ლიტერატურა

წლის საუკეთესო ქართული თარგმანი - უწყვეტი ტრადიციის გაგრძელება

„საბა"

დეკემბერი 15, 2021

ქართულ მთარგმნელობით სკოლას დიდი და მდიდარი ტრადიცია აქვს, ბიბლიის უძველესი თარგმანები, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელები, ათონის, შავი მთისა თუ გელათის სკოლები, "ვისრამიანის" გენიალური თარგმანი, ევროპული თუ აღმოსავლური ლიტერატურა, მაჩაბლის შექსპირი... გენიალური მთარგმნელების სია, საბედნიეროდ, დიდია და ქართული თარგმანის სკოლა დღესაც აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას.

ამ უწყვეტი პროცესის დასტურია ლიტერატურული პრემია „საბას“ თარგმანის ნომინაციის თარო, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე, ვარსკვლავური ნომინანტებითაა წარმოდგენილი, გამონაკლისი არც წლევანდელი წელია.



მაშ, ასე, გადავხედოთ, ქართულად ნათარგმნი რომელი წიგნებიდან უნდა აარჩიოს ჟიურიმ წლის საუკეთესო თარგმანი:


ლელა დუმბაძე

ალი სმითის „შემოდგომა”

სულაკაურის გამომცემლობა

შოტლანდიელი ავტორის, ალი სმითის „შემოდგომა“ სეზონების თემაზე დაწერილი ტეტრალოგიის ნაწილია, რომელიც The New York Times-ის წლის 10 საუკეთესო წიგნს შორის მოხვდა და ბუკერის პრემიაზეც იყო წარდგენილი.


რომანში ორი განსხვავებული ადამიანის მეგობრობის ფონზე თანამედროვე სამყაროსთვის მნიშვნელოვანი და აქტუალური ამბები იშლება, „რომანში მთავარია ენა“, ამბობს თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ალი სმითი და ამ რომანს, სწორედ ენობრივი კონცეფცია გამოარჩევს, ნატიფი, პოეტური პროზის ნარატივიდან ყოფით ენამდე გრადაცია განსაკუთრებით საინტერესო საკითხავად აქცევს წიგნს და სწორედ ენობრივი პოზიციის გადმოტანაა მთარგმნელის მთავარი ამოცანა.

მაია ფანჯიკიძე

თომას ბერნჰარდის „ტყის ჩეხა”

სულაკაურის გამომცემლობა

„ტყის ჩეხა“ თომას ბერნჰარდის ყველაზე პოპულარული და სკანდალური რომანია, რადგან ავტორს დიდად არც უცდია, დაემალა, ვის გულისხმობდა მოქმედ პირებში, ბევრმა ამოიცნო თავისი თავი. ზოგიერთი მათგანის ჩივილის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, წიგნის გაყიდვა დროებით შეჩერებულიც კი იყო ავსტრიაში, რამაც რომანს, ბუნებრივია, მეტი პოპულარობა მოუტანა.


მიუხედავად იმისა, რომ რომანი ვენის კულტურულ და ინტელექტუალურ საზოგადოებაში გამეფებულ კონფორმიზმს, მლიქვნელობასა და კარიერიზმს აღწერს, რომლის სივრცეშიც, თითქოს ხელოვნების ადგილი საერთოდ არაა, აქ მოთხრობილი ამბები შეიძლება გეცნოთ კიდეც, სხვადასხვა მოვლენა გაგახსენოთ ჩვენი ქვეყნის ახლო თუ შორეული წარსულიდან.

თამარ კვიჟინაძე

კნუტ ჰამსუნის „მიწის მადლი”

სულაკაურის გამომცემლობა

რომანი, რომლისთვისაც კნუტ ჰამსუნმა ნობელის პრემია მიიღო, ერთგვარად ზოგადსაკაცობრიო რომანია, სადაც მეორდება ლიტერატურისა და მითოსის ერთ-ერთი მთავარი არქეტიპი - ახალმოსახლეობისა და უცხო მიწის ათვისების, შესისხლხორცების და შეყვარების მარადიული საგა. ისააკი, რომელსაც ალბათ სულაც არ ჰქვია შემთხვევით ბიბლიური პერსონაჟის სახელი, სწორედ ბიბლიური გმირია - მკაცრი, პირქუში, უხეში, ის ახალ მიწას ითვისებს, თავისთავად, ბუნებრივად, ისევე, როგორც ადამიანისა და მიწის პირველყოფილი ურთიერთობაა. ასევე თავისით მოდის მასთან ქალი, ნაყოფიერების საწყისი, ვინც მას მომავალს უწილადებს.


მკითხველი ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება ამ პირველაღმომჩენს და თავადაც სწავლობს ადამიანად ყოფნასა და გაძლებას.

გიორგი ლობჟანიძე

ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი”

სულაკაურის გამომცემლობა

ცნობილი აღმოსავლეთმცოდნისა და მთარგმნელის, „ყურანის“ მთარგმნელისა და „საბას“ პრემიის ლაურეატის, გიორგი ლობჟანიძის ახალ თარგმანს ყოველთვის მოუთმენლად ელის მკითხველი.


და აი, ყურანის შემდეგ ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევის“ ქართულად წაკითხვაც შეგვიძლია. არაბულ-სპარსული ლექსთწყობის, „არუდის“ სპეციფიკური სალექსო საზომის – „მასნავის“ – ფორმით შექმნილ ამ უკვდავ პოემას თავისი დიდი მნიშვნელობის გამო ზოგჯერ „სპარსულ ყურანადაც“ მოიხსენიებენ. ნაწარმოები აღმოსავლური (მუსლიმური) მისტიციზმის ნამდვილ ენციკლოპედიად გვევლინება და თავს უყრის მისი შექმნის დროისათვის ისლამურ სამყაროში წამოჭრილ ყველა მნიშვნელოვან სააზროვნო ტენდენციას. ამ ტენდენციათა გარკვევაში ქართველ მკითხველს თარგმანს თანდართული კომენტარები დაეხმარება.

ლიკა ჩაფიძე

ავგუსტ სტრინდბერგის „წითელი ოთახი”

სულაკაურის გამომცემლობა

„წითელი ოთახი“, როგორც სტრინდბერგის მთელი ლიტერატურული მემკვიდრეობა, მნიშვნელოვნად ეყრდნობა ავტორის პირად გამოცდილებას. სტოკჰოლმში დღესაც არსებობს ის რესტორანი და წითლად შეფერილი ოთახიც, რომელშიც რომანის პერსონაჟები სასაუბროდ იკრიბებოდნენ.


ნაწარმოების მთავარი გმირი, მწერლობასა და ჟურნალისტობაზე მეოცნებე ახალგაზრდა იდეალისტი არვიდ ფალკია, მას მუდმივად ტანჯავს შვედურ საზოგადოებაში ფესვგადგმული პირფერობა, ფარისევლობა და კორუფცია, რომელიც გამეფებულია ყველგან – პოლიტიკაში, ბიზნესში, თეატრსა თუ გამომცემლობაში. არვიდ ფალკის ერთადერთი თავშესაფარი სტოკჰოლმის ცენტრში მდებარე რესტორნის წითლად შეფერილი ოთახია, სადაც თანამოაზრეებთან, შვედეთის ბოჰემური წრის წარმომადგენლებთან საუბრობს გაუსაძლის გარემოზე.

ია ქვაჩახია

ელიფ შაფაქის „ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში”

გამომცემლობა „პალიტრა L“

ამ რომანში ელიფ შაფაქი ისევ თავის საყვარელ თემებს უტრიალებს, ქალის ბედი XX საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი - მიძინებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე...


