ლიტერატურა

კიდევ ერთი საბა - ნომინანტების შესახებ

"საბა"

ნოემბერი 21, 2019

წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული მოვლენის დასკვნითი ეტაპი ახლოვდება, იზრდება მითქმა-მოთქმა, ლიტერატურული საუბრები, განხილვები, გარჩევები და კითხვა - მაინც ვინ? რომელ ნომინაციაში? ქართული ლიტერატურის გულშემატკივარი მკითხველებისთვის კი საბას ნომინანტთა ჩამონათვალი კიდევ ერთი სიაა, წიგნებისა, რომელიც უნდა წავიკითხოთ.


რა ვითარებაა წელს სხვადასხვა ნომინაციაში? როგორი კონკურენციაა? რომელი ავტორის რომელი წიგნია მომავალი ლაურეატი? ამაზე საუბარი ძნელია, თუმცა, მკითხველებს ყოველთვის აქვთ ერთი სასიამოვნო არჩევანი - წაიკითხონ და თავად გადაწყვიტონ, ვის უგულშემატკივრებენ წელს.


ჩვენ უბრალოდ მოგეხმარებით.


პოეზიის ნომინაცია


ჩვენს ქვეყანაში პოეზია განსაკუთრებით უყვართ, ამიტომაც „საბას“ პრემიის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციას ყოველთვის განსაკუთრებით ელოდება და გულშემატკივრობს მკითხველი. წელსაც, ისევე, როგორც ყოველ წელს პოეზიის ნომინაციაში რამდენიმე ძალიან საინტერესო ავტორია წარმოდგენილი. თუ რაიმე ნიშნით გვინდა შვაფასოთ და დავახასიათოთ წლევანდელი პოეზიის თარო, მაშინ ეს ნიშანი ავტორთა განსხვავებული ესთეტიკა, გამომსახველობითი ფორმები, პოეტური ენა იქნება.

ბექა ახალაიას პოეტური, რიტმული ექსპერიმენტები და ფორმებით თამაში, ზაზა ბიბილაშვილის ლაკონურობა და გამჭვირვალე, მოქნილი პოეტიკა, ეთერ თათარაიძის დიალექტური და ენობრივი პოლიფონია წელს პრემია საბას პოეტური თაროს კონტრასტულობას განაპირობებს.

პროზაული კრებული


პროზაული კრებულის ნომინაცია წელს განსაკუთრებით საინტერესოა, როგორც ენობრივი, ისე ჟანრული თვალსაზრისით, ამ მხრივ, შესაძლოა, ნომინაციის ორი მთავარი, პირობითი ხაზი გამოვყოთ, ნატო დავითაშვილისა და გურამ მეგრელიშვილის შესანიშნავი პროზაული კრებულები ჟანრულ ექსპერიმენტებს, ლიტერატურულ თამაშებს, ქართული პროზის ახალ მიმართულებას წარმოგვიდგენს, ხოლო ზაალ სამადაშვილისა და ინა არჩუაშვილის განსაკუთრებული ენა, დრამატიზმი, მხატვრული ოსტატობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ქართულ პროზას ჯერ კიდევ ბევრი დარჩა თავისი მკითხველისთვის მოსაყოლი და სალაპარაკო.

წლის საუკეთესო პიესა


საუკეთესო პიესის ნომინაცია „საბას“ ერთ-ერთი სირთულეა ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ქართული თეატრი ვითარდება, საინტერესო ნიმუშებს გვთავაზობს, ქართულ დრამატურგიას მაინც მოვისაკლისებთ ხოლმე. ყოფილა წლები, როდესაც ამ ნომინაციაში პრემია საერთოდ არ გაიცა.

წელს, მიუხედავად იმისა, რომ პიესის თარო სულ სამი წიგნითა წარმოდგენილი, ნომინაციაში, როგორც გამოცდილი, ისე შედარებით ახალგაზრდა ავტორების ძალიან საინტერესო ტექსტებს შეხვდებით.  

გადმოწერე განახლებული აპლიკაცია SABA Reader App Store-დან ან Google Play-დან და იკითხე ქართული და უცხოური ლიტერატურა "საბაზე".

ავტორი: https://saba.com.ge/