მუსიკა | ცა

როკ მეინსტრიმის მონუმენტური აჩრდილი და ჰონტოლოგიის დასასრული

სექტემბერი 25, 2023

შეგახსენებთ, რომ ჩვენი ჟანრული ჰონტოლოგიური სერია დაიწყო როკენროლით, რაც ლოგიკურია, რადგან სწორედ 1950-იანი წლების როკენროლიდან იწყება ახალი მუსიკალური ერა სამყაროში. ვფიქრობ, ასევე ლოგიკური იქნება, თუ ამ სერიას დაასრულებს ასევე „როკენროლი“. ლოგიკური იქნება იმიტომ, რომ ალბათ არცერთ სხვა ტერიტორიას არ მოუხდენია ისეთი გავლენა თანამედროვე მუსიკალურ ლანდშაფტზე, როგორც როკენროლს. ის ყველგან ისმის, ყველგან დევს, ყველგან გაიჟონა. თავის დროზე მან შეიწოვა ყველა მუსიკა და შეერწყა ყველა მუსიკას. მისი ისტორიული სულისკვეთება ყველგანაა, აკი ამბობდა კიდეც საკულტო ჟურნალისტი და კრიტიკოსი ლესტერ ბენგსი:


”როკენროლი, ეს არ არის მხოლოდ მუსიკა, ის მსოფლმხედველობაა, მიდგომა, თუ როგორ უნდა აკეთო რაღაც...“. 

შემთხვევითი არაა, რომ თანამედროვე მუსიკის ისტორია-ევოლუციაც, ხშირად სწორედ როკენროლის ჭრილში განიხილებოდა და მიუხედავად იმისა, რომ უკვე 30 წელია საუბრობენ როკმუსიკის გარდაცვალების შესახებ, ის მაინც ცოცხლობს და უფრო მეტიც, მუსიკალურ სამყაროში დღემდე მძლავრი და გავლენიანი არეალია. ამა თუ იმ როკ მიმართულებაზე, რომელსაც დღევანდელი მუსიკის გარკველი სეგმენტები ეყრდნობა, ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. ახლა კი ყურადღებას გავამახვილებთ მის ყველაზე ზოგად და ტრადიციულ ფორმაზე, ე.წ. კლასიკურ როკზე, იგივე როკმეინსტრიმზე, რომელიც პერიოდულად და ფორმალურად კი იცვლება, მაგრამ მაინც ყველაზე კონსერვატიულ როკფენომენად მოიაზრება და რაც არ უნდა თანმიმდევრული იყოს მისი მარგინალიზაციის მცდელობები, კლასიკური როკის ძლევამოსილი აურა დღესაც საგრძნობია და თუ რატომ, სწორედ ამაზე ვისაუბრებთ ამჯერად მოკლედ, საფუძვლიანად შეუძლებელია, სადისერტაციო თემაა და იმიტომ. 

კლასიკური როკი ძირითადად ტირაჟირებულ, მასებზე გათვლილ როკენროლის ფორმად მოიაზრება. ის პათეტიკური და მჭერმეტყველია და გამოხატვის ტრადიციული მუსიკალური ხერხებით ხასიათდება: ეფექტური, მელოდიური საგიტარო რიფები, ბრეიქები და მისამღერ-რეფრენები. აქცენტი საშემსრულებლო ტექნიკაზე, შესაბამისად ინსტრუმენტალურ-სოლო პარტიებზეც, რომელმაც აღტაცებაში უნდა მოიყვანოს მსმენელი. მნიშვნელოვანია, სტანდარტული პოპ-სასიმღერო ატრიბუტიკაც, რომელიც ზოგადად წარმატებით მუშაობს პოპულარული მუსკის ყველა მიმართულებაში, თუმცა გამომდინარე იქედან, თუ როგორ საუნდს და რომელ საბაზისო ინგრედიენტებს ეყრდნობა როკმუსიკა, აქცენტები მაინც განსხვავებულია. შესაბამისად განსხვავებულია მისი ზემოქმედების ეფექტი და ფუნქციონალური დატვირთვაც. რა თქმა უნდა, ყველაფრის სათავე რითმ-ენდ-ბლუზია - ინტერპრეტირებული და გამძაფრებული ელექტრო გიტარის ჟღერადობით.

