ლიტერატურა სიახლეები

წლის საუკეთესო პროზაული კრებული

საბა

აგვისტო 19, 2022

თანამედროვეობის უდიდეს მწერლად აღიარებული უილიამ ტრევორი თავის ერთ-ერთ ინტერვიუში (რომელიც სრული სახით ჟურნალ „არილის“ ელექტრონულ გვერდზეა გამოქვეყნებული), ამბობს:


„ვფიქრობ, მოთხრობა თვალის მოკვრის ხელოვნებაა. თუკი რომანი რენესანსის ჩახლართული ტილოს ემსგავსება, მოთხრობა უფრო იმპრესიონისტული ნახატია. მისი ძალა არა მარტო იმაშია, რასაც ამბობს, არამედ იმაშიც, რასაც უთქმელს ტოვებს. მოთხრობის საქმეა უაზრობა სრულიად გამორიცხოს თხრობიდან. აი ცხოვრება, როგორც წესი, ძირითადად, უაზროა. რომანი სწორედ ცხოვრების იმიტაციას აკეთებს, ხოლო მოთხრობა ფხიანია და ხეტიალის ფუფუნება არ აქვს. მოთხრობა საჭირო ხელოვნებაა.“

არ აქვს მნიშვნელობა, დაეთანხმებით თუ არა მწერლის ამ საინტერესო განმარტებას, მაგრამ რამდენიმე დეტალი, რომელიც ინტერვიუს ამ ნაწილშია ნახსენები, ძალიან თვისობრივია ქართული ლიტერატურისათვის, რომელსაც, თუ რამე აქვს საამაყო, მსოფლიო კონტექსტში ამაყად გამოსაჩენი და წარსადგენი, სწორედ მცირე პროზა და მოთხრობაა.


აბა, გაიხსენეთ, რამდენი დაუვიწყარი „თვალის მოკვრის“ შესახებ წაგიკითხავთ, რამდენ დეტალს აღუფრთოვანებიხართ: როგორ აწვდის მოხუცი მიქელა თავის ავადმყოფ შვილიშვილს სადილს ჯოხით, როგორ ვერაფრით იჯერებს გულუბრყვილო პეტრე ადამიანის სიკვდილით დასჯის ამბავს, როგორ მიჰყავს ჩიტოს ექიმი ავადმყოფ შვილთან წარმოსახვის „ტრანსპორტით“, როგორ ფრთხებიან ყვავები დამბაჩის ხმაზე და კიდევ ბევრი ასეთი ეპიზოდი.


წელს ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო პროზაული კრებულის ნომინაციაში სულ სამი წიგნია წარმოდგენილი, გრძელი სიის საინტერესო და მრავალფეროვან ტექსტებს შორის სამი საუკეთესო ამოარჩიეს და ახლა უნდა დაველოდოთ, ვინ იქნება მათგან ყველაზე კარგი. „საბას“ პროზაული კრებულის ნომინაციას წელსაც ბევრი ამბავი აქვს მოსაყოლი, მიუხედავად იმისა, რომ მოკლე სია მართლაც რომ მოკლეა და სულ სამი წიგნითაა წარმოდგენილი.


წლის საუკეთესო პროზაული კრებული:

ბესო სოლომანაშვილი


სხვისი კინო


სულაკაურის გამომცემლობა

''სხვისი კინო'' ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების კრებულია და მასში სამი ახალი და ერთი რედაქტირებული მოთხრობაა შესული. ავტორი არ ღალატობს თავს და სულ ძალადობაზე ჰყვება – ძალადობის საფუძვლებსა და მის მძიმე შედეგებზე – ხან ტრაგიზმით, ხან გროტესკით და ხანაც სევდით. თუ ერთ მოთხრობაში ტელევიზიის მუშაობაზე ლაპარაკობს ირონიულად, მეორეში ოკუპირებულ ტერიტორიაზე მამისა და მისი ვაჟების ტრაგიკული ისტორიაა აღწერილი, მესამეში სულაც სატელეფონო სექსის თანამშრომლის ვნებებია… მოკლედ, ეს ისტორიები არის ადამიანებზე, რომლებიც მოხვედრილან „სხვის კინოში“, სადაც მათ არავინ ელოდება და არც თვითონ სურთ იქ ყოფნა… მკითხველი უკვე იცნობს ბესო სოლომანაშვილის მოთხრობების სხვა კრებულებს, ხოლო რომანმა „ამბავი ძველი დახვრეტილებისა და ამბავი ახალი დასახვრეტებისა“ ლიტერატურული პრემია „საბა“ (2020) დაიმსახურა.

რატი რატიანი


მკვლელობა სადგურის უბანში


პალიტრა L

''მკვლელობა სადგურის უბანში" რატი რატიანის მეორე პროზაული კრებულია, რომელშიც სხვადასხვა ჟანრის მოთხრობებია შესული. მაგრამ, ჟანრობრივი ეკლექტურობის მიუხედავად, ამ ტექსტების მთავარ პერსონაჟებს რეალური სამყაროს შიში და უიღბლობა აერთიანებთ. ისინი დამკვირვებლები არიან, გიდები, რომელთაც ირონიული ტონით შეუძლიათ დამზაფვრელი ამბების მოყოლა, მაგრამ ის სინამდვილე აფრთხობთ, რომელზეც გვიამბობენ. დეტექტივიც, დღიურის ფორმის ავტობიოგრაფიული მოთხრობაც, "ათას ერთი ღამიდან" თანამედროვეობაში გადმოტანილი სიუჟეტიც, საბოლოო ჯამში, სოციალური დრამის სახეს იღებს და დღევანდელი ქართული ყოფის ყველაზე მტკივნეულ პლასტებს ეხება.

დათია ბადალაშვილი


ლეკვების სამოთხე


ინტელექტი

„დათია ბადალაშვილი მინიატურებიდან უაღრესად საინტერესო სამყაროს ქმნის, ჩვეულებრივი სოფლური ყოფიდან მკითხველამდე სევდით, იუმორით, მძაფრი ტკივილით გაჯერებული სინამდვილე მოაქვს; ამ წიგნში ყველაფერი ცოცხალი და დამაჯერებელია. აქ ქართული სიტყვის მადლი იგრძნობა, ხარისხიან ლიტერატურასთან ზიარების განცდა გეუფლება და მიჰყვები ახალ პლანეტაზე მოგზაურობის მომნუსხველ თავგადასავალს, რომელშიც ავტორი გითრევს, თავადაც განიცდის და შენც განგაცდევინებს, იღიმის და შენც გაღიმებს, სტკივა და ამ ტკივილით კათარსისში გაჰყავხარ...“, – წერს ირაკლი სამსონაძე ახალგაზრდა მწერლის, დათია ბადალაშვილის მინიატურების კრებულის შესახებ.

მნიშვნელოვანი დეტალია, რომ ნომინაციაში, რომელიც ხშირად უკვე ცნობილი ავტორების წიგნებითაა წარმოდგენილი, წელს შედარებით ახალი სახელებიც არიან, რაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის შედეგს, რომელსაც სულ მალე გავიგებთ.





ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე