ლიტერატურა

2020 წლის ლიტერატურული შეჯამება

„საბა“

დეკემბერი 31, 2020

2020 წელიც დასასრულს მიუახლოვდა და დროა, მიმოვიხილოთ, რა ხდებოდა ამ წელს ჩვენთან თუ მსოფლიოში.

ყველა მიმოხილვის მთავარი თემა კორონავირუსია, რომელმაც შეგვიცვალა გეგმები, სახლებში ჩაგვკეტა და ჩვენი ყოველდღიურობა თავდაყირა დააყენა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის დროს გაიზარდა როგორც ლიტერატურისათვის დათმობილი დრო, ისე, მკითხველთა რაოდენობაც.


მსოფლიოს ინტერნეტმომხმარებლების 34% პანდემიისა და სოციალური დისტანცირებისას უფრო მეტს კითხულობდა, ვიდრე ჩვეულებრივ. როგორც ჩანს, სივრცითმა ჩაკეტილობამ ლიტერატურულ სამყაროებში მოგზაურობის სურვილი გააჩინა, გამოთავისუფლებულმა დრომ კი - ცოდნის მიღების.


საგულისხმოა კიდევ ერთი და ალბათ ყველაზე მზარდი ტენდენცია - მიმდინარე წელს მკითხველებში საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი როგორც ელექტრონული, ასევე ხმოვანი წიგნებისადმი. როგორც ჩანს, ლიტერატურის იმ მოყვარულებისთვის, რომლებსაც საკითხავად დროის გამოყოფა უჭირთ, ხმოვანი წიგნები საუკეთესო გამოსავალია.

ამ მხრივ, გამონაკლისი არც ჩვენი მკითხველები ყოფილან. “საბას” მომხმარებლების რაოდენობა 2020 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა.

SABA Reader-ში მიმდინარე წელს ყველაზე ხშირად წაკითხული წიგნი გახდა ცნობილი კინორეჟისორის, თემურ ბაბლუანის სათავგადასავლო რომანი “მზე, მთვარე და პურის ყანა”. მკითხველის ყურადღება დაიმსახურა ნინო ხარატიშვილის “მერვე სიცოცხლემ”, ხოლო მკითხველის ფავორიტი წიგნების სამეულის ბოლო წიგნი დენიელ კიზის “ყვავილები ელჯერნონისთვის” გახდა.


ათეულის სიაც ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია, “ბედუინი” და “ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება”, “სამოსელი პირველი” და “ოსტატი და მარგარიტა”. როგორც ხედავთ, “საბას” მკითხველი ერთდროულად თანამედროვე საკითხავითაც ინტერესდება და აღიარებული ლიტერატურული ტექსტებითაც.

რაც შეეხება ხმოვან წიგნებს, აქ ხუთეული აღიარებულ, უკვდავ წიგნებს ეკუთვნის. ჩვენთან 2020 წლის ყველაზე ხშირად “მოსმენილი” წიგნი ეგზიუპერის “პატარა უფლისწული” გახდა. სია ისეთი რომანებით გრძელდება, როგორიცაა “სამი მეგობარი”, "ტრიუმფალური თაღი", “იდიოტი” და “მარტოობის 100 წელიწადი”.


მსოფლიოს 2020 წლის ბესტსელერებიდან გამოსარჩევია “შიმშილის თამაშების” ავტორის, სიუზენ კოლინსის რომანი “ბალადა გველებსა და მომღერალ ჩიტებზე”, რომლის მოქმედებაც “შიმშილის თამაშების” სამყაროში ვითარდება. უცნაურმა წელიწადმა აპოკალიპტური სიუჟეტებით დატვირთული ტექსტებისადმი ინტერესი გაზარდა და სტივენ კინგის “წინააღმდეგობა” წლის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ რომანად აქცია. 2020 წლის რეალობის მსგავსად, “წინააღმდეგობის” სიუჟეტის ცენტრშიც პანდემიაა, თუმცა ბევრად უფრო მძიმე და ფატალური ფორმით.

ლიტერატურა მსოფლიო გამოცდილებაა, ის გვასწავლის, რომ ყველაფერი რაც ახლა ხდება, კაცობრიობამ მრავალჯერ გადაიტანა ან აუცილებლად გადაიტანს, რომ კაცობრიობა კიდევ უფრო მეტ სირთულეს გაუმკლავდება. ამიტომაც მკითხველის ინტერესი ისეთი წიგნებისადმი, სადაც ჩვენი დღევანდელი ყოფის ილუსტრაციაა, ცხადია, მოსალოდნელი და გასაგებია.