როკის რესურსები სრულად 1960-იან წლებში გამოვლინდა, როცა როკენროლი ინტენსიური გახდა, დამძიმდა, გართულდა და გაღრმავდა. გაჩნდა ისეთი ამბიციები, როგორიც ადრეულ როკენროლს არ ჰქონდა. სწორედ აქედან წამოვიდა თემატური წიაღსვლები, იქნება ეს საპროტესტო, მისტიკურ-მითოლოგიური თუ ფილოსოფიური. ძველი როკენროლი საფუძვლიანად შეიცვალა როკში, რომელმაც უკვე გააჩინა ცხოვრების თუ აზროვნების ახალი სტილი, თავისი სუბკულტურებით და კონტრკულტურებით. გასერიოზულებული როკი უკვე მკაფიოდ ემიჯნება მსუბუქ, ქარაფშუტულ პოპს, მხოლოდ ანგარება რომ ამოძრავებს, ისეთს. 

ბოლო-ბოლო როკი - ეს „ახალი“ ახალგაზრდული რელიგიაა, ის იქცა ისეთად, როგორისაც სჯეროდა ვუდსტოკის თაობას, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლაზე რომ ოცნებობდა.

ეს დისკურსი პრინციპულად განასხვავებდა როკს დანარჩენი ჟანრებისგან და ამიტომაც იყო, რომ მაშინდელ იდეალისტურ როკფესტივალებზე სხვა მუსიკა ნაკლებად ჟღერდა, სხვა მუსიკას არ ჰქონდა ისეთი მისიონერული როლი, როგორიც როკს. თანდათანობით როკმონოლითურობა შეირყა, საკუთარ წიაღში შექმნა მეინსტრიმი და მისი ალტერნატივა, რაც მკაფიოდ გამოიკვეთა უკვე 1970-იან წლებში. კომფორტაბელური როკი - აი, სწორედ ასე აღიქმებოდა და დღემდე ასე აღიქმება კლასიკური როკი. პირობითად ტრადიციული როკი იყოფა რამოდენიმე ძირითად ნაწილად: ბლუზ-როკი, პოპ-როკი, გლემ-როკი - ანუ ბრიტანულ მანერული პოპ-როკი და ბოლოს, ორი მთავარი ვექტორი, რომელთა შესახებ კამათი და ორაზროვნი დამოკიდებულება დღემდე არ წყდება და რომელზეც ახლა ყურადღებას გავამახვილებთ.  

პროგრესივ როკი (Yes, ELP, Van Der Graaf Generator)

თავის დროზე ნამდვილი როკ სატყუარა ინტელიგენტებისთვის. საწყის ეტაპზე არანაირი მეინსტრიმი „პროგრესივი“ არ ყოფილა. მას მომავლის მუსიკასაც უწოდებდნენ, ახალი თაობის როკ მსმენელებიც არანაკლებ ამბიციურები იყვნენ, ვიდრე თავად მუსიკოსები, სირთულეებს ეძებდნენ და თავის დროზე „პროგრესივის“ ბანალურად ქცევაც ამიტომ მოხდა. ამ მუსიკაში ბევრია აპელირება კლასიკაზე, მის ფორმალურ მოდელებზე, ეზოთერულ-ფოლკლორულ მოტივებზე. პროგრესულ როკში სიმღერები გარდაიქმნა სუიტებად, ოპუსებად, სონატებად და ლამის ბაროკო სიმფონიებად. აკი ამბობდა კიდეც თავის დროზე ფილ კოლინზი:

”ვისაც კლასიკა არ ესმის, ის ჩვენს (Genesis) მუსიკას ვერ გაიგებსო.“

ბევრი კრიტიკოსი ასეთ მუსიკაში ხედავდა გადამეტებულ პრეტენზიებს, ჟღერადობის და ფორმის არაადეკვატურ ურთიერთქმედებას და ადანაშაულებდა იმ თვისებების დაკარგვაში, რომლითაც ასე ფასეული იყო როკმუსიკა. „პროგრესივი“ გადაიქცა მუსიკა-მუტანტად, რომლის პოზიციონირება რთული გახდა. ის დიდად არც როკენროლის იდეოლოგებს მოსწონდათ და არც აკადემიური მუსიკის მოყვარულებს, მათთვის პროგრესული როკი დილეტანტური და პლებეურიც კია. ამას ემატება „უაზრო“ ვირტუოზულობა, როდესაც შემსრულებლები კარგავენ თითქოს მუსიკის ჭეშმარიტ არსს, გადადიან ნარცისიზმში და საკუთარი ტექნიკური უნარების დემონსტრირებაში. ამ ბრალდებებში ერთი რამ უდავოა, ეს მუსიკა უაღრესად პედანტური და წინასწარ დაგემილ-გათვლილია. იმპროვიზაციის მომენტიც მკაცრად არის გაწერილი, შესაბამისად ის მაქსიმალურადაა დაცლილი სპონტანური ვნებებისგან და ემოციებისგან. სწორედ ამ მიზეზების გამო იყო, რომ 1970-იანი წლების მეორე ნახევრიდან პროგრესული როკის მარგინალიზაციით დაკავდა მუსიკალური პრესა, ჟურნალისტიკა და კრიტიკა. „პროგრესივის“ ლანძღვა დღემდე გრძელდება და მასზე დღემდე მუშაობს სტერეოტიპებიც. ამიტომაცაა რომ ბევრ თანამედროვე პროგრესივ ჯგუფებს ხშირად უბრალოდ უარყოფენ, თუმცა 1970-იანი წლების ბევრ ალბომს უკვე შედევრად აღიარებენ, რაც უცნაურად ლოგიკურია. ლოგიკურია იმიტომ, რომ დღეს ეს ე.წ. როკ სიწრფელე და საკრალური აუთენტიკურობა ეფემერულია, უფუნქციო, ამიტომ როკში „სერიოზული“ მუსიკალური ტერიტორიებიდან შემოტანილი ინგრედიენტები ნორმაა და საკმაოდ აქტუალურიც.

უცნაურია, თუ რატომ არ სწყალობენ თანამედროვე პროგრესულ ჯგუფებს - უმთავრესად იმიტომ, რომ მათ 1970-იანი წლების პროგ ბენდების ეპიგონად მიიჩნევენ, არადა ეს ცოდვა, დღეს აბსოლუტურად ყველა ჟანრის როკბენდს აქვს. პროგრესივ როკში იყო სხვადასხვა გადახრა, რომელთაგან ყველაზე საინტერესოა მისი ანდეგრაუნდული და ლამის რადიკალურად მემარცხენე სეგმენტი, ე.წ. Rock in Opposition (RIO) „როკი ოპოზიციაში“.


ეს მუსიკა კიდევ უფრო რთულია და კლასიკურ „პროგრესივთან“ შედარებით, RIO უფრო იმპროვიზაციულია და მისი მრავალჯერადი მოსმენაც კი არ იძლევა გარანტიას, რომ აითვისებთ და მოგეწონებათ. მთავარი განმასხვავებელი ჩვეულებრივი „პროგრესისგან“ არის ის, რომ „როკოპოზიციონერები“ უფრო აპელირებდნენ აკადემიურ ავანგარდზე და ნაკლებად XIX საუკუნის პრემოდერნისტულ კლასიკაზე. დისონანსები, ატონალურობა, თავისუფალი ჯაზის ელემენტებიც კი, ასეთი აკუსტიკური freak out-ები ნორმაა „ოპოზიციონერთათვის“. 1970-იან წლებში ბევრი მემარცხენე ავანგარდისტი სწორედ ასეთ მუსიკაში ხედავდა იდეოლოგიური სახელოვნებო ბრძოლის პლატფორმას. არანაირი კომერციული მოტივაცია და პოტენცია ამ მუსიკას არ ჰქონდა, ამიტომ სრულიად უსარგებლო იყო მუსიკალური ინდუსტრიისთვის. მნიშვნელოვანი მომენტი - „როკი ოპოზიციაში“ გახდა ალბათ, პირველი როკმიმდინარეობა, რომელშიც დომინანტები ბრიტანელები არ იყვნენ (ამერიკაში ზოგადად „პროგრესივი“ იყო „მიუღებელი“), ეს გასაკვირი არცაა, აკადემიური მოდერნიზმ-ავანგარდი უმთავრესად კონტინენტალური ევროპის მონაპოვარია: ოპოზიციურ ავანტ პროგ სცენაზე ფრანგები, იტალიელები, ბელგიელები დომინირებდნენ (Stormy Six, Univers Zero, Etron Fou Leloublan) დომინირებდნენ, თუმცა ამ მოძრაობის პიონერებად მაინც ბრიტანული Henry Cow ითვლება.

აკადემიური ავანგარდის მიღწევები დღეს  უფრო ფასობს, ვიდრე იმ შორეულ 1970-იან წლებში, ამიტომ მემარცხენე „როკოპოზიციონერები“  და მათი მიმდევრები დღესაც ფასობენ, მათ მიერ  გაჭრილი შემოქმედებითი არხები თანამედროვე მუსიკის მართალია მცირე, მაგრამ მნიშვნელოვან ტერიტორიაზე, დღემდე აქტუალურია.

კლასიკური მეინსტრიმ როკის მთავარი მონაპოვარი - ჰარდ როკი, იგივე „ჰევი მეტალი“, ანუ ზოგადად მძიმე როკი - მუსიკა, რომელსაც ალბათ კრიტიკოსთა ყველაზე მეტი ლანძღვა-დაცინვა შეხვდა ისტორიის მანძილზე, მაგრამ სამაგიეროდ ამ იდიომს ჰყავდა და ჰყავს ყველაზე ერთგული ფანები და მიმდევრები, რომლებსაც არ აინტერესებთ კრიტიკოსთა აზრი და ბოლომდე კბილებით იცავენ თავის მუსიკას აგერ უკვე 50 წელია, თუ რატომ, აი ეს უკვე სერიოზული საკითხია, მივყვეთ ეტაპობრივად: საუნდის დამძიმება როკენროლში 1950-იანი წლებიდან დაიწყო. აქ მთავარი დამნაშავე ელექტრო გიტარაა. მისი ტექნიკური აღჭურვილობა ვითარდებოდა, ჩნდებოდა ახალი ეფექტები (ფუზი, დისტორშენი..), იზრდებოდა აპარატურის სიმძლავრეებიც, როკმუსიკის ხასიათიც უფრო მეტ სივრცეს და ინტენსივობას ითხოვდა, ტექნიკურად აღჭურვილ შემსრულებელთა ოსტატობამაც გაუგონარ სიმაღლეებსაც მიაღწია. შესაბამისად გაიზარდა მუსიკის სიმძიმეც, ზემოქმედების ძალაც და მასშტაბიც. სწორედ მძიმე როკმა გააჩინა როკჰეროიკულობა, მრავალი ათეული ათასი მსმენელის წინაშე, სცენაზე გამოსული როკ ფრონტმენი, ლამის მითიურ პერსონაჟს განასახიერებდა, რაც მომნუსხველად მოქმედებდა აუდიტორიაზე. იყო ამაში ნაწილობრივ დამთრგუნველი ენერგია, მაგრამ მეორე მხრივ საოცარი ინტრიგაც, ხიბლიც და აი, აქ ხდება კვანძის გახსნა.

დამძიმებული, აგრესიული როკი თინეიჯერი ბიჭებისთვის გადაიქცა მასკულანურობის და ბრუტალურობის აკუსტიკურ მეტაფორად, ფანატი გოგონებისთვის კი, მუსიკაში გაცხადებულ, მამაკაცური სიძლიერის სიმბოლოდ, რომელიც ამძაფრებდა მათ სექსუალურ იმპულსებს. ეს მუსიკა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ კატეგორიის მოზარდებისთვის, რომლებიც „იტანჯებოდიან“ ინფანტელურობით, თავდაუჯერებლობით და ეჭვებით, საკუთარ თავს გაუცხოებულად გრძნობენ და „მტრების“ მიმართ შურისძიების წყურვილითაც კი ივსებიან. მძიმე როკი, სწორედ მათ კომპლექსებს ამართლებდა, მათ სათქმელს ამბობდა, მათ მაგივრად ეძიებდა შურს. მათი კონცერტები კი გადაიქცა სივრცედ, სადაც ასეთი ადამიანები ერთმანეთს პოულობდნენ, ამიტომ არის ჰარდ როკ კონცერტები ასეთი ეგზალტირებული, აღმგზნები და საოცრად ერთსულოვანი. ასეთი შინაგანი მდგომარეობის მქონე მოზარდების უზარმაზარი მასა არსებობს ყველგან, ყველა ეპოქაში და სწორედ ამიტომ მძიმე როკი თავისი უამრავი განშტოებთ და მეტალ-გაგრძელებებით, უკვდავია.

ეს კულტურა თავისი მონსტრებით, მანიაკებით, კიბორგებით თუ უწმინდური ძალებით, მილიონებისთვის უებარი საშუალებაა შინაგანი დემონების დასათრგუნად, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ამის ყველაზე მკაფიო ნიმუშია ნორვეგიული „შავი მეტალის“ ისტორია, უზრუნველყოფილ, მაგრამ მოწყენილ და ერთფეროვან სკანდინავიურ პროვინციაში, ახალგაზრდებმა საკუთარი აგრესიის და ფობიების ბოლომდე სუბლიმირება მუსიკაში არ მოახდინეს და სასტიკმა ძალადობამ მეტალ სუბკულტურიდან რეალობაში გადაინაცვლა. არადა თავის დროზე ნორვეგიული „ბლექ მეტალი“ ერთ-ერთი საუკეთესო იყო მძიმე მუსიკაში. უკვე პირველი თაობის ჰარდ როკში გამოიკვეთა ის მონახაზები, რომელიც სხვადასხვა ვარიაციით დღემდე უშეცდომოდ მუშაობს: დამძიმებული იდიომატური ბლუზ როკი (AC/DC) მელოდიური ჰარდ როკი, შიგადაშიგ პოპ ინექციით (Grand Funk Railroad) და კიდევ პროგრესივთან წილნაყარი ჰარდ როკი (Rush). მკაცრი გამყოფები ამ საბაზისო ვექტორებს შორის არ არის, ხშირად შემოდიოდა ფანკ ინექციებიც და ფოლკლორული მოტივებიც, ხოლო ყველაზე შემოქმედებითი ბენდების მძიმე როკის ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელიც კია (Led Zeppelin, Deep Purple).

მუსიკოსთა კომპოზიციურ-ჰარმონიული განსწავლულობა, შესრულების უზადო მანერა, ეფექტური რიფები და სოლოები გახდა ის მთავარი ბაზისი, რაც უზრუნველყოფდა ამ ჟანრის წარმატებას, ეს ასე იყო 1970-იან და ასე იყო 1980-იან წლებშიც, როცა განახლებულ და ტირაჟირებულ  მძიმე როკს (Iron Maiden,Def Lepard, Motley Crue)  მუსკალური პრესა  უწოდებდა „მუსიკას გონებაშეზღუდულებისთვის“.  1990 -იან წლებში მძიმე როკი შეიცვალა და უფრო ალტერნატიული გახდა. „გრანჟის“ დნმ-იც მძიმე როკია,  ოღონდ უკვე 1980-იანი წლების  როკ ანდერგრაუნდ პრიზმაში გატარებული. „მძიმე“ პროცესი დღემდე გრძელდება, არცთუ ურიგოდ და არც ისე მეინსტრიმულად.  ცხადია, ყველაზე რადიკალური ამ ტერიტორიაზე არის  „მძიმე მეტალი“ (ინსპირირებული Black Sabbath-ით),  რომელიც დასაწყისში მოიაზრებოდა როგორც ჰარდ როკის ანდერგრაუნდი, შემდგომში კი ისე გაიზარდა, რომ იატაკქვეშეთში ვეღარ დაეტია და  უზარმაზარ, მრავლდარგობრივ, მონუმენტურ  სექტად  გადაიქცა.

„მძიმე (პოსტ)მეტალი“ ალბათ ის უკანასკნელი როკბასტიონია, რომელსაც ვერაფერს უხერხებს მოდა და აქტუალური ტრენდები. ის მშვენიერია თავისი იდეოლოგიით, პრინციპულობით და ჭემარიტი კონტროვერსიით. ცხადია, ბევრია ბანალურობა და კონიუნქტურა, მაგრამ უაღრესად დამაინტრიგელი და სანტერესო გარღვევებიც უხვად გვხვდება. შეითვისა ის, რაც ჟანრში ემბიენტის, მინიმალიზმის, ელექტრონიკის და „ველური“ პროდუსინგის ინტენსიური ინექციების შედეგია (Liturgy, Artamentus....).


ასეთ დროს, გარკვეულ მომენტებში იმასაც კი გაიფიქრებ, რომ თუ როკმუსიკა გადარჩება, მას „მეტალი“ გადაარჩენს.


დღევანდელი პანკი, ან ინდი იმდენად კონიუნქტურული და კონფორტაბელურია, რომ ამ საქმისთვის აღარ გამოდგება. თუმცა მე უკვე დღევანდელობაში გადავვარდი, რაც არ არის ჩვენი საქმე. 

P.S. ვფიქრობ, რომ თანამედროვე მუსიკის ჟანრულ-ჰონტოლოგიურმა ციკლმა თავისი თავი ამოწურა. ჩვენ ხომ მხოლოდ იმ ბაზისებს ვეხებოდით, რომლის ყოფიერება, რომლის აჩრდილები ისეა ადევნებული თანამედროვე მუსიკალურ დინებებს, რომ მათგან გათავისუფლება უკვე შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს ეტაპი დასრულდა 1980-იანი წლების შუაში, ყველაფერი რაც ამის შემდეგ წამოვიდა, ეს უკვე „უახლესი“ ისტორიაა, რომელსაც ანთროპოლოგიური ღირებულება არ აქვს. ყოველ ახალ ისტორიას კი ახალი ციკლი სჭირდება.

ავტორი: გია ხადური