ელიფ შაფაქის მსუბუქი ენით მოყოლილი მძიმე ამბები, ერთდროულად ფიქრის, განსჯისა და ესთეტიკური სიამოვნების წყაროა.

ხათუნა ცხადაძე

ელენა ფერანტეს „მარტოობის დღეები”

გამომცემლობა „ზოლიანი კატა“

იტალიელი მწერლის, ელენა ფერანტეს „მარტოობის დღეები“ ტკივილიანი, გულწრფელი აღსარებაა ქალისა, რომელიც მიატოვეს და რომელმაც ახალ რეალობაში ცხოვრება უნდა შეძლოს. ეს საოცრად ემოციური ტექსტი, რომელიც ნერვებისა და გრძნობების კვეთაზეა დაწერილი, ქალური სათქმელის შესანიშნავი ილუსტრაციაა.


როგორია ქალის ბრძოლა?


ყოფილი ცოლის, ეჭვიანი ქალის, სექსუალური ქალის, დედის როლები, რომელთაგან ზოგიერთი ტვირთად იქცა, ზოგიერთი არასრულფასოვნების კომპლექსად. როგორ და რატომ მთავრდება სიყვარული? საიდან იწყება გადარჩენის გზა? როგორ ახერხებენ ადამიანები დიდი ტკივილის მერე წამოდგომას? როდის მთავრდება მარტოობის დღეები ან, საერთოდ, მთავრდება-ხოლმე?

მანანა ანთაძე

უილიამ შექსპირის „ქარიშხალი”

საგამომცემლო სახლი „სეზანი“

„ქარიშხალი“ შექსპირის ერთ-ერთი უკანასკნელი პიესაა. ეს ტრაგიკომედია, რომელიც ფენტეზისა დაა ჯადოსნურ, ახალ სამყაროში მოგზაურობას გვთავაზობს, პოეზიით გაჟღენთილი საოცარი ტექსტია.


„მანანა ანთაძემ, შეიძლება ითქვას, რომ შეუძლებელი შეძლო და ეს ჯადოსნური სამყარო ახალ  ენობრივ წიაღში აამეტყველა, თან ისე, რომ დედნისადმი ერთგულება და ფორმისმიერი მშვენიერება ერთად შეკრა, რამაც თარგმანს ისეთივე ხიბლი და მომნუსხველობა მიანიჭა, როგორიც ორიგინალს აქვს.“

- ვკითხულობთ წინასიტყვაობაში.

ლევან ბერძენიშვილი

ევრიპიდეს „4 ტრაგედია”

გამომცემლობა „ინტელექტი“

მწერალი და მთარგმნელი, „საბას“ პრემიის ლაურეატი, ლევან ბერძენიშვილი აგრძელებს ძველი ბერძნული ლიტერატურის შედევრების თანამედროვე ქართველი მკითხველისთვის გაცნობას.


წიგნში წარმოდგენილია ევრიპიდეს ოთხი ტრაგედია: „ალკესტისი“ (ევრიპიდეს პირველი პიესა), „ელექტრა“, „იფიგენია ტავროსელებში“ და „იფიგენია ავლისში“ (უკანასკნელი პიესა).


„მართალია, ევრიპიდეს ტრაგედიები ანტიკურობაში აკრძალული არ ყოფილა, მაგრამ მათი სტატუსი ყველაზე მეტად სწორედ აკრძალულს ჰგავდა: დიახ, ევრიპიდე ათენელებს არ აუკრძალავთ, იგი, უბრალოდ, არ მოსწონდათ და ხაზგასმით არ უყვარდათ. სრულიად უცხოდ, ზედმეტად თავისნათქვამად და საკუთარ თავზე შეყვარებულ ინტელექტუალად, „არახალხურ“ შემოქმედად მიაჩნდათ. ბოლოს და ბოლოს, ეს უსიყვარულობა ორმხრივი გახდა და ათენელთაგან მიუღებლობის გამო გაწამებულმა ევრიპიდემ სამშობლო დატოვა და თავისი სამარე უცხოეთს აჩუქა. ათენელებს ესეც ეწყინათ.“


- წერს მთარგმნელი ძველი ბერძენი ტრაგიკოსის შესახებ.

