ლიტერატურა სიახლეები

როცა დასაწყისი გაგრძელების მაცნეა

„საბა“

სექტემბერი 16, 2022

დებიუტის მნიშვნელობაზე უკვე ვისაუბრეთ. ალბათ კარგი დასაწყისის შემჩნევასა და სხვისთვის გაზიარებაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, კარგი დასაწყისი ხომ ღირსეულ გაგრძელებას მოასწავებს. „საბა“ ამის საუკეთესო მაგალითია, ბევრი ავტორი, რომელიც დებიუტის ნომინაციაში „ამოკაშკაშდა“, მოგვიანებით სხვა ნომინაციების ნომინანტად და ლაურეატადაც მოგვევლინა.


მოკლედ გადავხედოთ ამ „დაბრუნებებს“ და კიდევ უფრო მეტი დაბრუნების იმედად ვუგულშემტკივროთ წლევანდელ დებიუტანტებს, რომელთა სახელებს აუცილებლად ვიხილავთ მომავალში სხვა ნომინაციებში.

„საბასთვის“ ერთგვარად სიმბოლური იყო წლის საუკეთესო დებიუტის პირველი გამარჯვებული - ანა კორძაია-სამადაშვილი, რომელიც მაშინ სოფიო კირვალიძის ფსევდონიმით იყო წარმოდგენილი. თანამედროვე ქართული პროზის ვარსკვლავი, საუკეთესო მთხრობელი, მკითხველის საყვარელი ავტორი, ზინკა ადამიანისა და შუშანიკის შვილების ავტორი, კიდევ ბევრი ახალი წიგნით იქნება წარმოდგენილი პრემიაზე და ლაურეატიც არაერთხელ გახდება.

„სანამ დაგვიძახებენ“ - ასე ერქვა თამრი ფხაკაძის, კიდევ ერთი შესანიშნავი ავტორის წიგნს, რომელმაც დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვა. ამ ავტორის სახელთანაც მრავალი დაბრუნებაა დაკავშირებული, ისევე, როგორც 2005 წლის დებიუტის გამარჯვებულის, გელა ჩქვანავასი. არაერთხელ ვიხილეთ სიაში დებიუტის სხვა გამარჯვებულებიც, მაგალითად, დიანა ანფიმიადი, გიორგი კეკელიძე, ბაჩო კვირტია.

2006 წლის დებიუტის ნომინაციაში თეონა დოლენჯაშვილმა გაიმარჯვა თავისი მოთხრობების კრებულიც, რამდენიმე წელიწადში კი, რომანის ნომინაციაში დაბრუნებული მწერალი ლაურეატიც გახდა.


წელს კრიტიკის ნომინაციაში მაკა ლდოკონენის წიგნი „რა ვიკითხოთ ერთად“ არის წარმოდგენილი, ამ ნაშრომის ავტორი სწორედ პრემიის დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებულია მოთხრობების წიგნისთვის „ქიშმიშიანი ამბები“.

2011 წლის დებიუტი ალბათ ყველაზე ხმაურიანი იყო პრემიის ისტორიაში, თამთა მელაშვილის რომანმა „გათვლა“, ამ სასტიკმა და გულწრფელი წიგნმა მკითხველის გულიც მოინადირა და ჟიურისიც, თამთა მელაშვილი პრემიის პროზაულ ნომინაციებში არაერთხელ იყო წარდგენილი, ხოლო 2021 წელს რომანისათვის „შაშვი, შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილმა წლის საუკეთესო რომანის ავტორის წოდებაც დაიმსახურა.

არაერთხელ ვნახეთ ნომინანტთა სიაში 2012 წლის დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებული ავტორები - სალომე ბენიძე და ეკატერინე ტოგონიძე, პოეტური ნომინაციის გარდა, სალომე ბენიძე სალმან რუშდის თარგმანისთვის ურთულეს მოკლე სიაში იყო წარმოდგენილი, ხოლო ეკატერინე ტოგონიძის რომანი „შინ-შენ“ 2021 წლის რომანის მართლაც უმოკლეს სიაში ვიხილეთ.


ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პოეტური დებიუტი ალბათ ლია ლიქოკელისა და ტორესა მოსის დაჯილდოება იყო, ლიას მეორე წიგნიც ღირსეულად აღმოჩნდა პოეზიის ნომინაციის მოკლე სიაში, ხოლო ტორესა მოსი თანამედროვე ქართული პროზის ერთ-ერთი ცნობილი და საინტერესო ავტორია.


დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებული ბექა ახალაია წელს პოეზიის ნომინაციის მოკლე სიაშია წარმოდგენილი, ხოლო ასევე დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებული მთარგმნელის, ქეთი ქანთარიას ბრწყინვალე თარგმანებს არაერთხელ გაუხარებია ქართველი მკითხველი.

განსაკუთრებით საინტერესო იყო 2016 წლის დებიუტის ნომინაცია, რომელსაც სამი გამარჯვებული ჰყავდა- სალომე მაკარიძე, „ჩვენ" (სიესტა) - მკითხველის არჩევანი , ნანა ექვთიმიშვილი „მსხლების მინდორი" (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) და იუნონა გურული „დიაგნოზი" (საუნჯე). ეს სახელებიც არაერთხელ გვიხილავს ქართული ლიტერატურული ამბების ეპიცენტრში.


თუ დებიუტის ნომინაციებს გადახედავთ, პირველ რიგში, თვალს მრავალფეროვნება მოგტაცებთ, მაგალითად, შარშან, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანმა და ძალიან საინტერესო კონცეფციის პოეტურმა კრებულმა გაიმარჯვეს ( ნანა აბულაძის „აკუმი“ და ირინა ტაბაღუას „ტელეფას ცხვარი“), სხვადასხვა დროს, ქართული პროზისა და პოეზიის მნიშვნელოვანმა ავტორებმა სწორედ დებიუტის ნომინაციით დაიწყეს თავიანთი საინტერესო ლიტერატურული გზა.

ეს ტენდენცია ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა „საბას“ ისტორიისათვის და იმედია, აუცილებლად გაგრძელდება,  წლევანდელი დებიუტის ნომინაციის ნიჭიერი ავტორები აუცილებლად წაგვაკითხებენ თავიანთ ახალ წიგნებს მომავალში, მაგალითისთვის, როგორც გამომცემლობა გვპირდება, სულ მალე დებიუტის კიდევ ერთი გამარჯვებულის, ზურა ჯიშკარიანის ახალ რომანსაც წავიკითხავთ და ალბათ, სხვა,  დებიუტის ნომინანტი თუ ლაურეატი ავტორებიც გაახარებენ ქართული ლიტერატურის გულშემატკივრებს.




ავტორი: „საბა"

ფოტო: გურამ წიბახაშვილი, დინა ოგანოვა, ნატა სოფრომაძე | მწერალთა სახლი