ამ კუთხით საქართველოშიც შეიმჩნეოდა საინტერესო ტენდენციები. როგორც გამომცემლობაში “წიგნები ბათუმში” ამბობენ, მარგარეტ ეტვუდის “ორიქსი და კრეიკი” ახლა უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე მისი თარგმნისა და გამოცემის დროს. მიზეზი მარტივია - ეს არის პოსტაპოკალიპტური რომანი, რომელიც გლობალურ პანდემიასა და მის მძიმე შედეგებს ეხება. “პალიტრა L”-ის გამომცემლობაში გვითხრეს, რომ პანდემიის პირველი ტალღის დროს მოთხოვნა “შავ ჭირზე” გაიზარდა, თუმცა ყველაზე დიდი ინტერესი “ფეხებზე დაკიდების ნატიფმა ხელოვნებამ” დაიმსახურა. აქ მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს: მომატებული სტრესი რთული პერიოდის გამო, დამაინტრიგებელი სათაური, 2020 წლის ფონზე იმის გააზრება, რომ რაღაცები მართლა ფეხებზე დასაკიდებელია და სხვ.


თუმცა, არც ისე ყოფილა საქმე, რომ წლის მთელი ლიტერატურული ცნობისმოყვარეობა სამყაროს აღსასრულის სიუჟეტებმა შთანთქა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მიმართულება იყო. ქართული გამომცემლობები ცდილობდნენ, რომ მნიშვნელოვანი პროექტებიც არ დაევიწყებინათ.

გამომცემლობამ “წიგნები ბათუმში” ცნობილი ამერიკელი მწერლის, ნათანიელ უესტის ორი რომანი გამოსცა - “კალიის დღე” და “მის მარტოსული”. სხვათაშორის, ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურათმცოდნე ჰაროლდ ბლუმი “მის მარტოსულს” მეოცე საუკუნის საუკეთესო ამერიკულ რომანად თვლიდა. ამ ტექსტების ქართულ ენაზე თარგმნა ნამდვილად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო.


“პალიტრა L”-მა გამოსცა სერია “ომებსა და ადამიანებზე”. როგორც მოგეხსენებათ, ომი არაერთი მწერლის რეფლექსიის მიზეზად და უამრავი ლიტერატურული შედევრის თემად იქცა. ყურადღების ღირსია ასევე პროექტი ”ქართველები მსოფლიო ისტორიაში”, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიღმა მცხოვრები ქართველების მდიდარ ისტორიას მოგვითხობს. 


ძალიან მნიშვნელოვანია “სულაკაურის გამომცემლობის” ახალი სერია “აკადემია”, რომლის ფარგლებშიც ითარგმნა და გამოიცა ორი წიგნი, იუვალ ნოახ ჰარარის "საპიენსი - "კაცობრიობის მოკლე ისტორია" და ნოამ ჩომსკის “თანხმობის წარმოება”. ჰარარის წიგნის სათაური, პრინციპში, უკვე გვაძლევს ინფორმაციას შინაარსზეც, რაც შეეხება ჩომსკის წიგნს - იგი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს სისტემის მხარდამჭერი იდეოლოგია და პროპაგანდა.


“დიოგენეს” წიგნებიდან ყველაზე პოპულარული იყო "ფუკოს ქანქარა", "პრაღის სასაფლაო", "ყოფის აუტანელი სიმსუბუქე" და "ალი და ნინო". რაც შეეხება ახალ გამოცემებს, აქ ყურადღებას ბუკერის პრემიის ლაურეატის, აირის მერდოკის უმნიშვნელოვანესი ნაწარმოები, “შავი პრინცი” იმსახურებს. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო რომანისტის ტექსტი ქართველ მკითხველებში 2020 წელს საკმაოდ პოპულარული ყოფილა.

წლები იცვლება, მკითხველი კი კვლავ ისეთივე რჩება - ცნობისმოყვარე, ინტერესიანი, ახალი წიგნების მომლოდინე, თავგადასავლების მოყვარული, იმედიანი. სწორედ მათთვის იქნება საინტერესო ის სიახლეები, რომელიც 2021 წელს “საბაში” იგეგმება, ლიტერატურული თავგადასავალი ხომ არასდროს მთავრდება.


ლიტერატურა წინათგრძნობაა, ლიტერატურული ამბები ხშირად ცხადდება, წელს ეს კარგად დავინახეთ. ვისურვოთ, რომ ახალ, 2021 წელს მხოლოდ კარგი წიგნები აგვიცხადდეს, წიგნები, რომელთაც ბედნიერი დასასრული აქვთ.

გილოცავთ ახალ, 2021 წელს!

ჩამოტვირთეთ SABA Reader:


iOS

Android

ავტორი: „საბა"