ცისფერი მთები

რევაზ ნაზღაიძე - სნოუბორდერი | ქართველი ათლეტი ევროპის თასზე

ევროპის თასის ეტაპი ბაკურიანში 19 და 20 თებერვალს ტარდება.

თებერვალი 19, 2022

რევაზ ნაზღაიძე ერთადერთი ქართველია, რომელიც ბაკურიანში, ევროპის თასის ეტაპზე გამოვა პარალელურ გიგანტურ სლალომში. 

“დღევანდელი სავარჯიშო დღე რიგით მეცხრე იყო ჩემთვის წელს, სულ ცხრაჯერ მოვახერხე ვარჯიში, თუმცა, შეჯიბრზე ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგი შედეგი დავდო.”


- მითხრა რეზომ სანამ ინტერვიუს დავიწყებდით.

ამ ბლოგში გაგაცნობთ სპორტსმენს, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არც სავარჯიშო პირობები აქვს და არც დიდი დაფინანსება, მაინც ახერხებს და გასაოცარ შედეგებს აჩვენებს საერთაშორისო პირველობებზე.

პირველი ნაბიჯები დაფაზე

“თბილისში დავიბადე, შემდეგ დმანისში ვცხოვრობდით, დმანისის მერე კი წარმოშობის ადგილს დავუბრუნდით და მლეთაში წავედით საცხოვრებლად. Მლეთა და გუდაური, მოგეხსენებათ, ახლო-ახლოა ერთმანეთთან, გუდაურში ვისწავლე თხილამურით სრიალი. Სნოუბორდი მხოლოდ ტელევიზორში მქონდა ნანახი, ჩვენთან დაფაზე ჯერ არავინ სრიალებდა. ტელევიზორში ნანახი სნოუბორდის სწავლის სურვილმა იმდენი ქნა, რომ ჩემი ძმა ადგა და საგზაო ნიშნისგან გამომიჭრა ხელნაკეთი, მეტალის სნოუბორდი, რომელზეც სარბენი თხილამურის სამაგრები დავაყენეთ და ასე დავიწყე სრიალი, პირველი სალტოებიც ამ ბორდით გავაკეთე. Შემდეგ ერთმა მლეთელმა შინაურმა მაჩუქა ვიღაც უცხოელი ტურისტის მიერ დატოვებული უძველესი სნოუბორდი, რაც უკვე უდიდესი გარღვევა იყო ჩემთვის ალუმინის ბორდის შემდეგ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ პალიკო ბურდული, რომელიც პირველი სნოუბორდერი იყო საქართველოს ისტორიაში და რომელიც პრაქტიკულად ჩემი პირველი მასწავლებელი გახდა, მის კოტეჯში ვცხოვრობდი გუდაურში და ვემზადებოდი ტურნირებისთვის. Საქართველოს რვაგზის ჩემპიონიც გავხდი."

ფედერაცია, პირველი საერთაშორისო ტურნირი

“2010 წელს მე, და ლევან მშვილდაძე წავედით თურქეთში, ერთ-ერთ ღია პირველობაზე. უბრალოდ ავდექით და წავედით, ჩვენი ხარჯით და ჩვენივე სურვილით. თურქეთიდან ორი ოქროს მედალი ჩამოვიტანეთ, შემდეგ მალევე სნოუბორდის ფედერაცია დავაარსეთ და უცხოეთში ტურნირებზე უფრო აქტიურად დავიწყეთ სიარული. Შედეგებიც ნელ-ნელა გამოჩნდა. პირადად მე, მსოფლიო ჩემპიონს, რადოსლავ იანკოვს მოვუგე ბულგარეთში, ასევე მიხაილო ხარიუკს, მსოფლიო ჩემპიონს იუნიორებში.”

სპორტი, სამუშაო, ცხოვრება

“ჩემი შემოსავლის მთავარი წყარო პარაპლანია. გუდაურში დავფრინავ. ამერიკაშიც მიწევს სიარული სამუშაოდ. ჩემი სურვილი იქნება, რომ უფრო მეტი ბავშვი დაინტერესდეს სნოუბორდით, სასრიალო ტრასა გვქონდეს, შეკრებები, ვარჯიშები და იმ სპორტსმენებს, რომლებიც საქართველოში სნოუბორდინგის განვითარებას გააგრძელებენ, ათას სხვა საქმეზე მუშაობა რომ არ უწევდეთ თავის სარჩენად.”

მომავალი

“დღეს მე მაქვს სახელმწიფოსგან დაფინანსება, რომ ტურნირებზე ვიარო, თუმცა, ეს საკმარისი არაა, რომ უმაღლესი შედეგები ვაჩვენო. Საჭიროა მუდმივი თოვლზე ვარჯიში და მომავალში ამ სახეობის განვითარებისთვის საფუძვლიანი მიდგომა. აუცილებელია სნოუბორდის პოპულარიზაცია ახალ თაობაში, პროფესიონალი მწვრთნელის ჩამოყვანა და განვითარების გეგმის შემუშავება: რანი ვართ, რა გვინდა და საით მივდივართ. 


Მე 36 წლის ვარ, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ თუ 2 წელი შევძლებ რეგულარულად ვარჯიშს, მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედალს დავდებ. წამნახევარი ჩამორჩენა მსოფლიო ჩემპიონთან იმ პირობებში, რომ ის ყოველდღე ვარჯიშობს და მე თითქმის არასდროს - არაფერია.

ვერ დავკმაყოფილდები იმით, რომ საქართველოს დროშა მხოლოდ მონაწილეებს შორის ჩნდება, მეტი მსურს და მეტი შეგვიძლია. 


ევროპის თასი რომ იმართება ჩემს სახეობაში, ჩემს ქვეყანაში, სიამაყით მავსებს და იმედს ვიტოვებ, რომ ამდენი ლეგენდარული სპორტსმენის ნახვა ახალგაზრდებზე სასიკეთოდ იმოქმედებს და სულ ახლო მომავალში ბევრი სნოუბორდერი ეყოლება საქართველოს.”

ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი

ფოტო: ალექსანდრე ბაგრატიონ-დავიდოვი