ლიტერატურა სიახლეები კულტურა

საბა - ლიტერატურული ზეიმის 20 წელიწადი!

„საბა“

აპრილი 22, 2022

და აი, ლიტერატურული პრემია „საბა“ უკვე  20 წლისაა და იუბილეს აღნიშნავს!

მისი იუბილე მისი პროფესიული დღეცაა, ორი დიდი წინაპარი, ორი საყვარელი ავტორი, ორი დიდი მწერალი მიგელ დე სერვანტესი და უილიამ შექსპირი ხომ ამ დღეს გარდაიცვალნენ, 23 აპრილს კი მსოფლიო წიგნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.


21-ე საუკუნის გარიჟრაჟზე, დიდი ცვლილებების ეპოქაში, 2003 წელს პირველად, მთაწმინდაზე, იქ, სადაც ქართული ლიტერატურის გული ძგერს- პირველად ჩატარდა დაჯილდოების ცერემონიალი.


ახლა ლიტერატურული პრემია „საბა“ 20 წლის გახდა, განუკურნებლად უყვარს ქართული ენა, სულმოუთქმელად კითხულობს, აფასებს ქართულ ლიტერატურას, აჯამებს ლიტერატურულ პროცესს.

წელს პრემია „საბას“ საიუბილეო წელი აქვს, ოცწლიანი ისტორია ლიტერატურული პრემიისთვის თითქმის ეპოქაა. რაც ყველაზე მთავარია, ეს ისტორია გრძელდება და ყოველ წელს თავის ახალ ფურცელს წერს.


მეოცე წელია, რაც კონკურსი აფასებს ქართულ ლიტერატურას და აჯილდოებს გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს.

ჭაბუა ამირეჯიბი

„პირველი „საბასთვის“ მზადება 2002 წელს დაიწყო.


ეს ნამდვილად ახალი და სრულიად განსხვავებული გამოცდილება იყო იმდროინდელი ქართული ლიტერატურისათვის. მაშინ ჩვენი უმთავრესი ამოცანა იყო შეგვექმნა სახელმწიფოსგან სრულიად დამოუკიდებელი ლიტერატურული პროცესი, რომელის დღის წესრიგსაც თავად ლიტერატურული საზოგადოება განსაზღვრავდა და არა იმ დროინდელი სახელისუფლებო კონიუნქტურა.


„საბა“ მართლაც გარღვევა იყო საბჭოთა და პოსტსაბჭოთა სივრციდან თვისობრივად რაღაც ახლისკენ“


- ამბობს პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, პოეტი რატი ამაღლობელი.

„საბა“, როგორც თავისუფალი ლიტერატურული სივრცე, დღემდე მნიშვნელოვნად განაპირობებს ქართულ ლიტერატურულ პროცესს.

„სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ პრემირების სისტემას, რომელიც საბჭოთა ეპოქაში იღებდა სათავეს და მიუხედავად საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმაციის ცვლილებისა, მაინც განაგრძობდა არსებობას, უნდა დაპირისპირებოდა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მიმდინარე პროცესების ამსახველი და ამ პროცესების თვალსაჩინო წარმომადგენლების შემფასებელი სისტემა, რომელიც არ იქნებოდა დამოკიდებული სახელმწიფოზე. ეს გახლდათ პირველი, ახალი ლიტერატურული პრემიის “საბას” დაარსების ძირითადი მიზანი


"საბას" კარგი ბიოგრაფია აქვს, დროის მოკლე მონაკვეთში მან შეძლო მთავარი, ჩამოყალიბებულიყო ყველაზე პრესტიჟულ პრემიად ოცდამეერთე საუკუნის პირველი ოცდაათწლეულის საქართველოში“


- აღნიშნავს მწერალი ზაალ სამადაშვილი, პირველი „საბას“ ჟიურის წევრი და პრემიის ლაურეატი.

ლევან ბრეგაძე, დავით წერედიანი

პრემია მნიშვნელოვანია გამარჯვებულებისთვის, ის ერთდროულად ჯილდოცაა და პასუხისმგებლობაც.

„ოცი წელი გავიდა პრემია "საბას"დაარსებიდან. არაფერია თითქოს ეს ოცი წელი ისტორიისთვის,მაგრამ ადამიანისთვის ეპოქაა. "საბაც"ამ ეპოქას მიჰყვებოდა,ლიტერატურულ ამბებს. ჩემი პირველი პრემიაც პასუხისმგებლობაა და არა ჯილდო. კარგია რომ "საბა"ისევ არსებობს. ჩვენ ხომ ყველა კარგ წამოწყებას მალევე ვატანთ წყალს“


- ამბობს პირველი „საბას“ პრემიის ლაურეატი წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში, გაგა ნახუცრიშვილი.

ლია სტურუა

მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც პრემიამ ქართულ ლიტერატურას მოუტანა, ის უწყვეტობაა, რომლის საშუალებითაც, ერთ მშვენიერ დღეს დებიუტის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორებს სხვა ნომინაციებშიც მრავლად ვნახულობთ და მათი გამარჯვებით ისევ ისე ვხარობთ, როგორც სულ პირველად:

„ზუსტად ოცი წლის წინათ მივიღე „საბა“, და ეს იყო მოულოდნელი და დიდი სიხარული. დარწმუნებული არ ვარ, რომ ქართულ ლიტერატურას უჩემოდ რამე დააკლდებოდა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ არაფერს დავწერდი, რომ არა იმ დღეს თამაზ ჩხენკელის მიერ გადმოცემული ბუმბული. ვფიქრობ, ეს ყველას აქვს გამოცდილი, ვინც თავის სახელი „საბას“ მოკლე სიაში ამოუკითხავს - ისეთი სიხარული, მხოლოდ ძალიან პატარას რომ გიგრძვნია, გულით რომ დაგაძახებინებს: „დილილმე!“


მას მერე, ოცი წლის განმავლობაში, იმდენი სიხარულის მოწმე ვყოფილვარ, ვერც ჩამოვთვლი. ავტორების სიხარულიც მრავლად გამიზიარებია და მკითხველისაც. არ ვიცი, ვის მეტად უხარია: ავტორს, რომ შესანიშნავმა მკითხველმა დააფასა, თუ მკითხველს, რომ შესანიშნავი ავტორი გაიცნო.“


- ანა კორძაია-სამადაშვილი, მწერალი, პირველი „საბას“ ლაურეატი ნომინაციაში წლის საუკეთესო დებიუტი.

მოკლედ, უკვე 21-ე წლის ათვლას იწყებს ლიტერატურული პრემია "საბა", მესამე ათწლეული კი სულაც არაა სახუმარო საქმე.





ავტორი: „საბა"