ლიტერატურა

რეზო ჭეიშვილი - სატირა, სიმართლე და პოეზია

"საბა"

აპრილი 23, 2020


ხშირი არაა ისეთი შემთხვევა, როცა ლიტერატურული სახე, სიმბოლო ყველა დროში აქტუალურია, ყველა დროს ერგება, ყველა დროში გისვამს კითხვას და პასუხსაც გაძებნინებს.


აი, ვთქვათ, მხოლოდ ქართული ლიტერატურა გავიხსენოთ, რამდენი ასეთი მარადიული მეტაფორა გაგახსენდებათ? მეგობრის ნაცვლად დათმობილი სიცოცხლე და ქაჯეთის ამბები, მარადიული შემოქმედების ძალა - მერანი, გველისმჭამელი - ვაჟადან, „მერე რა რომ ქართველია“ - ლუარსაბ თათქარიძიდან, მამის მაჭანკალი - კლდიაშვილიდან, სტუმრის ხიზნები - ჯაყოდან, მოკლედ, კიდევ არის, ძველი თუ ახალი ლიტერატურიდან. ასეთ ჩამონათვალში, ერთ-ერთი პირველი, რაც გაგვახსენდება რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთებია“.




ეს ის ამბავია, რომელიც, სამწუხაროდ დღესაც გრძელდება, დაუსრულებელია, ყოველ ჯერზე ბიუროკრატიისა და ზედაპირულობის მარწუხებში მოხვედრისას, გვახსენდება გენიალური ფრაზები ამ წიგნიდან, ყოფით ლექსიკაშიც რომ გადაინაცვლა და ერთგვარ ფრაზეოლოგიზმებად ვიყენებთ.



"ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი", რეჟისორი: ელდარ შენგელაია




„ფსევდოკლასიკური შენობის საიმედოდ დაგმანულ ფანჯრებში მანქანების ხმაური და ქალაქის შორეული ჟრიალი არ შემოდის. კონდენშეინერი შიშინებს დაგუდულად და დერეფანში მიმავალ-მომავალი თანამშრომლების ნაბიჯების ხმა ისმის მხოლოდ. წიდასფერ კალოზე კი უხმო მოტობურთია. ბადურა ღობესთან გავარვარებული ავტომანქანები დგანან, დასიცხული მგზავრები იხედებიან სარკმლებიდან, უყურებენ უჩვეულო თამაშს და მალევე ტოვებენ იქაურობას. ღობესა და მანქანებს შუა პორტფელიანი გამხდარი მოქალაქე მოაბიჯებს, უახლოვდება ფსევდოკლასიკური სტილით ნაგებ შენობას, სადარბაზო შესასვლელთან იკარგება.


სვეტებიან დარბაზში მოდის, ლიფტის ღია კაბინას უახლოვდება. კაბინაში ქალ-ვაჟი დგას. ბობრ ბიჭს სუფთად გაპარსული, ფერმკრთალი სახის კანი და ღია წაბლისფერი თვალები აქვს. სახეგადატკეცილ, კაბინის კედელს ზურგით მიყრდნობილ ქალს კიდევ უფრო აზიდვია მკვრივი მკერდი. ბიჭს, მოკლესახელოებიანი პერანგი რომ აცვია, გრძლად და ზომიერად დაკუნთულ, ჭორფლდაყრილ მკლავქვეშ რამდენიმე საქაღალდე აქვს ამოჩრილი. გამხდარი მოქალაქე დამხვდურებს ესალმება და მორჩილად ჩერდება განაკიდეს.“


რეზო ჭეიშვილი და ელდარ შენგელაია


მერე ყველას გახსოვთ, რა ხდება, როგორი დიალოგებია, როგორი სატირა. რომანის მიხედვით გადაღებული ფილმისთვის სცენარი რეზო ჭეიშვილმა დაწერა. ორი სათაური, წაუკითხავი ტექსტის მიხედვით მსჯელობა, ბიუროკრატიის დაუსრულებელი ჯაჭვი, სისტემის ბზარები და ნგრევა- დღესაც ნაცნობია არა? 




