დეკემბერი 05, 2022
ხშირად, ბრძნული აზრებისა და გამონათქვამების სხვადასხვა წიგნში შეხვდებით ბანალურ ფრაზებს, რომ ყოველი ქალი ამოუცნობი სამყაროა, რომ ის ამბის, ისტორიის ცენტრია და ა.შ.
ანი ერნოს რომანი „წლები“ ამ ბანალური ფრაზების ჭეშმარიტებაში დაგარწმუნებთ და განახებთ, როგორ შეიძლება ერთი ქალის ცხოვრების კადრების საშუალებით მთელი ეპოქა გადმოიცეს, როგორ სარკესავით აირეკლავს ქალი თავის დროს, როგორ ხდება ანონიმური ზეპირი მთქმელი, რომლის დახმარებითაც ეპოქის არცერთი მნიშვნელოვანი წახნაგი არ რჩება ჩვენთვის უჩინარი.
მსოფლიო ლიტერატურის ტენდენციებს თუ დავაკვირდებით, აქცენტმა ადამიანური ისტორიებისკენ, დოკუმენტური პროზის, ნამდვილი წყაროების, ზეპირი ისტორიების, ნამდვილი ამბებისკენ გადაიწია, შედეგად, 2022 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ხდება ანი ერნო, „იმ გამბედაობისა და კლინიკური სიზუსტისთვის, რითაც გაუცხოების წყაროებსა და პირადი მეხსიერების კოლექტიურ შეზღუდვებს გადმოსცემს“.
„რომანი “წლები” 2008 წელს გამოიცა. ნაწარმოები, რომელიც ავტობიოგრაფიულ ელემენტებს ეფუძნება, ასახავს ქალის ცხოვრებას 1941-დან 2006 წლამდე. რომანი აგებულია მწერლის თორმეტი ფოტოსურათისა და მეხსიერებაში დალექილი მოგონებების, განცდების, მოვლენების გარშემო. ასე რომ. ეს წიგნი არის ცდა აღადგინოს კოლექტიური მეხსიერება ინდივიდუალურ მეხიერებაში“
- ვკითხულობთ წიგნის ქართველი მთარგმნელის,ლალი უნაფქოშვილის წერილში.
ეს წიგნი კოლექტიური ავტობიოგრაფიაა, მარტივად მოყოლილი ყოფითი, ხშირად მეტისმეტად შიშველი და პირდაპირი, ხშირად დისონანსური და ურთიერთგამომრიცხავი ამბები.
„ყველა სურათი გაქრება“ - ასე იწყება რომანი, რომელსაც „წლები“ ჰქვია, ეს გაქრობა და შემდეგ სხვანაირ მეხსიერებად ქცევა ამ წიგნის მთავარი ხერხემალია, ამიტომ მის სხვადასხვანაირ რეპრეზენტაციას წიგნში ხშირად შეხვდებით - როგორ გაქრება სურათები, კადრები, სიტყვები, ენა, მოგონებები...ამ კუთხით, ამ სუბიექტური, ლირიკული განცდით რომანი ძალიან პოეტურია, ზოგიერთი ეპიზოდი რიტმითაც კი ლექსს მოგაგონებთ.
„უცებ გაქრება ათასობით სიტყვა, რომელიც ოდესღაც გამოხატავდა საგნებს, ადამიანთა სახეებს, მოქმედებებსა თუ გრძნობებს, განაგებდა მსოფლიოს, გვიძგერებდა გულს.“
მაგრამ მიუხედავად ამ პოეტურობისა, ერნოს უკიდურესად სადა, ნეიტრალური, ერთგვარად, ობიექტური ენობრივი სინამდვილე აქვს, ის არც განსჯის, არც კამათობს, არც აფასებს, უბრალოდ ყვება და სწორედ ამით ახდენს ზემოქმედებას მკითხველზე.
2008 წელს გამოქვეყნებული „წლები“ ერნოს მთავარი რომანია, ტექსტის ცენტრში ქალი დგას, ავტორის ლირიკული სუბიექტი, რომლის გარშემო იცვლება დრო, რეჟიმები, საზოგადოება, მსოფლიო... მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 2000-იანი წლების დასაწყისამდე ბევრი რამ ისეთი აღარაა, რაც ადრე, ჩვენ თვალს ვადევნებთ ამ ცვლილებებს ზოგჯერ ერთგვარი ფოტოგრაფიული სიზუსტით, ნატურალიზმით, ვუყურებთ და ვკითხულობთ დეტალებს, ხატებს, სახეებს, რომელთა ამოცნობა გაყვითლებულ ფოტოებზე თითქმის შეუძლებელია, მაგრამ მათი დავიწყება შეუძლებელია.
ეს მთელი თაობის ანონიმური ისტორიაა, სადაც ზოგჯერ მეტისმეტად შიშველ დეტალებს, მოურიდებელ კადრებს ვხედავთ. სამყაროში, სადაც ქალებს უწევთ შეინიღბონ, სურვილები დამალონ, მაქსიმალურად ლამაზები ეჩვენონ გარემოს, კადრები, სადაც ქალი მოურიდებლად, ქუჩაში მოისაქმებს, გოგონას საცვალი განავლით ეთხვრება. მაგრამ ეს დეტალები პროვოკაციული არაა, ისეთივე ყოფითი დეტალებია, როგორც ის, რომ „სიჩუმე აქ მთავარი იყო და ველოსიპედი ცხოვრების სიჩქარეს ზომავდა“.
ეს კინოკადრების წიგნია, რომელიც ასე გაგონებთ სწორედ ფრანგული კინოს ესთეტიკას, როგორ დგას ფერმკრთალი გოგონა ხიდზე და როგორ აწერია მისი სახელი მისსავე საფლავის ქვას.
წიგნის კითხვისას შენც ისევე ცხოვრობ, როგორც პერსონაჟები. დრო გყოფნის იმისთვის, რომ ნივთები მოგინდეს, მშვიდ, ჩუმ თამაშებს თამაშობ, როგორც ყველა გოგო, უყურებ ბიჭების მამლაყინწობას, კათოლიკურ ეკლესიაში დადიხარ, გრძელ წინდებს იცვამ, ანუ იზრდები, ქმრის მეგობრებს მასპინძლობ, შვილს ასეირნებ და რაც უფრო მეტად ხარ „დაკავებული ცხოვრებით“, მით უფრო ირეალურია შენი ყოფა, მითუფრო არ არსებობ.
ყველაფერი თან იცვლება, თან არა, ესაა ამ წიგნის მთავარი ხიბლი-თითქოს ჩასახვისსაწინააღმდეგო აბები ცხოვრებას უცვლის ქალებს, მაგრამ, ამავე დროს, ისინი საკუთარ ცხოვრებას მაინც ვერ განკარგავენ, თითქოს საზოგადოება ლეთარგიული ძილიდან გამოდის, მაგრამ ამავე დროს ისევ ახალი ძილით იძინებს. კადრები იცვლება, ფოტოების ხარისხიც, წლებიც - მაგრამ მაინც რაღაც არის უცვლელი. ახალ ნივთებს შორის „ყველაზე შემაშფოთებელი მობილური ტელეფონი“ თითქოს კავშირს უნდა ამარტივებდეს, არადა, მარტოობას აღრმავებს.
ამ წიგნის კითხვის მთავარი ხიბლი სწორედ ესაა, კითხულობ შიშველი სიმართლით და ამავე დროს, საოცარი მწერლური სიფაქიზით აღწერილ ეპოქას, რომელიც შენიცაა, შენზეცააა და რომელიც შენც ხარ.
ავტორი: „საბა"