ოქტომბერი 27, 2020
„ჩამოვიტანე ავი ჭაობის ციება; მაგრამ თანაც ჩამოვაცოცე ვეებერთელა რვეული, გაჭიკნილი ხალხური ზღაპრებით, არაკებით, ლექსებით და შევუდეგ "დედაენის" შედგენასა და გამოცემასა" -წერს იაკობ გოგებაშვილი თავის მოგონებებში, ეს საოცარი, გულისამაჩუყებელი, გულწრფელი ფრაზაა ადამიანისა, რომელმაც ახალი ტიპის სახელმძღვანელოს შედგენითა და გამოცემით სრულიად შეცვალა, მეტიც, ალბათ შექმნა, სასკოლო განათლება საქართველოში.
© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
იაკობ გოგებაშვილი - საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი, პედაგოგი, პედაგოგიური თეორიებისა და სახელმძღვანელოების ავტორი, მეცნიერი და, რაც მთავარია, ბავშვების საყვარელი მწერალი.
ის ფაქტი, რომ დღესაც ქართული სკოლის სახლმძღვანელოების ნაწილი მის პრინციპებს ემყარება და სასკოლო განათლება მის იდეალებს იზიარებს, ადასტურებს მისი მოღვაწეობის მასშტაბებს.
ი. გოგებაშვილის სასკოლო სახელმძღვანელოებმა: "ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის" (1865); "ბუნების კარი" (1868); "დედა ენა" (1876), დიდი როლი ითამაშეს ახალი ქართული სალიტერატურო ენის განვითარებასა და დამკვიდრებაში, ხოლო მისი მოთხრობები დღემდე ბავშვების საყვარელ საკითხავს წარმოადგენს.
"წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება", ქართული საბავშვო პერიოდიკა, სასკოლო განათლება - ეს ის სფეროებია, რომელთაც იაკობ გოგებაშვილის გარეშე არსებობა გაუჭირდებოდათ.
I რიგში, მარცხნიდან მეორე - ილია ჭავჭავაძე, მესამე - იაკობ გოგებაშვილი
© საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
თავის წერილებში იაკობ გოგებაშვილი თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებს ეხება, როგორიცაა, განათლების აუცილებლობა ყველა ფენისათვის, ქალთა განათლების საკითხი, ყოველთვის, როდესაც სკოლებზე წერს, გოგებაშვილის აკონკრეტებს, რომ აუცილებელია ქალებმა და ვაჟებმა ერთნაირი განათლება მიიღონ, ყოველთვის აღნიშნავს განათლების სოციალურ საკითხს, სახელმძღვანელოთა ხელმისაწვდომობას, ეს წერილები დღესაც ისეთივე აქტუალურია, დღესაც, ბევრი საკითხი, რომელსაც იაკოგ გოგებაშვილი სვამს, მოუგვარებელია ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში.
„ჩვენი ჟურნალი ყოველთვის განსაკუთრებით ყურადღებას მიაქცევს სოფლის შკოლების მასწავლებელთა და მათს მოღვაწეობასა და ეცდება ღირსეულად მომქმედს მოუპოვოს მხურვალე თანაგრძნობა საზოგადოების მიერ. წინააღმდეგ ამისა, თუ სასოფლო მასწავლებელთ შუა ამოჩნდებიან, ჩვენდა სამწუხაროდ იმისთანა დაბალის სულის პატრონნი, რომელთაც გლეხის ოფლით მონაგარ ფულების ტყუილ-უბრალოდ ჭამა არ შერცხვებათ, ორ-გულად, ცუღლუტად, აბუჩალაკად მოეკიდებიან თავიანთ წმინდა საქმესა, ჩვენ დაუნდობლად ვამხელთ ქვეყნის წინაშე.“
ასე გამორჩევით აღმნიშნავს იაკობ გოგებაშვილი რეგიონების სკოლებში კარგი განათლების აუცილებლობას.