რეზო ჭეიშვილი ალბათ იმ მწერალთა რიცხვს ეკუთვნის, ვისი წაკითხვაც მომავლის მკითხველის საქმეა, წასაკითხი კი ბევრია. მწერლის მდიდარი ბიბლიოგრაფიის ჩამოთვლა არც ისე მარტივია - ვაიმე, ჩემო ვენახო (მოთხრობები, 1987), პირველი (მოთხრობები, 1988), თხზულებანი (2 ტომად, 1989), ჩემი მეგობარი ნოდარი! (მოთხრობა, 1990), დალი (რომანი, 1992), ყაჩაღები (რომანი), კუდიანი ვარსკვლავი (რომანი), ყაჩაღები (რომანი 1999), სამი რომანი (2003), რჩეული ნოველები (2003), "ცისფერი მთები (მოთხრობები, 2006) და სხვა.



ქართული მხატვრული ფილმის "ზღვის ბილიკის" გადაღებაზე.

რეჟისორი: რეზო ჩხეიძე.

სცენარის ავტორები: ანზორ სალუქვაძე და რეზო ჭეიშვილი.


მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია შემდეგი ფილმები: "ექსპრეს-ინფორმაცია” (1993), "მე, პელეს ნათლია!" (1991), "ტურანდოტი” (1989), "ჭა” (1988), "ავტოპორტრეტი” (1987), "ჭიდაობას რა უნდა” (1986), "ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი” (1983 წელი. "ცისფერი მთებს” 1984 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია (სცენარისტს, დამდგმელ რეჟისორს, ოპერატორს და სხვა), "ვერსათრიელა” (1982), “გამოაღეთ ფანჯრები” (1981), "ყვარყვარე” (1978), “სამანიშვილის დედინაცვალი” (1977), “ფედია” (1977), “ბაკულას ღორები” (1976), “ზღვის მგელი” (1972), “გათენების წინ” (1971), "ბზიანეთი” (1968), “ჩემი მეგობარი ნოდარი” (1967), “ზღვის ბილიკი” (1962) და დოკუმენტური ფილმის - "სამი სიმღერა” (1962). იყო პროდიუსერი ფილმისა: "ჯართოსანი” (2009). თვითონ გადაღებულია ფილმში: "გზა მშვიდობისა, ჯაყო!" (მწერალი, 1973).


რეზო ჭეიშვილის პროზის ამბებს ვინ მოსთვლის- ქუთაისი და თეთრი ხიდი, ქუთაისის დავიწყებული, მულტიეთნიკური ამბები და ქუთაისელი ებრაელები, ქალაქი- როგორც ლიტერატურული სივრცე, იუმორი, ენა, იმერეთი, ბავშვობის ოცნებები და ლურჯი ფრინველი, უცნაური კაცი გუია ა, ბუყნურელი მეთევზე-მედინამიტეები და ოიდიპოს მეფე, ქალაქის მთავარი ქუჩის ერთ-ერთი შესახვევი-ბზიანეთი, სურათებიანი წიგნი, ჩემი მეგობარი ნოდარი, მუსიკა ქარში - მწერლის მთელი ცხოვრება ხელისგულზე...ბიჭიკოს - მთელი საქართველოს ავადმყოფობის ისტორია - საბჭოთა 70 წელი...



ჯერ ლექსებს ვწერდიო - უთქვამს ერთ-ერთ ინტერვიუში, ჰოდა, ქართული პროზის კლასიკოსის შესახებ ტექსტი მისივე ლექსით რომ დავასრულოთ, ხომ შეიძლება?



დრო ისე წავა და გადასწევს

წამი წინაწელს,

აქედან შენკენ ვერ გააღწევს

თვალის სინათლე,

დაფარულია ზეცის თაღი

შავი ხედებით,

გადაგვავიწყდა ის ოთახი,

არ გახსენდები?



24 აპრილს რეზო ჭეიშვილის დაბადების დღეა.

  

ავტორი: saba.com.ge