ლიტერატურა

მკითხველის 15 ოქროს წესი (სხვა დანარჩენი მილიარდი წესიდან)

„საბა"

ოქტომბერი 25, 2021

მკითხველის 15 ოქროს წესი:

1

წიგნის კითხვას განსაკუთრებული მიზეზი არ სჭირდება, ნებისმიერი მიზეზი საკმარისია, გართობა, დროის გაყვანა, ინტერესი, კითხვის სიყვარული და თუნდაც ის, რომ არ გეძინება. არ უსმინო, თუ ვინმე გასწავლის, როდის, რატომ და რანაირად უნდა წაიკითხო წიგნი, თუ ვინმე გეუბნება, რომ წიგნის კითხვა ძალიან რთული და სერიოზული საქმეა ან პირიქით, მეტისმეტად მსუბუქი. მოკლედ, მთავარია წიგნი წაიკითხო და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

2

გაითვალისწინე სხვა მკითხველების რჩევები, მაგრამ შენს საყვარელ წიგნს მაინც შენით მიაგნებ. ალბათ გახსოვს, სულ რაღაც 100 წლის წინ ძალიან აქტუალური იყო გარიგებით თუ აკვანში დანიშვნით ქორწინება, წარმოიდგინე, ახლა რომ შეყვარებული დედამ ან გარე ბიძაშვილმა შეგირჩიოს? მოგეწონება? ჰოდა, წიგნიც ასეა, თვითონ უნდა იპოვო და შეიყვარო.

3

არ არის აუცილებელი მხოლოდ კარგი წიგნები იკითხო, ყველა წიგნი სასარგებლოა. აქაც მარტივია პარალელის გავლება, წარმოიდგინე, ყოველდღე რომ საყვარელი მომღერლის გრანდიოზულ კონცერტზე დადიოდე ან ყოველდღე ნობელის პრემიას იღებდე, არ მოგბეზრდება? წიგნიც ასეა, ყველა გრანდიოზული ვერ იქნება, ყველა წიგნი ცხოვრებას ვერ გასწავლის, მაგრამ ყველა წიგნი სასარგებლოა.

4

ჩანთაში ყოველთვის გეგდოს ერთი წიგნი, მეტროში, საცობში ან რიგში წასაკითხად.

5

ერთი წიგნის ბევრჯერ წაკითხვა შესაძლებელია, მეტიც, ზოგჯერ აუცილებელი. თუმცა არის წიგნები, რომლებიც მხოლოდ ერთხელ უნდა წაიკითხო.

6

თუ წიგნი არ მოგწონს, მალევე მიანებე თავი, სიამოვნების გარეშე წაკითხული წიგნი შეიძლება ტვირთად გექცეს. თავი დაანებე, შეიძლება მერე კიდევ ერთხელ მოგინდეს მიბრუნება.

7

მოუსმინე გულს და წაიკითხე ის, რასაც გული გირჩევს.

8

შეიყვარე წიგნის ერთი პერსონაჟი მაინც, ასე წიგნის კითხვა დიდ თავგადასავლად გექცევა.

9

ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოამზადე კერძი რომელიმე წიგნიდან, შეგიძლია ლიტერატურული ვახშამიც მოამზადო და მეგობრები დაპატიჟო.

10

აუცილებელი არ არის მწერალს ყველაფერში ეთანხმებოდე, პირიქით, შეგიძლია ყველა ფრაზა გაუპროტესტო.

11

ნუ აირჩევ წიგნს სათაურით, თუმცა სათაურითაც შეგიძლია აირჩიო.

12

დაიწყე კითხვა დღესვე, ხვალ სხვა წიგნისთვის დაგრჩება დრო.

13

ლიტერატურა ის სამყაროა, სადაც შენ - მკითხველი ხარ მთავარი, ეს ერთადერთი ძალაუფლებაა, რომელიც ბოროტად შეგიძლია გამოიყენო და ყველა წიგნი წაიკითხო, რომელიც მოგინდება.

14

ეკრანიზაციის ნახვა აკრძალული სულაც არაა, პირიქით, ზოგჯერ შეიძლება ეკრანიზაციამ მოგანდომოს ფილმის წაკითხვა.

15

გასწავლო ყველაზე კარგი წამალი? ეს შენი ბავშვობისდროინდელი წიგნია, რომელმაც შეიძლება ყველაზე ცუდად ყოფნის დროს გიშველოს.


ავტორი: „საბა"