აგვისტო 24, 2022
რა არის ლიტერატურაში ყველაზე მნიშვნელოვანი?
რა თქმა უნდა, დასაწყისი. დასაწყისი უმთავრესია, დასაწყისი ყველა შემდეგ ნაბიჯს განაპირობებს. როდესაც ლიტერატურულ დებიუტზე ვსაუბრობთ, ამ დასაწყისის მნიშვნელობა კიდევ უფრო მკაფიო და თვალსაჩინო ხდება. აბა, წარმოიდგინეთ იმ ავტორის განცდა, შეგრძნება, რომელმაც, ბოლოს და ბოლოს, თავისი ნააზრევი, ნაშრომი, ნაფიქრი წიგნის სახით პირველად უნდა შესთავაზოს მკითხველს, პირველად შეხვდეს ამ ყველაზე დიდ ლიტერატურულ მსაჯულს.
ყოველ წელს არაერთი მნიშვნელოვანი ლიტერატურული დასაწყისის მოწმენი ვართ. წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი ის ნომინაციაა, რომელიც განაპირობებს ქართული ლიტერატურის მომავალს, განაპირობებს რა დაიწერება ხვალ, რას წავიკითხავთ, რას განვიხილავთ, როგორი იქნება ქართული ლიტერატურა მომავალში.
წელს საუკეთესო დებიუტის ნომინაცია საკმაოდ წიგნუხვია და, როგორც ლიტერატურის მოყვარულები ამბობენ, სწორედ დებიუტია წლის მთავარი ლიტერატურული ინტრიგაც.
წიგნის შესახებ შეიძლება უსასრულოდ ილაპარაკო, მაგრამ გადავწყვიტეთ ის დრო, რომელიც დებიუტის ნომინანტების კითხვას უნდა დაუთმოთ, არ დაგაკარგინოთ და წლის „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში წარდგენილ წიგნებზე ძალიან მოკლედ მოგიყვეთ.
თემო რეხვიაშვილი
კურიერის ამბები
სულაკაურის გამომცემლობა
თემო რეხვიაშვილი ახალი თაობის ხმაა, შესანიშნავი თხრობა, აქტუალური, სოციალური თემატიკა, რომელიც ასე აკლია ქართულ ლიტერატურას, ნამდვილი ამბები, რომლებიც აქ, ახლა ხდება.
კოკა ქამუშაძე
ბალა(ნ)და
სულაკაურის გამომცემლობა
„ბალანდა“ ციხის რომანია, თამაში გაძლებაზე, რომლისთვისაც გამოიყენება ყველა სხვა, ცნობილი და უცნობი თამაში, მათ შორის, ყოველდღიური, რთული ყოფის დეტალები, წიგნი სიკვდილსა და ხელახლა დაბადებაზე.
მაგდა კალანდაძე
მეორე ოთახი
დიოგენე
ქვიარ რომანი - შეგხვდებათ წიგნის ანოტაციაში და იფიქრებთ, რომ ყველაფერი წინასწარ იცით, არადა, სულ პირიქით - მეტისმეტად გულწრფელი ამბების კვალდაკვალ ავტორი ახერხებს შესანიშნავი მხატვრული ტექსტი გაშალოს და წიგნის ბოლო გვერდამდე შეინარჩუნოს მოულოდნელობის ეფექტი.
მინდია არაბული
ყოველი ამბის დასასრული
დიოგენე
ფანტაზიით, წარმოსახვებით, ლიტერატურული ალუზიებით სავსე წიგნი, დახვეწილი, ოსტატური, ძიებებით გაჯერებული ენა, საინტერესო და მოულოდნელი სიუჟეტები და „ყოველი ამბის დასასრული“, რომელიც კარგი მწერლის ლიტერატურული დასაწყისის მომასწავებელია.
მარიამ გურგენიშვილი
მარგალიტები
პალიტრა L
ერთდროულად სინათლით, იუმორით, ტკივილით სავსე, თითქოს მხიარული, მაგრამ ბასრი განცდებით სავსე წიგნი სვანეთისუბნელი გოგოების ცხოვრებაზე, ამბებზე, რომელიც თითქოს ბევრჯერ წაგვიკითხავს, მაგრამ იმ პრიზმიდან, როგორც მარიამ გურგენიშვილი ყვება, ჯერ არა.
ლელა კურტანიძე
მელატონინი
ინტელექტი
„მელატონინი“- ახალგაზრდა პოეტის კრებული ერთ გაბმულ ნარატივს მოიცავს, რომელიც ტექსტის არა მხოლოდ რიტმს, ხმას, მელოდიას, განცდას, არამედ წაკითხვის ტონსაც განაპირობებს, ეს ღვიძილსა და ძილს შორის ლივლივია- ქალის არამკვეთრი კონტური სიბნელისა და სინათლის ზღვარზე.
გიორგი კახიშვილი
სოფოკლეს „ტრაქისელი ქალები“
ლოგოსი
ქართულ ენაზე ნათარგმნი ლიტერატურის საგანძურში, საბედნიეროდ, ძველი ბერძნული ტექსტების ოსტატურად და პროფესიონალურად ნათარგმნი ნიმუშები მრავლადაა, რომელთაც წელს ბერძენი ტრაგიკოსის, სოფოკლეს კიდევ ერთი შედევრი „ტრაქისელი ქალები“ დაემატა, გიორგი კახიშვილისეული შესანიშნავი თარგმანი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ძველი ბერძნული დრამის ზედროულ აქტუალურობაში.
თორნიკე სიბაშვილი
დეტექტივი
კალმოსანი
„დეტექტივი“ კონცეპტუალური, ლაკონური, ზედმეტი ლიტერატურული სამკაულებისგან დაცლილი ლექსების კრებულია, წიგნის სათაურის კლასიკური გაგება ერთდროულად დანაშაულის არსებობას და მისი მიზეზის ამოხსნის გზას მიგვანიშნებს, სწორედ ესაა დეტექტივის ჟანრი, რა უნდა იპოვოს მკითხველმა პოეზიის კრებულში? - იქნებ ადამიანის, ინდივიდის, პოეტის ადგილი მისსავე ტექსტებსა თუ გარემომცველ სამყაროში.
დავით ჯიშკარიანი
ბუცები და ტყავის ჩექმა
ზიარი
ამ წიგნში ქართული ფეხბურთის სულ სხვა ისტორიას წაიკითხავთ, რომელსაც ავტორი პირადი ინტერვიუების, ზეპირი ისტორიებისა და საარქივო კვლევების საშუალებით აღადგენს, როგორ იწყებოდა თბილისის „დინამო“, როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ბევრი ფეხბურთელის სპორტული და ჩეკისტური კარიერა - ზოგი ფეხბურთელი იმავდროულად შინსახკომის გამომძიებელიც იყო, ზოგი კი მასობრივ რეპრესიებს შეეწირა.
ნომინაციაში პროზაული ტექსტები ჭარბობს, თან, მხოლოდ პროზაული კი არა, ყველაზე რთული ჟანრი - რომანი. რომანებსა და პროზაულ კრებულებს რამდენიმე პოეტური კრებული და ერთიც თარგმანი უმშვენებს გვერდს. ვნახოთ, როგორი იქნება ჟიურის არჩევანი, შეიძლება ითქვას, წლის ყველაზე რთული არჩევანი.
ავტორი: „საბა"
ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე