ლიტერატურა

ბავშვობა და ბავშვები - რეზო ინანიშვილის სამოთხე

„საბა"

დეკემბერი 20, 2020

,,როდესაც ჩვენ, დიდებს, ხანდახან გვიჭირს, ან ავადმყოფობა გვაწუხებს, ანდა საზოგადოებაში ჩვენი მდგომარეობა, მაშინ გონების სიღრმეებში გაფაციცებით დავეძებთ ბედნიერ წუთებს, რომლებმაც უნდა დაგვიდასტუროს, რომ ცხოვრება ბრძოლად ღირს. და წარმოიდგინეთ, ასეთი წუთები უმთავრესად ჩვენს ბავშვობაში იყრის ხოლმე თავს.” 

- წერს რეზო ინანიშვილი. თუ სამოთხე ბედნიერი წუთებია, თუ სამოთხე ბავშვობაში დაბრუნებაა, მაშინ ლიტერატურული სამოთხე რეზო ინანიშვილის პროზა ყოფილა, ოქროს ხანა, სადაც ბედნიერი ღიმილით დარბიან უბოროტო და მარადიული ბავშვები.


აქ ბევრნაირი ბავშვია, ზოგი გულში სევდასა და ტკივილს ატარებს, ზოგი-სიხარულისგან გადანათებულა.

ბიბო კარაქიან პურს ილუკმება საქმიანი იერით და ყიზლაიდან მომავალ მამას ელოდება. თანაც ათას ბავშვურ საქმეს გეგმავს.


„ბიბო დიდივით მიუჯდება მაგიდას, თვითონვე აიფარებს ხელსაწმენდს გულზე, მარჯვენა ხელში დიდ კოვზს დაიჭერს, მარცხენაში _ დიდ პურს და დინჯად, საქმიანად შეუდგება ჭამას. კერძს რომ გაათავებს, ახლა ჩაის მოითხოვს, ჩაისაც წყნარად, დაგემოვნებით დალევს, მოიწმენდს ტუჩებს, _ აგაშენოთო, _ იტყვის ნამდვილი კაცივით და წამოდგება.“


ამ სამყაროში კიდევ მირანდუხტია, უცნაური გოგო.ზუსტი ანგარიში რომ იცის, სამართლიანი და მოწესრიგებული რომაა.


"და კიდევ ერთიც-გერონტის უნდა, თავის გოგონებთან მიიპატიჟოს მირანდუხტ, ნახალოვკაში, ვერ კი გაუბედავს. გერონტის ხის სამსაფეხურიანი პატარა სახლი უდგას პატარა ბაღში. მირანდუხტი კი, -ასე ეჩვენება, - სულ მარმარილოს კიბეებზე დაბრძანდება აღმა-დაღმა და მომხიბვლელად უქნევს შემხვედრებს პატარა, ლამაზ ხელს. როგორია ასეთი გოგონას ნახალოვკაში სტუმრობა?! ო ო ო ო!..."

კიდევ ერთი გოგონაა აქ, ინანიშვილის სამოთხეში, გოგონა, რომელსაც ღამე შეუყვარდა, გოგონა, რომელიც სამყაროს სულ სხვაგვარად ხედავს.

„გოგონას კიდევ ისიც შეეძლო, რომ თვალები დაეხუჭა და უფრო მეტი რამ დაენახა, ვიდრე თვალხილული ხედავდა. თვალხილული თავის ოთახს, თავისი ქუჩის სახლებს, არეულ-დარეულ მანქანებს, ადამიანებს და მაღაზიებს ხედავდა, მაგრამ, როდესაც თვალებს დახუჭავდა - უუ! - მაშინ ათას უცნაურ რამეს დაინახავდა. დაინახავდა უკი-დეგანო ლურჯ ოკეანეს, რომელსაც ქათქათაიალქნებიანი გემი მიაპობდა სიმღერით (იალქნები მღეროდნენ); დაინახავდა მზის სხივებით სავსე უღრან ტყეს, რომელშიც ათასნაირი ფერის ჩიტები დაფრინავდნენ და ყველა თავის ხმაზე ეძახდა ერთმანეთს; დაინახავდა მაღალ, შუბის წვერებივით ალესილ მთებს, რომელთა მწვერვალებიდან მწვერვალებზე ყელმოღერებული ჯიხვები გადაქროდნენ შხივილით...“

კიდევ? 13 წლის ბიჭი, მოზარდი, რომელსაც უნდა, რომ არ ეშინოდეს. ბიჭი, რომელიც წყენას არავის შეარჩენს, ამაყი, ბიჭური ბიჭი.

„მთავარია, არ დამეძინოს. მე ბიჭი ვარ და არ უნდა დამეძინოს“. ფიქრობდა თავის კლასელებზე, უფრო გოგონებზე. რას არ გაიღებდა, იმათ სცოდნოდათ ახლა მისი აქ ყოფნის ამბავი. იქამდე მიიყვანა ფიქრმა, რომ კინაღამ ძირს არ ჩავიდა და გზა არ განაგრძო. ტყეში სიარული უფრო მეტი გმირობა იყო, ვიდრე აქ ჯდომა. მერე თავი ამით იმართლა, ამ კუნაპეტში კაცი როგორ ივლისო, და ისევ თავის ადგილს მიენდო. „მთავარია, არ დამეძინოს“. იშმუშნებოდა, მხრებს ათამაშებდა _ ამით ძილსაც იგერიებდა და სიცივესაც. ღამე და ტყე კი იყვნენ დიდები, ძალიან დიდები... და უცებ წყნარ, გაბმულ შრიალში რაღაც სხვა ხმა გაისმა, რაღაც თქრიალი თუ ფლოქვების ხმა. „ნადირი!“ _ უსიამოვნოდ დაირეკა ბიჭის გულში. აიწია, ქამარმა არ გაუშვა. ხმაური კი ძლიერდებოდა _ თითქოს რამდენიმე ფლოქვოსანი ცხოველი უახლოვდებოდა მუხას. ბიჭმა ქამარი გახსნა, დაახვია, ჯიბეში ჩაიდო და ზედა ტოტზე აინაცვლა. გაისმა ლაწანი, მერე ხვნეშა. ბიჭი კანკალმა აიტანა. და აქ მეხივით გავარდა ადამიანის ხმა: „ჰა, თავმკვდარო!“

კიდევ წყაროზე ფეხშიშველა გაქცეული ბავშვები არიან, სკოლის ფანჯრიდან რომ ამღვრეულ ნისლებს უყურებენ, უშიშარი ბიჭი იოსება, უკუღმა დაჭედილი, დიდთავა ბიჭი და ცისფერთვალა გოგონა და კიდევ ბევრი, ბევრი ბავშვი პერსონაჟი, რომელიც ამ, გაუხეშებულ და უცნაურ სამყაროში, ცოტა ხნით თავს ბავშვობისა და მეხსიერების სამოთხეში გვაგრძნობინებს. რეზო ინანიშვილის გადანათებულ ცრემლებიან თვალებში.


ავტორი: „საბა"

ფოტ: საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა