა ცარიელი დარჩა ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში.


თუ გავიზიარებთ მოსაზრებას, რომ „ავტორი არის ღმერთი, ხოლო კრიტიკოსი - ქურუმია, რომელიც საღვთო წერილის გაშიფვრას ცდილობს“, ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში ბევრი ქურუმი გვყავს (შესაბამისად, გროვდება უამრავი „საღვთო წერილი“ და თითოეული მათგანი გაშიფვრას ელოდება). ლიტერატურული კრიტიკის დანაკლისს მკითხველები ნამდვილად ვგრძნობთ (ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ არ ვგავართ ემილ ჩორანს, რომელიც წერდა, კრიტიკაში მხოლოდ ციტატები მაინტერესებსო) და, ალბათ, ამიტომაც მეჩვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იმ რამდენიმე წიგნისთვის ყურადღების მიპყრობა, რომლებიც წლიდან წლამდე გამოიცემა და მხატვრული ტექსტების ანალიზს, ინტერპრეტირებასა და გაცოცხლებას ისახავს მიზნად.


წლევანდელ სრულ სიაში წარმოდგენილი 7 ავტორიდან მოკლე სიაში ოთხმა გადაინაცვლა: ნანა აბულაძემ, გუგა მგელაძემ, საბა მეტრეველმა და ოთარ ჯირკვალიშვილმა. საბედნიეროდ, ამ ნომინაციისთვის ტრადიციად არა მარტო ნომინანტთა სიმცირე, არამედ ნომინირებულ წიგნთა ისეთი მრავალფეროვნებაც იქცა, არცერთ მკითხველს რომ არ დარჩება შეუმჩნეველი. წელსაც ასეა: ლიტერატურული კრიტიკის თაროზე გვერდიგვერდ მოხვდა ერთმანეთისგან თემატურად თუ იდეურად განსხვავებული ოთხი წიგნი და განსხვავებული ხელწერის ოთხი ავტორი.



თვალი გადავავლოთ მათ:

ნანა აბულაძე


„ორივე სქესი“

(ინტელექტი)

ნანა აბულაძეს მკითხველი უკვე იცნობს - მისმა სადებიუტო რომანმა „აკუმი“ წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში მიიღო „საბა“. აკუმს მოყვა „ახალი აღქმა“, მისი ბოლო წიგნი კი - „ორივე სქესი“ - ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში ფინალისტებს შორისაა.


„ორივე სქესში“ ნანა აბულაძე აანალიზებს მარიამ გარიყულისა და მიხეილ ჯავახიშვილის ოთხ-ოთხ მოთხრობას და მათი შედარებით ცხადყოფს, რა ძირითადი განმასხვავებელი ნიშნები იკვეთება ქალი და მამაკაცი ავტორების ტექსტებში. საყურადღებოა ისიც, რომ მის მიერ შერჩეულ მოთხრობებს აერთიანებს ქალის გაუპატიურების/შეცდენის მოტივი, რაც იმაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს, როგორ აღიწერება ტრავმა ქალ და მამაკაც ავტორებთან; როგორია ქალის რეპრეზენტაცია მათ ტექსტებში; როგორ იცვლება მთხრობელი, თხრობის პერსპექტივა და დროითი სტრუქტურა;


როგორც თავად წიგნის ავტორი წერს, „ორივე სქესის“ ამოსავალი იდეა ფემინისტურ ნარატოლოგიაში დამკვიდრებული ნარატიული ავტორიტეტის იდეაა, მისი მიზანი კი - ინოვაცია, ესე იგი, ქართული ლიტერატურული კანონის გამრავალფეროვნება.


განხორციელდება თუ არა მისი მიზანი (წაახალისებს თუ არა ეს წიგნი სხვა ავტორებს, დაიწყონ ფემინისტური ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებით ტექსტების კვლევა), ამის შეფასება ჯერ ადრეა, თუმცა გენდერის მნიშვნელობის ხაზგასმა და ნაცნობი ტექსტების განსხვავებული პერსპექტივიდან წაკითხვის მცდელობა თავისთავად მისასალმებელია.

გუგა მგელაძე


„განგაშის პოეზია“

(ინტელექტი)

გუგა მგელაძის წიგნის სათაურმა არ უნდა შეგვაცდინოს, „განგაშის პოეზია“ რამდენიმე ნაწილად იყოფა და მხოლოდ პოეზიის შესახებ დაწერილ კრიტიკულ წერილებს არ მოიცავს.


პოეზიას ეთმობა პირველი ნაწილი - აქ განხილულია დავით წერედიანის, თამაზ ბაძაღუას, ლია სტურუას, თემურ ჩხეტიანის, ვახტანგ ჯავახაძის, ანდრო ბუაჩიძის, ტარიელ ჭანტურიას, ლელა სამნიაშვილის შემოქმედება და მათი პოეტური კრებულები.


მეორე ნაწილი დრამატურგიას ეხება - ამ ნაწილში წაიკითხავთ, ერთი მხრივ, ლაშა ბუღაძის პიესების („ანტიმედეა“ და „მრევლიანა“), მეორე მხრივ კი, ნინო ხარატიშვილის პიესების („ელექტრას ომი“, კრებულიდან „ჩემი საშინელი ბედნიერების წელიწადი“ და, ასევე, - „ფედრა, ალმოდებული“ და „სილამაზე“, კრებულიდან „მსახურთა შემოდგომა“) შესახებ.


შემდეგ მოდის პროზა - ირაკლი სამსონაძის „ქელეხი-ქორწილი“, ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“, ზურაბ ქარუმიძის რომანები, ილია ჭანტურია და მისი მოთხრობების კრებული „ნინოშვილის 25“...


აქვეა წერილი ზაზა ხალვაშის „მუჭში დამალული კენჭების“ შესახებ.

კრებული ბოლოვდება ორი ინტერვიუთი - გუგა მგელაძის რესპონდენტები ლელა სამნიაშვილი და ანდრო ბუაჩიძე არიან.


იმ მკითხველისთვის, რომელსაც თანამედროვე ქართული ლიტერატურა აინტერესებს, „განგაშის პოეზია“ ნამდვილად კარგი საკითხავი იქნება, რადგან, როგორც უკვე შენიშნავდით, ამ კრებულის მთავარი გმირი სწორედ თანამედროვე ქართული ლიტერატურაა.

საბა მეტრეველი


„ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“

(საქართველოს აკადემიური გამომცემლობა)

"საბა მეტრეველი კარგად იცნობს იდეოლოგიურ კონცეფციებსაც და მათს პროეცირებას კულტურასა და ხელოვნებაში. „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ არაერთ საინტერესო დაკვირვებას გვთავაზობს. ისინი ავტორს ცალკე ქვეთავებად აქვს გამოყოფილი და სიღრმისეულად გააზრებული. ვფიქრობ, საბა მეტრეველის წიგნს ინტერესით შეხვდება ჩვენი მკითხველი, რადგან საბჭოთა ტოტალიტარიზმის ესთეტიკა სიტყვიერად კი არ არის უარყოფილი, არამედ დასაბუთებულია მისი ანტიჰუმანური და ყალბი ბუნება თავისუფლების სახელით“ - ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში.


მოდელირებული რეალიზმი, ლიტერატურის პარტიულობის პრინციპი, კოლექტივიზმი - პიროვნების დასასრული, მხატვრული ფორმისა და შინაარსის პროლეტარიზაცია, ანტირელიგიური ტერორი, სიძულვილის დისკურსი, უკონფლიქტობის თეორია, ხელოვნების თავისუფლება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ თემებისა, რომელთა შესახებაც წერს საბა მეტრეველი.


წიგნში „ესთეტიკა საბჭოთა ტოტალიტარიზმისა - პროლეტარული რეალიზმიდან სოციალისტურ რეალიზმამდე“ შესწავლილია საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესები, მხატვრული ტექსტები და ძირითადი ტენდენციები.

ოთარ ჯირკვალიშვილი


„კრიტიკულ-ანალიტიკური წერილები“

(პეგასი)

ოთარ ჯირკვალიშვილის კრიტიკულ-ანალიტიკური წერილების კრებული რამდენიმე წერილს მოიცავს. მათ შორისაა, მაგალითად, „თამაშის აპოლოგია“, სადაც ავტორი განიხილავს როგორც ზოგადად თამაშის ფენომენს ლიტერატურაში, ასევე კონკრეტულ თამაშს - ჭადრაკს. აქ მას აინტერესებს, ერთი მხრივ, ჭადრაკის კავშირი ხელოვნებასთან და, მეორე მხრივ, ჭადრაკი - ცხოვრების მეტაფორა; ცხოვრების, რომელიც შეიძლება გაჭიანურებულ საჭადრაკო პარტიას დაემსგავსოს და რომელიც მუდმივად ითხოვს მოთამაშისგან (ადამიანისგან) არჩევანის გაკეთებას და მერე ამ არჩევანზე პასუხისმგებლობის აღებას.


ოთარ ჯირკვალიშვილი კრებულში ჟოზე სარამაგუს რომანს, „იესოს სახარებასაც“ აანალიზებს. პოსტმოდერნისტული პერსპექტივიდან დანახულ „იესოს სახარებაში“ იგი ყურადღებას ამახვილებს ირონიულ-პაროდიულ თხრობაზე, ინტერტექსტუალობაზე (კავშირებს ხედავს სარამაგუს რომანსა და ორ გნოსტიკურ ტექსტს შორის), ერთ-ერთ საკვანძო ეპიზოდზე რომანიდან (როგორ ხვდებიან ერთმანეთს ღმერთი, იესო და ეშმაკი), იუდას საქციელის მოტივებსა და შედეგებზე და ა. შ.

ამგვარად, წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში „საბას“ ჟიურის გადაწყვეტილების ოთხი ავტორი ელოდება. ვნახოთ, ვისი მოლოდინი გამართლდება.



ავტორი: თაკო წულაია