© საქართველოს ეროვნული არქივი
ქართული სახელმძღვანელოების შექმნა და განვითარება, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ენის სწავლება ემსახურება, ენისა, რომლის მნიშვნელობა და ფასი კარგად ესმოდა იაკობ გოგებაშვილს, ენისა, რომელიც რუსეთის ცარისტული პოლიტიკის კვალდაკვალ თანდათან დაკარგვისა და გაქრობის საშიშროების წინაშე იდგა:
”დედა-ენა გარეგნობით როდია ადამიანის არსებასთან შეკავშირებული, იგი როდის ჰგავს ტანისამოსსა, რომლის გამოცვლა ადვილად და უვნებლად შეიძლება. მას აქვს ღრმადგამდგარი ფესვები ადამიანის ტვინში, ნერვებში, ხმის ორგანოებში, ძვალსა-და რბილში, მთელს მის ბუნებაში; იგი არის ძვირფასი იარაღი, რომელიც ბუნებას ზედ გამოუჭრია ადამიანის სულსა და ხორცზედ, მის ფსიქოლოგიურს და ფიზიოლოგიურს აგებულებაზედ. ყოველს ადამიანს დაბადებიდგან ჰყვება მიდრეკილება და ნიჭი დედა-ენის ადვილად და ღრმად შესწავლისა სწორედ იმ გვარად, როგორც ბულბულს ჰყვება დაბადებითგანავე ბულბულის გალობის ნიჭი, იადონს - იადონურის გალობის ნიჭი და სხვა. ბავშვის ყოველ აზრს, წარმოდგენას, გრძნობას და სულის მოძრაობას მხოლოდ დედა-ენა ჰხატავს სინამდვილით და სისრულით."
ორი უმნიშვნელოვანესი მეტაფორის და ლინგვისტური ფორმულის - "დედა ენისა" და ა"აი იას" ავტორს, პედაგოგს, ლინგვისტსა და მწერალს - იაკობ გოგებაშვილს არასდროს მოუდუნებია ყურადღება, არასდროს შეუჩერებია დაკვირვება, აღნიშვნა, კრიტიკა, იმ პრობლემების ერთგვარი დიაგნოსტიკა, რაც მაშინდელ საქართველოში იყო. განათლება - უმთავრესია, ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ქვეყანამ თავისი სახე და სახელი შეინარჩუნოს, ეს მან ზუსტად იცოდა და ამიტომაც, თავის ანდერძშიც არ დავიწყებია ქართული განათლების მომავალზე ფიქრი.
„ჩემი სახელმძღვანელოების ყოველწლიური შემოსავლის ხარჯზე ის ვალდებულია დაარსოს და შეინახოს სანიმუშო დაწყებითი სკოლა ჩემს მშობლიურ სოფელ ვარიანში, რომელიც ქალაქ გორის მახლობლად იმყოფება.
ჩემი ქართული და რუსული წიგნების ყველა გაყიდული ეგზემპლიარიდან „წერა-კითხვის საზოგადოება“ გადასდებს არანაკლებ 1 კაპეიკსა სახალხოსაგანმანათლებლო კაპიტალის შესაქმნელად, რომლის პროცენტებით იგი, ქართველი ინტელიგენციის დემოკრატიული ელემენტის გასაძლიერებლად, უმთავრესად სპეციალურ, კერძოდ კი პედაგოგიურ სასწავლებლებში აღზრდის ყველაზე ნიჭიერ და სახალხო სკოლის კურსის წარმატებით დამთავრებული ბავშვებს: გლეხებისა, მუშებისა და ღარიბ სახალხო მასწავლებელთა, ამავე კაპიტალისთვის ვნიშნავ ჩემი მიწის ნაკვეთს ვერაზე, რომელსაც საზოგადოების გამგეობა გაჰყიდის მხოლოდ მაშინ, როცა მიწის ფასი ძალიან აიწევს და მთელ აღებულ თანხას შეუერთებს ჩემს სახალხო-საგანმანათლებლო კაპიტალს. ამავე კაპიტალის შემადგენლობაში უნდა შევიდეს ჩემი ნაღდი თავისუფალი თანხების დაახლოებით ნახევარი, ჩემი სხვა ანდერძის თანახმად. საგანმანათლებლო კაპიტალის სარგებლის ხარჯვას სტიპენდიისათვის საზოგადოების გამგეობა არ იწყებსმანამ, სანამ ის არ მიაღწევს ათი ათას(10.000) მანეთამდე.
ჩემი წიგნების შემოსავლიდან კი საზოგადოების გამგეობა ყოველწლიურ სუბსიდიას არანაკლებ 300 მანეთისა აძლევს ქართულ პედაგოგიურ ჟურნალს „განათლებას“, რათა ამ ჟურნალმა, რომელიც აუცილებლად საჭიროა „წერა-კითხვის საზოგადოების“ მიერ დასახული მიზნების მისაღწევად, არ შესწყვიტოს თავისი არსებობა დეფიციტის მძიმე ტვირთის გამო.“
ავტორი: „საბა"