ლიტერატურა სიახლეები

წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

„საბა"

აგვისტო 30, 2022

თანამედროვე არამხატვრული ლიტერატურა, ე.წ. ნონფიქშენი მთელ მსოფლიოში ძალიან აქტუალურია, ადამიანებმა და მათმა ნამდვილმა ამბებმა წინა პლანზე გადმოინაცვლეს, ლიტერატურა უფრო დოკუმენტური, ზუსტი, ხელშესახები გახდა.


რა არის ამისი მიზეზი? იქნებ ნამდვილი, არაშეთხზული ამბები ადამიანების გულებში უფრო მარტივად აღწევს? იქნებ კაცობრიობამ გადაწყვიტა თავისი გამოცდილება კიდევ ერთხელ გადაიაზროს, იფიქროს, ხვალინდელი დღის საფუძველი იპოვოს? იქნებ ბოლო ორი საუკუნე, რამდენიმე მსოფლიო ომი, ტექნოლოგიური აღმოჩენები, ეპიდემიები, კატასტროფები, ომები, მიგრაციები, ადამიანური ტრაგედიები- ეს დიდი გამოცდილება სწორედ წიგნებმა უნდა შეინახონ?

ქართული ლიტერატურის ბოლო ათწლეულს თუ დავაკვირდებით, ამ ჟანრში ნამდვილი შედევრები შეიქმნა, ლიტერატურისა თუ ხელოვნების, ისტორიის ხელახალი გადაკითხვისა და გააზრების გარდა, ზეპირი ისტორიისა და დოკუმენტური ტექსტის განვითარებამ მოგვცა სრულიად ფანტასტიკური ახალი წიგნები. ყოველ წელს, სულ ახალ-ახალი ამბებით მდიდრდება ქართული ესეისტიკა.


„საბას“ ესეისტიკისა და დოკუმენტური პროზის თარო ყოველთვის გამორჩეულად მრავალფეროვანი და საინტერესოა, ასეა წელსაც, სულ სხვადასხვაგვარი თემატიკა, განსხვავებული ავტორები, ერთი ეპოქის სხვადასხვაგვარი ხედვა, სხვადასხვა ეპოქა, სხვადასხვა სპეციფიკა და საოცრად საინტერესო წიგნები.

მაშ, ასე, ეს ნომინაცია ასე გამოიყურება:


წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა:

ლანა ღოღობერიძე


ვისთვის გალობს შაშვი


სულაკაურის გამომცემლობა

„ვისთვის გალობს შაშვიც“ გადატანილი ტკივილების ამოძახილია. მაგრამ მთელი ცხოვრების გამოცდილების შედეგად, ავტორი მიდის დასკვნამდე, რომ განსაცდელი და განსაკუთრებით საყოველთაო განსაცდელი, მხოლოდ ამძაფრებს სიცოცხლის სიყვარულს და სამყაროს მშვენიერების შეგრძნებას. პოეზიას და ბუნების სილამაზეს ძალუძს, დააცხროს ყოველგვარი ტკივილი და სულის თავშესაფრად იქცეს, ამისთვის კი ხანდახან ისიც საკმარისია − გაყუჩდე და ყური მიუგდო შაშვის მოულოდნელ გალობას პანდემიით დადუმებულ ქალაქში.”

რუსუდან გორგილაძე


დიქტატურის გემო


სეზან ფაბლიშინგი

რუსუდან გორგილაძის წიგნი მოგვითხრობს სამი დიქტატორის - სტალინის, მუსოლინისა და ჰიტლერის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ. სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღებას იქცევს ასევე კვებისა და საკვების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაცია საბჭოთა კავშირში, ფაშისტურ იტალიასა და ნაცისტურ გერმანიაში. წიგნში პოპულარული ენითაა განხილული თითოეული რეჟიმის თავისებურებები, მათ შორის საკვების იდეოლოგიზაციის გამორჩეული „მარგალიტები“ და მათი როლი სააგიტაციო სტრატეგიაში. „ის, ვინც დიქტატურას, როგორც დიქტატორი, გემოს გაუსინჯავს, მას ვეღარასოდეს დათმობს. სწორედ ამიტომ სათაურმა ორმაგი მნიშვნელობა შეიძინა და წიგნის თემატიკაც უნებურად გაფართოვდა.“ -ასე განმარტავს წიგნის კონცეფციას ავტორი.

გაგა ნახუცრიშვილი


კინო „ყაზბეგი“


ინტელექტი

გაგა ნახუცრიშვილი თავისი თაობის ხმაა, მნიშვნელოვანი როგორც ქართული ლიტერატურის, ისე თბილისის, როგორც ლიტერატურული ქალაქის, სოციალური ტოპოსის გააზრებისთვის. „კინო „ყაზბეგი“ პოეტის მხატვრულად მოთხრობილ ნამდვილ ამბებს აერთიანებს. სამოცდაათამდე ნოველა მკითხველს თბილისსა და სხვა ადგილებში ამოგზაურებს. იქ, სადაც დროის დინებამ ყველაფერი შეცვალა ან საერთოდ გააქრო, მაგრამ მეხსიერებამ შეინარჩუნა და ჩანაწერებში გააცოცხლა. მინიატურული ჟანრი თხრობას თავისებურ დინამიურობასა და მრავალფეროვნებას მატებს. შევხვდებით საინტერესო, განსაკუთრებულ ადამიანებს, რომლებმაც თავისი ცხოვრებითა და ურთიერთობის გამორჩეული უნარით, თბილისის დაუვიწყარი სახე შექმნეს და ქალაქსაც სული შთაბერეს.“

მალხაზ ხარბედია


წიგნის ნადიმები - ესეები ლიტერატურულ გასტრონომიაზე


ვაზი

„აქ მხოლოდ ლიტერატურულ სუფრებზე და პურმარილებზე იქნება საუბარი, მწერლურ გემოებზე, ჭაშნიკებზე, გასტრონომიულ მეტაფორებზე, ტროპებად ქცეულ კულინარიაზე. მსოფლიო და ქართული ლიტერატურა ხომ ძალზე მდიდარია ასეთი სუფრებით თუ მარტოობის პურის გატეხვებით, გემზე და ხმელეთზე, ქალაქში თუ სოფლად, გადასახლებაში და განცხრომაში.. წიგნში ნაყროვანების ტექსტებსაც შეხვდებით და შიმშილობისასაც, რომელთა გააზრებასთან ერთად იკვეთება ჭამა-სმის ფილოსოფია, სიბრძნე, რომელიც ყველა ავტორთან სხვადასხვანაირად გამოიხატება“. - ვკითხულობთ ავტორის წინასიტყვაობაში.

გიორგი ჭეიშვილი


„ტფილისის ღამის რაინდები (ძველი თბილისის კრიმინალური ქრონიკა)“


არტანუჯი

წარმოიდგინეთ, რომ საუკუნის წინანდელი ტფილისის კრიმინალურ ამბებს ადევნებთ თვალ-ყურს, ქალაქის საშიშ, ბნელ მხარეს, ამბებს,რომელთა შესახებაც არაფერი იცოდით. ტფილისი რა ტფილისი იქნებოდა იდუმალებით მოცული მკვლელობებისა და მკვლელების, მტკვრისმიერ გამორიყული ცხედრების, თაღლითების, ქურდების, გაქცეული ტუსაღების, „ევროპიული ოსტატური ავაზაკობებისა“ და ქალაქის კრიმინალური სამყაროს „პრინცის“ თავგადასავლების გარეშე, რომელთა შესახებაც ამ წიგნში წაიკითხავთ.

მაშ, ასე, ამოირჩიეთ თქვენი ნამდვილი ამბავი და არც ლიტერატურული პრემია „საბას“ ნამდვილი ამბები გამოტოვოთ.




ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე, ლევან ხერხეულიძე, სტივენ ვაინბერგი