ანი კოპალიანი

ტომას სტერნზ ელიოტის „მოხუცი ოპოსუმის წიგნი პრაქტიკული კატების შესახებ”

გამომცემლობა „ინტელექტი“

ანი კოპალიანს პოეზიის განსაკუთრებულ მკითხველად იცნობს მკითხველი, მკითხველის მოლოდინს ტომას ელიოტის წიგნი ნამდვილად გაამართლებს.


„კატების წიგნი 1939 წელს გამოიცა. თოთხმეტი სხვადასხვა სახელიანი და სხვადასხვა ხასიათიანი კატა – სულ ესაა მთელი წიგნი და კიდევ წინათქმა, კატის სახელის შერჩევისა გამო. ამ სალაღობო წიგნშიც არ უღალატებდა ელიოტი თავის პრინციპს, ცოცხალი ტრადიციისა, და გაითვალისწინებდა ინგლისურ ლიტერატურაში დაგროვილ გამოცდილებას, უძველესი დროის სალაღობო და საბავშვო სიმღერებიდან მოყოლებული რადიარდ კიპლინგამდე, ლუის კეროლამდე და ედვარდ ლირამდე. ინტონაციები, რიტმი და რითმები შეეძლო აქედან წამოეღო.


ტომას ელიოტი თამაშობს „კატებში“, სიტყვებით, სახელებით, ფრაზებით თამაშობს და უნდა აჰყვე, ოსტატობა და მახვილგონიერება გეყოს და აჰყვე; თუ ვერ აჰყვებოდა, ხელი მოეცარებოდა მთარგმნელს და მთარგმნელმაც გაბედა და მიაგნო ემოციურ დარტყმებს და ოსტატობაც ეყო. თარგმანი ძველი და მარადახალი საზომებითა და ხმებითაა შესრულებული და ჩვენი თეატრისათვისაც გამოწვევაა ენდრიუ ლოიდ ვებერის მიუზიკლის ქართულ ენაზე და ქართულ სცენაზე აჟღერება“

- წერს მწერალი და მთარგმნელი პაატა ჩხეიძე ანი კოპალიანის თარგმანის შესახებ.

ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე

ჯონათან სვიფტის „გულივერის მოგზაურობა”

გამომცემლობა „ინტელექტი“

როგორია მოხვდე სამყაროში, სადაც ყველა შენგან განსხვავებულია, ზოგისთვის მეტისმეტად დიდი, გოლიათი ხარ, ზოგს - ხელისგულზე ეტევი...იცვლება თუ არა ადამიანთა მთავარი მანკიერებები სხვადასხვა გარემოში? ღირს თუ არა ომი თუნდაც ერთ ჩაშლილ პაემნად?


ჯონათან სვიფტმა მსოფლიო ლიტერატურას ძალიან მნიშვნელოვანი წიგნი "გულივერის მოგზაურობა" დაუტოვა...


მთავარი გმირი, ქირურგი ლემუელ გულივერი მოგზაურობს ფანტასტიკურ, არარსებულ ქვეყნებში, რომლებიც მწერალმა იმისათვის გამოიგონა, რომ თავისი დროის ინგლისის კოლონიური რეჟიმი, სამეფო კარი, საზოგადოება და პოლიტიკური სიტუაცია ცენზურისთვის შეუმჩნევლად გაეკრიტიკებინა. შედეგად, მსოფლიო მკითხველმა მიიღო საკითხავი, რომელმაც ადამიანებს საკუთარ თუ სხვების გულებში ჩახედვა, მოვლენების კრიტიკული შეფასება ასწავლა.

თამარ რეკკ-კოტრიკაძე

ჯორჯ ორუელის „ცხოველების კარ-მიდამო”

გამომცემლობა „ინტელექტი“

ჯორჯ ორუელის საკულტო წიგნს კარგად იცნობს ქართველი მკითხველი, წიგნი ქართულად რამდენჯერმე ითარგმნა და ამიტომაც, ერთგვარი აჟიოტაჟი გამოწვია თამარ კოტრიკაძის ახალმა თარგმანმა და, განსაკუთრებით, სათაურის ახალმა ვერსიამ. 


„ამ წიგნის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 1937 წელს გაჩნდა, თუმცა წერა მხოლოდ 1943 წლის ბოლოს დავასრულე. როცა ამ საქმეს შევუდექი, იმთავითვე ვაცნობიერებდი, მისი დაბეჭდვა ძალიან რომ გამიჭირდებოდა. მართლაც, ხელნაწერი ოთხმა გამომცემელმა უკან დამიბრუნა. მათგან მხოლოდ ერთმა დაასახელა უარის მიზეზად წიგნის იდეოლოგია. ერთი გამომცემელი თავდაპირველად აპირებდა კიდეც წიგნის გამოცემას, მაგრამ მოლაპარაკებათა მსვლელობისას გადაწყვიტა, რჩევისათვის ინფორმაციის სამინისტროსთვის მიემართა, რომელმაც, როგორც ჩანს, გააფრთხილა ან, სულ ცოტა, დაჟინებით ურჩია, ამ წიგნის დაბეჭდვისგან თავი შეეკავებინა.“


- წერდა წიგნის შესახებ ავტორი. წიგნი ყოველთვის აქტუალური და თანამედროვეა, შესაბამისად, მისი ყოველი ახალი და პროფესიული თარგმანი მნიშვნელოვანი შენაძენია მკითხველისათვის.

მზია გალდავაძე

დანიელ ვისერის „მთის დედოფალი”

გამომცემლობა „ინტელექტი“

დანიელ ვისერი ავსტრიელი მწერალი და მუსიკოსია. მას რომანისთვის „მთის დედოფალი“ 2018 ავსტრიის უმაღლესი ლიტერატურული პრემია მიენიჭა. წიგნის მთავარი გმირი 45 წლის რობერტ ტურინია, რომელსაც გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი 27 წლისას დაუდგინდა. იზოლირებულ გარემოში გატარებულმა წლებმა და სრული ფიზიკური დაუძლურების აშკარა და გარდაუვალმა პერსპექტივამ რობერტ ტურინი ე. წ. „ბედნიერ სიკვდილზე“ დააფიქრა. გეგმის განხორციელებას წინ უამრავი დაბრკოლება ეღობება, მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ ევთანაზია ავსტრიაში კანონით იკრძალება. დანიელ ვისერი ამსხვრევს ტაბუს და გაბედულად წერს ბევრ აქტუალურ თემაზე, რომლებიც ასე აღელვებს თანამედროვე საზოგადოებას. თუმცა, მხოლოდ ავტორის სითამამე და თემების სიმძაფრე არ არის ამ რომანის განსაკუთრებულობის მთავარი მიზეზი. დანიელ ვისერი იყენებს თხრობის ინოვაციურ მეთოდებს, რომელთაც თანამედროვე ლიტერატურაში ანალოგი თითქმის არ მოეძებნება...

წელსაც, ისევე, როგორც ყოველთვის, წიგნების სიმრავლის, კონკურენციის, მკითხველის ინტერესის გამო განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა თარგმანის ნომინაცია. ახლა ის დროა, წიგნების წაკითხვა მოვასწროთ, რომ პრემიის გამარჯვებულის გამოცხადებისას, ცინცხალ კამათში ჩავერთოთ, დაემთხვა თუ არა, ჩვენი და ჟიურის გადაწყვეტილება ერთმანეთს.

ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, თინათინ კიღურაძე , palitravideo.ge