ლიტერატურა

პირველად წაკითხვის ბედნიერება

„საბა"

ივლისი 20, 2021

თქვენთვის როგორი განცდაა? რას ჰგავს? რაღაცის პირველად გასინჯვას? მაგალითად, რომელიმე ტროპიკული, ეგზოტიკური ხილის, თან რომ თქვენს ნაცნობ გემოს გახსენებთ, თან რომ რაღაც ძალიან ახალია? იქნებ ახალი ადგილის აღმოჩენას? ყოფილა ასე? თქვენს მშობლიურ ქალაქში დადიხართ, სადაც გგონიათ, აღარაფერი გაგაოცებთ და უცებ... ისეთი მოსახვევია, ისეთი სადარბაზო, სახლის შემკულობა ან ბროწეული ყვავილობს პაწია სკვერში, სადაც ყოველდღე გიწევთ გავლა. იქნებ სულ პირველად მოსმენას? გახსოვთ, ცოცხალ ორკესტრს როდის მოუსმინეთ? ან ბითლზის რომელიმე ჰიტს? ან რა ვიცი, რომელიმე სიმღერას, რომელიც მერე თქვენი შეყვარებული გახდა?


იქნებ წუთს, როცა შეყვარებულთან პირველად იცეკვეთ? ან, აი, იმ, ყველაზე მთავარ პაემანს. წამს, როცა ყველაზე მეტად გჭირდებოდათ და თბილი ხელი გამოგიწოდეს? იქნებ იმ წუთს, როცა აყვავებული საკურის სურნელი პირველად შეიგრძენით?

იქნებ უდაბნოში პაწია, ოქროსთმიანი ბიჭის შეხვედრას ჰგავს, რომელიც ბატკანის დახატვას გთხოვთ? ან დაუვიწყარ კადრს, როგორ ბჭობენ ტროელი მოხუცები, რომ დროა, ომის მიზეზი- ელენე ქმარს დაუბრუნონ, როგორ გამოდის ამ დროს ელენე და მისი სილამაზე აჩუმებს აღშფოთებულ ადამიანებს. ან კადრი, როგორ შეაბიჯებს ახალგაზრდა, უწვერული, გამბედავი მოყმე ვეფხვის გამოქვაბულში? ან ვეფხვზე გამახსენდა, ის კადრი, როგორ იხუტებს მოკლულ ვეფხვს მტირალი ყმა, შეყვარებულს რომ აგონებს. იქნებ ფარდის მიღმა შეყვარებულის პირველად ხილვას? ან ოქროსფერი თმის ღერის პოვნას. იქნებ დაუვიწყარ კადრს, როგორ მიდიხართ ნაცრისფერ, ჩვეულებრივ დღეს მატარებლით და უცებ ჰაერი გადანათდება მანდარინების შუქით, რომელიც მატარებლის ფანჯრიდან გადაუყარეს ბავშვებს. კიდევ რომელი შეხვედრა გავიხსენო? ააა, ის, სულ პირველი, ცეცხლისფერთმიანი გოგონა რომ გადმოდის, თქვენ მეზობლად, ღმერთოო, რამდენი თავგადასავალი გელოდებათ! ან იქნებ იმ უცნაური ბიჭის გაცნობას ჰგავს, ტივით რომ მოგზაურობს და საჭმელიც ერთმანეთში არეული, ჩაბუჟბუჟებული უყვარს. დაუვიწყარი კადრები, როცა ზამთარია და სადღაც, ჩვენი ბავშვობის შვედურ მოგონებაში თოვლის სახლებში სანთლებს ანთებენ ბავშვები.


კიდევ? ბრდღვიალათვალება გოგოს ღამესთან შეხვედრა, პრეისტორიული კადრები, როგორ იმართება წელში იგი - ჩვენი წინაპარი, საუკუნეების წიაღიდან გაგონილი ხმა ნიბელუნგებზე და მშვენიერ, მამაც ბრუნჰილდაზე. პირველი შებიჯება ათასერთი ღამის ჯადოსნურ სამყაროში, ანდა ჩვენს მშობლიურ, ზღაპრის სივრცეში, სადაც ნაცარქექია ნაცრის გუდას ბრდღვირს აადენს და ასფურცელაც ხახვის ფურცლებს მიჰყვება შინისაკენ. იქნებ წუთი, როცა შემთხვევით გადაგეყარათ ყველაზე სიმპათიური, ჭკვიანი, ექსცენტრიული, გამჭრიახი, საინტერესო პერსონაჟი, რომელსაც ყველა თავსატეხის ამოხსნა შეუძლია?

ეს გზაა, რომელსაც საკუთარი თავიდან საკუთარ თავამდე მიჰყავხართ, რომელიც სიყვარულსა და იმედგაცრუებაზე გადის....

ამ გზაზე სხვადასხვაგვარი ქალაქი შეგხვდებათ, ზოგი გულღია და ფერადი, ზოგიც - საშიში და მკაცრი. ქალიც სხვადასხვანაირი შეგიყვარდებათ, თოვლზე მოცეკვავე ცეცხლი თუ თითქმის გამჭვირვალე, ფარფატა მუსიკოსი. ადამიანებს ზოგჯერ გამოიცნობთ, ზოგჯერ-ვერა, ტკივილი ბევრი იქნება, ზოგჯერ მეტისმეტიც კი,მაგრამ ეს გზა საჭიროა, მეტიც-აუცილებელი, რომ ბოლოს და ბოლოს, იმ წერტილში დაბრუნდეთ, საიდანაც პირველი ნაბიჯი გადადგი, მამასთან, სამშობლოში, თუნდაც იმიტომ, რომ მერე ყველაფერი თავიდან დაიწყოთ - თავიდან დაიწყოთ ახალი წიგნის კითხვა.


გზა პირველი შეხვედრიდან შემდეგ შეხვედრამდე გრძელია, რთული, გრძნობებით, ემოციებით, ტკივილით, შეხებებით, შიშით, იმედგაცრუებით სავსე, მაგრამ თუ ამ გზას ბოლომდე გაივლი, საკუთარ თავს იპოვი. ეს ისეთი პოვნაა, როცა არაფრის გეშინია, რადგან მკითხველი ხარ, რომელმაც თავისი წიგნი იპოვა.

„დასცქერი მაღლიდან და ასე გგონია, ამოდენა მიდამოს ბატონ-პატრონი შენ ხარ, გაიქნევ ხელს და ჯადოქარივით შენს ნებაზე აამოძრავებ ყველაფერს“, იმიტომ, რომ მკითხველი ხარ და ახლა პირველი შეხვედრის ბედნიერების საზეიმო წუთია.

ჰოდა, გილოცავ, ძვირფასო იღბლიანო მკითხველო, დადგა ის წამი, წაიკითხე პირველად „საბაზე“!



ავტორი: „საბა"