ლიტერატურა

„საბა 2021" - გამარჯვებულები

„საბა“

დეკემბერი 23, 2021

მაშ, ასე კიდევ ერთი ლიტერატურული წელი დამთავრდა და თანაც დაიწყო- ლიტერატურული კამათის, საუბრის, ძიების, განხილვისა და შეფასების უწყვეტი პროცესი.

წლის ლიტერატურული მოსავალი უკვე შეგროვებული და დაბინავებულია, თანაც მათ შორის, საუკეთესოების ვინაობაც ვიცით


ლიტერატურული პრემია საბას 2021 წლის გამარჯვებულები არიან:

საუკეთესო რომანი

რომანში წელს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ტექსტები იყო წარმოდგენილი, ამბით, სიუჟეტით, ენობრივი დამოკიდებულებით, ლიტერატურული პოზიციით. ჟიურიმ საუკეთესოდ თამთა მელაშვილის რომანი „შაშვი შაშვი მაყვალი“ აღიარა!

საუკეთესო პოეტური კრებული

ქართული პოეზია კიდევ ერთ საინტერესო წელს მოითვლის, პანდემიამ ადამიანებს საკუთარ თავთან ურთიერთობის უფრო მეტი დრო მისცა, პოეზია კი საკუთარ თავთან დიალოგის საუკეთესო ფორმაა. შესანიშნავ პოეტურ კრებულებს შორის წელს გამარჯვება მოიპოვა ნუგზარ ზაზანაშვილის კრებულმა „წავა წავა წავა წავა“

საუკეთესო პროზაული კრებული

პროზაული კრებულის ნომინაცია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო იყო, ყველა ფინალისტი წიგნი ადამიანური ისტორიების საოცარ კალეიდოსკოპში გვახედებდა. გამარჯვებული კი გიორგი სოსიაშვილის „ოთხი მოთხრობა“ გახდა.

საუკეთესო პიესა

პიესის ნომინაცია მედეას ამბის ორ, ძალიან საინტერესო ინტერპრეტაციას გვთავაზობდა. თანამედროვე ქართული დრამატურგიული სკოლის ორ ცნობილ და გამოცდილ წარმომადგენელს შორის, გამარჯვება პაატა ციკოლიას „მედეა s01e06” მოიპოვა.

საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

ლიტერატურული კრიტიკის თარო ტრადიციულზე ბევრად დატვირთული და მრავალფეროვანი იყო, ოთხ კრიტიკულ ნაშრომს შორის ჟიურიმ 2 გამარჯვებული გამოავლინა ნანა ტრაპაიძის „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“ და ნინო დიანოსაშვილის „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“

საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

ალბათ პრემიის დაჯილდოების პროცესში ყველაზე მეტად დებიუტის ნომინაციის წარმომადგენლები ღელავდნენ. როგორი იქნება მათი პირველი, გაბედული ნაბიჯი ლიტერატურაში? ჟიურის გადაწყვეტილებით გამარჯვებული ორი ავტორი და მათი სადებიუტო წიგნები გახდნენ: ნანა აბულაძის „აკუმი“ და ირინა ტაბაღუას „ტელეფას ცხვარი“

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა ერთგვარი ჟამთააღმწერლის, მოვლენათა შემფასებლისა და გამააზრებლის ფუნქციას ასრულებს, შესაბამისად, ეს ნომინაცია ყოველთვის განსაკუთრებით საინტერესო და უხვია. წელს ამ ნომინაციის გამარჯვებულია მარიამ ხუცურაულის „მარილი გემოვნებით“ 

უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

თარგმანის წიგნუხვი და მდიდარი თარო მკითხველის განსაკუთრებული სიხარული და ქართული ლიტერატურის განსაკუთრებული სიამაყეა, უდიდესი შრომისა და მოთმინების, პასუხისმგებლობისა და პროფესიონალიზმის ილუსტრაცია. წელს  პირველად ნომინაციაში ორი დამოუკიდებელი ჯილდო გაიცა, გამარჯვებულები გახდენენ ანი კოპალიანის თარგმანი ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ” და გიორგი ლობაჟანიძის თარგმანი ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“

საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში

 წელს განსაკუთრებული სიახლეა - ლიტერატურულ კონკურსს დაემატა კიდევ ერთი ნომინაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დააწესა. ჟიურიმ ყველა ნომინაციიდან ორი გამარჯვებული გამოავლინა: ივა ფეზუაშვილის „ბუნკერი“ და ბიძინა მაყაშვილის „მხიარული მუსიკა სევდიან ეპოქაში ანუ ბლუზი მტკვრის პირას“

ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი

ლიტერატურული პრემია საბა ქართულ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის შესანიშნავ პოეტსა და მთარგმნელს, ქართული და არამხოლოდ ქართული ლიტერატურის ბრწყინვალე წარმოადგენელს, გივი შაჰნაზარს გადაეცა.


ავტორი: „საბა"