ლიტერატურა

ორი მედეა და წლის საუკეთესო პიესა

„საბა"

დეკემბერი 03, 2021

მაინც რა არის მედეას ამბავში ისეთი, რაც საუკუნეების მანძილზე არ ასვენებდა ადამიანთა წარმოსახვასა და შთაგონებას?

ლამაზი, ჭკვიანი, მაგიური, სულ სხვა, განსაკუთრებული ცოდნის მფლობელი ქალი, რომელიც სიყვარულის გამო ყველაფერზე ამბობს უარს, არა მხოლოდ უცხო ქვეყანაში მიდის, არამედ უცხო კულტურასა თუ ცივილიზაციას ეგუება. სიყვარულის გამო, რომელსაც ტრაგიკული და სასტიკი ფინალი აქვს.


დაკვირვებიხართ, რომ მედეას არა მითოლოგიურ თუ ლიტერატურულ პერსონაჟს, არამედ როგორც რეალურ ადამიანს განვიხილავთ და განვსჯით? წარმოიდგინეთ, რომელიმე სოციალურ ქსელში რომ ვაფასებდეთ მის საქციელს, აუცილებლად შეგხვდებოდათ ასეთი კომენტარები:

„ქართველი ქალი შვილებს არ დახოცავს“!


„ღირსი იქნებოდა ეგ მოღალატე ეგ“


„ამ საზიზღარმა ევრიპიდემ დააბრალა“


„საკუთარი შვილი როგორ უნდა მოკლა, კარგი რა მართლა“


„გაგიჟდა მსოფლიო“


და ა.შ. და აშ.

„მოწიწებით ვიხრი ქედს მისი მარად მშფოთვარე სულის წინაშე... როგორც უკვე ვთქვით, ის გამორჩეული სახეა და ამაყად დგას საკუთარი სიმარტოვის მოედანზე – ზურგს უკან კი არ მალავს, გულზე აქვს დაკრეფილი შვილების სისხლში ამოსვრილი ხელები... რასაკვირველია, ძლიერია, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უმწეობითაა ძლიერი... რასაკვირველია, უბედურია, მაგრამ აგერ უკვე რამდენი ხანია, ყველას ერთნაირად გვაბედნიერებს სიყვარულის სიდიადის, ღალატისადმი შეურიგებლობისა და საკუთარ სისუსტეებზე ამაღლების ნეტარი შეგრძნებით... ასე რომ, არაფერი სჭირს დასაცავი და არც ჩვენ ვაპირებთ მის «დაცვასა» და «გამართლებას» სხვათა თვალში.“

რატომ დავიწყეთ მედეაზე საუბარი? ამ მითიურ გმირზე, რომელიც ევრიპიდეს, ჟან ანუის, კორნელის, კრისტა ვოლფის, ოთარ ჭილაძის, ნინო ხარატიშვილის და სხვათა შთაგონების წყაროდ იქცა.



მედეა წელს „საბას“ წლის საუკეთესო პიესის ნომინაციის მთავარი პერსონაჟია.



ეს ნომინაცია, როგორც ყოველთვის, ძალიან მოკლე სიითაა წარმოდგენილი, ამჯერად ორი ქართველი დრამატურგი მედეას ორ ახალ სახეს წარმოგვიდგენს:

ლაშა ბუღაძე - „ანტიმედეა“

გამომცემლობა „არტანუჯი“

მაინც ვინააა მედეა? ლაშა ბუღაძის პიესაში მას ასე ვეცნობით: „ცოლი, ყოფილი ცოლი, ემიგრანტი, ანტიმოქალაქე N 2411“, ის საბედისწერო ქალია, რომელიც მრავალი ადამიანის ბედს ცვლის. რომელიც არ უყვართ, იმიტომ, რომ ჭკვიანია, უცხო და ყოვლისშემძლე.

პაატა ციკოლია - „მედეა s01e06”

saba.com.ge

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე

მითიური ქალი, რომლის ამბავი დიდი ხნის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ დასრულებულა, არც დასრულდება, სანამ გონებაში გავაცოცხლებთ ხოლმე კადრებს მისი მონაწილეობით, ისევე, როგორც პაატა ციკოლიას პიესაში:


- "დამიბრუნე ბავშვი, დამიბრუნე ბავშვი!" აღრიალდა მეფე.

- მედეამ დაშნა ეგალეს კისერთან მიიტანა.

- "მედეა, ეგალე დამიბრუნე!" გაცოფებულმა იკივლა მეფემ.

- "აი, რას ვფიქრობ შენზე, აიეტ!"

- მლაშე შხეფებად შემოგვასხა მედეას სიტყვები ქარმა.

- "აი, რას ვფიქრობ შენს სიყვარულზე, მამა!"

- მედეას ღიმილი კიდევ უფრო ამაზრზენი გახდა.

ორივე ამ პიესაში მედეა ანტიგმირია და, პრინციპში, არცერთი გმირი არ არსებობს, ეს ანტიგმირების სამყაროა. დროის კონცეფცია კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ნაწარმოებებს, რადგან მითი და ლიტერატურა ის სივრცეებია, სადაც დროის გაგება გრამატიკულისგან განსხვავდება, სადაც უძველესი ამბები აწმყოდ და მომავლად გარდაისახება.


დრამატურგია ბევრი ნიშნით ენათესავება პოეზიას, გამოხატვისა და მეტაფორის სიზუსტე, რაც პოეზიისთვის ასე მნიშვნელოვანიაა, ამ ორივე პიესის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია.

მოკლედ, მედეას რომელი სახე გაიმარჯვებს, დაჯილდოებაზე გავიგებთ, თუმცა ერთი რამ ცხადია, კოლხი მედეას ლიტერატურული სახე უკვე გამარჯვებულია, რადგანაც მითის ამოხსნისა და გააზრების კიდევ ორი შესანიშნავი ინტერპრეტაცია შემოემატა ქართულ ლიტერატურას.



ავტორი: „საბა"